ზედა პანელზე გადასვლა

კურიერის ამბები – ფარნავაზი და რესპუბლიკელები

კურიერის ამბები – ფარნავაზი და რესპუბლიკელები

კურიერის ამბები – ფარნავაზი და რესპუბლიკელები

ამბავი მესამე

***

ვინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის გამო სხვა გზა აღარ დამრჩებოდა – ყოველდღე მომიწევდა ჩემი ყოფილი შეყვარებულის სახლის წინ ჩავლა და თავისი ქმრის თეთრი ჯიპის ყურება. ძალიან დიდი მადლობა.

ამ სახლთან სწრაფად ვერ ჩაივლი. მთელი ქუჩა სიჩქარის შემნელებლებითაა (“ბუგაროკებით”) სავსე, თუმცა მე, როგორც ყ.ხ.დ.პ.-ს დამმაარსებელსა და სახელგანთქმულ მაზოხისტს, რეგულაციები არ მჭირდება – ამ გზაზე ისედაც საჭიროზე ნელა გავდივარ და მეტი დრამატულობისთვის, ყურსასმენებით ჩვენი შეყვარებულობის სიმღერასაც ვუსმენ-ხოლმე.

ზოგადად, ჩემს ყოფილ გოგოებს ერთმანეთთან მხოლოდ ორი საერთო აქვთ:
1. ძალიან ლამაზები არიან;
2. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას იდიოტი ვგონივარ.

ის, რაც ჩემთვის ლამაზია, თქვენთვის შეიძლება სიმპათიურიც არ იყოს. არ ღირს ამაზე კამათი. სილამაზე რელატიურ ცნებებს მიეკუთვნება და, ამიტომ, პირველ პუნქტს შევეშვათ.
მეორე პუნქტი კი, უნდა გამოგიტყდეთ, სრული ჭეშმარიტება გახლავთ და ამის დასამტკიცებლად ხუთზე ბევრად მეტი საბუთი არსებობს.

იმ არაფრით გამორჩეულ დღეს, აქამდე არსებული ყველა საბუთი რომ უარვყავი და ახალი მტკიცებულება მოვიპოვე, მოღრუბლული ამინდი იყო. უმზეო. მე,  ჩემს რამდენიმე დღის წინ, ჩემი მეგობრების მიერ შეძენილ მოპედს – სუზუკი ვერდეს ვმართავდი და ძალიან მშიერი ვაკეში შეკვეთის გასატანად და შემდგომ ილიაუნის გვერდზე მდებარე სახაჭაპურეში შესვენების გასატარებლად მივდიოდი.

დანიელ ჭონქაძიდან პოლიკარპე კაკაბაძისკენ სპორტული მანევრებით გადავდიოდი და მადლიერი გამომეტყველებით ვფიქრობდი ჩემს მეგობრებზე, რომლებმაც მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მოპედი მომპარეს, მაშინვე ახალი მიყიდეს. თან მრცხვენოდა ამდენმა ადამიანმა ჩემ გამო რომ ფული შეაგროვა, თან – ძალიან მიხაროდა. თან, იმის გამო, რომ მათ ასე ვუყვარვარ, რაც უფრო ვუმატებდი სიჩქარეს, მით უფრო იმატებდა  ჩემი ამპარტავნების კოეფიციენტიც.

ჩემს ამპარტავნებას იმ ქუჩაზე შეხვევამ და სიჩქარის შემნელებლებმა ვერაფერი დააკლო, პირიქით – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშიოდა და სამ ლარიანი იმერული ხაჭაპური მელანდებოდა, ფლეილისტში „ჩვენი სიმღერის“ ჩართვა მაინც არ დამეზარა.
მაინც არ დამეზარა მის სახლთან იმაზე ნელა გამევლო, ვიდრე ამას მწოლიარე პოლიციელი ითხოვდა.
მაინც არ დამეზარა მისი ქმრის თეთრი ჯიპის დანახვა.
არც იმის შემჩნევა დამეზარა ის ჯიპი, რომ გასარეცხი იყო და, ღმერთო, შენ უშველე ყველა 26 წლის იდიოტს – მოპედი გავაჩერე, მიმოვიხედე, დავრწმუნდი, რომ არავინ მიყურებდა, საბარგულის შუშასთან მივირბინე, სწრაფად მივაწერე „ყლეო გამრეცხე“, კმაყოფილი სახით დავძარი მოპედი და, აი, ამ სიტყვებს უკვე სახაჭაპურედან ვწერ. კარგი ხაჭაპური აქვთ. მითუმეტეს, სამი ლარის კვალობაზე.უკვეთავ, 10-15 წუთი ელოდები და ცხელ-ცხელი მოაქვთ.

