ჰერბერტ მარკუზე – შენიშვნა დიალექტიკის შესახებ

სიტყვები

ჰერბერტ მარკუზე – შენიშვნა დიალექტიკის შესახებ

ჰერბერტ მარკუზე – შენიშვნა დიალექტიკის შესახებ

თარგმანი: დავით გალაშვილი

გონება და რევოლუცია
ჰეგელი და სოციალური თეორიის აღზევება

წინასიტყვაობა
შენიშვნა დიალექტიკის შესახებ

 

ეს წიგნი იმ იმედით დაიწერა, რომ ის მცირედ წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ჰეგელის, არამედ იმ გონებრივი საუფლოს, უარყოფითი აზროვნების ძალმოსილების, აღდგენა-გამოცოცხლებაში, რომელიც განადგურების საფრთხის წინაშეა. როგორც ჰეგელი დაადგენს: „ჭეშმარიტად, აზროვნება არის არსებითად იმის უარყოფა, რაც უშუალოდ გვევლინება.“ რას გულისხმობს ის „უარყოფაში“, დიალექტიკის ცენტრალურ კატეგორიაში?

ჰეგელის უკიდურესად აბსტრაქტული და მეტაფიზიკური ცნებანიც კი, გამოცდილებით არიან გაჟღენთილნი, იმ სამყაროული გამოცდილებით, რომელშიც არაგონებრივი გონებრივი ხდება და, როგორც ასეთი, ფაქტებს განსაზღვრავს, რომელშიც არათავისუფლება თავისუფლების წინაპირობაა, ხოლო ომი- მშვიდობის გარანტორია. ეს სამყარო თავის თავს ეწინააღმდეგება. საღი აზრი და მეცნიერება ამ წინააღმდეგობისაგან განწმენდილია, მაგრამ ფილოსოფიური აზროვნება იმ აღიარებით იწყება, რომ საღი აზრისა და მეცნიერული გონების მიერ თავსმოხვეული ფაქტები ცნებებს არ ეთანადება, სხვა სიტყვებით,-(ფილოსოფიური აზროვნება იწყება; მთ.შ.) მათი მიუღებლობით. იმ მასშტაბით, რითაც ეს ცნებანი ფატალურ წინააღმდეგობებს, რომლებიც სინამდვილეს ქმნიან, უგულებელყოფენ, ისინი ყოველგვარი რეალობისაგან აბსტრაჰირდებიან. უარყოფა, რომელსაც დიალექტიკა მათ მიუყენებს მხოლოდ კონფორმისტული ლოგიკის, რომელიც წინააღმდეგობის ნამდვილობას უარყოფს, კრიტიკა არ არის, ის, აგრეთვე, არსებული ვითარების მისსავე საფუძველზე კრიტიკაა,- ცხოვრების არსებული სისტემის, რომელიც თავისივე პოტენციალსა და პერსპექტივას უარყოფს.

დღეს, აზროვნების დიალექტიკური მოდელი დისკურსისა და ქმედების არსებული სამყაროსათვის უცხოა. ჩანს, რომ ის წარსულის კუთვნილებაა და ტექნოლოგიზირებული ცივილიზაციის მიღწევების მიერ გაბათილებულია. არსებული სინამდვილე საკმარის პროდუქტიულობასა და შემძლეობას ფლობს იმისათვის, რათა ყველა სხვა ალტერნატივა შთანთქოს ან უკუაგდოს. ამგვარად, ამ სინამდვილისადმი მიმღებლობა და მისი დადასტურებაც კი, ერთადერთ გონებრივ მეთოდოლოგიურ პრინციპად წარმოგვიდგება. მეტიც, ის არც კრიტიციზმს გამორიცხავს და არც ცვლილებას, პირიქით, სტატუს-კვოს დინამიკურ ხასიათზე, მის გაუთავებელ „რევოლუციებზე“ დაჟინებულობა, ამ დამოკიდებულების/მიმართების ერთ-ერთი მძლავრი საყრდენია. ჩანს, რომ ამგვარი დინამიკურობა ცხოვრების ერთსა და იმავე ჩარჩოში დაუსრულებლად მიმდინარეობს, რაც არა ადამიანის დომინაციის თვით ადამიანისა და მისივე შრომის პროდუქტის მიერ აღმოფხვრას ნიშნავს, არამედ -მის უფრო მეტად გამყარებას. პროგრესი რაოდენობრივი(quantitative) გახდა და მიდრეკილია რაოდნებრივის თვისებრიობისაკენ, რაც(თვისებრიობა; დ.გ) არსებობის ახალი მოდელების გონებისა და თავისუფლების ახალ ფორმებთან ერთად წარმოშობაა, მიბრუნების განუსაზღვრელად შეყოვნებისაკენ.

