პიერ პაოლო პაზოლინი – ნარკოდამოკიდებულების შესახებ

სიტყვები

პიერ პაოლო პაზოლინი – ნარკოდამოკიდებულების შესახებ

პიერ პაოლო პაზოლინი – ნარკოდამოკიდებულების შესახებ

მათთვის, ვინც ნარკოტიკებს არ მოიხმარს, ნარკომანი, ,,განსხვავებულია’’. ამგვარად, ის ამორიცხულია ადამიანთა რიგებიდან, მის მიმართ გამოვლენილი რასისტული აღშფოთების, ან შესაძლო თანაგრძნობისა და გაგების გამო. ,,განსხვავებულებთან’’ ურთიერთობაში შემწყნარებლობა და შეუწყნარებლობა ერთი და იგივე ფენომენია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ შეუწყნარებლობას არავითარი ახსნა არ მოეძებნება და, შესაბამისად, ის მარტოოდენ ზიზღს იმსახურებს, შემწყნარებელი ადამიანი მეტ-ნაკლები გულწრფელობით საკუთარ თავს ხშირად ეკითხება ამ ,,განსხვავებულობის’’ მიზეზებს. რა არის მიზეზი იმისა, რომ ნარკოდამოკიდებული, ,,განსხვავებული’’ ადამიანი ნარკოტიკს მოიხმარს რასაკვირველია, ინდივიდუალური შემთხვევებისთვის კონკრეტული ახსნა არსებობს, სახელდობრ, ფსიქოლოგია. თუ ყოველგვარი სენტიმენტების, მორალისა და თანაგრძნობის გარეშე, ერთი კონკრეტული, ნარკოდამოკიდებული ინდივიდის განხილვასა და გაანალიზებას დავაპირებ, მისი ცხოვრების- ბავშვობის, მშობლების, ნეგატიური გავლენების და აშ,- შესწავლა მომიწევს. ასე, რომ ისეთი მწირი ფსიქოლოგიური ცოდნაც კი, რაზეც ყოველ ინტელექტუალს მიუწვდება ხელი, გარკვეული დიაგნოზის გასაკეთებლად საკმარისია, ეს დიაგნოზი კი, სხვათა შორის, მუდამ ერთი და იგივეა: სიკვდილის სურვილი. ეს ინდივიდუალური მიზანი ხშირად გაცნობიერებულიც კი, რეტროაქტიულ ნათელს ჰფენს მთლიანად საანალიზო ინდივიდუალობას, რომელიც თანმიმდევრულია; თავისთავადი, უნიკალური ერთიანობაა. ,,განსხვავებულობა’’ ყოველთვის მოუხელთებელია.
არსებობენ მწერლები და ხელოვანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ. რა მიზნით? ვფიქრობ, ისინიც სიცარიელეს ივსებენ, მაგრამ მხოლოდ კულტურულ სიცარიელეს კი არა, არამედ აუცილებლობისა და წარმოსახვის სიცარიელეს. ასეთ შემთხვევებში, დახვეწილობას სასოწარკვეთა, ხოლო სტილს-მანერიზმი ცვლის. არავის განვსჯი. უბრალოდ ვამბობ, რომ არსებობს პერიოდები, როდესაც უდიდესი ხელოვანებიც კი ყველაზე სასოწარკვეთილი მანერისტები არიან.
 
,,კორიერე დელა სერა’’, 1975 წლის 1 აგვისტო