გუგა მგელაძე – ჩასწორებული რეპლიკა

სიტყვები

გუგა მგელაძე – ჩასწორებული რეპლიკა

გუგა მგელაძე – ჩასწორებული რეპლიკა

რეპლიკა პაატა ჩხეიძის ერთი ბლოგის გამო

 

,,აღსანიშნავია ერთი საერთო ნიშანი ტრანსგრესიელი ქართველებისა. უმრავლესობა ტრადიციულ ღირებულებებსა და ქართულ ეკლესიას ესხმიან თავს, გააფთრებით. ამის მიზეზი, ჩემის აზრით, არც სუბიექტივისტურია და არც მოდური, უფრო მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ. ქართული მწერლობა ევროპული წიგნის ბაზარზე მიიკვლევს გზას და სურთ ისეთი თემები შეარჩიონ, რაც ევროპაში გაიყიდება (sic!): პედოფილია, გენდერი, ტრანსგენდერი, ჰომოსექსუალიზმი, უმცირესობათა ჩაგვრის მხილება და ა.შ.’’ – ამ და სხვა, გაცილებით საფუძველსმოკლებული, ბრალდებების ხილვა თავისუფლად შეგიძლიათ პაატა ჩხეიძის ბლოგზე https://luarsabi.wordpress.com/ განთავსებულ წერილში: ,,რომანი ქვეყნის მდგომარეობაზე’’.

ცნობილი ანგლოფილი მთარგმნელი და ილიაუნის პროფესორი აღნიშნული წერილის მეორე ნაწილში მიმოიხილავს (სწორედ რომ გამაოგნებლად ზედაპირული მიმოხილვა ჰქვია და არა ანალიზი!) თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებსა და მათ სტილისტურ მახასიათებლებს, თუმცა მანამდე საუბრობს რომანის, როგორც სრულფასოვანი ჟანრის დამკვიდრების პროცესზე ქართულ კულტურაში:

,,საქართველოში რომანის განვითარება მაშინ იწყება, როცა დაპყრობილ ქვეყანაში საშუალო კლასი გაჩნდა და, ავად თუ კარგად, საზოგადოებრივი ცხოვრება დაიწყო. (…) ქართული რომანი, ეპიური გაშლილობით, ალექსანდრე ყაზბეგთან წარმოდგება მთელი სისავსით და მერე კი ვასილ ბარნოვი მოჰყვება’’.

ბ-ნ პაატას მოკრძალებით შეგვიძლია შევახსენოთ, რომ პირველი სრულფასოვანი რომანი სწორედ თავისი ,,ეპიური გაშლილობით’’ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში ,,შუშანიკის წამების’’ სახით დაიწერა. ტექსტი,რომელსაც დღეს უკვე თავისუფლად შეგვიძლია მოვაცილოთ რელიგიური სარჩული, წარმოადგენს პირველი ფსიქო-სოციალურ რომანს, რომელშიც ავტორმა (ცნობიერად თუ არაცნობიერად) შესაშური ნატურალიზმით ასახა ოჯახური ძალადობის სცენა. მართალია, იაკობ ხუცესის,როგორც ავტორის, ნაკლი ტენდენციურობაში მდგომარეობს (ტექსტში მხოლოდ ერთი მხარის (მსხვერპლის) ქცევის და მოტივაციის მხატვრული ტრანსფორმაციაა ასახული და უგულვებელყოფილია ვარსქენის, როგორც მოძალადის პიროვნული მხარე (ისიც, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში გვხვდება), ,,შუშანიკის წამება’’ მაინც სცილდება ვიწრო ჰაგიოგრაფიულ კონტექსტს და შეგვიძლია წავიკითხოთ სქესთა შორისი კონფლიქტის ჭრილში.
მართალია, რომანი, როგორც ჟანრი მეცხრამეტე საუკუნის პროდუქტია და აღნიშნული წერილის ავტორის აზრით, იგი ,,ეპიური გაშლილობით’’ ალექსანდრე ყაზბეგთან წარმოდგება, აქაც მოკრძალებით მივუთითებთ, რომ მეცხრამეტე საუკუნეშივე, ყაზბეგამდე გაცილებით ადრე დაიწერა ,,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი’’ ლავრენტი არდაზიანის ავტორობით და შესაბამისად, მისი მიჩქმალვა რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

