ზედა პანელზე გადასვლა

კურიერის ამბები – ხელოსანი და ინტელიგენცია

კურიერის ამბები – ხელოსანი და ინტელიგენცია

კურიერის ამბები – ხელოსანი და ინტელიგენცია

ამბავი მეოთხე

***

მეორად მოპედს თუ ყიდულობ, გამოდგომაზეა.

ჰამბურგიდან როცა დავბრუნდი, HONDA TACT AF 51  რომელიც თავისი Stand up ფუნქციით – სადგამზე (“ნოშკაზე”) ღილაკზე თითის დაჭერით დგებოდა, მეგობრის სახელზე განვადებით პირდაპირ საწყობიდან გამოვიყვანე:
– პირველი ქართველი პატრონი შენ იქნები, ძმის გულო.
– ანუ?
– ანუ აქამდე იაპონელები ხმარობდნენ, ეგენი ხო იცი, კარგად უვლიან. აქ ნახმარი არაა, მეორადია, მოკლედ რო გითხრა, და არა – მეშვიდასედი. კარგად თუ იხმარ, კარგადაც გაგიძლებს.

რაც მე მაგ მოპედმა მაწვალა.
ვინც კი ქალაქში ხელოსანია სულ ყველასთან ნამყოფი ვარ და თუ კურიერი ხარ ან უბრალოდ მოპედი გყავს, სიამოვნებით გირჩევდი ამა და ამასთან მიდი იმიტომ, რომ ისა და ის ოხერია, მაგრამ ამ საქმეში მგონი დიდად ჭკუა არ მომეკითხება. ერთ–ერთი ხელოსნის მუდმივი კლიენტი კი გავხდი, თუმცა არა იმიტომ, რომ საუკეთესო ხელოსანია. არა, იქნებ არის კიდეც.

– ვაა, ჯემალ ქარჩხაძე, ტო?  სად გააძრე?

– მეგობარმა ამომაბეჭდინა ყველა ეს სტიკერი, რასაც ხედავ.

ცივად ვუპასუხე. სულ ტყუილად. ეგეთი სტიკერები არც უნდა გააკრა, თუ არ გინდა, რომ სულში ხელები გიფათურონ.

– ეეე, მიხეილ თუმანიშვილი? საღოლ, ძმაო, მაგრად მევასება. წაკითხული გაქ?
– თუმანიშვილი საიდანღა იცი?
– რა იყო, არ შეიძლება მოპედების ხელოსანმა თუმანიშვილი იცოდეს?
– შეიძლება, მაგრამ ძალიან გასაკვირია.
– ჰოო, სამსახიობოზე ვაბარებდი. სამჯერ. შალუტა, მარგველა და ერთი პუტკუნა ქალი მეჯდა – ჩამჭრეს მაგ ყლეებმა. მერე ხელოსნობა დავიწყე.
– ბევრი არაფერი დაგიკარგავს. მე კი მიმიღეს, დიპლომიც ავიღე და მერე კურიერობა დავიწყე.
– რა იგავი-არაკი  წაიკითხე მისაღებ გამოცდებზე?
– რაღა მახსოვს, თუ ძმა ხარ. სპიდომეტრის ტროსი არ გაქ?
– TACT-ის არა. „სანამ რეპეტიცია დაიწყება“  წაკითხული გაქ?
– ცხადია (“იასნია”), მარა მე მაგის დღიურები უფრო მომწონს
– აუ ხო მეც. ბიბლიოთეკაში წავიკითხე ის წიგნები… თუმანიშვილი თხზავს.. თუმანიშვილი  ფიქრობს… თუმანიშვილი  მატორს შლის…
– აწი სულ შენთან ვივლი. თუმანიშვილზეც ვიბაზროთ-ხოლმე თუ გინდა. ბევრი ისტორია ვიცი, ოღონდ კარგად გამიკეთე, რა, გამაწამა. თან მგონია, რო არც ერთი ხელოსანი კარგად არ მიკეთებს.
– მე კარგად გავაკეთებ.ეს კაცი ვინღაა?
– ეგ მილან კუნდერა.წინა სამუხრუჭე ხუნდიც (“კალოდკა”) გამოსაცვლელი აქვს.
– დაიცა ვნახო… წინა მუხრუჭი TACT-ებს და, მამენტ, DIO-ებსაც სხვანაირი აქვთ. ეს რა არის? ლექსებიც გაქვს დასტიკერებული? რაოო?

