ჰენრი მილერი – ყველანი შემოქმედების ნაწილები ვართ

სიტყვები

ჰენრი მილერი – ყველანი შემოქმედების ნაწილები ვართ

ჰენრი მილერი – ყველანი შემოქმედების ნაწილები ვართ

ჰენრი მილერი 1891 წლის 26 დეკემბერს ნიუ-იორკში, მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა. იზრდებოდა მშობლებთან და დასთან – ლორეტასთან ერთად.

სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებულ ინტერესს კითხვისადმი იჩენდა, გამორჩეულად კლასიკური და სათავგადასავლო ლიტერატურა იტაცებდა. ბავშვობაში მისი ცხოვრება, არც ისე მარტივი იყო, თუმცა მოგვიანებით, თავისი ტკბილ-მწარე გამოცდილებები, ისევე როგორც მრავალი სხვა, წარმატებით გამოიყენა რომანების წერისას.

სკოლის დამთავრების შემდეგ კოლეჯში ჩააბრა, თუმცა ერთი სემესტრიც კი არ უსწავლია, ვინაიდან დოგმატური სისტემისა და ტრადიციული დამოკიდებულებების გამო კოლეჯი ორ თვეში დატოვა. ახალგაზრდობაში ამერიკული სოციალისტური პარტიის აქტიური წევრიც გახლდათ, მუშაობაც უამრავ ადგილას სცადა, თუმცა საბოლოოდ მისი ადგილი არც-ერთ სისტემურ სფეროში არ აღმოჩნდა.

პირველ ცოლთან – ბეატრიჩესთან ერთად ცხოვრებისას, მილერი “ვესტერნ იუნიონში” მუშაობდა. თუმცა სამსახურიც და ცოლიც, ჯუნ მანსფილდის, ოცდაერთი წლის მოცეკვავე გოგონას გამო მიატოვა. ჯუნმა იგი დაარწმუნა, რომ ყველაფრისთვის თავი უნდა დაენებებინა და ეწერა. ამ დროს შექმნა მილერმა თავისი პირველი რომანი, რომელიც არასოდეს არ გამოქვეყნებულა. თუმცა მისი ფრაგმენტები მოგვიანებით გამოიყენა სხვადასხვა რომანებში.

იმავე პერიოდში, როდესაც ჯუნი და მილერი დაქორწინდნენ და მწერალი რომანზე მუშაობდა, ჯუნის მოთხოვნით მათთან საცხოვრებლად გადავიდა ჯუნის მეგობარი გოგონაც. ერთ დღეს, სახლში დაბრუნებულმა მილერმა, აღმოაჩინა, რომ გოგონები პარიზში გაქცეულიყვნენ. იგი არ გამორიცხავდა მათ შორის სექსუალურ კავშირს, თუმცა მალევე, დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ჯუნი კვლავ ქმართან დაბრუნდა.

დაბრუნების შემდეგ, ასაკით ბევრად უფროს და მდიდარ თაყვანისცემელს, როლანდ ფრიდმენს, ჯუნი ყოველკვირეულად აჩვენებდა მილერის ხელნაწერებს და ატყუებდა, რომ თავად წერდა. საბოლოოდ, ფრიდმენმა ჯუნს საკმაოდ ბევრი ფული შესთავაზა, რათა ევროპაში წასულიყო და წიგნის წერა დაესრულებინა. რა თქმა უნდა, მისი ფულით მილერი და ჯუნი ერთად გაემგზავრენ პარიზში. ფრიდმენმა კი, რამდენიმე წლის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1930 წელს მილერი საფრანგეთში მარტო დაბრუნდა. პარიზში ცხოვრების მომდევნო ათი წელი მთლიანად წერას მიუძღვნა, სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი ყველაზე ცნობილი რომანები. საფრაგნეთში გადასვლიდან მალევე დაიწყო “კირჩხიბის ტროპიკის წერა”, რის შესახებაც მეგობარს მისწერა – “ხვალ წიგნის წერას ვიწყებ: პირველ პირში, უცენზუროდ, უფორმოდ – შევეცი ყველაფერს!”