უარყოფითი აზროვნების ძალმოსილება დიალექტიკური აზროვნების წარმმართველი ძალაა, რომელიც ხელსაწყოდ გამოიყენებოდა, რათა ფაქტების სამყაროს შინაგანი არაადექვატურობა გაენალიზებინათ. მე ეს ბუნდოვანი და არამეცნიერული ფორმულირებანი ავირჩიე იმისათვის, რათა დიალექტიკურ და არადიალექტიკურ აზროვნებას შორის კონტრასტი უფრო ბასრი გამეხადა. „არაადექვატურობა“ შეფასებით მსჯელობას გულისხმობს. დიალექტიკური აზროვნება ღირებულებასა და ფაქტს შორის აპრიორი ოპოზიციას ძალას უკარგავს იმით, რომ ყოველ ფაქტს ერთიანი პროცესის მხოლოდ მომენტად განიხილავს, პროცესისა, რომელშიც სუბიექტი და ობიექტი იმგვარად არიან დაკავშირებულნი, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ სუბიექტ-ობიექტის ტოტალობაში შეიძლება განისაზღვროს. ყოველი ფაქტი როგორც შემმეცნებელს, ისევე მოქმედს განასხეულებს. ისინი წარსულს აწმყოში განგრძობითად თარგმნიან. ობიექტები, ამგვარად, თავიანთ სტრუქტურაში სუბიექტსაც „შეიცავენ.“

ახლა კი, რა(ან ვინ) არის ის სუბიექტურობა, რომელიც, სიტყვა-სიტყვითი გაგებით, ობიექტურ სამყაროს ქმნის? ჰეგელი პასუხობს ცნებათა სერიებით, რომლებიც სუბიექტს მრავალფეროვან გამოვლინებებში აღნიშნავენ: აზროვნება, გონება, სული, იდეა. რადგან ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ამ ცნებებთან მწყობრი წვდომა, რომელიც მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეს ჯერ კიდევ ჰქონდა, მე ვეცდები ჰეგელის კონცეფცია უფრო ნაცნობ ცნებებში მოვხაზო.

არაფერია „ნამდვილი“, რომელიც არსებობაში, თავისი არსებობის ვითარებებთან და პირობებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არ მედეგობს. ბრძოლა შესაძლოა ბრმა ან გაუცნობიერებელი იყოს, როგორც არაორგანული მატერია, ან შესაძლოა- ცნობიერი და შეთანხმებული, როგორც კაცობრიობის ბრძოლა თავის საკუთარ პირობებთან და ბუნებასთან. სინამდვილე არის არსებობის მუდმივად განახლებადი პროცესის შედეგი, პროცესის, რომელშიც, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, „ის რაც არის“ „სხვად ყოფნა“ გახდება; და იგივეობა არის მხოლოდ არაადექვატური არსებობის განგრძობადი უარყოფა, სუბიექტი თავის თავს თავის სხვად ყოფნაში ინარჩუნებს. ყოველი სინამდვილე, მაშასადამე, არის განხორციელება, „სუბიექტურობის“ განვითარება. უკანასკნელი „თავის თავთან მიდის“ ისტორიაში, სადაც განვითარებას რაციონალური შინაარსი აქვს, ჰეგელი მას განსაზღვრავს „თავისუფლების ცნობიერების პროგრესად.“