***
ჩემი მომავალი სამსახურის ეზოში
ალიასკის თეთრსახა მგელი ყმუის
რომელიც ძაღლია და ყეფა არ შეუძლია.
ჩემს მომავალ სამსახურში უკვე ვმუშაობ
და ჩემი კუჭი ყმუის
რომელსაც სოციალური პრობლემები
ეხება და
ყეფა არ შეუძლია.
სევდიანია ძაღლი რომელიც ძაღლი არ
არის – სევდიანია სამსახური რომელიც
სამსახური არ არის.

– ვისი ლექსია?
– ჩემი მეგობრის
– ეს ჰეშთეგი რაა? ყ.ხ.დ.პ.
– „ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია“.
– „ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული თეატრი“ გამიგია. სტანისლავსკიც წაკითხული მაქვს – ნემიროვიჩ დანჩენკო, რამე…
– ნეტა, რას ჩაგჭრეს შიგ თუ არა აქვთ. ხო, ეგაა, მაგიტომ ქვია. ღადაობა ჯგუფია – ვითომ პოეტური გაერთიანება.
– ეს მეორე ლექსიც მაგ ღადაობა გაერთიანებიდანაა?
– კი
– ეგეც შენი მეგობრის დაწერილია?
– არა, ეგ ჩემია.
– შეიძლება ესეც წავიკითხო ხმამაღლა?
– როგორც გინდა, მარა მე შენ ადგილას მატორს დავშლიდი.
– ეე, რა ხართ ეს თეატრალები, ნიჭს მიკარგავთ, რა! არადა, მეთქი გამოთქმით წავიკითხავ…
– არა, ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ სერიოზული ლექსები არაა, ღადაობით ვწერთ – სერიოზულად არ უნდა მიუდგე.
– მაიცა, რა! აბა, მომისმინე.

ჩაახველა.
მუხლებზე წამოჯდა.
თვალებით ლექსის სტიკერს მიაშტერდა.
17-იანი ქანჩი (“კლუჩი”) ჰაერში თავისუფლების ქანდაკების შუქურასავით აწია.
სახე სულ მთლად გაშავებული ჰქონდა.
ნეტა, ჩუმად ვიდეო მაინც გადამეღო:

მოდი მომწოვე
დაეწაფე ჩემს სხეულს ხარბად.
მე
შენ
მიყვარხარ.
რადგან ამ
წუთას
ერთადერთი ხარ
ვისაც ვჭირდები.
ჩემს ოთახში

მფრინავო კოღო.

ბოლო სიტყვები დაეჭვებით წაიკითხა.
– კოღო? მე ქალზე მეგონა, ტო.
– ჰო გითხარი ღადაობაა–მეთქი?!
– აბა, თქვენა ხართ, რა, მოგცლიათ…

სანამ ჰამბურგში აღმოვჩნდებოდი, მანამდე 10 თვით ადრე, 24 მარტს, ჩემს მეგობარს პოეტების პაროდირებით დაწერილი ლექსები გავუგზავნე.

***
ჩემ ცოლზე ლამაზი
ქალებიც არსებობენ.
მაგრამ ჩემი ცოლიც
საკმაოდ ლამაზია

სიყვარული
***
ყოველდღე გნახულობ
ძალიან მიხარია
შენს დანახვაზე
ადრენალინი გამომეყოფა

სამშობლო
***

სამშობლოს მინდა მივაგო პატივი,
სა ქა რთვე ლოს.
რომელმაც ბევრ მტერს გაუძლო და მიუხედავად
პრობლემებისა,
დღეს რესპუბლიკად ჩამოყალიბდა.

ფიროსმანს
დიახ, ფიროსმანი თბილისში ცხოვრობდა.
შესაბამისად ამ ქალაქის ქუჩებში დადიოდა,
სხვა
გზა
არც
ქონდა.
ის დიდებული მხატვარი იყო.
ძალიან მაგარი ნახატები აქ
მე პირადად
“აქტრისა მარგარიტას”
გამოვარჩევდი.

მარტი

***
ყველა თვეს თავისი ძირითადი ამინდი
ახასიათებს.
ბევრი ამ ძირითად ამინდებს ხასიათს უწოდებს.

მათ შორის მარტს – ცვალებადი ამინდების გამო
ქალს ადარებენ .
სისულელეა.
მარტი – მარტია.

