ევა ბრიუნელი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი მანგლისიდან

სიტყვები

ევა ბრიუნელი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი მანგლისიდან

ევა ბრიუნელი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი მანგლისიდან

ავტორი: მზია ჯაფარიძე

სიმფონიური დირიჟორი ქალები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არცთუ ხშირია. არამცთუ XIX და XXს-ის დასაწყისში, როდესაც ქალებმა თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას წამოიწყეს. უფრო მეტიც, XXს. დამდეგს ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრის შემადგენლობაშიც კი არ იყვნენ მიღებულნი. მაგალითად, ვენის ფილარმონიული ორკესტრის წესდების თანახმად 1993 წლამდე ქალების მიღება ორკესტრში საერთოდ აკრძალული იყო (!), ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრში კი, ორკესტრის პირველი ვიოლინოს პოზიციაზე ქალი – მადელინ კარაზზო, მიიღეს მხოლოდ 1982 წელს, ანუ ამ ორკესტრის დაარსებიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ. პრესა აღნიშნავდა, რომ “ორკესტრში დიდი ხანია ელოდნენ ქალის გამოჩენას”-ო. ქალი-დირიჟორების სიუხვე დღესაც არ შეიმჩნება – სტატისტიკურად, მსოფლიოში ქალი-დირიჟორები 5%-დან 9%-მდეა. მუსიკოსები, მათ შორის, მამაკაცებიც და ქალებიც, დღემდე მიიჩნევენ, რომ “ქალი დირიჟორი – ეგზოტიკაა” და რომ “ქალს არ შეუძლია დირიჟორობა თავისი რბილი ხასიათის გამო”, “დირიჟორის პროფესიის სიმძიმის გამო” და ა.შ. და ა.შ. მაგრამ, მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ქალი-დირიჟორები, თურმე, ჯერ კიდევ XIXს-ში გამოჩდნენ და მათ შორის იყვნენ: შვედი კომპოზიტორი, ორგანისტი და დირიჟორი – ელფრიდა ანდრე (1841-1929), პირველი ბრაზილიელი ქალი კომპოზიტორი და დირიჟორი შიკინია გონზაგა (1847-1935), ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი და დირიჟორი ნადია ბულანჟე (1887-1979). სწორედ ამ რჩეულთა და გამონაკლისთა შორის იყო ევა ბრიუნელი _ რუსეთის იმპერიაში პირველი დირიჟორი ქალი, ხოლო მსოფლიო მასშტაშით – ერთ-ერთი პირველი, რომლის დაბადებიდან 130 წელი, ხოლო გარდაცვალებიდან – 90 წელი შარშან, 2017 წელს შესრულდა.

ევა ბრიუნელიზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრესაში. მცირედ ცნობებს გვაწვდის შალვა კაშმაძე მონოგრაფიაში “ვანო სარაჯიშვილი” (1941) და ასევე 1900-იანი წლების ქართული პრესა. ბევრად დიდია გამოხმაურება გასული საუკუნის 20-იანი წლების უცხოურ პრესაში, მაგრამ, მაინც არასაკმარისი. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ამისა ისიცაა, რომ ევა ბრიუნელი სრულიად ახალგაზრდა, 40 წლის ასაკში გარდაცვლილა.

 

წარწერა: „ჩემს მომაჯადოებელ სოლისტს ივანე პეტრეს ძე სარაჯიშვილს, ევა ბრიუნელისაგან. 1914წ.”

ევა ალფონსის ასული ბრიუნელი (Brunelli) დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, დაბა მანგლისში, 1887 წელს. მამა, წარმოშობით იტალიელი, ალფონს ბრიუნელი, დაბადებული 1843 წელს, ერევნის პოლკის ოფიცერი ყოფილა. ხოლო დედა, როგორც ამას ბრიუნელების საგვარეულო ხე გვაუწყებს – ანდრონიკაშვილი, დედის მხრივ ბებია კი – მორთულაძე.