და ისევ ღირებულებითი მსჯელობა- და ამჯერად ღირებულებითი მსჯელობა თავს მოხვეულია სამყაროს, როგორც მთელს. მაგრამ თავისუფლება ჰეგელისათვის ონტოლოგიური კატეგორიაა: ეს ნიშნავს, რომ არ იყო უბრალო ობიექტი, არამედ -არსებობის სუბიექტი, არ დანებდე გარეგან პირობებს, არამედ ფაქტობრიობა გარდაქმნა მისსავე განხორციელებაში. ეს გარდაქმნა, ჰეგელის მიხედვით, არის ისტორიისა და ბუნების ენერგია, ყოველი მყოფის შინაგანი სტრუქტურა. მავანი შესაძლოა შეცდეს ამ იდეის აბუჩად აგდებით, მაგრამ ზოგი შეიცნობს მის მნიშვნელობებს.

დიალექტიკური აზროვნება იწყება იმ გამოცდილებით, რომ სამყარო არათავისუფალია. სხვაგვარად რომ ითქვას, ადამიანი და ბუნება გაუცხოების მდგომარეობაში არსებობენ, როგორც „სხვაგვარად მყოფები იმასთან შედარებით, რაც ისინი არიან.“ აზროვნების ნებისმიერი მოდელი, რომელიც თავისი ლოგიკიდან ამ წინააღმდეგობას გამორიცხავს, მცდარი ლოგიკაა. აზროვნება სინამდვილეს მხოლოდ მაშინ „შეესატყვისება“, როდესაც ის სინამდვილეს მისსავე წინააღმდეგობრივ სტრუქტურაში ჩაწვდომით გარდაქმნის. აქ, დიალექტიკის პრინციპი აზროვნებას ფილოსოფიის საზღვრებს მიღმა უძღვება. რადგან სინამდვილის წვდომა საგნების ისე გაგებას ნიშნავს, როგორებიც ისინი არიან, ხოლო ეს, თავის მხრივ, საგანთა უბრალო ფაქტობრიობის უარყოფას გულისხმობს. უარყოფა როგორც აზროვნების, ასევე მოქმედების პროცესია. რა დროსაც მეცნიერული მეთოდი საგნების უშუალო გამოცდილებიდან მათი მათემატიკურ-ლოგიკური სტრუქტურისაკენ მიემართება, ფილოსოფიური აზროვნება არსებობის უშუალო გამოცდილებიდან მათი ისტორიული სტრუქტურისაკენ, თავისუფლების პრინციპისაკენ მიდის.

თავისუფლება არსებობის უშინაგანესი მოძრაობაა და არათავისუფალ სამყაროში არსებობის პროცესი „იმის განგრძობითი უარყოფაა, რაც იმუქრება, რომ თავისუფლებას უარყოფს.“ ამგვარად, თავისუფლება არსებითად უარყოფითია(negative): არსებობა არის ორივე, გაუცხოება და ის პროცესი, რომლითაც სუბიექტი თავის თავთან გაუცხოებაზე ბატონობითა და მასში ჩაწვდომის მეშვეობით მიდის. კაცობრიობის ისტორიისათვის ეს ნიშნავს „სამყაროს იმ მდგომარეობის“ მიღწევას, რომელშიც ინდივიდი განუყოფელ ჰარმონიაშია მთელთან და რომელშიც თავისი სამყაროს პირობანი და მიმართებანი „ინდივიდისგან დამოუკიდებლად რაიმენაირ არსებით ობიექტურობებს არ ფლობენ.“ ამგვარი მდგომარეობის მიღწევის პერსპექტივას ჰეგელი პესიმისტურად უმზერდა: არსებულ მდგომარეობასთან შერიგების ელემენტები, ასე ძლიერი მის ნაშრომებში, მისი პესიმიზმის, ან ვისაც ნებავს მისი რეალიზმის წყალობით, საკმაოდ დიდი მასშტაბისაა. თავისუფლება წმინდა აზროვნების საუფლოში, აბსოლუტურ იდეაშია ჩამოქვეითებული. იდეალიზმი სტანდარტულად: ჰეგელი ამ ბედისწერას მთავარ ფილოსოფიურ ტრადიციასთან ერთად იზიარებს.

