ზედა პანელზე გადასვლა

კურიერის ამბები – მირიანი და ნინო

კურიერის ამბები – მირიანი და ნინო

კურიერის ამბები – მირიანი და ნინო


ამბავი მეხუთე

***

 თუ კურიერი ხარ და მთელ ზაფხულს და მოპედს თბილისში ატარებ,(+)(მაგრად მიხარია, რომ ორი „ტარება“ ერთ სიტყვაში მოვათავსე  ) გირჩევ, ბოთლში გაყინული წყალი საბარგულში ჩაიგდო და ყოველ ჯერზე დალიო, როცა გაჩერება მოგიწევს.
ასევე შეეგუე იმას, რომ რუჯი (ზაგარი) მხოლოდ სახეზე, მკლავებზე და მუხლისთავებზე გექნება.
 მთლიანად გარუჯული ბოლოს  მაშინ ვიყავი, როცა რამდენიმე წლის წინ, მე და ნატომ, ჩიფსების ერთერთი კომპანია მწარედ მოვატყუეთ, ანიმატორობის უდიდესი გამოცდილება გვაქვსთქო და 45 დღე, დღეში 8 საათი, ბათუმის პლიაჟზე, ამ კომპანიის სახელით, რაღაც სასწაული ძალებით ვახერხებდით ბავშვების გართობას.
დღეში 65 ლარი გვქონდა.
სამოცდახუთი გავამრავლოთ ორმოცდახუთზე. რა გვენაღვლებოდა.
მე ჩავიფიქრე, რომ რა ფულსაც ვიშოვიდი, იმით  ვალებს დავფარავდი და დარჩენილით ლეპტოპს ან ველოსიპედს, ან ლეპტოპსაც და ველოსიპედსაც ვიყიდდი .
ვალები რომ გავისტუმრე, თითქმის მთელი ფული სმაში დავხარჯე.
ბათუმიდან 400 ლარით და ალკოჰოლიზმითა  და რუჯით გაშავებული (+)  დავბუნდი.
სახლში წასვლა დამეზარა. ავტობუსი დიღმის ტრასაზე გავაჩერე და გლდანში, ჩემი ბავშვობის მეგობრის, მარიამ ოჩიგავას სახლში წავედი, რომელიც მთელი სამეგობროს შეკრების ადგილია.

– არ გრცხვენია?! ამდენი ხანი იმუშავე და 400 ლარის მეტი არ დაგრჩა? რა უნდა ქნა ახლა ამით?
– რა და აგერ რაზმაძეს ბარათს გავატან, მაღაზიაში ჩავა, კონიაკს და მისაყოლებელს ამოიტანს. თორემ მაკანკალებს ისე ცუდად ვარ.
– არ მინდა შენი ბარათი, მე ამოგიტან, ოღონდ ლუდს. რას გავხარ შე საცოდავო. მაგ 400 ლარით რამე ნივთი მაინც იყიდე, მთელი ზაფხულის შრომის სამახსოვროდ რო დაგრჩეს.

  იმ დღესაც მაგრად დავთვერი. როგორც მერე მომიყვნენ და გონებაში ჩემითაც აღვიდგინე, რაღაც ასეთი მოხდა – ოჩი ლეპტოპში იქექებოდა და თან ჩვენს კოკერსპანიელს ეჩხუბებოდა:

– Fუ წუნა შეეშვი მაგას. აუ დღეს არ გაგვისეირნებია. რაზმაძე შენ და სოფოს ხო გინდათ ისევ ქესასთან ჩასვლა?
 
მარიამ ქესანაშვილი ჩვენი ბავშვობის მეგობარია და ბერლინში ცხოვრობს.

