კურიერის ამბები – რუკა და ტერიტორია

სიტყვები

კურიერის ამბები – რუკა და ტერიტორია

კურიერის ამბები – რუკა და ტერიტორია

ამბავი მეორე

***

”Fuck google map” – მითხრა იმ ცნობილ დღეს რომელსაც ოდესმე მოგიყვებით, ერთმა თითქმის კეთილმა გერმანელმა გოგომ, ჰამბურგის რომელიღაც გზაჯვარედინზე და sporthalle-სკენ გზა მიმასწავლა.
გავარტყი გუგლ მეპს – თითქმის ყოველდღე ვიმეორებდი როცა ჰამბურგიდან დავბრუნდი, კურიერობა დავიწყე და გზების გაგნება მიჭირდა. თუმცა ამაზე ბევრად დიდი პრობლემაც მქონდა. საქმე ისაა რომ „გლოვოსა“ და „ვოლტის” კურიერებს ჩემთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი და ცოტათი ეროტიკული უპირატესობა აქვთ:

ადამიანები სულმოუთქმელად ელოდებიან!

მათი კლიენტები – მშივრები, ტელეფონს უყურებენ სანამ კურიერი არ მივა, მე კი „თო.კის” კურიერი ვარ და ძირითადად სამაჯურები და ყელსაბამები დამაქვს, ზოგჯერ მაისურებიც და სხვადასხვა აქსესუარებიც, გააჩნია რომელი მეგობარი რის ბიზნესს წამოიწყებს.
განა მე არ მელოდებიან ადამიანები, – მელოდებიან, მაგრამ ისე არა როგორც პიცას ან ორმაგ ჩისბურგერს, ამიტომ ხშირად ტელეფონს უყურადღებოდ ტოვებენ. წარმოიდგინეთ ამ თითქმის ორი წლის მანძილზე რამდენჯერ ტყუილად მივსულვარ შორეულ მისამართებზე, ამაოდ დამიცდია, რომ ან კარს გამიღებდა ვინმე ან ტელეფონზე მიპასუხებდა.
ჰოდა, თუ კურიერი ხარ და აქსესუარები დაგაქვს, მაშინ გირჩევ, რომ სანამ შეკვეთებს წაიღებ, ჯერ ყველას დაურეკო, გააფრთხილო, რომ ადგილზე დაგხვდნენ და ტელეფონთანაც ყურადღებით იყვნენ. ამას გვერდითი მოვლენებიც აქვს, მაგალითად ის, რომ შენი ნომერი უკვე იციან და სანამ არ მიხვალ შეიძლება ტვინი შეგიჭამონ, მაგრამ სადმე ტყუილად მისვლას ნამდვილად ჯობს.
ასევე! – კარგად უნდა შეამოწმო ვის რას აძლევ. ადრე ჩემმა მეგობრებმა გვანცამ და ლილემ ლიფების კერვა დაიწყეს და სამაჯურებთან ერთად ლიფებიც დამქონდა. ჰოდა, ერთხელ ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, შეფუთვები ამერია და შემთხვევით ვიღაც ბიჭს ლიფი დავუტოვე რუსი დეპუტატი გავრილოვი რომელიც ცხადია არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამბობენ აფხაზეთშიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდაო – საქართველოში შემოუშვეს. პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაგვისვეს. აქციები დაიწყო. მუშაობა დავამთავრე და მეც იქ წავედი.
საერთოდ მე და თქვენ – საქართველოს მოქალაქეებს, ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად, ასე ვთქვათ ”თარიღული მეხსიერებაც” გვაერთიანებს.