ამგვარად, დიალექტიკური აზროვნება თავის თავში უარყოფითი ხდება. მისი ფუნქცია საღი აზრის თვითრწმენისა და თვითკმაყოფილების დამსხვრევა, ძალაუფლებისა და ფაქტების ენის ავბედითი რწმუნებოლობის შერყევა და იმის ჩვენებაა, რომ არათავისუფლება საგნების გულის გულშია, რომ მათი შინაგანი წინააღმდეგობების განვითარება თვისებრივი ცვლილებისაკენ, არსებული მდგომარეობის კატასტროფისა და აფეთქებისაკენ აუცილებლობით გვიძღვება. ჰეგელი ცოდნის ამოცანას იმაში ხედავს, რომ სამყარო, რომელიც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში გონიერი სამყარო ხდება, აზროვნების ყოველი ობიექტის ტოტალობის ელემენტებად და ასპექტებად გაგების მეშვეობით, გონებრივად შერაცხოს. დიალექტიკური ანალიზი, საბოლოოდ, მიდრეკილია იმისკენ, რომ ისტორიული ანალიზი გახდეს, რომელშიც თვითონ ბუნება თავისი და ადამიანის ისტორიის მომენტად და ნაწილად წარმოჩინდება. შემეცნების პროცესი საღი აზრიდან ცოდნამდე მიდის იმ სამყარომდე, რომელიც თავის სტრუქტურაში უარყოფითია, რადგან ის, რაც ნამდვილია ეწინააღმდეგება და უარყოფს თავის თანდაყოლილ პოტენციალს, რომელიც განხორციელებისაკენ მიისწრაფის. გონება არის უარყოფითის უარყოფა.

არსებულის განმარტება არ არსებულის გათვალისწინებით, მოცემული ფაქტების კონფრონტაცია იმ მოცემულობასთან, რომელსაც ისინი(მოცემული ფაქტები; მთ.შ) გამორიცხავენ, ყოველთვის იყო ფილოსოფიის საზრუნავი იქ, სადაც ფილოსოფია იდეოლოგიურ გამართლებებზე და სულიერ ვარჯიშებზე მეტს წარმოადგენდა. ფილოსოფიურ აზროვნებაში უარყოფის განმათავისუფლებელი ფუნქცია დამოკიდებულია იმ აღიარებაზე, რომ უარყოფა პოზიტიური აქტია: ის, რაც არის უკუაგდებს იმას, რაც არ არის და, ამგვარად ქმნაში, თავის ნამდვილ შესაძლებლობებს უარყოფს. შედეგად, არსებულის თავისივე პირობებიდან გამოხატვა და განსაზღვრა სინამდვილის დამახინჯება და გაყალბებაა. სინამდვილე არის იმაზე მეტი და სხვაგვარი, ვიდრე ის, რაც ლოგიკასა და ფაქტების ენაშია კოდირებული. სწორედ აქ არის კავშირი ავანგარდული ლიტერატურის ძალისხმევასა და დიალექტიკურ აზროვნებას შორის: ძალისხმევა, რათა სიტყვებზე ფაქტების ძალაუფლება დაიმსხვრეს და იმ ენაზე ვისაუბროთ, რომელიც არ იქნება მათი ენა, ვინც აფუძნებს, თავს ახვევს და ფაქტებით სარგებლობს. რადგან მოცემული ფაქტების ძალაუფლება სულ უფრო მეტად მიისწრაფვის ტოტალიტარულად გახდომისაკენ, რათა ყოველი ოპოზიცია შთანთქოს და დისკურსის მთელი სამყარო განსაზღვროს, წინააღმდეგობის ენაზე საუბრის მცდელობა მეტად ირაციონალური, ბნელითმოცული და ხელოვნური ჩანს. საკითხი არ ეხება პირდაპირ, ან არაპირდაპირ გავლენას, რომელიც ჰეგელს ავანგარდზე ჰქონდა, თუმცა ეს ცხადად ჩანს მალარმესთან და ოგიუსტ ვილიე დე ლილ-ადანთან, სიურეალიზმში და ბრეხტთან. დიალექტიკა და პოეტური ენა საერთო ნიადაგზე ხვდებიან.

