კურიერის ამბები – მეფე და ლომი

სიტყვები

კურიერის ამბები – მეფე და ლომი

კურიერის ამბები – მეფე და ლომი

ამბავი მეექვსე

***

ჰოლივუდის გადაღებებმა ჩემი რუტინული მარშრუტიც შეცვალა და რაღაც დღეების განმავლობაში, რუსთაველის ქუჩის ნაცვლად, სახლიდან ქალაქში მეტეხის ხიდის გავლით გავდიოდი. ქუჩის გადაკეტვისგან შექმნილი დისკომფორტის გამო ვიღაცები ძალიან ბრაზობდნენ და ილანძღებოდნენ. ზოგი კი, პირიქით, იმას ამბობდა, სახელმწიფოში ფული შემოდის და უნდა მოვითმინოთო.

სიმართლე გითხრათ, მე მაინცდამაინც არც ქუჩების გადაკეტვას გავუწვალებივარ და ვერც ჩვენი სახელმწიფოს გამდიდრება ვიგრძენი. ამიტომ, ამ თემაზე ჩემი აზრი არ გამაჩნია.

სამაგიეროდ, გადავწყვიტე – შემდეგ ამბავს კინოსცენარის ფორმით დავწერ, ვითომ ვინმე ჩემზე ფილმს იღებს-მეთქი. მეგობარ სცენარისტებს ნიმუშებისთვის თავიანთი კინოსცენარებიც კი გამოვართვი, მაგრამ არაფერი გამომივიდა – დასაწყისის გარდა ვერაფერი მოვიფიქრე. კინოსცენარისტობა ძალიან რთული პროფესია ყოფილა.

1.ნატურა.მთები.ტყე.ცა.გარიჟრაჟი.მშვიდი, ლამაზი კადრები. ცაში ჩიტი მოფრინავს, რომელსაც მეორე ჩიტი თავს ესხმის. ორივენი მოწყვეტით ეცემიან ძირს.

2.ნატურა.ხეებს შორის მომდინარე ადუღებული წყალი.შიგნით ჩავარდნილი ფრინველები. ისმის ცხენების ფლოქვების ხმა.

3.კადრში შემოდის რამდენიმე მხედარი. მათ შორის ერთს გოლიათური აღნაგობა აქვს. თავზე მუზარადი ახურავს. მუზარადზე მგელია გამოსახული.

მხედარი ქვეითდება.

4.ნატურა. მთები დრეკენ.

5.ნატურა. მხედარი დასცქერის მოხარშულ ფრინველებს და ისევ ცხენზე მხედრდება.

მგლისთავიანი მხედარი

დაჩი მგონი სწორედ ეს არის ის ადგილი რომელზეც ჩვენმა ვეზირმა თათიენ რეხვიაშვილმა გვითხრა, ქალაქის დასაარსებლად შესაფერისიაო.

დაჩი

კი მამა სწორედ, ის ადგილი უნდა იყოს

მგლისთავიანი მხედარი შემართავს ხელს.

მგლისთავიანი მხედარი

აქ დავაარსებ ქალაქს და დავარქმევ მას ტფილისს.

6.კამერა უახლოვდება აღმართულ ხელს. კადრში მხოლოდ ხელს ვხედავთ.

7.ირთვება jonwayne-ის კომპოზიცია king და შემდეგ ყოველი კადრი ჰარმონიულად ერწყმის მუსიკას.

8.კამერა ნელ-ნელა შორდება გაქვავებულ ხელს.

9.კადრში ჩნდება ვახტანგ გორგასლის ქანდაკება. მტკვარი და მეტეხი. თანამედროვე თბილისი.

10.კადრი უწყვეტად გადადის, მეტეხის ხიდისკენ. სადაც მოპედი მოძრაობს

11. ექსტერიერი. მოპედის ბორბლების და სხვადასხვა დეტალის ახლო კადრები. მათ შორის ჩაფხუტის, რომელსაც სტარკების მგელის სტიკერი აქ მიკრული.