1903 წელს ევამ დაამთავრა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი თბილისში. დაწყებითი მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო. შემდგომ დაამთავრა რომის კონსერვატორია, საკომპოზიციო განხრით, სადაც კომპოზიციას საამბატტი ასწავლიდა. იტალიიდან ევა პეტერბურგში ჩავიდა და იქ დამკვიდრდა. 1907 წლიდან იყო XXს-ის დასაწყისის ცნობილი რუსი მსახიობის ვერა კომისარჟევსკაიას მიერ პეტერბურგში დაარსებული დრამატული თეატრის (1904-1909) მუსიკალური ნაწილის გამგე და კომპოზიტორი. ევა ბრიუნელის ხელმძღვანელობით თეატრთან დაარსდა მუსიკალური სტუდია და მასთან არსებული ორკესტრი, ორკესტრის დირიჟორიც თავადვე იყო. ატარებდა სიმფონიური მუსიკის კონცერტებს რუსეთის იმპერიის ქალაქებში, მათ შორის პეტერბურგში, რაც ბევრად უსწრებს წინ ზემოთ ჩამოთვლილი პირველი ქალი-დირიჟორების სადირიჟორო დებიუტებს. მაგალითად, ნადია ბულანჟეს სადირიჟორო დებიუტი შედგა 1912 წელს “Societe des Matinees Musicales”-ის ორკესტრთან, უდირიჟორა საკუთარ ნაწარმოებებს. მხოლოდ მოგვიანებით, XXს. 30-იან წლებში იგი პარიზის საზოგადოების წინაშე წარსდგა მსოფლიო კლასიკით. რაც შეეხება ევა ბრიუნელის, მისი პროგრამა იმთავითვე კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებებს და მსხვილ სიმფონიურ ჟანრებს მოიცავდა.

1914 წელს ევა გასტროლებით საქართველოს ეწვია. მან სიმფონიური მუსიკის კონცერტები გამართა თბილისში, “ახალი კლუბის” სცენაზე. იგი აქ დირიჟორობდა “ახალი კლუბის” ორკესტრს. როგორც ქართული პრესა აღნიშნავდა, ევა ბრიუნელი მხოლოდ სიმფონიურ მუსიკას ასრულებდა და განსაკუთრებით კარგად ასრულებდა ჩაიკოვსკის VI სიმფონიასა და სლავურ მარშს. თუმცა მისი რეპერტუარი იმხანად ამით ამოიწურებოდა. დიდი სიახლოვე ჰქონდა ვანო სარაჯიშვილთან, რომელიც მონაწილეობდა ევა ბრიუნელის კონცერტებში. შემორჩენილია ევას სამახსოვრო ფოტო ვანოსადმი წარწერით: “ჩემს მომაჯადოებელ სოლისტს ივანე პეტრეს ძე სარაჯიშვილს ევა ბრიუნელისაგან, 1914 წელი”. როგორც გადმოცემით ვიცით, ევას ძალიან უყვარდა საქართველო და ქართველები. იგი ქართული ფოლკლორითაც ყოფილა დაინტერესებული. ამიტომ მისი საქართველოში გასტროლი არ ამოწურულა მხოლოდ სიმფონიური მუსიკის კონცერტებით, არამედ უმოგზაურია კახეთში და ჩაუწერია ხალხური სიმღერები, თუმცა უცნობია, ვისგან და სად ჩაიწერა ეს სიმღერები. ამას გვამცნობს 1915 წლის #1 ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება”, სადაც აღნიშნულია: “…ევა ბრიუნელმა, რომელიც “ახალ კლუბში” ლოტბარობდა, კახეთში მოგზაურობის დროს შეჰკრიბა ადგილობრივი ხმები…”.

1914წ. ჟ. “თეატრსა და ცხოვრებაში” #22 გამოქვეყნდა ვინმე ა-კო-ს წერილი სათაურით “ევა ბრიუნელი, როგორც სიმფონიური კონცერტების ლოტბარი~. წერილი მრავალმხრივაა საინტერესო, იგი ერთი მხრივ წარმოაჩენს და აფასებს ე. ბრიუნელის სადირიჟორო ხელოვნებას, იმას, რომ დირიჟორი ქართული აუდიტორიის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარმსდგარა და არაერთი სიმფონიური ნაწარმოების პრემიერა გაუმართავს საქართველოში, მეორე მხრივ აჩვენებს იმჟამინდელი საზოგადოების დამოკიდებულებას საზოგადოდ ქალებისადმი, და, კერძოდ, ქალი-დირიჟორისადმი. ამიტომ, ვფიქრობ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება ამ წერილის გაცნობა:

“შემთხვევით დავესწარი ევა ბრიუნელის დირიჟორობით გამართულ კონცერტს. უნდა გამოვტყდე, წინასწარ ‘მომზადებული” ვიყავი. როგორც გაზეთებით, ისე ნაცნობთა აზრით, უარყოფითი შეხედულება მქონდა. ეს კიდევ არაფერი. ჩვენ, მამაკაცებს, ქალის ასეთ ასპარეზზე გამოსვლა სასაცილოდ არ გვყოფნის… ეს მეტის მეტად სერიოზული საქმეა და ამ სერიოზულ დარგში, “სერიოზული” მამაკაცის გარდა ვერავინ წარმოგვიდგენია. ქალების დირიჟორობა კაფე-რესტორნების ესტრადას არ გასცილებია და გასაკვირლარიც არ არის, რომ ასეთი შეხედულება გვქონდეს.

უნდა აღვიარო, სრულებით არ მოველოდი ამ დიად მოვლენას, ვამბობ დიადს, რადგან მგონია ეს ართად-ერთი ფაკტია, რომ ქალი გამოსულიყოს ასეთ პასუხსაგებ როლში სერიოზული მომზადებით და დიდის გემოვნებით (აქ მე მხედველობაში არ მყვანან როიალსა და სხ. სამუსიკო საკრავებზე დამკვრელები, ეს დარგი გაცილებით ადვილია).

ევა ბრიუნელი რომ მუსიკის სერიოზული მცოდნეა, ამას მოწმობს მისი სიმფონიური კონცერტების პროგრამები, რომელშიაც გამოკრთის იმისი შეხედულება მუსიკალურ ნაწარმოებზე და გლიუკის, ბეთჰოვენის, ლისტის, ბერლიოზის და სხვა კლასიკებიდან მოყოლებული თვით ახალ მიმართულების კომპოზიტორებამდე – გრიგის, დებიუსის, რაველის, ვერსენის და სხვათა ნაწარმოების შესრულებით. ევა ბრიუნელის ნიშნობლივი თვისება, როგორც დირიჟორისა, ლირიკული განცდაა, ის ნაზია, – სათუთი, ნამდვილი ქალური თვისებების გამომხატველი, და ფაქიზი ტემპერამენტით ხელმძღვანელობს ორკესტრს; მასში მძლავრი მამაკაცური ეკსპრესია არ არის… მისი ეკსპრესია მძლავრ-ნაკვთობას არ გაგრძნობინებთ, თითქოს ცივი არის, მარმარილო… და სწორედ ეს არის მისი განსაკუთრებული თვისება… ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან, ქალის ბუნება, როდესაც ის დიდ საქმეს ჰკიდებს ხელს, როცა სჭირია სხვისი შემოქმედების განსახიერება, ემორჩილება გონებას. მისი შემოქმედება ამ შემთხვევაში გონებით უფრო საზრდოობს, ვიდრე გრძნობით, გრძნობა ამ დროს ქალისათვის ხელისშემშლელია, დამაწვრილმანებელი…

მაგალითები ასეთ ხელოვანების ბევრია. საკმარისია დავასახელოთ იზადორა დუნკანი, ძველი საბერძნეთის და საზოგ. ანტიკური როკვის აღმადგენელი და ვანდა ლანდოვსკა, ძველ მუსიკოსთა შემოქმედების ნათელ მყოფელი კლავესინის საშუალებით.

ევა ბრიუნელი თუ შუათანა მაყურებელ-მსმენელზე შთაბეჭდილებას ვერ სტოვებს, ეს იმის ბრალია, რომ, მას არა აქვს შესწავლილი “დირიჟორობის თეატრალური ჯოხის ქნევის მანერა” და შუათანა მსმენელ-მაყურებელს ეს დირიჟორის ნაკლი ჰგონია. ევა ბრიუნელი პირველი სათვალჩინო მერცხალია ამ დარგში და რაც უნდა სუსტი იყვეს, თუმც სისუსტე მისი ვერ დავინახე. მაგ. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ზოგიერთ უფრო მცოდნე პირებზე გრიგის ნაწარმოების შესრულებამ: დილა, განსვენება აზასი და სხვა.. ვიტყვი თამამად, რომ ეს ნაწარმოები ევა ბრიუნელიმ თბილისში სხვებზე უკეთ გადმოგვცა, უფრო ფაქიზად და ნაზი განცდით. ევა ბრიუნელის ტემპერამენტი თვისებურ დაღს ასვამს ნაწარმოებს. მისი ნამუშევარი ძვირფას – სადა ქსოვილს მოგვაგონებს, ევა ბრიუნელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ ხელოვანად. ევა ბრიუნელიმ თბილისს გააცნო მრავალი უცხო კომპოზიტორის ნაწარმოები, რომელიც აქ ან სულ არა, ან იშვიათად მოუსმენიათ. ევა ბრიუნელი, ვითარცა ნასწავლი, განვითარებული მუსიკოსი ქალი – ლოტბარი, სასიხარულო მოვლენაა”.