 

დ ა ვ უ შ ვ ა თ 

  • მე არ მახსოვს სად ვიყავი და რა ხდებოდა 1 კვირის წინ, სამშაბათს და თქვენ გახსოვთ.
  • მე მახსოვს, რა ხდებოდა ამა წლის 10 მაისს და თქვენ არ გახსოვთ.
  • დარწმუნებული ვარ, მაშინ, 13 ივნისის წვიმის დროს, მე რომ გლდანში მაშინდელ შეყვარებულთან ერთად მარტო ვიყავი უტელევიზოროდ და უინტერნეტოდ და არაფერი ვიცოდი, მაგ დროს თქვენც სადღაც იყავით და რაღაცას აკეთებდით და გამორიცხულია არ გახსოვდეთ სად იყავით და რას აკეთებდით.
  • 8 აგვისტოს? გახსოვთ ხო?
  • 23 ნოემბერს?
  • იმ 17 მაისს?
  • 26 მაისის დარბევისას?
  • 7 ნოემბრის დარბევისას?
  • ბოლო ახალწელს?

20 ივნისის დარბევის დროსაც ალბათ ყველას გვახსოვს ვინ სად ვიყავით.მე და ჩემი მეგობრები ცრემლსადენმა გაზმა სოლოლაკისკენ გაგვაქცია და რადგან ვიფიქრეთ, რომ აქცია დაიშალა, სახლებისკენ წავედით. უფრო სწორად მე წავედი და დავიძინე, დანარჩენები კი მეგობრის სახლში ავიდნენ, იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს ჟანგბადის ბალონები ჰქონია, რაც მისწრება იყო აქციაზე თავბრუდახვეულთათვის. მერე ამ მეგობარმა დამირეკა, გამაღვიძა და მითხრა, დათო, ალექსი და შენი ძმა დაიჭირესო. წამოვხტი. მთელი ღამე იმას ვარკვევდი სად იყვნენ გადაყვანილები. ცხადია ვერ გავარკვიე. მომიყვნენ და მეც დარწმუნებული ვარ, რომ აქციაზე ჟანგბადის ბალონების ჩასატანად ჩავიდნენ. ტელევიზორში უნახავთ, რომ კიდევ იყო ხალხი და რადგან ჟანგბადის ბალონებიც ჰქონდათ, სახლში ვერ გაჩერდნენ, ჩავიდნენ და ცრემლსადენი გაზით მოწამლულ მოქალაქეებსა და პოლიციელებს ეხმარებოდნენ.  სპეცრაზმი კი იქ იმწუთას ყველას იჭერდა, ესენიც დაიჭირეს. უნდა იცნობდეთ მათ ან სიტყვაზე მენდოთ, პოლიციელები რომ ამბობდნენ სასამართლოზე უშვერი სიტყვებით მოგვმართავდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენო სასაცილოობამდე მისული ტყუილი და ცილისწამებაა.
ჩემი ძმა 12 დღით დააკავეს. დათოს და ალექსს სასამართლოები ოდნავ მოგვიანებით ჰქონდათ. მოსამართლეებმა, დავიღალეთ და გადავდოთო. მომავალ სასამართლომდე ორივე გამოუშვეს.
სანამ მე ჩემს ძმას, სასამართლოს გარეთ, მარშუტკაში, (რომლითაც მოგვიანებით ყვარელში გადაიყვანეს) ბორკილებდადებულს ვნახავდი, მანამდე პროკურორებს, რამდენიმე სიძულვილით სავსე მზერა გავუგზავნე სასამართლოს დერეფანში და მათზე სისაძაგლეები გავიფიქრე. ჩემმა ძმამ კი მომიყვა:
– პოლიციელს, მოსამართლეს რომ მოატყუა ჩემზე, მაგინებდაო, პროცესის მერე ვუთხარი,- თვალს ნუ მარიდებ, შემომხედე, ვიცი რომ არ გინდოდა მოგეტყუებინა, დაგავალეს და სხვა გზა არ გქონდა, არ ელოდი ალბათ, რომ 12 დღეს მომცემდნენ, ამიტომ არ ვარ შენზე გაბრაზებული და თვალი არ ამარიდო. პოლიციელს თვალზე ცრემლი მოადგა და მითხრა, – ჯობდა გაბრაზებული ყოფილიყავი ჩემზე, ვიდრე ეგ სიტყვები გეთქვა, მირჩევნია ახლაც მაგინებდეო.სწორედ ამ დროს გამოიარა მარშუტკასთან ზემოთხსენებულმა პოლიციელმა რომელსაც ვუყვირე, ამას გავასაჩივრებ და ცრუ ჩვენებისთვის პასუხი მოგეთხოვება, პოლიციელი თუ ხარ კანონს უნდა ემორჩილებოდე და არა უფროსებს-მეთქი. ჩემმა ძმამ საყვედურნარევი ინტონაციით შემომყვირა
-კარგი ბიჭო! და მე მაშინ მივხვდი, რას გულისხმობენ ჩემი მეგობრები როცა მეუბნებიან „ზოგჯერ როგორი ენჯეოშნიკური გამოხტომები გაქ თემორე!”