მოპედზე ზის ჩემი როლის შემსრულებელი – სიმპათიური და ჭკვიანური გამომეტყველების მქონე უნიჭიერესი მსახიობი, რომელიც საგულდაგულოდ უნდა იყოს შერჩეული ხანგრძლივი და დამქანცველი სინჯების შედეგად.

მე ვერ ვიტან, როდესაც ფილმებში, მსახიობების ნაცვლად, ტიპაჟებს იღებენ, მაგრამ კინორეჟისორები ძალიან ახირებული ხალხია და ხშირად ისე ხდება, რომ ამა თუ იმ პროფესიის პერსონაჟს, მსახიობს კი არა, მართლა ამა თუ იმ პროფესიის ადამიანს ათამაშებენ-ხოლმე. მე თუ მკითხავ, ამით მაგრადაც მიქარავენ.

თუმცა, თუ შენ კურიერი ხარ და ოდესმე ჩემი როლის თამაში მოგიწევს, არ ინერვიულო – ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც ცხოვრებაში აკეთებ. მოპედის ტარებისას კამერას კი არ შეხედო, გზასა და სარკეებს უყურე. როგორ ვთამაშობო ეგ კი არ იფიქრო, არამედ შენთვის დაადგინე, სად გაქვს წასაღები კონკრეტული შეკვეთა და  გონებაში იმაზე დაფიქრდი, რომელი გზა ჯობია წარმოსახვით ადრესატამდე მისასვლელად. ყოველ დუბლზე სხვადასვა ლოკაცია მოიფიქრე, რომ  ახალი და ცოცხალი ფიქრები დაგებადოს და არა-მექანიკური. ამ გზით ოპერატორი და რეჟისორი ბუნებრივ კადრებს გადაიღებენ და შენც არ დაისტრესები.

პრინციპში, მე ბევრს ვერაფერს გასწავლი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობით დრამისა და კინოს მსახიობი ვარ, კინოსთან თითქმის არავითარი შეხება მქონია. ჩემი უნივერსიტეტი კინოხელოვნების სწავლების დონით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს.

მე თუ მკითხავთ, თეატრალური მიმართულებითაც ვერ წყვეტს ვარსკვლავებს, მაგრამ როგორც ჯემალ ქარჩხაძე ხშირად ციტირებს სახარებიდან – “ნათელი იგი ბნელსა შიგან ჩანსო” – ამ ჭაობში მაინც შეიძლება ერთი-ორი ისეთი პედაგოგის მოძებნა, რომლისგანაც მსახიობის ოსტატობის  ელემენტარულ კანონებს მაინც აუღებ ალღოს. ოღონდ, კამერასთან მუშაობის სპეციფიკის შესწავლაზე არც კი უნდა იოცნებო!

ასეთი საგანი განა არ არსებობს?! მოდულის საგნებშიც კი შედის, მაგრამ, სამწუხაროდ, ზუსტად ისევე უმნიშვნელოდ აღიქვამს ყველა, როგორადაც საჯარო სკოლებში აღიქვამენ-ხოლმე ფიზკულტურისა და ხელოვნების გაკვეთილებს.

ჩემს დროს ასე იყო და ახლა არ ვიცი – კამერასთან მუშაობის ლექციებზე კამერა მხოლოდ გამოცდაზე ან, უკეთეს შემთხვევაში, გამოცდის წინა ლექციაზე მოჰქონდათ-ხოლმე.

მოკლედ, მსახიობები კამერასთან ქცევის აზრზე არ ვართ და კინოფაკულტეტდამთავრებულები მსახიობებთან ურთიერთობის გაგნებაში არ არიან. მათ შორის, მხოლოდ მაღალი ცნობისმოყვარეობის პატრონებს გაუგიათ, რომ სამყაროში ასეთი ფრაზა – “მსახიობთან მუშაობა” არსებობს. თუმცა, ცხადია, პრაქტიკაში მისი გამოყენება არ იციან და ხშირად, სტუდენტ ან პროფესიონალ მსახიობებთან თანამშრომლობით, კატასტროფულ შედეგებამდე მიდიან.