წერილის მეორე ნაწილი, როგორც დასაწყისში ითქვა, თანამედროვე ქართველ ავტორთა ტექსტების მიმოხილვაა. მათ შორის ისეთების (თანაც პოზიტიურ ჭრილში), რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, გრაფომანად ქცეული (თუმცა ერთ დროს საკმაოდ პროდუქტიული) მწერლები ან პროზაში უსუსური დებიუტანტები არიან: გურამ გეგეშიძე, თემურ ბაბლუანი, ნაირა გელაშვილი და ლაშა თაბუკაშვილი. მათი ტექსტებისკენ მიმართული ნეკროლოგიური მადლიერების ფონზე საფუძველსმოკლებული და ერთმნიშვნელოვნად ისტერიულია შედარებით ახალგაზრდა ავტორების მისამართით წამოსროლილი ბრალდებები.

მოვყვეთ წერილს:

,,ნაყოფიერებით აკა მორჩილაძეც გამოირჩევა, მასთანაც ნიშანდობლივია სტილის ძიება, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ერთი, დადგენილი სტილი ჰქონდეს, იგი უფრო თამაშობს სტილებით, და თუ ერთ თხზულში თუ a’ la დოჩანაშვილის ლექსიკით წარმოგვიდგება, მეორეში იმერული კილოკავით ჩაივლის მთელ ნაწარმოებს და ა. შ. ამით იგი დასავლური მწელობის (ვთქვათ, აკროიდისეულ) ერთ-ერთ ტენდენციას ეხმაურება თუ უერთდება. მწერალი სტილით უნდა გამოირჩეოდეს! უსტილო მწერალი მწერალი არაა!’’

რას ნიშნავს მწერალს ,,ერთი, დადგენილი სტილი ჰქონდეს’’? ვინ ადგენს: პაატა თუ როსტომი? იქნებ, სტკ-ს (სტილის დამდგენი კომისიის) პრეროგატივაა და მე ჭურში ვზივარ?

,,იგი თამაშობს სტილებით’’- ასკვნის აკაოლოგი პ. ჩხეიძე, და აქაც კითხვა მიჩნდება: განა ლიტერატურა (ხელოვნება, ზოგადად) თავისი ბუნებით თამაშის პრინციპზე არაა აგებული? სხვა თუ არაფერი, პოსტმოდერნიზმის შესახებ მაინც თუ სმენია წერილის ავტორს?

საქმე იმაშია, რომ პაატა ჩხეიძეს არა აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა აკა მორჩილაძის ტექსტებზე (ან წაუკითხავს და ისიც, ალაგ-ალაგ!). წინააღმდეგ შემთხვევაში, ალოგიკურია მისი დადანაშაულება სტილის არქონაში.

მადათოვის ტრილოგიას, ,,სანტა ესპერანსას’’, ,,მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთს’’ (რომელიც სტრუქტურის თვალსაზრისით, უახლესი ქართული ლიტერატურის მარგალიტია), ,,ობოლეს’’, 90-იანებზე დაწერილ რომანებს, ინტერტექსტუალობის და პაროდირების თვალსაზრისით გამორჩეული მოთხრობების სერიას და ა.შ.

სხვა თუ არაფერი, აკა მორჩილაძემ ქართული ლიტერატურის ისტორიისთვის უცხო და პრინციპში, მეასეხარისხოვანი დეტექტიური ჟანრი სრულფასოვან, ორგანულ და რაც მთავარია, ლიტერატურისთვის დღემდე ფუნქციურ კომპონენტად აქცია. ამის არ(ვერ) დანახვა კი, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურობის და საშინელი ზედაპირულობის ნიშანია.