საერთო ელემენტი არის ავთენტური ენის ძიება- უარყოფის ენა და დიდი უარი თამაშის იმ წესების მიღებაზე, რომელშიც კამათელი უკვე მიმოფანტულია. არმყოფი უნდა წარმოჩინდეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტების უდიდესი ნაწილი სწორედ იმაშია, რაც არმყოფია. ეს არის მალარმეს კლასიკური განცხადება:

მე ვამბობ: ყვავილი! და იმ დავიწყებულობიდან, საიდანაც ჩემი ხმა ყოველ მოხაზულობას გაფანტავს, მუსიკალურად ამოიზრდება, ყოველგვარი ნაცნობი ყვავილობისგან განსხვავებულად, ის, რომელიც არც ერთ თაიგულშია- თვით იდეა და სიფაქიზე.

ავთენტურ ენაში, სიტყვა

არ არის საგნის გამოხატვა, არამედ უფრო მეტად ამ საგნის არმყოფობა… სიტყვა აქრობს საგანს და თავს გვახვევს საყოველთაო სურვილის შეგრძნებას და თავის სურვილსაც კი.

ამგვარად, პოეზია არის ძალმოსილება „de nier les choses“(უარყო საგნები) -ძალმოსილება, რომელსაც ჰეგელი, პარადოქსულად, ყოველ ავთენტურ აზროვნებას სთხოვს. ვალერი დაბეჯითებით ამბობს:

La pensée est, en somme, le travail qui fait vivre en nous ce qui n’existe pas.

მოკლედ, აზროვნება არის შრომა, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში შემოჰყავს ის, რომელიც არ არსებობს.

ის რიტორიკულ კითხვას სვამს: que sommes-nous donc sals le secours de ce qui n’existe pas (რანი ვართ ჩვენ მისი დახმარების გარეშე, რაც არ არსებობს?)

ეს არ არის „ექსისტენციალიზმი.“ ის რაღაც უფრო მეტად საბედისწერო და სასოწარკვეთილია: ძალისხმევა შეეწინააღმდეგო სინამდვილეს, რომელშიც ყოველი ლოგიკა და ყოველი სიტყვა იმ მასშტაბით არის მცდარი, რითაც ისინი დასახიჩრებული მთელის ნაწილები არიან. წინააღმდეგობის ენის ლექსიკა და გრამატიკა ჯერაც თამაშისაა(აქ სხვები არც არიან), მაგრამ თამაშის ენაში კოდირებული ცნებები „განსაზღვრულ უარყოფასთან“ მიმართებით დგინდებიან. ეს ცნება, რომელიც დიალექტიკური აზროვნების წარმმართველ პრინციპს აღნიშნავს, მხოლოდ ჰეგელის ლოგიკის ტექსტუალური განმარტების მეშვეობით შეიძლება აიხსნას. აქ იმაზე ხაზგასმაც უნდა ვიკმაროთ, რომ, ამ პრინციპის წყალობით, დიალექტიკური წინააღმდეგობა ყოველი ფსევდო და ექსცენტრიული, ბიტნიკური და ჰიპსტერული ოპოზიციისაგან განირჩევა. უარყოფა მხოლოდ მაშინ არის განმსაზღვრელი, თუკი ის არსებულ ვითარებას, ძირითად ფაქტორებსა და ძალებს მიემართება, რომლის დესტრუქციოლობასაც იწვევს და ასევე,- არსებული სტატუს-კვოს მიღმა შესაძლო ალტერანტივებს. ადამიანურ სინამდვილეში ისინი ისტორიული ფაქტორები და ძალები არიან და განმსაზღვრელი უარყოფა უცილობლად პოლიტიკური უარყოფაა. როგორც ასეთი, ჩვენ მისი პოვნა ავთენტური გამოხატვის არაპოლიტიკურ ენაშიც ძალგვიძს და უფრო მეტადაც, რადგან მთელი პოლიტიკური განზომილება ამ სტატუს-კვოს შემადგენელ ნაწილად იქცა.