ამიტომ, ისინი (ძნელია გამტყუვნება, მაგრამ მაინც გაემტყუვნებათ ) საქმეს იიოლებენ და ტიპაჟებთან მუშაობას ამჯობინებენ-ხოლმე. შესაბამისად, მსახიობების და, ზოგადად, თეატრალური სამყაროს მიმართ ერთგვარი ქსენოფობიური დამოკიდებულება უჩნდებათ (ეს დამოკიდებულება ორმხრივია), სპექტაკლებზე სიარული ეზარებათ, თეატრის გაგნებაში არ არიან და როცა მაინც უწევთ  მსახიობებთან მუშაობა, უკმაყოფილებას ხშირად ასე გამოთქვამენ: “თეატრს ნუ მიკეთებ!”

დაიმახსოვრეთ – კინორეჟისორი, რომელიც ამ ფრაზას იყენებს გადასაღებ მოედანზე, ის მართლა კარგ ფილმს ვერასოდეს გადაიღებს, სანამ საკუთარი პიროვნების განვითარებასა და განათლებაზე არ დაიწყებს ზრუნვას.

მე რომ ერთი დღით მაინც დამნიშნონ თეატრალურის რექტორად, ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ერთი ხელის მოსმით მოვაგვარებდი, რადგან მჯერა, რომ ამ პრობლემის მთავარი არსი არა პედაგოგების სისუსტე ან ტექნიკური ხელსაწყოების ნაკლებობა თუ სილაბუსის გაუმართაობაა, არამედ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი. საქმე ისაა, რომ დრამის ფაკულტეტის სტუდენტები რუსთაველის გამზირზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სწავლობენ და მთელ დღეებს და ზოგჯერ ღამეებსაც ამ შენობაში ატარებენ. კინოს ფაკულტეტის სტუდენტები კი მტკვარს გაღმა – აღმაშენებელზე, ქორეოგრაფიის ფალულტეტის სტუდენტებთან ერთად იყოფენ მეორე კორპუსის შენობას და, ამრიგად, მათი ტვინი ლექციების დროს აუდიტორიაში შემომავალი დოლ-გარმონის გაუთავებელი ბგერებითაა დაზიანებული.

ხვდებით ხო? კინოსა და დრამის ფაკულტეტის სტუდენტები ერთმანეთს გამარჯობითაც კი არ იცნობენ. დიახ, კვირაში ერთხელ მსახიობებსაც აქვთ-ხოლმე მეორე კორპუსში ლექციები, მაგრამ მაგ ლექციებზე ყველაზე ბეჯითი სტუდენტებიც ათასში ერთხელ თუ შეივლიან.

ჩვენი რექტორი  ჭკვიანი, გონიერი კაცია და თვითონ რატომ ვერ ხვდება, არ ვიცი. მე კი მის ადგილზე სასწრაფოდ მოვიყვანდი წესრიგში ამ ბაბილონის გოდოლივით, თითქოს შეგნებულად დაყოფილ დაგეგმარებას და, რამდენიც გინდათ დამცინეთ და რომანტიკოსი მეძახეთ, ქართულ კინოს და, გნებავთ, თეატრს მნიშვნელოვნად წავწევდი წინ.

ჰო, მჯერა, რომ თანატოლები ერთმანეთს რომ გაიცნობენ, ერთად ლუდს რომ დალევენ, აივნებზე სიგარეტს რომ გააბოლებენ, ერთმანეთის სპექტაკლებისა თუ კინოჩვენებების ნახვას რომ ვეღარ აცდებიან და  აზრებს რომ ერთმანეთში გაცვლიან, შესაძლოა, იმაზე ბევრი და მნიშვნელოვანი რამეც კი ასწავლონ ერთმანეთს, ვიდრე პედაგოგებმა მათ!

