პოლ კლოდელი – შემოდგომის სიმღერა

სიტყვები

პოლ კლოდელი – შემოდგომის სიმღერა

პოლ კლოდელი – შემოდგომის სიმღერა

მთარგმნელი  ქეთევან კოკოზაშვილი

თვალისმომჭრელი ბრწყინვალება შემოდგომისა
დილისპირის ციაგს ავყვებით.
დიდებულება შემოდგომისა
ბურბურებდა ტატნობზე გზნებით.

დღე განეფინა რიჟრაჟისფერა,
დღე მოვერცხლილი, კრიალ-კრიალა,
ოქროლივლივა ჰაერი ჯერაც,
ვიდრე დროზერას ღეროთა მზერა ლაჟვარდს მიატანს.

დღე მჭვირვალებდა ქალწულებრივ ვერცხლისფერობით,
ტყე თვალუწვდენი ანგელოსი იყო ოქროსი,
ანგელოსი, მეწამული შუქით მოსილი, ხე, აღმართული კელაპტარივით,
ალთა ციალით მღუარება, ფრქვევა ოქროსი!

ო, მომაკვდავი ტყის სურნელი, შეგრძნება მისი!
ო, შეგრძნება კვამლის სურნელის! და ცოცხალ-მკვდარი
მდორე სისხლისა!
ო, თვალუწვდენი ოქროსფერი ცის კაბადონი და მოყვავილე,
მჭვირვალი დღის ფერები ვარდის,
ფერი მიხაკის!

და ვინც მდუმარებს, ვინც ელვარებს, ვის სუნთქვა ეკვრის,
ვინც თითქო სხეულს იურვებს გრილოს,
ტყის გულისცემას მიპყრობილი, მთავრდება, ვატყობ,
მგონი უკვე დასასრულია.
კვლავ ძალას იკრებს ხრინწიანი, პირქუში, ცდილობს,
ხმა ბუკისა, ყრუ, უგერგილო.

ხმა ბუკისა, დაღონებით სასომიხდილი,
ანაღვლიანებს ეს დასასრული,
ეს დასასრული, ნაღვლისმგვრელი, დღე იყო თბილი,
დრო კი გასული.

განვლილა, ვაგლახ!
გალეულა, იყო და მორჩა,
ოქროსფერი დასასრულია,
ოქროსცვენით დასასრულია,
მწუხრის პირით დასასრულია,
ღამეული დასასრულია!
მთვარიანი და დიდი დათვის ვარსკვლავედით მოოჭვილი დასასრულია!