დიალექტიკური ლოგიკა კრიტიკული ლოგიკაა: ის აზროვნების მოდელსა და შინაარსს აცხადებს, რომელიც გამოყენების კოდირებული ნიმუშებისა და დადასტურების მიღმა გადის. დიალექტიკური აზროვნება ამ შინაარსებს არ იგონებს, ისინი(შინაარსები; დ.გ) ცნებებს აზროვნებისა და ქმდებების ხანგრძლივი ტრადიციის მეშვეობით ხვდებიან წილად. დიალექტიკური ანალიზი უბრალოდ კრებს და ააქტიურებს მათ, ის ტაბუირებულ მნიშვნელობებს აღადგენს და, ამგვარად, დაბრუნების მსგავსად გვეჩვენება, ან, უფრო სწორად,- რეპრესირებულის შეგნებულ განთავისუფლებად. რადგან არსებული დისკურსის სამყარო არათავისუფალი სამყაროა, დიალექტიკური აზროვნება გარდაუვალად დესტრუქციულია და თუმცა მან რაგვარი განთავისუფლებაც არ უნდა მოიტანოს, ეს თეორიასა და აზროვნებაში მომხდარი განთავისუფლება იქნება. გარდა ამისა, აზროვნებისა და ქმედების, თოერიისა და პრაქსისის ერთმანეთისაგან გაყრა, სწორედ ამ არათავისუფალი სამყაროს ნაწილია. ვერანაირი აზროვნება და თეორია მოხსნის მას, მაგრამ თეორიას შესაძლოა ძალუძდეს მათი სავარაუდო გაერთიანებისათვის საჭირო ნიადაგის შემზადება და აზროვნების უნარი, განავითაროს წინააღმდეგობის ლოგიკა და ენა, ამ ამოცანის წანამძღვარია.

და მაშინ რაში ძევს უარყოფითი აზროვნების ძალმოსილება? დიალექტიკური აზროვნება ჰეგელ არ უშლის ხელს თავისი ფილოსოფიის ზუსტი და გასაგები სისტემის განვითარებისათვის, რომელიც, საბოლოოდ, პოზიტიურზე დაჟინებულად აქცენტირებს. მჯერა, რომ თვითონ გონების იდეაა ის, რაც ჰეგელის ფილოსოფიაში არადიალექტიკურია. გონების ეს იდეა ყოველივეს წვდება და ყოველივეს ანთავისუფლებს, რადგან მას თავისი ადგილი და ფუნქცია მთელში აქვს, ხოლო მთელი კეთილისა და ბოროტის, ჭეშმარიტებისა და მცდარობის მიღმაა. აგრეთვე დასაშვებიც იქნება, როგორც ლოგიკურად, ისევე ისტორიულად, რომ გონება იმ გარემოებებში განვსაზღვროთ, რომელიც მონობას, ინკვიზიაციას, ბავშვთა შრომას, საკონცენტრაციო ბანაკებს, გაზის კამერებს და ბირთვულ შეიარაღებას მოიცავს. ისინი შესაძლოა რაციონალურობის შემავალი ნაწილებიც იყვნენ, რომელნიც კაცობრიობის განვლილ ისტორიას მართავენ. თუმცა როდესაც თვით გონებისკენ მივიმართებით, ის თავის თავს უფრო ნაწილად აცხადებს, ვიდრე – მთელად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გონება იმ მოთხოვნისგან იხსნის პასუხისმგებლობას, რომლის მიხედვითაც ის სინამდვილეს მის შესახებ ჭეშმარიტების მეშვეობით უპირისპირდება. პირიქით, როდესაც მარქსისეული თეორია ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკად ფორმირდება, ამას ის გონების სახელით აკეთებს. ჰეგელის აზროვნების შინაგან ძალისხმევასთან სრულიად თანხმობაშია ის მოცემულობა, თუკი მისი საკუთარი ფილოსოფია მოიხსნება, თუმცა არა გონების ექსტრარაციონალური სტანდარტებით ჩანაცვლებით, არამედ თვით გონების წარმართვის მეშვეობით იმისკენ, რათა მან თავისი არაგონებრიობის, სიბრმავის, უკონტროლო ძალების მსხვერპლობის მასშტაბები გაისაცნაუროს. გონება, როგორც განვითარება და ადამიანის გამოყენებითი ცოდნა- როგორც „თავისუფალი აზროვნება“- იმ სამყაროს შექმნისას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ინსტრუმენტალური გახლდათ. ის, აგრეთვე, იყო ინსტრუმენტალური მაშინაც, როდესაც ტანჯვის, მძიმე ჯაფის და უსამართლობის გახანგრძლივებას ემსახურებოდა. მაგრამ გონება და მხოლოდ გონება შეიცავს თავისივე თავის გამოსწორების საშუალებას.

