ჯეიმს როუდსი – რატომ არის ბეთჰოვენი ყველაზე დიდი კომპოზიტორი

სიტყვები

ჯეიმს როუდსი – რატომ არის ბეთჰოვენი ყველაზე დიდი კომპოზიტორი

ჯეიმს როუდსი – რატომ არის ბეთჰოვენი ყველაზე დიდი კომპოზიტორი

თარგმნა: ანრი კიკნაველიძე

 

ღამის 1 საათია. ცხრა წლის ბიჭს ღრმად სძინავს. ამ დროს ოთახში მისი მთვრალი მამა შემოვარდება. ბავშვს ცემით აღვიძებენ და ქვემო სართულზე მიათრევენ, სადაც აიძულებენ საათობით უკრას მამამისის და მისი მთვრალი მეგობრებისთვის. მცდარი ნოტი სილას, მუშტებს და დაცინვას იწვევს.

ეს რეგულარულად ხდება. მაშინაც კი, როცა მამამისი ფხიზელია, ბავშვს დასცინიან, სცემენ და აიძულებენ იქამდე იმეცადინოს, სანამ თვალთ არ დაუბნელდება.

ამ სიგიჟეში, 11 წლისა, ნაცვლად იმისა, რომ იშიმშილოს, ის მუშაობას იწყებს ორღანისტად. ცემა ისე მძიმე ხდება, რომ ორი შემთხვევა, ვიდრე ის 13 წლის გახდება, თითქმის სიკვდილით სრულდება.

თინეიჯერობის დროს დედა უკვდება, რაც მას და მის და-ძმებს ისეთ მძიმე მდგომარეობაში აგდებს, რომ იძულებულია სასამართლოს გზით მოიპოვოს კონტროლი მამამისის ხელფასზე, რათა ოჯახმა ჭამა შეძლოს.

ზრდასრული ადამიანი, რომელიც ამ ჯოჯოხეთიდან წარმოსდგა, იყო ბრაზიანი, პირქუში და საეჭვო. ნაიარევი სხეულით და ფსიქიკით, ის ხშირად იყო მიდრეკილი თვითმკვლელობისკენ, აკვიატებული ქმედებებისკენ, იყო მოუხერხებელი, ჩლუნგი; მოიკოჭლებდა პირად ჰიგიენაშიც და სოციალურ უნარებშიც.

მისი სახელი იყო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.

მან, მარტოდმარტომ, სამუდამოდ შეცვალა მუსიკალური სამყარო. ნათქვამია, რომ მან, მარტომ, გადაათრია მუსიკა კლასიკური ერიდან რომანტიზმში. მაგრამ ეს არ მიდის საკმარისად შორს. მე მგზნებარედ მწამს, რომ ბეთჰოვენმა განსაზღვრა და იმსახურებს კიდეც თავის, საკუთარ მუსიკალურ ერას.

სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობების და ეპოქებისთვის თარიღების მიწერა და სხვადასხვა კომპოზიტორების მათთვის მიკუთვნება ყველასთვის მუშაობს, ბეთჰოვენის გარდა. არსებობს ბახი, ბაროკოს ოსტატი; ჰაიდნი და მოცარტი – კლასიციზმის სუპერვარსკვლავები. არიან ბრამსი, შოპენი, ბერლიოზი და ლისტი – რომანტიკოსები. შემდეგ, ბრუკნერი, მალერი და ვაგნერი, რომელთაც მუსიკა მე-20 საუკუნეში შეაცილეს; მერე სტრავინსკები და შონბერგები „ტაქტის ხაზის ტირანიით“ და „დისონანსის ემანსიპაციით“, პარიზში აჯანყებები რომ გამოიწვიეს.

და არის ბეთჰოვენი, მათზე ყველაზე მაღლა მდგომი. ბეთჰოვენი, რომლის მეცხრე სიმფონია 1824 წელს დაიწერა და 1900-იან წლებამდე მოთმინებით იცდიდა, სანამ მალერმა არ მოისხა მისი მანტია. მისმა ბოლო სამმა საფორტეპიანო სონატამ (1820-22) ალბათ მაშინ ჰპოვა თანასწორი, როცა პროკოფიევმა დაიწყო ომის სონატებზე მუშაობა 1942 წელს. მის გვიანდელ სიმებიან კვარტეტებს (1825/6) ტოლი არ ჰყავს დღესაც, თითქმის 200 წლის შემდეგ.

ბეთჰოვენამდე კომპოზიტორები ღმერთის სადიდებლად წერდნენ. ან წერდნენ მდიდართა კარზე და ეგოისტ მფარველთა წინაში მუხლმოყრილები. ბეთჰოვენი წიხლით აღებდა არისტოკრატთა სამყაროს კარებს და თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. ის მარტო თავისთვის წერდა.

ვენაში ის სუპერვარსკვლავი იყო – საყოველთაოდ მიჩნეული მსოფლიოს საუკეთესო კომპოზიტორად, რაც თითქმის გაუგონარი რამ იყო ციფრულისწინარე სამყაროში. და რაც მთავარია, მან ეს იცოდა – „პრინცები და იმპერატორები ყოველთვის ბევრნი იქნებიან, ხოლო ბეთჰოვენი ყოველთვის ერთი იქნება“, წერდა იგი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრაბახში არ აგვერიოს. იმან, რაც შეიძლება ამპარტავნება ეგონოს ვიღაცას, დროის გამოცდას გაუძლო, როგორც უდავო ჭეშმარიტებამ.