მეგობარმა ალიასკის თეთრსახა მგელზე დაწერილი ლექსით მიპასუხა, ბევრი ვიცინეთ და ასე შევქმენით საიდუმლო ჯგუფი ყ.ხ.დ.პ. – „ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია“. ლექსების წერაც „ხელმისაწვდომურად“ დავიწყეთ, რაც ნიშნავდა იმას, რომ შინაარსი გასაგები და გადაუპრანჭავი უნდა ყოფილიყო. რითმები და მეტაფორები აუცილებლობას არ წარმოადგენდა – სულ პირიქით. ვცდილობდით ყველაფრისთვის თავისი სახელი დაგვერქმია.

თავიდან ჯგუფში მხოლოდ ორნი ვიყავით. ამის შემდეგ, ვინც, ჩვენი აზრით, იუმორს გაგვიგებდა, ისინი დავამატეთ. რაოდენობა 18 კაცამდე გაიზარდა.

თავდაპირველად მე და ჩემი მეგობარი – ამ ჟანრის დამმაარსებლები ვწყვეტდით, თუ ვინ მიგვეღო და ვინ – არა. მერე ისეთი წესი შემოვიღეთ, როგორც ევროკავშირში მიღებაზეა – აბსოლუტურად ყველა წევრი თუ არაა თანახმა, ახალ წევრს ვერ ვიღებთ. ამიტომ, საკუთარ შექმნილ ჯგუფში ახალ წევრებს თითქმის ვეღარ ვამატებდით.

ნელ–ნელა ეს ყველაფერი გასცდა ხუმრობის სფეროს და ნახევრად ხუმრობის სფეროში გადავიდა.

1 წლის შემდეგ ჯგუფის წევრებმა პირველი დაბადების დღე ერთად აღვნიშნეთ. ჩვენს ერთ-ერთ წევრს, ანნა ჯიბლაძეს წიგნიც კი დავუბეჭდეთ – 30 ცალიანი ტირაჟითა და ჩემი, როგორც ყ.ხ.დ.პ.-ს ფუძემდებლის, წინასიტყვაობით.

გავაკეთეთ ფეიჯი და ქალაქში ჩვენი ლექსები QR კოდებით გავაკარით. ჩვენი აზრით, ხალხი ამ კოდებს გახსნიდა, ლექსებს წაიკითხავდა, ჰეშთეგს დახედავდა და იფიქრებდა – „ნეტა, ეს რას ნიშნავს“. მერე  FB-ზე მოძებნიდა, ნახავდა, რომ იმ Page-ზე არაფერი დევს, ადგებოდა და თავადაც დაწერდა ჩვენ სტილში – ჰეშთეგად კი მიუწერდა #ყხდპ

ძალიან გვინდოდა, რომ ყველაფერი ასე მომხდარიყო. ქალაქის ყველა ნაწილში გავაკარით QR კოდები, მაგრამ არ გაამართლა. უფრო სწორედ, ნახევრად გაამართლა – ერთი მხრივ, ლექსებს საკმაო რაოდენობის ნახვები დაუგროვდა და ეს ნახვების რაოდენობაც თანდათან იზრდებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, თავად არავინ წერდა.

4 დღის შემდეგ კოდები გაუქმდა. თურმე, თავიდან უფასო იყო, მერე კი ფულის გადახდა მოგვთხოვა, რომელიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, „პოეტებს“ არ აღმოგვაჩნდა. გული მაინც და მაინც არ დაგვწყვეტია.

ჯგუფის თვრამეტი წევრიდან მინიმუმ ათისთვის ყ.ხ.დ.პ. ცხოვრების წესად იქცა. ხან უბრალოდ კონკრეტულ დღეს გადახდენილ ისტორებს ვწერდით „ლექსად“, ხანაც ისევ ბევრს ვხუმრობდით პოეზიაზე და პოეტების ქილიკით ვერთობოდით. უფრო ხშირად კი ისე ხდებოდა, რომ ერთმანეთს სევდასა და დარდში ვეჯიბრებოდით.

როცა კურიერობა დავიწყე, ცხადია, ამან ჩემს „პოეზიაზეც“ მოახდინა გავლენა:

კურიერის ფიქრები

***
„აი ჩემი სამსახური აქ
ვმუშაობ“
ამბობს ჩემი მეგობარი და 
ხელს რომელიღაც 
შენობისკენ
იშვერს.

„მთელი თბილისის
ქუჩები დღეს ჩემი 
სამსახურია.“
ამას ვფიქრობ
და არასამუშაო საათებსაც
ჩემს სამსახურში ვატარებ.