ვაგრძელებთ წერილის კითხვას:

,,სანიმუშოდ ვიტყვი, რომ ლაშა ბუღაძის ვრცელ არათხზულში, ”პატარა ქვეყანა”, ჩვენი დროის ბოლო ოცდაათი წლის ამბებია მოთხრობილი; აქ არც რთული ნარატივია და არც ხატვა, არც სტილი; მხოლოდ ხანგრძლივი, სუბიექტივიზმით გაჯერებული ჩამონათვალია მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებსა და მას შემდეგ მომხდარი ამბებისა და მოვლენებისა, რომელთა ცენტრშიც ავტორი დგას. ესაა ერთგვარი შეუჯამებელი სია საკუთარი ”თავგადასავლისა”, საკუთარი მე-ს პრეზენტაცია, რაც დღევანდელი შოულიტერატურის ნიშანდობლივი თვისებაა და რაზეც მიუთითებს წიგნის ყდა, დიდი ასოებით გამოკვეთილი ლაშა, წვრილად მიწერილი გვარი და გვირგვინი, რომელსაც თამარი და ლაშა-გიორგი არა, მაგრამ თანამედროვე ხელოვანნი ნეტარებით მოირგებდნენ; ჩვენს ინტელექტუალებს ხომ ფარულად ენატრებათ მათ მიერვე მასხარად აგდებული სამეფო ტახტი.’’

ის, რასაც პ. ჩხეიძე შეუჯამებელ სიასა და საკუთარი მე-ს პრეზენტაციას ეძახის, წესით და რიგით, ლიტერატურის განუყოფელი კომპონენტის – (თვით)რეფლექსიის სახელითაა ცნობილი. ლაშა ბუღაძის ტექსტი წარმოადგენს არა ,,არათხზულს’’ ( რაც, რიგითი მოკვდავების ენაზე რომ მოვთარგმნოთ, ,,ნონფიქშენს’’ ანუ დოკუმენტურ პროზას ნიშნავს), არამედ მხატვრულ-დოკუმენტურ რომანს, სადაც პრინციპული მნიშვნელობა არცა აქვს სად გადის ზღვარი ყოფით რეალობასა და მხატვრულ რეალობას შორის. ესაა უახლესი წარსულის რეფლექსია, რომელიც იკვლევს ჩვენს ნევროტულ ყოფას და ბელადომანიის ისტერიასაყოლილი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ტრავმულ ცნობიერებას. რომანი ხომ რეალურად მამების კონფლიქტზეა და მათ შორის მოყოლილ კონტექსტად ქცეულ ავტორზე.

,,აქ არც რთული ნარატივია, არც ხატვა და არც სტილი’’- დაუჟინიაა ბ-ნ პაატას.

რატომღაც, რთული დასაჯერებელია, წერილის ავტორი განსაკუთრებული ინტერესით კითხულობდეს ერთი გრაფომანი მწერლის 744 გვერდიან რომანს (რომლის კითხვასაც საღ ჭკუაზე მყოფი მკითხველი ეპიგრაფიდანვე შეწყვეტდა. პერიფრაზი დაახლ. ასე ჟღერს: ,,ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების ყველა მსხვერპლს’’…) და ,,პატარა ქვეყნის’’ კითხვისას არ იცინ-ხარხაროს. ეს ისტერიული სიცილია, რომელიც სცილდება დუმბაძისეული ლაღი კომიზმის ფარგლებს და სრულფასოვანი გროტესკის, სატირისა და შავზე შავი იუმორის ერთიან ქსოვილად ტრანსფორმირდება. ამის ვერ შემჩნევა, კიდევ ერთხელ ვამბობ ან იუმორის უნარის არქონის, სიჯიუტის სიბრმავის ან საშინელი არაკომპეტენტურობის კლასიკური, (კლინიკურიც კი!) ნიმუშია.