მოგვიანებით, “კირჩხიბის ტროპიკის” გამოცემაში მილერს მწერალი ანაის ნინი დაეხმარა. მან საგამომცემლო ხარჯები მთლიანად აანაზღაურა. ასევე ანაისი იყო მილერის ფინანსური მხარდამჭერი, სანამ იგი რომანზე მუშაობდა.

მწელებს შორის სასიყვარულო ურთიერთობის არსებობაზე მათი წერილებიც მიუთითებს, რომლებიც მოგვიანებით ერთ წიგნად გაერთიანდა.

მილერი და ნინი

“ანაის, არ ვიცი, როგორ უნდა აგიხსნა, თუ რას ვგრძნობ. მარადიულ მოლოდინებში ვცხოვრობ. მერე მოდიხარ და დრო მყისიერად სიზმრებში ინაცვლებს. როცა მიდიხარ, შენს არსს მხოლოდ მაშინ ვწვდები სრულებით. და მერე ძალიან გვიანაა. მაშეშებ. ეს რაღაცით სიმთვრალეს ჩამოჰგავს, ანაის. ჩემს თავს ვეუბნები “აი, ეს არის პირველი ქალი, რომელთანაც შემიძლია აბსოლუტურად გულწრფელი ვიყო.” მახსოვს, რომ ამბობდი: “შეგეძლო მოგეტყუებინე, სულაც ვერ მივხვდებოდი.” როცა ბულვარის გასწვრივ ვსეირნობ, ვფიქრობ. ვერ მოგატყუებ, თუმცა ამას სიამოვნებით ვიზამდი. იმას ვგულისხმობ, რომ სრულიად ერთგული ვერასდროს ვიქნები – ეს ჩემში არ ზის. მე მიყვარს ქალები ან ცხოვრება, – რაც ნიშნავს რომ, არ ვიცი. მაგრამ სიცილი, ანაის, მიყვარს შენი სიცილის მოსმენა. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც ნამდვილი სილაღის განცდა შეუძლია, ისეა, თითქოს თავად მაგულიანებ გიღალატო. ამიტომაც მიყვარხარ. არ ვიცი, რას უნდა ველოდე შენგან, მაგრამ ყოველივე სასწაულის მსგავსი იქნება. ვაპირებ შენგან ყველაფერი მოვითხოვო – შეუძლებელიც კი, იმიტომ რომ თავად მაქეზებ. შენ ნამდვილად ძლიერი ხარ. შენი ეშმაკობა და ორგულობაც კი მომწონს.”

მილერის რომანები დაახლოებით სამი ათწლეული იყო აკრძალული ამერიკასა და ბრიტანეთში, ვინაიდან მათში ავტორი მოურიდებლად წერდა ისეთ თემებზე, გრძნობებსა და ამბებზე, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ტაბუირებული იყო. მილერმა პირველმა შემოიტანა და დაამკვიდარა ნახევრადავტობიოგრაფიული რომანის ჟანრი, სადაც მთავარი პერსონაჟი თავად ავტორია და თუმცა შეფარვით, მაგრამ თავის გამოცდილებებზე ბევრს გვიამბობს.

იმის გამო, რომ მილერის რომანებში ხშირად იყო საუბარი სექსზე, მას გარყვნილ ავტორად მოიხსენიებდნენ. თუმცა თავად ამბობდა, რომ ერთადერთი გარყვნილება, რაც კი ამ სამყაროში არსებობს – ომია. სექსზე კი წერდა – “სექსი რეინკარნაციისათვის ცხრა მიზეზიდან ერთ-ერთია. დანარჩენი რვა უმნიშვნელოა.”

იმ ფაქტს, რომ ამერიკაში გაგზავნილი მილერის წიგნების მთელი შეკვრა საფრანგეთში დაბრუნდა ბეჭდით, რომ ისინი ამერიკასა და ბრიტანეთში არ დაიშვებოდა, ხელი არ შეუშლია მისი პოპულარობისათვის. მისი რომანების ასლები კონტრაბანდულად ვრცელდებოდა და მკითხველის დიდ სიყვარულსაც იმსახურებდა. უფრო მეტიც, მისმა თავისუფალმა დამოკიდებულებამ ცხოვრების წესის მიმართ, რომელიც მის წერის სტილზეც აისახებოდა, მაგალითი მისცა ბიტნიკებს. ცნობილია, რომ ისინი მილერზე ანძრევდნენ და ხშირად ბაძავდნენ.