გაზეთის თავში ევა ბრიუნელის ფოტო, რომელსაც დართული აქვს ინფორმაცია მის შესახებ

რევოლუციის შემდეგ, გასული საუკუნის 20-იან წლებში ბრიუნელების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა, მათ შორის, ევა ბრიუნელიც. აქედან იწყება მისი სადირიჟორო გამოსვლები ევროპის ქალაქებში: ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში, ნიცაში, რომში. უცხოური პრესა მაღალ შეფასებას აძლევდა ევა ბრიუნელის გამოსვლებს, მათ შორის, ამერიკული გაზეთები, მას მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოში პირველ დირიჟორ ქალს: “დღეს ქალები ნატიფ ხელოვნებაში არ არიან იმ რაოდენობით, რამდენიც შესაძლებელია. უდიდესი ქალები – მოქანდაკეები და ფერმწერები ცოტანი იყვნენ. მომღერლები და მწერლები – მეტ-ნაკლებად, ხოლო მუსიკოსები და კომპოზიტორები იყვნენ ძალიან, ძალიან ცოტანი. მაგრამ, არის ერთი ქალბატონი, რომელიც მუსიკალურ სამყაროში მაღლა ავიდა. ესაა _ მისს ევა ბრიუნელი _ მსოფლიოში სიმფონიური ორკესტრის ერთადერთი დირიჟორი ქალი” (“The Capital Times” from Madison, Wisconsin. Tusday 9, 1922); ამავე წელს ამერიკაში, გაზეთი “St. Louis Post-Dispatvh” პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობილ ქალბატონთა ფოტოებში, იბეჭდება ევა ბრიუნელის ფოტო “მსოფლიოში ერთადერთი სიმფონისტი დირიჟორი ქალი მისს ევა ბრიუნელი, ვინც ჩნდება კონცერტებზე ბრიუსელში, რომში და ევროპის სხვა მუსიკალურ ცენტრებში” (March 5, 1922);

ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ევა ბრიუნელი იყო პირველი დირიჟორი ქალი, ვინც 1923 წლის 8 ნოემბერს ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან (The Berliner Pilharmoniker ) სრული საკონცერტო პროგრამა იდირიჟორა. შესრულდა ჩაიკოვსკი და მუსორგსკი. ამ კონცერტის შემდეგ პრესა წერდა: “მას ჰქონდა მუსიკალური თვითდაჯერებულობა და არტისტული ინტელექტი” (ინფორმაცია განთავსებულია ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ვებ-გვერდზე სტატიაში “ქალი დირიჟორები და ბერლინის ფილარმონიული”).

1926 წელს ამერიკული პრესა კვლავ იუწყება: ”პარიზის “Asdeloup rchestra”-ს ქალი ხელმძღვანელობს… მსმენელებისთვის მისს ევა ბრიუნელი – პირველი ქალია საფრანგეთში, ვინც დირიჟორის ჯოხი აიღო ხელში და წარმატებითაც იდირიჟორა. კრიტიკოსებმა მისი ნამუშევარი შეაფასეს როგორც “მშვიდი, ზუსტი, სრულყოფილი და მოკლებული ყოველგვარ ექსტრავაგანტულ ჟესტს. განსაკუთრებით აღნიშნეს ჩაიკოვსკის “პათეტიკური სიმფონიის” შესრულების მაღალი დონე” (lansing State Journal. lasing, Michigan. Fridat, Masch, 26, 1926).

გარდა ამისა, ევა ბრიუნელი წერდა ორიგინალურ მუსიკას თეატრისათვის, აორკესტრებდა ნაწარმოებებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ მან გააორკესტრა რუსი პოეტისა და კომპოზიტორის მიხაილ კუზმინის ნაწარმოები (1907-1908წწ.) და მანვე იდირიჟორა. სამწუხაროდ, მის სხვა მუსიკალურ ნაწარმოებებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ იძებნება.