ნეტა, მართლა არავინ მიყურებდა?!
დანა-ჩანგლით ჭამა არ მომწონს, გემოს ვერ ვატან.
იქნებ ფანჯრიდან დამინახა?
მაგრამ ხელით ვერ შეჭამ ძალიან ცხელია.
რა სირცხვილია! რო დავენახე?!
იმედია, მალე მომიტანენ შეკვეთას – მშია.
ხელით ჭამა თუ გინდა, გაციებას უნდა დაელოდო. მაგის დრო არ მაქვს-ხოლმე.
დავუშვათ, დამინახა – როგორ მოვიქცე, როცა სადმე გადამეყრება?
სულ დანა-ჩანგლით ვჭამ-ხოლმე.
ხო არ ავბრუნდე და წავშალო?
ძალიან მშია.
რა სისულელეა – თუ უკვე დამინახა, წაშლას რაღა აზრი აქვს?!
ხაჭაპური სამზარეულოდან გამოიტანეს.

ჯანდაბა. ჩემი არ ყოფილა. ჩემს მოპირდაპირე მაგიდასთან ვიღაც კაცი ზის და მაგას მიუტანეს. ძალიან ნაცნობი სახე აქვს ამ კაცს. ვცდილობ, გავიხსენო, ვინ არის.
გავიხსენე.

რესპუბლიკური პარტიის წევრია. ხო, ხო, ისაა. დავით ზურაბიშვილი. ვაა, ესეც ამ სახაჭაპურეში დადის? ესეც სამლარიან ხაჭაპურს ჭამს? რა უცნაურია – თვითშეფასება ასე უცებ რატომ ამიმაღლდა?
ნეტა, რას იფიქრებს ახლა რომ გადავუჯდე და მოვუყვე:- ბატონო დავით, მე ერთხელ დამესიზმრა, ვითომ, ლეპტოპის გამოტანა მინდოდა განვადებით და არაფრით დამიმტკიცეს  – საკმარისი შემოსავალი არ გაქვსო. მე დაღონებულმა დავითს დავურეკე, ოღონდ თქვენ არა – თქვენი პარტიის ყოფილ ლიდერს, დავით უსუფაშვილს:

– ალო, გამარჯობა, ბატონო დავით. როგორ ბრძანდებით?
– ოჰ, თემორეს ვახლავარ! თქვენობით ლაპარაკს ვერ გადაგაჩვიე, მოკლედ, რა!
– ბატონო დავით, ერთი პოლიტიკური დავალება მაქვს თქვენთან…
– გისმენ გულისყურით, შემოგევლე!
– ლეპტოპი ვერ გამომაქვს განვადებით ჩემ სახელზე და, იქნებ, თქვენს სახელზე გამომატანინოთ და საქართველოს გეფიცებით თუ ერთი დღით მაინც გადაგიცილოთ გადახდა!
-არ გრცხვენია, ბიჭო?! ფიცი რად გინდა?! ახლა შეხვედრაზე ვარ, ერთ საათში შენთან გამოვვარდები და გამოგატანინებ. ისე, რატომ არ გიმტკიცებენ ეგ ვირიშვილები – შენნაირი ადეკვატური, რაციონალური და კონსტრუქციული ადამიანები გვიმრავლოს, ნეტა, ღმერთმა!
– გმადლობთ, ბატონო დავით.
– ბიჭო, რა ბატონო დავით – დათო დამიძახე…

რა თქმა უნდა, ეგეთი იდიოტიც არ ვარ, რომ გადავჯდე და ჩემი სიზმარი მოვუყვე ადამიანს, რომელიც არ მიცნობს და ხაჭაპურს ჭამს. ხელით ჭამს. უფრო სწორედ, ხელსახოცით მოუკიდია ხელი და ისე ჭამს.

ხელის დასაბანად გავედი და მოვბრუნდი.დავითი წასული დამხვდა. სამაგიეროდ, ხაჭაპური ჰქონდათ მოტანილი. პირველი ნაჭერი დანა-ჩანგლით ვჭამე. მერე, რატომღაც, მიმოვიხედე ხომ არავინ მიყურებს-მეთქი?! ხელსახოცი თითებს შორის მოვიქციე და…

გენიალურია.

თან გემოს ატან,

თან – თითებიც არ გეწვის.

აი, ვზივარ ვაკის ერთ-ერთ სახაჭაპურეში,სიამოვნებისგან თვალები მიცრელიანდება და ვფიქრობ- ღმერთო რა ჭკვიანები არიან ეს რესპუბლიკელები! და დარწმუნებული ვარ იქ არავის დავუნახივარ.