-კი მინდა
– ჰოდა  აი სოფო მწერს ახლა. ფასდაკლებაა და თუ დღესვე იყიდი  250 ლარი ჯდება ორმხრივი ბილეთი .მერე გაძვირდება. 8 ოქტომბერსაა ფრენა.
– დაივიწყოს. ჯერ მოტო არ გამიყიდია, კიდე იქნება ფასდაკლება.
– ბიჭო გამომართვი ეს ბარათი, fუ წუნა,  ნეტა წუნა არ დაგერქმიათ ამ ანგელოზივით ძაღლისთვის და რაც გინდა. არ მომწონს ეს სახელი. გამომართვი და მოტოს რო გაყიდი დამიბრუნე და სახარჯო ფულიც დაგრჩება.
– ახლა რო მაგ შენ საწყალ 400 ლარს რო 250 გამოვაკლო, დარჩენილ 150 ლარს ხვალვე დალევ.
– ოოო, გამომართვი რა და ქესაც მომიკითხე რო ჩახვალ.
– ისე შენ არასდროს ყოფილხარ ხო ბერლინში, ბერლინში კი არა, საზღვარგარეთ საერთოდ?
– არა შეჩემა, მე ზოგადად თბილისის ანძას როცა ვერ ვხედავ დისკომფორტში ვარ და ვლოთდები.
– არ გაგენიავა ფული და წამოეთრეოდი შენც ჩვენთან ერთად. დებილი ხარ რა.
– აწი ისედაც ჩამოდის ქესა დეკემბერში. ორი კვირით.
– ხო მარა ბათუმს არ გაცდენილხარ არასდროს ცხოვრებაში.
– რატომ? ფოთში ვყოფილვარ აგერ, ოჩიგავასთან.
გავიცინეთ.
ნელნელა  კიდე უფრო დავთვერი. თავბრუ მეხვეოდა.
  მერე ოჩიმ, რომელიც ბილეთს ყიდულობდა ნიკასთვის, ტელეფონი მომაწოდეო, მთხოვა. კოდი მოგივა ახლაო, აჰა აგერ ვუყიდე ამას ბილეთიო, აი მესიჯიც მოგივიდაო, რა წერია- მეთქი, ნაშთი 250 ლარიო, 150 არ უნდა დაგრჩენოდაო? ბიჭო თვლა არ იციო? 400 კი არა 500 ლარით დაბრუნებულხარ ბათუმიდანო. აშკარად ბედია თემორე ეს, აშკარად ბედია. თუ გაკიმარებს გადი ოთახში დაწექი, ანდა კაი, კაი, მიწექი მანდვე, პლედს მოგიტან ახლავეო. თუ ტრაკი არ გაქ, ნეტა რას სვამ ამდენსო.

მეორე დილას რაზმაძე თავზე წამადგა და საქმიანად მიაყარა :
 – მოკლედ ვაჟბატონო 0 ლარი გაქ ანგარიშზე, ახლა 4 სექტემბერია, 8 ოქტომბერს მივფრინავთ მე, შენ და სოფი. ნაკუ და ოჩი ვერ მოდიან, საქმეები აქვთ. ქესამ მარტო ჩემზე და სოფიზე იცის რო ჩავდივართ, შენზე ჯერ არა. იმედია შენი ადგილიც ექნება სახლში. მგონი ჯობია ქესას არც ვუთხრათ შენზე. უცებ ჩაადგები. სიურპრიზია. გაეხარდება. მე ამ დღეებში მოპედს გავყიდი და 250 ლარს წასვლამდე დაგიბრუნებ. ევროებში. შენი ამოცანაა სასწრაფოდ რამე სამსახური იშოვო   და ფული მოაგროვო იქ სახარჯავად, და საზღვარზე შესაშვებადაც ვინმეს რო ესესხო ცოტა. რამდენიმე საათით. ოჩი რო დაბრუნდება სამსახურიდან, დაზღვევას გაგვაკეთებინებს, და  სასტუმროს ჯავშნებსაც  საზღვარზე წარსადგენად, მარა როგორც კი შეგვიშვებენ მაგ ჯავშანსაც გავაუქმებთ. ქესასთან ვიცხოვრებთ 10 დღე. 17 ოქტომბერს თბილისში ვიქნებით. 18 დან შეგიძლია რეპეტიციებზეც წახვიდე.  რას ეღირსე შე ქლიავო?! როგორ გაგიმართლა?! საქართველოს პირველად გაცდები და ეგრევე გერმანიაში ამოყოფ თავს, თვითმფრინავის სალონს ნახავ შიგნიდან, თუ გინდა ფანჯარასთან დაგსვამ, ოღონდ ადექი ახლა, წუნა გაასეირნე, მოფსას, დაიღალოს და მერე მაღაზიაშიც შეიარე, სადარბაზოს წინ როა, ოჩიმ გააფრთხილა ის ქალი, პურს და ფანტას გამოგატანს ნისიად. მე სქრიმბელს გავაკეთებ, შენ რო გიყვარს. მიდი, ადე, ჰე. წუნა ნახე, თემოს სასეირნოდ გაყავხარ. იქ მარტო 250 ლარი არ გეყოფა, არანაირი დალევა აღარ გამაგონო. სამსახურზე იფიქრე.
   ბერლინიდან ჰამბურგში აღმოვჩნდი სრულიად მარტო – შეგპირდით და მოგიყვებით კიდეც, ოღონდ დღეს არა –  სამსახური კი მხოლოდ უკან დაბრუნების მერე ვიშოვე და მესამე დღეს, ჯიქიაზე, ავარიაში მოვყევი. უფრო სწორად ნაწვიმარზე არასწორად დავამუხრუჭე, მოვსრიალდი და ჩემს წინ მიმავალ მანქანას ბორბლებთან შევუვარდი.
  ხალხი მოცვივდა. თითქმის არაფერი მჭირდა, გარდა იმისა, რომ ძალიან შეშინებული ვიყავი. მანქანიდან აღელვებული შავკანიანი კაცი გადმოვიდა:

-კარგად არის? It’s okey?
 
 
  ცერა თითი ავუწიე. მან გამიღიმა, ჩემი მოპედი წამოაყენა და შემოწმება დაუწყო. ამასობაში საიდანღაც ვიღაც ბიჭი მომიახლოვდა და ხმადაბლა, ჩურჩულით ლაპარაკი დამიწყო:
– ხო კარგად ხარ, მეგობარო?
– კი, კი. არაფერია.
– აბა შენ თუ კარგად ხარ, ამის ზანგი პირშიაც…
-ჩემი ბრალი იყო – გავაწყვეტინე და გამოვეცალე. ახსნის თავი არ მქონდა ისეთი ანერვიულებული ვიყავი.
– I am sorry and goodbye.
– Really okey?
– Yes man, don’t worry

 წამოვედი. კი ვიფიქრე, ხომ არ დავისვენო და დარჩენილი შეკვეთები ხვალ დავარიგოთქო, მაგრამ მივხვდი, რომ ან იმ დღესვე უნდა მემუშავა, ან შიშს ვერასდროს დავძლევდი.
 მუშაობა გავაგრძელე და მას შემდეგ ქრისტიანული ცხოვრება დავიწყე: „იქნებ ეს ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღეა“ – გავიფიქრებ ხოლმე და მოპედი ნელა, ყურადღებით დამყავს.
 ნელა და ყურადღებით სიარულისგან კი რამდენიმე ქრისტიანული აღმოჩენაც გავაკეთე :
     თუ თავდაპირველად საწვავს ნებისმიერ შემხვედრი ბენზინგასამართი სადგურიდან ვასხამდი, მალე ჩემდაუნებურად მხოლოდ იქ მივდიოდი, სადაც 10 თეთრით ძვირი იყო, მაგრამ გაზეპირებულად მეუბნებოდნენ :
„გმადლობთ, კეთილი მგზავრობა“
  ცხადია მივხვდი, რომ ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი იყო და გულწრფელობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც მაჯაჭვებდა ამ კომპანიაზე. ჯერ ჩემ თავზე ვბრაზდებოდი, მერე ტვინი გავანძრიე და მას შემდეგ, ვისთანაც ამანათი მიმაქ ასე ვეუბნები:
-მშვიდობაში
-გმადლობთ – მპასუხობენ.
-მადლობა თქვენ.
  თუ თქვენ  კურიერი  არ ხართ, მაღაზიებში და ეგეთ ადგილებში ფულის დახურდავება ნამდვილად გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ კურიერი ხარ, გირჩევ, ფულის დასახურდავებლად სადმე თუ შეხვალ, ჩახფხუტიც შეაყოლო და აღნიშნო, რომ კურიერი ხარ, კლიენტი გელოდება და ხურდა გჭირდება.
დაგიხურდავებენ, აბა რას იზამენ.
 საერთოდ გახსოვდეს, რომ კონსულტანტები, ჩამსხმელი ოპერატორები და შემხვედრი კურიერები, რომლებიც მისალმების ნიშნად გისიგნალებენ ხოლმე, ეგენი ყველა შენი მეგობრები არიან და თუ რამეში დაგჭირდა, დაგეხმარებიან. ამიტომ ჯობია შენც დაეხმარო ვისაც დაჭირდება.