ლოგიკაში, რომელიც ჰეგელის ფილოსოფიის სისტემის პირველ ნაწილს ადუღაბებს, ის თითქმის სიტყვასიტყვით ვაგნერის პარსიფალის გზავნილს განჭვრეტს: „ხელები, რომლებიც ჭრილობას აყენებენ, ასევე, ის ხელებია, რომლებიც მასვე კურნავენ.“ კონტექსტი ადამიანის დაცემის ბიბლიური ამბავია. ცოდნამ ადამიანის არსებობაში შესაძლოა ჭრილობა, დანაშაული და ბრალი გამოიწვიოს, მაგრამ მეორე უმანკოების, „მეორე ჰარმონიის“ მიღება, მხოლოდ ცოდნის მეშვეობით ძალგვიძს. ხსნა არასოდეს იქნება „ბრალეულობის არმქონე სულელის“ ნამოღვაწარი. ნაირგვარი ობსკურანტების საწინააღმდეგოდ, რომლებიც გონების წინააღმდეგ ირაციონალურის, ინტელექტის წინააღმდეგ კი, ბუნებრივის ჭეშმარიტების(Truth of Natural) უფლებამოსილებაზე იჟინებენ, ჰეგელი თავისუფლების პროგრესს განუყრელად აკავშირებს აზროვნებაში არსებულ პროგრესთან, თეორიას- ქმედებასთან. რადგან მან გონების, რომელიც მის ეპოქაში გონების სინამდვილედ წარმოგვიდგა, სპეციფიკური ისტორიული ფორმა მიიღო, ამ გონების მიღმა გასვლა თვით გონებისავე წინსვლა უნდა იყოს და რადგან გონების ჩაგვრის სოციალურ ინსტიტუტებთან შეწყობამ არათავისუფლება უკვდავყო, თავისუფლების პროგრესი აზროვნების პოლიტიკურად გახდომაზეა დამოკიდებული, ოღონდ იმგვარი თეორიის თარგის ქვეშ, რომელიც უარყოფას ისტორიულ ვითარებაში ნაგულისხმევ პოლიტიკურ ალტერნატივად წარმოგვიდგენს. მარქსის მიერ ჰეგელის მატერიალისტური „ამოტრიალება“, მაშასადამე, არ იყო ერთი ფილოსოფიური პოზიციიდან სხვა პოზიციაზე გადასვლა, არამედ- იმის გასაცნაურება, რომ ცხოვრების არსებულმა ფორმებმა თავიანთ ისტორიულ უარყოფას მიაღწიეს.