  • დავმშვიდდი.

მეორე დღეს როცა გასასაჩივრებლად მივდიოდი მოპედის საბარგულიდან, წინა დღეს რუსთაველზე ნაპოვნი და სამახსოვროდ წამოღებული – ცრემლსადენი გაზის ნახმარი ბალონი ამოვიღე და ჩემს ეზოში ხის ძირას მივაგდე. ხელები სულ გამიშავდა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება, გზას დავადექი, თან იმ ნაბოზრებზე ვფიქრობდი, ჩემი ძმა ვინც დაიჭირა, მერე იმ ნაბოზარ გავრილოვზე, პუტინზე და საერთოდ ყველა ნაბოზვარზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი როგორც საქართველოს მტრებზე, ასევე იმ დედამოტყნულებზე რომლებმაც ოდესმე რამე დამიშვეს ცხოვრებაში. მერე მარშალ გელოვანზე ვიღაცამ კინაღამ გამიტანა, დედამისზე ფიქრიც დავიწყე, სასამართლოს ეზოში შესვლისას ყოველგვარი საჭიროების გარეშე უმისამართოდ შევიგინე და გადავიფურთხე, მერე სახეზე დარჩენილი დორბლი, ხელებით მოვიწმინდე, უცებ მთელი სახე ამეწვა და ტირილი დავიწყე. ჯერ ვერ მივხვდი რა მატირებდა, მერე კიდევ მივიტანე სახესთან ხელები და უფრო მეტად ავტირდი.
სასამართლოს ეზოში ვდგავარ, რუსთაველზე ნაპოვნი ცრემლსადენი ბალონისგან გაშავებული ხელები სახეზე მიდევს და ცრემლები მომდის. ხელების დასაბანად და აპელაციის დასაწერად, ტირილითა და ბრაზით შევედი შენობაში და სწორედ ამ დროს ჩემთან ერთი ადამიანი, ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე მოვიდა, რომელმაც უანგარო დახმარება შემომთავაზა, მე კი სახედაკარგულმა, რატომღაც შენობით დავუწყე ლაპარაკი, ზრდილობიანად, მაგრამ მაინც – შენობით. ამ დროს მისი და მისი კოლეგა მეგობრების თვალებიდან წამოსულმა უდიდესმა სინათლემ შემარცხვინა, მოვიბოდიშე და  „თქვენობითზე“ გადავედი. საბოლოოდ საჩივარი შემატანინა და მითხრა – სხვები უკვე გამოვიყვანეთ, დანიშნავენ სასამართლოს და შენ ძმასაც გამოვიყვანო.

  • დავმშვიდდი.