   მარშუტკის და ფირმა მანქანების მძღოლები არ არიან შენი მეგობრები. მაგათ თითქმის სუყველას აღიზიანებ.
ძვირიან მანქანებს სავარაუდოდ იმიტომ, რომ საცობების დროს შენი უპირატესობის შურთ და ეშინიათ შემთხვევით არ გაჩხაპნო.
მარშუტკის მძღოლებს ალბათ ცუდად რომ უსწრებ, მაგიტომ  და ცუდად  იმის გამო  უსწრებ, რომ გამონაბოლქვისგან გაბრუებული მხოლოდ მაგათ გასწრებაზე ფიქრობ.


  კურიერობისას ორი რამ ძალიან მაკვირვებს – როგორ და რატომ დადის მოპედის ზოგიერთი მძღოლი სარკეების გარეშე და ტაქსის ზოგიერთი მძღოლები რატომ დადიან ისე, რომ არც მარჯვენა ზოლს თმობენ, ცალი მხარე მარცხენა ზოლში აქვთ გადმოთრეული და გულისგამაწვრილებლად დაბალი სიჩქარით მოძრაობენ.


 ფრთხილად იყავი. მარჯვენა ზოლში სიარული არც ეგეთი უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მარშუტკებს და ტაქსებს ერიდე, მაგ ჩემისების უმრავლესობას კლიენტი თუ ხელს დაუქნევს, მეორე ზოლიდან ისე გადმოფრინდებიან, არაფრად ჩაგაგდებენ და შეიძლება მოგკლან. გარდა ამისა, ზოგი მანქანა მეორადი ქუჩიდან მთავარ ქუჩაზე ისეთი სისწრაფით შემოდის, რო შეიძლება შიშისგან…. ( – ) (ეს წინადადება უამრავი შედარებით შეიძლება დამთავრდეს, მე ვერცერთი ვერ ამოვარჩიე)
  იმ დღეს ასფალტის მუშებმა გამაბრაზეს. გზას, დიდი დიღმის მეოთხე მიკრო რაიონის რომელიღაც მონაკვეთზე ისე აგებდნენ, ქუჩა არ გადაუკეტავთ. ჰოდა რო გავიარე, პატარა საცობი იდგა. მოპედი გავაჩერე, ფეხები ძირს ჩამოვდგი და ასფალტი ისეთი ცხელი აღმოჩნდა, რომ დედისერთა კეტების ძირები გამომეწვა და გაიხვრიტა. მართლა. ფეხსაცმელზე დიდად არ მიდარდია. უკან გამოვბრუნდი, სხვა გზა მოვძებნე და გავიფიქრე „ხშირად რა სისულელეებს წამოროშავენ ხოლმე  ეს მემარცხენეები, ასფალტის მუშებმა  წესიერად ასფალტის დაგება არ იციან, ძალაუფლება რო მისცე, რაღას იზამენ ?! „
ამ გახსენებაზე, ყურსასმენებში დეისაძის „სისტემა უნდა დაინგრეს“ ჩავირთე და ვარკეთილისკენ გავგაზე.
  ორი შეკვეთა მქონდა დარჩენილი. „ვარკეთილი სამის“ მეოთხე მიკრო რაიონის მერე, აეროპორტის დასახლებაში უნდა წავსულიყავი. აეროდრომის დასახლება ვიცოდი – სადღაც ვარკეთილის მეტროსთანაა. აეროპორტის უბანი კი პირველად გავიგე.
  იმ პერიოდში, ჩვენი კომპანიის ცნობადობის ამაღლების მიზნით, კლიენტებისთვის აქსესუარებთან ერთად ფოტოს გადაღება და ფეისბუქზე ატვირთვა უნდა მეთხოვა ხოლმე. ამის თხოვნა, რატომღაც, ჩემდა სამარცხვინოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მახსენდებოდა,როდესაც ვინმე სილამაზის, ან უცნაური გარეგნობის გამო მომეწონებოდა.
ვარკეთილელი ლიზი აღარ მახსოვს რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