და ერთ შენობაში გატარებული 4 წლის შემდეგ პირველად გადასაღებ მოედანზე რომ არ შეხვდებიან, მშვენივრად გაუგებენ ერთმანეთს და გადაღებულ ფილმებშიც  ბუნებრივობას კიდევ ერთი საფეხურით ზემოთ გავცდებით. ჩვენ კი ქართულ მხატვრულ ფილმებში, მხატვრული სახეების ცქერით მივიღებთ სიამოვნებას.

სამსახიობო ხელოვნების პრობლემებზე სხვაც ბევრი მიფიქრია და თუ შენ კურიერი ხარ და ჩემი როლის თამაში მოგიწევს, კიდევ რამდენიმე რჩევა მაინც შემიძლია გადმოგცე, მაგრამ ახლა შეკვეთები მაქვს წასაღები ვაჟას მეოთხედან დიდ დიღომში, მერე გლდანში და მერე ვაზისუბანში. ამიტომ, ძალიან მეჩქარება!

ვაჟა-ფშაველას კვარტლების მოძებნაში ადრე ბევრ დროს ვკარგავდი. მერე დავამუღამე – რუსთავი 2-ის ყოფილი შენობიდან ვაჟას ბოლოს მიმართულებით ჩაყოლებაზე პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კვარტლებია განლაგებული. მეტრო უნივერსიტეტთან, მოედანზე გზასთან ერთად კვარტლების ნუმერაციაც ტრიალდება და უკანა გზაზე რომ მოუყვები, ჯერ მეექვსე და შემდეგ მეშვიდე კვარტალი შეგხვდება.

დიდ დიღომშიც, ისევე, როგორც ყველგან, ჯერ ვრეკავ, რომ ადრესატი ადგილზე დამხვდეს და ტყუილად არ მომიწიოს გასვლა. როცა ტელეფონზე არ მპასუხობენ, ჩვენს ადმინს ვურეკავ, რომ შეამოწმოს, იქნებ, FB-ზე მაინც არიან ხაზზე.

ახლაც ასე ვიქცევი.

– გამარჯობა, ნათია, როგორ ხარ?

– ჰაი, თემორე. შენ როგორ ხარ?

– უკეთესად ვიქნები, თუ ვინმე ლაშა-გიორგი პატივს დამდებს და ტელეფონზე მიპასუხებს.

– შენ მოგიკვდი. სადაა შეკვეთა?

– დიდ დიღომში.

– მოიცა, ვნახო… ააა… გიორგი ბრწყინვალის 7 ნომერში, ხო? დაიცა, მივწერო… არაა შემოსული.

– მაგას შესცა 7-ჯერ გიორგი ბრწყინვალემ. კაი, მაშინ გლდანში გადავალ პირდაპირ.

– მიდი, გკოცნი. ეგ ხვალ მიიტანე, თუ რამე.

გლდანში მიკრორაიონების განლაგება მარტივია. მარჯვნივ კენტები, მარცხნივ – ლუწები, მაგრამ კორპუსები რა ლოგიკითაა დანომრილი, ამას ვერ ვხვდები. ამიტომ, გუგლმეპში გამოსახულებას ვაახლოებ. ამ დროს ეკრანზე კორპუსების ნომრები ჩნდება – მანდ მისამართი კარგად იძებნება და მხოლოდ ამის მერე მივდივარ.