უკანა გზაზე აღარ ვიფურთხებოდი, იმ პროკურორებზე ვფიქრობდი სიძულვილით სავსე მზერებს რომ ვუგზავნიდი. რა საჭირო იყო? საერთოდ დარბაზში ხმაც კი არ ისმოდა, იქნებ ისინი დაჭერას კი არა, უბრალოდ დაჯარიმებას ითხოვდნენ და მე ვერ გავიგე?! იმ პოლიციელზეც ვფიქრობდი და შემეცოდა; იმ ადამიანებზეც ვფიქრობდი ოდესღაც რომ ჩემთვის რაღაც დაუშავებიათ და შემეცოდნენ; რობერტ სტურუაზეც ვფიქრობდი და შემეცოდა, არა იმის გამო რომ ცოდოა, არამედ იმიტომ, რომ ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო ამდენი ტალახის სროლა, ამდენი ბოროტებითა და სიძულვილით გაჟღენთილი კომენტარები, მის მართლაც არაჯანსაღ სტატუსზე; პოლიტიკოსებზე და სპეცრაზმელებზე ფიქრიც დავიწყე, ისინი ვერაფრით შევიცოდე და სანამ ისევ ფურთხებას დავიწყებდი ასეთი პერიფრაზული ფიქრი დამებადა თავში – სიძულვილიც არის სიძულვილი, ყოველთვის და ყველგან!

აპელაცია ჩემი ძმის დაჭერიდან მეოთხე დღეს დაინიშნა. ორშაბათს. მე უნდა მემუშავა, შეკვეთები დამერიგებინა და 5-ზე სასამართლოში მივსულიყავი. წინა ღამე აბაზანის კეთებაში მქონდა გათენებული, მილი გამსკდარა და ქვედა მეზობელთან წყალი ჩადიოდა (არ მოგიყვებით, რამხელა ენერგია ჭირდება მთელი ღამე აბაზანის დაშლას, მეტლახის აყრას, მილის შეკეთებას და მერე თავიდან დაგებას).
დილით ყავა დავლიე, ჩაფხუტი დავიფარე და ეზოში ჩავედი. აღმოჩნდა, რომ ვიღაც ადამიანმა (რომლის მიმართაც ახლაც სიძულვილს ვგრძნობ და ჩემს თავს ვეუბნები, რომ არ შეიძლება!) მოპედი მომპარა, საკუთარი ეზოდან – HONDA tact af 51, ლურჯი, წინა ბორბარლთან ფრთა (კრილო) გატეხილი და გაბზარული აქვს, ბზართან ჰენკ მოუდის პორშის სტიკერი მეკრო სერიალიდან „Californication” (თუმცა ალბათ მაგას მოაძრობდნენ), მაყუჩთან დამცავი არ აქვს, წინა ფარის პლასტმასებს მხოლოდ სარკე ამაგრებს და შიდა პლასტმასიც გაბზარულია.
როცა პოლიციაში საჩივარს ვწერდი და ხელოვნებისმოყვარულ დეტექტივს, კინოსა და თეატრზე ველაპარაკებოდი SMS მივიღე ადვოკატისგან, რომ ჩემი ძმა გამოუშვეს.

  • დავმშვიდდი.ახლა წავედი, აქციაზე ჩავდივარ, მე პოლიციაში კი განვაცხადე, მაგრამ თქვენც გახსოვდეთ, ლურჯი მოპედი ზემოთხსენებული ნიშნებით და თუ სადმე თვალი მოჰკრათ, ძალიან გთხოვთ შემატყობინეთ. იქნებ რამენაირად დავიბრუნო, თორემ მოპედის გარეშე ვეღარც კურიერად ვიმუშავებ და ვერც ვერაფერს ვეღარ მოგიყვებით.არადა მინდა, ჩემი საიდუმლო ჯგუფის ყ.ხ.დ.პ.- ს შესახებ გიამბოთ.რაც შეეხება იმ ბიჭს, სამაჯურის მაგივრად ლიფი რომ დავუტოვე, ისეთი არაფერი, მივბრუნდი და გამოვუცვალე, მერე ეს ლიფი იმ გოგოს წავუღე ვისაც ეკუთვნოდა.  გოგომ, სანამ ხურდას დავუბრუნებდი, დაზიანებული შეფუთვიდან ლიფი ამოიღო შეათვალიერა და ჩაილაპარაკა „აუ, ეს პატარა მექნება“ მე ინსტინქტურად, ყოველგვარი უხამსობის გარეშე დავაკვირდი და ვუპასუხე – არა მგონია!ძალიან შემრცხვა.

ავტორი: თემორე
ქოვერის ავტორი ანა ჯიბლაძე