ბეთჰოვენი არის ყველაზე უფრო შესრულებული და თაყვანისცემული კომპოზიტორი. ის აუფერულებს ყველა სხვა კომპოზიტორს, მისი აჩრდილი ეცემა ყველა მუსიკალურ ხელნაწერს მსოფლიოში. თუ ვინმე ამ ფაქტში უსამართლობას ან ჰიპერბოლას დაინახავს, მზად ვარ შევედავო, მაგრამ სიმართლე ისაა, ჯანსაღი თუ არა (მე უკან არ დავიხევ ვთქვა, რომ ჯანსაღი), რომ ბეთჰოვენმა როგორღაც მიაღწია მუსიკალურ გასხივოსნებას და უბრალო ცხოვრებისეული ფაქტია, რომ ის არის და მუდამ იქნება ნიშნული, წინასწარმეტყველი და კომპოზიტორული გენიის აბსოლუტური მწვერვალი, რომელსაც ყველა სხვა უნდა ესწრაფვოდეს.

ბეთჰოვენი თავმდაბლურად გასცდა ეგოს, რადგან მან უეჭველად იცოდა, რომ მარადისობისთვის წერდა. მისი დარწმუნებულობა საკუთარ შესაძლებლობებში იყო ერთადერთი დიადი სიმართლე მის ცხოვრებაში და ასე შეუპოვრობით იმიტომაც იყო მასზე დამოკიდებული, რომ სწორედ ეს აცოცხლებდა. “ჩემს ხელოვნებას ვუმადლი, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დავასრულე“, წერდა ის. იგი სრულებით განსხვავდებოდა მოცარტის და ბახისგან – მისი წერილები სავსეა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა ხელოვანი, ხელოვნება. მისი მუსიკა სწორედ რომ არის „შინაგანის“ განსაზღვრება – ბეთჰოვენთან მუსიკა შეეხო გრძნობებს, შინაგან სამყაროში ჩახედვას და მანამდე ართქმულის გამოხატვას.

ბახი, ბეთჰოვენი და მოცარტი ეჭვგარეშე წარმოადგენენ მუსიკის წმინდა სამებას. მაგრამ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბეთჰოვენი არის ის ერთი და ეს მისი ადამიანურობაა. ბახს და მოცარტს ჰქონდათ ნიჭი, რომელიც პირდაპირ ღმერთისგან მოდიოდა. მე ურწმუნო ვარ, მაგრამ სხვაგვარი ახსნა იმ გენიალობისა, რომელიც მათ აჩვენეს, უბრალოდ არ არსებობს. რაც მათ გაუკეთეს მუსიკას, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, ადამიანური აღქმის მიღმაა.

ბეთჰოვენი, მეორეს მხრივ, თავისი თავის ამარა იყო. ყველა მის ნოტზე ოფლია დაღვრილი, ყველა თემა დაუღლელად დამუშავებული და თითქოს საჭრეთელით დახვეწილი უკვდავებამდე. ბახის და მოცარტის ხელნაწერები უნაკლოდ გამოიყურება ბეთჰოვენის არეული, გადახაზული, ლამის გაურჩევადი სიგიჟის გვერდით. თუ მოცარტი ისევე სწარაფად ისროდა სიმფონიებს ფურცელზე, რა სისწრაფითაც წერა შეეძლო, თითქმის ჩასწორების გარეშე, ბეთჰოვენი იხარშებოდა და იბრძოდა, ჭიდაობდა, კამათობდა და მრისხანებდა სანამ იმას, რასაც ეძებდა, გარეთ არ გამოათრევდა და ფურცელზე არ მოათავსებდა.

1805 წელს მან შეცვალა მუსიკის ისტორიის მიმართულება, დაწერა რა „გმირული სიმფონია“ (Eroica), ორჯერ უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ნებისმიერი რამ მასზე წინ, დაწერილი მომავლის ორკესტრისთვის და პირველი ნამდვილად „ჰეროიკული“ მუსიკა. ერთი მძლავრი მიწოლით მუსიკამ მე-19 საუკუნეში შეაბიჯა.

მისი გამომგონებლობა და რესურსები არასოდეს შესუსტებულა. მის მე-5 სიმფონიას – რომელიც ფორსტერმა აღწერა, როგორც „ყველაზე დიდებული ხმაური, რასაც კი ოდესმე შეუღწევია ადამიანის ყურში“ – აქვს სტრუქტურა, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ოთხ, უროს დარტყმისებურ ნოტზე. მისი მუსიკა, განსაკუთრებით, სიცოცხლის ბოლო 10 წლის განმავლობაში დაწერილი, უნიკალურია – არაფერი მისი მსგავსი არ დაწერილა, არაფერი მისი მსგავსი არ დაიწერება.

და ის ყრუ იყო.

შეისწავლეთ შექსპირი და ის გიჩვენებთ, ვინ ვართ. მოუსმინეთ ბეთჰოვენს, კაცს, რომელიც მხოლოდ იმისთვის წერდა, რომ თავისი არტისტული და ინტელექტუალური არსებობა გაემართლებინა და ის გიჩვენებთ, ვინ შეგვეძლო ვყოფილიყავით.