გლდანიდან ვაზისუბნისკენ ზღვით რომ უნდა გადახვიდე მოკლეზე, ეს ალბათ ჩემგან არც ერთ კურიერს არ ესწავლება. თუმცა, მახათას მთიდან ავლაბრისაკენ ჩასასვლელი ნიაბის ქუჩა რომ ეშვება გზად და იქვე რადიოანძები დგას, აი, იქიდან რომ საოცარი ხედი იშლება – ეს ნამდვილად ცოტას თუ ეცოდინება!მაგ ადგილას შესვენების მოწყობა ყველაზე მეტად მიყვარს-ხოლმე და ჩემზე გადაღებული ფილმის რომელიმე სცენაში,ეგ ლოკაცია იდეალური იქნებოდა, გვერდით სამხედრო ბაზა რომ არ იდგეს და ირგვლივ გადაღება აკრძალული არ იყოს…

კუნდერა ამბობს (კარგად არ მახსოვს რას) – ადამიანები ოთხ კატეგორიად იყოფიან და ყველას სჭირდება ვინმე უყურებდესო. ზოგს წარმოსახვითი პუბლიკის თვალები, ზოგს -ნაცნობი ადამიანების თვალები, ზოგსაც საყვარელი ადამიანის თვალები, ხოლო ზოგს- უხილავი ძალის თვალი. მე ამ ჩემი კინოსცენარით ახლა პირველ კატეგორიას მივეკუთვნები, მაგრამ, ზოგადად, ამ ოთხიდან რომელიმეში ყოველთვის ვიჭერ საკუთარ თავს.

ერთადერთი შემთხვევა, როცა ნადვილად არავის ყურება მჭირდებოდა, მაშინ იყო, როცა ბერლინში წასვლამდე სახარჯო ფულს ვაგროვებდი და ამის გამო მოულოდნელად გამოჩენილ ექსტრასამსახურს ზედმეტი დაფიქრების გარეშე დავთანხმდი.

რიყეზე განათლების სამინისტრო რაღაც ფორუმისმაგვარს ატარებდა, სადაც საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე კომპანიები თავიანთ პროდუქტებს წარადგენდნენ. ზუსტად რა ხდებოდა არ ვიცი – თითქმის ვერაფერს ვხედავდი…

მენეჯერს, რომელმაც იმ დილით დამირეკა და მითხრა, ჩვენი ანიმატორი შეუძლოდ გახდა და 3 საათით თუ შეცვლით, დატვირთვა თითქმის საერთოდ არ გექნებათ  და ანაზღაურებას 40 ლარს გადაგიხდითო, ღონისძიების დაწყებამდე 20 წუთით ადრე შუშის ხიდთან შევხვდი. სანამ სტენდამდე მიმაცილა, ამიხსნა, რომ ბავშვებისთვის თამაშების გამართვა კი არ მევალებოდა, როგორც მე მეგონა და  რისი გამოცდილებაც ამ ზაფხულს მქონდა, არამედ:

– არაფერი ისეთი. ლომის ფორმას ჩაგაცმევთ, რა…

ლომის ფორმას ჩაგაცმევთო.

– სტენდთან იქნები და ხალხს ხელს დაუქნევ და სურათებს გადაუღებ. გინდა იჯდები, გინდა – იდგები. სამ საათში ღონისძიებაც დამთავრდება.

სანამ ხიდიდან სტენდამდე მივედით, გაქცევა გადავიფიქრე და გადავწყვიტე, თავზე ლომის თავი რომ მეფარება, მაგას რა ჯობია, ნაცნობი თუ გამოივლის, ვერ შემამჩნევს-მეთქი.

სტენდთან მენეჯერმა ჩემი თავი თანამშრომლებს წარუდგინა:

– გაიცანით, გოგოებო, ჩვენი ახალი ლომი…

ჩვენი ახალი ლომი…

– ლომო, გაიცანი ჩვენი გოგოები. ოღონდ არ გადასანსლო…

ფამილარობის ზეიმი. რატომ ფეხი არ გადამიბრუნდა აქ რომ მოვდიოდი!

– ეე, თემორე!

“ნაცნობი თუ გამოივლის ვერ შემამჩნევს“ -მეთქი.