***
ერთსა და იმავე იამკებში
ყოველდღე.
ჩარტყმა.
არაა შენი ზოდიაქოს ბრალი
რომელმაც ერთგულებისთვის გაგიმეტა.
შენ , ყლე ხარ.
რომელიც დღეში საშუალოდ
 სამოცდათ კილომეტრს გადის.
წინ იყურე.

***
საბურთალოელ გოგოებს
უფრო დიდი ძუძუები აქვთ
ვიდრე ვაკელებს, ვერელებს,
ან სოლოლაკელებს.
სიტყვაზე მენდეთ 
მეგობრებო.
ეს ერთი კვირა მთელი
ვაკე ვერა საბურთალო
შემოვიარე.
გოგოებს ლიფები 
დავურიგე.
და ეს უსარგებლო სტატისტიკა
კი
მხოლოდ იმიტომ
ვაწარმოე რომ
თქვენთვის მეთქვა.

დანარჩენ ლექსებს გზადაგზა – შემდეგ ამბებშიც გაჩვენებთ.

– აი, დაიქოქა. მუხრუჭებსაც ხოშიანად ეჭირება. ლამაზი მოპედია. „სილამაზეს უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ბოროტებას“ –  სკაზალ მიხაილ ივანიჩ.
– ძალიან დიდი მადლობა. აწი მართლა მარტო შენთან გავაკეთებ–ხოლმე.
– სხვებიც მომიყვანე – გამაბაზრე!

ჩემი მოპედი ხშირად ფუჭდებოდა და მეც ხშირად მივდიოდი ამ ბიჭთან. სიამოვნებით გავუწევდი რეკომენდაციას და გეტყოდით ვინცაა, მაგრამ ხელოსნად უკვე აღარ მუშაობს. რამდენიმე დღის წინ შემხვდა. მოპედზე იჯდა და თან გლოვოს ჩანთა ეკიდა. თურმე ხელოსნობა მობეზრდა და კურიერობა დაუწყია. იქვე მკითხა – წელს ჯგუფი ვის აყავს, ხო არ იცი, იქნებ, წელს მაინც ჩავაბაროო.

დღევანდელი უსარგებლო სტატისტიკა

***
რა ქნას ლიბანის ქუჩელმა
ნინომ?
ლუდი დალიოს? ვისკი თუ ღვინო?
ვერაფერს დალევს რადგანაც ძაღლმა,
უკბინა ბესოს , ამ ნინოს სატრფოს.
და გუშინ ტრაკში
მწარეა, მაგრამ
დაარჭეს შრატი.
და მანამ სანამ 
6
თვე გავა,
ვერაფერს დალევს 
ნინოც და ბესოც.
ჰოდა ხვალინდელ ვალენტინობას 
მუღამში ჩაგვეჯვაო.
იძახდა ბესო და ნინოსათვის ნაყიდ
სამაჯურს 
თავის მაჯაზე ირგებდა.

 

***
ჩქარობდა სოფელში
ჯღარკავა ლელა.
მაგინა ალბათ დედა და ყველა.
რადგან შეკვეთა 30 (!)
წუთით დავუგვიანე.

 

***
სოფია დოლიძე
TBC
ბანკში მუშაობს.
და შეყვარებულს
27
ლარიანი
სამმაგი ლურჯი
სამაჯური აჩუქა.
მე კი ლურჯი ფერის გამო
სტოკჰოლმის
სინდრომზე
ჩავფიქრდი.

 

***
ეკატერინა ცისკარიშვილი
შენობითმელაპარაკა.
ნერვები მომეშალა
და უკან წამოსვლისას
ვიღაცის მანქანას გავუსვი.
მძღოლისთვის
ეკატერინეს ნომერი უნდა მიმეცა
დამირეკე და გაგიკეთებთქო,
 მარა გაიქცა.
ალბათ მისი ბრალი იყო.
უკნიდან მოდიოდა.

 

***
ქეთი სიმონიამ
შეკვეთა გააუქმა.

 

 

ავტორი თემორე

ქოვერის ავტორი ანა ჯიბლაძე

 

No Comments

Add your comment