მილერის ერთდროულად ფილოსოფიურსა და ლაღ ტექსტებში მოწოდებასავით გაისმოდა თავისუფლების წყურვილი და საკუთარი თავის ძიების სურვილი, თუნდაც ყველაფრის დაკარგვის ფასად.

“ცხოვრება გრძელდება, გინდ ლაჩრებივით ვიქცეოდეთ, გინდ გმირებივით. ცხოვრებას სხვა რაიმე წესდება არც აქვს დაკისრებული, რომ შევძლებდეთ და ყველანაირი შეკითხვების გარეშე არამხოლოდ მივიღებდეთ, არამედ გავაანალიზებდეთ მას. ყველაფერი, რაზეც თვალებს ვხუჭავთ, რისგანაც გავრბივართ, რასაც უარვყოფთ, ჩირქს ვცხებთ ან ვიზიზღებთ, დასასრულს ჩვენს დამარცხებას ემსახურება. ხოლო თუ სწორად შევხედავთ, რაც ბილწი, მტკივნეული და ბოროტი ჩანს, შესაძლებელია, რომ სილამაზის, სიხარულისა და სიძლიერის წყაროდ იქცეს. ყოველი მომენტი ოქროსია იმისთვის, ვისაც უნარი შესწევს იგი ასეთად დაინახოს.”

მას სჯეროდა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება ყოფნაში შეიძლებოდა გვეპოვა და არა ქონებაში – “არც ფული მაქვს, არც რაიმე რესურსი, არც იმედები, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ.”

ცხოვრების მიმართ მისი აგდებული და პარადოქსული დამოკიდებულებების მიუხედავად, მისი ტექსტებიდან ადვილი მისახვედრია, რომ უყვარდა სიცოხლეც და ადამიანებიც თავიანთი შეგრძნებებით. ერთ-ერთ რომანში “სიბრძნე გულისა” ის წერს: “ცხოვრების მიზანია – ცოცხლობდე, ხოლო ცოცხლობდე ნიშნავს – შეიცნობდე, მხიარული, მთვრალეული, უშფოთველი, ღვთებრივი შეცნობით. ასეთ დროს სამყარო პოემასავით არსებობს.

გამოამჟღავნე ინტერესი ცხოვრების მიმართ; ადამიანები, საგნები, ლიტერატურა, მუსიკა – სამყარო ძალიან მდიდარია და ჩვეულებრივ ფეთქავს მდიდარი განძეულით, ლამაზი სულებითა და საინტერესო ადამიანებით. დაივიწყე საკუთარი თავი.”

მილერი საფრანგეთში 1939 წლამდე ცხოვრობდა. ამ წელს საბერძნეთში მისმა მოგზაურობამ, შთააგონა დაეწერა “მარუსის კოლოსი.” შემდეგ უკან, ამერიკაში დაბრუნდა და სწორედ იქ დაწერა ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა: “ბიგ სური და იერონიმუს ბოსხის ფორთოხლები”, “ვარდისფერი ჯვარცმა.”

ჰენრი მილერი ხუთჯერ იყო დაქორწინებული. ჰყავდა ვაჟი – ენტონი და ორი ქალიშვილი, ბარბარა და ვალენტინა.
მწერალი 1980 წელს კალიფორნიაში, 88 წლის ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამო გარდაიცვალა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მილერი უორენ ბიტისთან ერთად მუშაობდა ფილმზე “წითლები”(ფილმის თრეილერი) რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც ბიტი გახლდათ. ფილმი პირველ მსოფლიო ომამდელ რუსეთის რევოლუციისას რუსეთში ჩასულ პოლიტიკურად რადიკალისტ ჟურნალისტზე მოგვითხრობს. მილერი ფილმში თვითმხილველის როლს თამაშობდა. ფილმი 1981 წლის ბოლოს გამოვიდა.

ერთ-ერთ ცნობილ რომანში მილერი წერდა – “ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს გასავლელი ცხოვრებაში და სადაც არ უნდა მიყავდეს იგი ამ გზას, მთავარია მას არ გადაუხვიოს” – ამ ფრაზაში ზის მილერის 88 წლიანი ცხოვრების მთავარი პრინციპი, რომლისთვისაც არც ერთხელ, არაფრის და არავის გამო არ უღალატია.