ამ გოგოებს შორის ჩემი მეგობრის და ყოფილა.

-აქ რა გინდა?

რატომ ბარათი არ გადამიტყდა, სანამ ბერლინის ბილეთს ვიყიდდი და სახარჯო ფულისთვის ჩალიჩი დამჭირდებოდა!

-აააა… რა ვიცი… ვიღაც ცუდად გახდა და, იქნებ, შეცვალოო, დამირეკეს და მთხოვეს. აზრზე არ ვარ, რა ხდება…

– რა ხდება და ლომის ფორმა უნდა ჩაგაცვათ. აუ, რამდენს ვღადაობდით, ნეტა ვინ მოვა ლომად-მეთქი. რას წარმოვიდგენდი შენ თუ გაეძრობოდი… აუუ, ძაან მეცინება… ვერ ვჩერდები… ცუდად ვარ…. ხატიას უნდა დავურეკო ახლავე… ლომი თემორე…

ვიღაც ბიჭი მოვიდა. ფორმა მოიტანა. მომესალმა.

-ჩვენს ლომს გაუმარჯოს!

გავიფიქრე, ხომ არ ვუსაყვედურო ფამილარობისთვის-მეთქი. მერე შესაძლო დიალოგი წარმოვიდგინე.

ჩემს თავზე გამეცინა. შემრცხვა და გავჩუმდი. ამასობაში თვითონ კარგად დამათვალიერა და მენეჯერს უსაყვედურა:

-ღადაობ?! ძალიან გამხდარი ბიჭია. სურათი არ უნდა გენახა ჯერ? ან ზომები არ უნდა გეკითხა, პირდაპირ რომ მოიყვანე?! ახლა გამხდარი ლომი უნდა გვყავდეს?!

გამიხარდა. დრო ვიხელთე.

-ხო, მგონი დიდი მექნება. სჯობს, რომ წავიდე..

-არა, მეგობარო, შენ რა შუაში ხარ. მაინც ვერ მოვასწრებთ ახალი ლომის მოძებნას. მინისტრის მოსვლამდე მაინც გაჩერდი, რა, ერთი 40 წუთი და მერე თავისუფალი იქნები. ანაზღაურებას იგივეს გადაგიხდი.

სექტემბრის ცხელი ამინდი იყო. სიცხისგან და სირცხვილისგან ისედაც ოფლი მდიოდა და ზედ ლომის უსქელესი თავი მეფარა.ფეხზე ლომისთათებიანი ფეხსაცმელი და უდიდესი ზომის შარვალი მეცვა, ტანზე კი- ბრენდირებული მაისური.

ფორმის მომტანმა ტიპმა ხელში მიკროფონი დაიჭირა: 

-აბა, ბავშვებო, მოდით ჩვენს ლომთან სურათი გადაიღეთ… აბა, ლომო, ხელი დაგვიქნიე… აი, ასე.. ბავშვებო, დარეგისტრირდით ჩვენს სასკოლო ოლიმპიადაზე… მოდით… ჩვენი ლომი არ იკბინება…

-მამა, მამა ნახე ლომიიი!

-ეს რა გამხდარი ლომია, მა. მიუდექი, სურათს გადაგიღებ… ეტყობა კარგად ვერ ნადირობს და ჩიჩიებს ვერ ჭამს ხოლმე. ამიტომაა ასეთი სუსტი, შენც კი მოერევი.

მენეჯერმა გადამარჩინა.

-აბა, აბა! ნუ ურტყამ… ჩვენი ლომის ცემა არ შეილება – ნუ ურტყამ, თორემ ეწყინება! აი, სკამზე დაჯდა ლომი…ხედავ? ეწყინა… მოუბოდიშე და სურათი გადაუღე…

-მოეფერე, მა. კბილებზე ხელი დაადე…

ბავშვმა მუშტი შემოყო ლომის პირში და კინაღამ ცხვირი მომაძრო. მე ჩავჩურჩულე:

-გადი, ბავშვო, აქედან!