ამ ისტორიულმა საფეხურმა როგორც ფილოსოფიის, ასევე ყოველი შემეცნებითი აზროვნების ვითარება შეცვალა. ამ დროიდან მოყოლებული, ყოველი აზროვნება, რომელიც არსებული ცხოვრების სიყალბეს არ ასაცნაურებს, მცდარი აზროვნებაა. ამ ყველგან შემღწევი მდგომარეობიდან აბსტრაჰირება არა მხოლოდ იმორალურია, არამედ მცდარი. რადგან სინამდვილე გახდა ტექნოლოგიური სინამდვილე და სუბიექტი ობიექტს ისე ჩაეწნა, რომ ობიექტის ცნება სუბიექტის შეცვას აუცილებლობით მოითხოვს. ამ ურთიერთჩაწნულობიდან განყენებულობა უკვე აღარ გვიძღვება უფრო ნამდვილი რეალობისაკენ, არამედ-სიყალბისკენ, რადგან ამ სფეროშიც კი, როგორც ჩანს, სუბიექტი ობიექტის, როგორც მეცნიერულად განსაზღვრულის, შემადგენელი ნაწილია. მეცნიერული მეთოდის დამკვირვებელი, მზომავი, მთვლელი სუბიექტი და ყოველდღიური საქმიანობის სუბიექტი, ორივე ერთი და იმავე სუბიექტურობის გამოხატულებაა: ადამაინის. მავანმა არ უნდა უცადოს ჰიროშიმას იმისათვის, რათა ამ იგივეობას თვალი გაუსწოროს. და როგორც აქამდე ყოველთვის, სუბიექტი, რომელმაც მატერია დაიპყრო, თავისი დაპყრობილის მკვდარი მასით იტანჯება. ისინი, ვინც ამ დაპყრობას წარმართავენ და აგულიანებენ, ისეთ სამყაროს ქმნიან, რომელშიც ცხოვრების მზარდი კომფორტი და მწარმოებლური აპარატის საყოველგანო ძალმოსილება ადამიანებს გაბატონებული მდგომარეობის მონებად აქცევს. ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც დიალექტიკურმა თეორიამ უარყოფის ძალებთან გააიგივა ან დამარცხდნენ, ან არსებულ სისტემას შეურიგდნენ. მოცემული ფაქტების წინაშე უარყოფითი აზროვნების ძალმოსილება წუნდებულია.

ფაქტების ეს ძალაუფლება მჩაგვრელი ძალაუფლებაა: ეს არის ადამიანის ადამიანზე გაბატონების ძალაუფლება, რომელიც ობიექტური და რაციონალური ჩანს. ამ მოჩვენების წინააღმდეგ აზროვნება, ჭეშმარიტების სახელით, პროტესტს აგრძელებს. და რაც შეეხება ფაქტის სახელით: რადგან ეს უზენაესი და საყოველთაო ფაქტია, რომ სტატუს-კვო თავის თავს მუდმივი ატომური ნგრევის მუქარის, რესურსების უპრეცედენტო ფლანგვის, სულიერი გაღარიბების და ბოლოს, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობით, უხეში ძალადობის მეშვეობით უკვდავყოფს. ეს ყველაფერი გადაუჭრელი წინააღმდეგობანია. ისინი ყოველგვარ ფაქტსა და ხდომილებს საზღვრავენ, დისკურსისა და ქმედებების მთელს სამყაროზე ვრცელდებიან. ამგვარად, ისინი საგნების ლოგიკასაც ადგენენ: ეს არის აზროვნების მოდელი, რომელსაც ძალუძს იდეოლოგიის განგმირვა და სინამდვილის მთელში ჩაწვდომა. ვერც ერთ მეთოდს ვერ ექნება შემეცნებაზე მონოპოლია, მაგრამ არც ერთი მეთოდი გამოიყურება ავთენტურად, რომელიც არ აღიარებს, რომ ეს ორი წინადადება ჩვენი ვითარებისთვის საგულისხმო აღწერანი არიან: „მთელი არის ჭეშმარიტება“ და მთელი არის მცდარობა.

ამ გამოცემისათვის მე გადავსინჯე ბიბლიოგრაფიაზე 1954 წლის დამატება. მე გამოვტოვე მეორე გამოცემისათვის დაწერილი ეპილოგი, რადგან ის მოკლედ ეხება იმ განვითარებებს, რომლებიც მე უფრო ფართოდ ჩემს მომავალ წიგნში, განვითარებული ინდუსტრიული საზოგადოების კვლევაში განვიხილე.

 

 

ბრანდეისის უნივერსიტეტი ჰერბერტ მარკუზე
ვალთჰემი, მასაჩუსეტსი
1960 წლის მარტი

მარკუზემ წინასიტყვაობა წიგნს 1960 წლის გამოცემისთვის დაურთო, წიგნი პირველად 1941 წელს გამოვიდა