სანამ ხაჭაპურს ბოლომდე შევჭამდი,მანქანის ამბავი მიმავიწყდა და შეკვეთების დასარიგებლად წავედი. ინტერნეტი აღარ მქონდა და, ამიტომ, კლიენტს დავურეკე:

-გამარჯობა, კურიერი ვარ.

-გამარჯობა.

-მეპს ვერ ვიყენებ დაშეგიძლიათ ცისარტყელას ქუჩა მიმასწავლოთ რამენაირად?

-კი, შვილო. ტრაქტორის ქუჩის პარალელურია!

მეკაიფება?

-უბანი რომ მითხრათ?

-ნახალოვკა. ჭყონდიდელის ქუჩა თუ იცით?

-კი, როგორ არა?!

-აი, იქიდან უნდა ამოუხვიოთ.

ჭყონდიდელის ქუჩაც, იმ ქუჩის არ იყოს, სიჩქარის შემნელებლებითაა სავსე. მივდიოდი ამ ქუჩაზე და ნერვები მეშლებოდა –

რაში მჭირდება სიჩქარის შენელება, თუ ამ დროს ქუჩაზე არავინ გადადის და, თუკი ქუჩაზე ვინმე გადადის, არ შევანელებ მეთვითონ?! დავეტაკები?! საქმეს საციხოდ გავიხდი?! რაში მჭირდება ვინმემ მიკონტროლოს ჩემი მოპედით ჩქარა გავივლი თუ ნელა- იდიოტი ვარ???

ამ დროს ჩემი დილანდელი საქციელი გამახსენდა.

მაგრამ, იქნებ მაინც საჭიროა „ბუგაროკები“?  იქნებ, ჩემი პატარა და გადადის გზაზე? რამდენი იდიოტი ზის საჭესთან? მაგათ რაციონალობასა და  ყურადღებას ვენდო? არა, არა, აუცილებელია ეს „ბუგაროკები“! და თუ კურიერი ხარ,გირჩევ სიჩქარის შემნელებლებმა ნერვები არ მოგიშალოს, ძმაო.

-ინებეთ შეკვეთა. ლამაზი სახელი აქვს ქუჩას.

-ხო, უკვირთ-ხოლმე, ვინც არ იცის. ტრაქტორის ქუჩა უფრო იციან, ქვემოთაა ეგ, მაგრამ, მგონი, ახლა გადაარქვეს. მოვაწერო ხელი რამეზე?

-არ არის საჭირო.

ხელმოწერა!

რა თქმა უნდა!!!

ამ რამდენიმე წლის წინ ამოვიჩემე, ასე უფრო ლამაზია-მეთქი და ასო-ბგერა „რ“-ს ჩემებური ვარიანტი მოვუფიქრე.

ოროსანი ბავშვები ჩემს კლასში „ო“-ს ასე წერდნენ – მე კიდე ავდექი და „რ“-ების წერა ასე დავიწყე – ჩემი ამ აღმოჩენით იმდენად აღვფრთოვანდი, რომ „რ“-ს ასე დაწერა ორგანულ ჩვევაში გადამივიდა და ჩემი კალიგრაფიის განუყოფელი ნაწილი გახდა.

 

This image has an empty alt attribute; its file name is 66494075_2357797434508646_6184036711853457408_n-e1563135483544.jpg

იქნებ ვერ მიხვდეს?

გამორიცხულია, რას ვერ უნდა მიხვდეს? სხვა ვინ წერს კიდე ასეთ „რ“-ს მსოფლიოში?!

იქნებ არ ახსოვს?

როგორ არ უნდა ახსოვდეს, 4 წლის განმავლობაში რამდენი წერილი მაქვს მისთვის მიწერილი? 116? 3025? 23?

რამდენჯერ თვითონაც მოუწერია იმავე „რ“-თი.

ჭეშმარიტად იდიოტი ვარ.

ახლა როგორ მოვიქცე? თვითონ აუცილებლად მიხვდება, მაგრამ სხვებსაც ეტყვის?

მაგრამ თვითონ თუ მიხვდება, რაში მაინტერესებს სხვებსაც ეტყვის თუ არა?!

რა გამოსავალი მაქვს?

მივბრუნდე და წავშალო?

იქნებ უკვე ნახა?

არმაზო,გაც და გაიმ, მიშველეთ რამე…

გევედრებით!

ავტორი თემორე

ქოვერის ავტორი ანა ჯიბლაძე

 

No Comments

Add your comment