ბავშვმა ტირილი დაიწყო. მამამისი მიზეზს ვერ მიხვდა. ხელში აიყვანა და წავიდა: 

-წამო, მა, შადრევანთან მივიდეთ, ნუ გეშინია.

აი, განათლების მინისტრის მოსვლას ელოდები რიყეზე ლომის ფორმაში გამოწყობილი და სირხვილისგან ცრემლები მოგდის. თან ვიღაც ბავშვმა ცხვირი კინაღამ მოგაძრო.

-ლომი, რა კაცია, ჩემიიი…

-ლომო, კუდი სად იშოვე…

შარვალზე კუდი მქონია მიბმული.

-ლომო, არ გცხელა, ჩემი კაიიი?

ხმას არ ვიღებდი, მაგრამ მაგრად მცხელოდა.

ამასობაში მინისტრიც მოვიდა. აი, ის, გემახსოვრებათ, ქართულ- ხალხურ ზღაპრებზე რომ ლაპარაკობდა და რაღაცებს ბოდავდა.

ფორმის მომტანი ბიჭიც დაფაცურდა.

-მობრძანდით, ბატონო მინისტრო, გმადლობთ, რომ გვეწვიეთ.

-ვაა, ეს რა გამხდარი ლომი გყოლიათ!

– ჰაჰჰჰ, დიახ, ბატონო მინისტრო.

-გამარჯობა, ლომო! ჩამომართვი ხელი!

ძალიან ცუდი მინისტრი ხარ-მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ როცა ლომი ხარ, პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გააკეთო. ამიტომაც ხელი ჩამოვართვი.

-ლომო, ეს როგორი ხელთათმანები გიკეთია. არ გცხელა?.. ვაა, ლაპარაკი არ იცის ლომმა, ხო?

იცინოდნენ.

-ჩვენი ლომი არ ლაპარაკობს, ბატონო მინისტრო

-თან მოუწესრიგებელია… თასმებიც გახსნილი აქვს… აბა, წავედი… მაგრად, ლომო!

აღებული 40 ლარი 10 ევროდ ვაქციე და ჰამბურგში იმ ნახევრადკეთილ გერმანელ გოგოს ვთავაზობდი – სპორტჰალესკენ გზა რომ მიმასწავლა… ამაზე მერე.

ახლა ქალაქში მზე ჩადის. მე მახათას მთიდან ვაზისუბნისკენ შეკვეთა მაქვს გასატანი.მგონი დღეს არც ისე ცოტა კილომეტრი დავფარე და თუ კურიერი ხარ ბოდიშს გიხდი, ამდენი დრო დაგაკარგვინე და მეც დავკარგე კინოს პრობლემებზე ლაპარაკით, მაგრამ შემდეგ ამბავში ამას გამოვასწორებ, რადგან ბევრი მაქვს ჩვენს საქმეზე სასაუბრო.

ზამთარი მოდის .

#ყხდპ

უსაქმური კაცის მიხეილ მერაბის ძე მახათელის უღიმღამო ცხოვრება 

***

დღეს სასწაული დღესასწაულია

წითელი ღვინის

სმის.

ამიტომ

მახათასმთელი

მიხეილ მახათელი

ეკლესიასთან ზის

და ფიქრობს:

ნეტა სად ვიშოვო

რამე მოძიშოვო

ძველი მახათი ხის.

და გავიმეტო მე ჩემი თავი

მაგარი artისთვის.

 

გადადის ჰუალინგის უბნის მარკეტში (ახლოს მაღაზია არაა) ყიდულობს ლუდს და სვამს დიდი მონდომებით ლუდის ფულს ყოველთვის იშოვი, როცა მართლა გინდა.

 

ავტორი თემორე

ქოვერის ავტორი ანა ჯიბლაძე