წინ კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდება. აღნიშნული ფრაგმენტი მე უკვე წერილის დასაწყისში განვათავსე. საუბარია ტრანსგრესიულ მწერლობაზე, რომელიც თურმე ,,საგრძნობლად ჩამორჩება ბეროუზისა და კერუაკის დონეს’’.

იცოდით, რომ ქართველ მწერლებს მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ? თუ ჩემი არ გჯერათ, აგერ, პ. ჩხეიძე დავიმოწმოთ:

,,აღსანიშნავია ერთი საერთო ნიშანი ტრანსგრესიელი ქართველებისა. უმრავლესობა ტრადიციულ ღირებულებებსა და ქართულ ეკლესიას ესხმიან თავს, გააფთრებით. ამის მიზეზი, ჩემის აზრით, არც სუბიექტივისტურია და არც მოდური, უფრო მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ. ქართული მწერლობა ევროპული წიგნის ბაზარზე მიიკვლევს გზას და სურთ ისეთი თემები შეარჩიონ, რაც ევროპაში გაიყიდება: პედოფილია, გენდერი, ტრანსგენდერი, ჰომოსექსუალიზმი, უმცირესობათა ჩაგვრის მხილება და ა.შ.’’

ისე, ბოლო წლებია აქტიურად ვადევნებ თვალს მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს და იქნებ, მე მაინც გამარკვიოთ როდის და ვინ დაწერა წიგნი პედოფილიასა და გენდერზე (?) ?

ჰომოსექსუალიზმზე, კი ბატონო, გვაქვს ცალკეული ტექსტები: დათო გაბუნიას ,,დაშლა’’, რომელიც პრინციპში, ოჯახური ინსტიტუტის რღვევის პროცესს უფრო აღწერს და საკუთარი მასკულინობის ტყვედ ქცეული აგრესორის პრიზმით გვიყვება ამბავს. აქ რამდენიმე ნარატორია. საქმე ხმების რომანთან უფრო გვაქვს, რაც, მთლიანობაში, დაშლილი ქოროს პოლილოგის განცდას ქმნის. დრამატურგის დებიუტი პროზაში წარმატებული აღმოჩნდა. აქვე მეორე ტექსტიც მინდა ვახსენო, სადაც ჰომოსექსუალიზმზეა საუბარი, თუმცა დავკონკრეტდეთ: არც ამ შემთხვევაშია, ორიენტაციაზე წერა ავტორის თვითმიზანი.

პირიქით, გურამ მაცხონაშვილის (ასევე დებიუტანტის) რომანი ,,გლდანი’’ გაცილებით მრავალპლასტიანია მისი რთული სტრუქტურის და სტილის გამო ამ ტექსტზე აქ არ შევჩერდები. უბრალოდ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ,,გლდანი’’ მითოსურ ჭრილში დანახული თბილისია. ერთგვარი, ურბანული აპოკალიფსი.

რაც შეეხება, პედოფილიას, აქ მე გამიჭირდება ისეთი ტექსტის პოვნა, რომელიც ამ პრობლემატურ საკითხს ეხება.
წერის პროცესში მხოლოდ ირაკლი სამსონაძის რომანი ,,ლეას საათი’’ მახსენდება, თუმცა პედოფილიის სცენა იქაც გაკვრით, ფინალისკენაა აღწერილი, თანაც აქაც არათვითმიზნურად.

შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები: პ. ჩხეიძე არათუ არ კითხულობს თანამედროვე ქართულ რომანს (რამდენიმე პროზაიკოსის გამოკლებით!), არამედ მიზანმიმართულად უმახინჯებს მკითხველს წარმოდგენას მის მიერ არ (ან ვერ) წაკითხული მწერლების შესახებ.
კიდევ ბევრი რამის თქმა შემეძლო ბლოგში გამოთქმული საჩოთირო აზრების შესახებ. პ.ჩხეიძის, როგორც მთარგმნელის ნაკლზეც მესაუბრა , მაგრამ ეგ უკვე ცალკე წერილის თემაა.