-აი, ინებეთ ამანათი და თუ შეიძლება, ჩვენი თხოვნა იქნება, თუ მოგეწონებათ ნივთი, ფეისბუქზე ფოტო ატვირთეთ, ჩვენი გვერდი მონიშნეთ და  შეფასება (review) დაგვიწერეთ.
– უი ჩემთვის არ მინდა, ჩემი შეყვარებულის დაბადების დღეა და რო არ მოეწონოს ფოტოს ატვირთვა კი არა, მომკლავს ან დამშორდება.
– თუკი დაგშორდებათ, არაუშავს , წეღან რითიც დაგირეკეთ ეგ ნომერი ჩემია.
– რაო?
– მშვიდობაში – ვუთხარი, გავუღიმე და მშვიდობიანადაც წამოვედი, მაგრამ კარგად დაიმახსოვრე, კლიენტებს არც უნდა ეღადაო, არც უნდა ეფლიერტაო და მითუმეტეს არც უნდა წაკბინო- უკან მოგიბრუნდება.

-გამარჯობა. ნინო ხართ?
– დიახ
– ნინო მე კურიერი ვარ, შეკვეთა მომაქ აეროპორტის დასახლებაში. ეს საითაა არ ვიცი. აეროდრომის დასახლებასთანაა სადმე? თუ აეროპორტთან?
– თქვენ რომელი მხრიდან მოდიხართ? თბილისიდან თუ ლილოდან?
-თქვენ როგორ გგონიათ ნინო? – კაცი რო გველად დაიბადები.
-ბატონო?
ჩავახველე.
-ვარკეთილიდან მოვდივარ.
-აეროპორტის გადასახვევთან რო იქნები დამირეკე და მოგასწავლი.
 
  ძალიან შორი გზა გამომივიდა. აეროპორტისკენ რო გადავუხვიე და როგორც იქნა, ამ სევდიან დასახლებასაც მივაგენი, პირველივე ქუჩა რომელიც შევნიშნე, იყო სანდრო შანშიაშვილის. ბუნდოვნად მახსოვდა ეს სახელი და გვარი. ის გავიხსენე, რომ დრამატურგი იყო და სანდრო ახმეტელს რაღაც პიესა გადმოუქართულა. ისეთი დაღლილი ვიყავი, ვერც პიესის სახელი მომაგონდა და იმაშიც ეჭვი შემეპარა, დრამატურგი იყო თუ არა.  კლიენტი მოვძებნე, სწრაფი ტემპით მივაწოდე ამანათი, ფული გამოვართვი, ხურდა დავუბრუნე და სახლისკენ წამოვედი.
გზად მარკეტში შევიარე. ზუსტად იმ ფირმის მარკეტში, რომელიც ჰამბურგშიც იყო. ჰამბურგში დაკარგულს მაგ მარკეტის დანახვა ძალიან გამიხარდა.ამაზე მერე.
 
-თიბისი თუ საქართველო?
– ნაღდით ვიხდი.
-6 ლარი და 80 თეთრი. გამომართვით.
-მშვიდობაში
    დაზეპირებულ ფრაზებს ადამიანი, დაღლილობისას მექანიკურად ხშირად იმეორებ.
 ამ დღეს გერმანიიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი .
მანდ კი მართლა 8 ოქტომბერს გავფრინდი.

ნინო და ქალაქი
#ყხდპ
***
შენ ყოველდღე ხედავ
თვითმფრინავების
ჰაერში აჭრას.
რა ახლოსა ხარ ევროპასთან და
რა შორს ცხოვრობ.
აეროპორტის უბნელო ნინო.
ტანტალოსის შთამომავალო.
ლამაზიც არ ხარ შენთვის რომ
მეთხოვა. სამაჯურისთვის ფოტოს
გადაღება და fb- ზე ატვირთვა.
გულწრფელად ვწუხვარ.
თანაც შემთხვევით 10 ლარით მეტი
მოგეცი ხურდა.
არც კი მოვბრუნდი – ისე შორს ცხოვრობ.
ვიცი, არავისზე ნაკლები არ ხარ
პრობლემა ქალაქის
დეცენტრალიზაციაშია.

 


ავტორი თემორე
ქოვერის ავტორი ანა ჯიბლაძე

 

No Comments

Add your comment