ევა ბრიუნელი სრულიად ახალგაზრდა, 40 წლის ასაკში, 1927 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბანიოს (Cimetiere parisien de Begneux) სასაფლაოზე. აქვეა დაკრძალული მისი და-ძმა, რომლებიც ასევე საქართველოში დაიბადნენ და აღიზარდნენ. ევა ბრიუნელის და იყო პიანისტი, 1935-1962 წ.წ. პარიზის “რუსული კონსერვატორიის” პედაგოგი ვერა ბრიუნელი-კეცელმანი (1879-1962), ძმა – პავლე ბრიუნელი (1873-1949) – ადვოკატი, პოლკოვნიკი, გამომცემელი, არაერთი წიგნის ავტორი, მათ შორის 1904წ. პეტერბურგში გამოცემული წიგნისა «Легенды и настроения», რომელშიც ვხვდებით „ქართულ ლეგენდებს: “კლდის ქალი (უფსკრულის ასული)”, “შოური და რიონი”, “როგორ იბადება ბოროტი ადამიანი”, “დღე და ღამე”. პავლე ბრიუნელის მეორე მეუღლე ნელი ბრიუნელი-ლევანდა (1872-1971) – იურისტი, პედაგოგი, პოეტი, ერთხანს თბილისის გიმნაზიის ხელმძღვანელი იყო (Л. Менухин, М. Авриль, В. Лосская. «Российское зарубежье во Франции 1919-2000». Москва. Дом-музей Марины Цветаевой. 2008-2010).

ევა ბრიუნერიმ, პირველი თაობის ქალ-დირიჟორებთან ერთად, ერთის მხრივ მომავალისათვის მოიპოვეს უფლება ქალებისათვის მოსულიყვნენ ამ პროფესიაში და მეორე მხრივ, მათ თავისი, განსხვავებული შტრიხები შეიტანეს სადირიჟორო ხელოვნებაში: ჟესტების დახვეწილობა, სიფაქიზე, თავშეკავებულობა, ნაკლები დიქტატურა ორკესტრანტებთან, რაც ესოდენ დამახასიათებელია ამ პროფესიისათვის.

გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ ქალ-დირიჟორთა საერთაშორისო სიაში დღეს აღარსად ფიგურირებს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალის საქართველოდან – ევა ბრიუნელის სახელი. საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა გერმანელმა ალექსანდრე ზალცმანმა, ქართული ოპერების პირველმა სცენოგრაფმა, უკვე გაიკვალა გზა მსოფლიო სივრცეში. მისი ნამუშევრების ღირებულება დღითი-დღე იზრდება ევროპულ ბაზარზე, მაგრამ – ეს სახვითი ხელოვნებაა. სხვა საქმეა მუსიკა და მით უფრო საშემსრულებლო, რომელიც მხოლოდ მოცემულ დროსა და მოცემულ სივრცეში არსებობს (მოგეხსენებათ, ჩანაწერების გაკეთებაც იმ დროისთვის არცთუ იოლი და ხშირი იყო). ამიტომ, ვფიქრობ, ევა ბრიუნელის ქალ-დირიჟოთა მსოფლიო სიაში შეტანისათვის, უპირველეს ყოვლისა ჩვენ, ქართველებმა, უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, მით უფრო, რომ ქართული სადირიჟორო ხელოვნების ისტორიაში ქალი-დრირიჟორი, ფაქტობრივად, არ გვყოლია*.

* საქართველოში მოღვაწე ქალ დირიჟორთა შორისაა აგრეთვე იულია კლებანსკაია-თავართქილაძე (1902-1992), ასევე ერთ-ერთი პირველი საოპერო დირიჟორი ქალი საქართველოში. სადირიჟორო დებიუტი შედგა 1933 წლის 12 ივნისს, უდირიჟორა გუნოს ოპერა “ფაუსტს”, რასაც იტყობინება იმჟამინდელი პრესა. როგორც გადმოცემით ვიცით, 1935-1936 წწ. იულია კლებანსკაია-თავართქილაძეს უდირიჟორია მოსკოვის დიდ თეატრშიც. ერთხანს მოღვაწეობდა პოლონეთშიც. სამწუხაროდ მის მოღვაწეობაზეც მწირი ინფორმაციაა შემონახული.

გამოყენებულია ჟურნალ “მუსიკის” მასალა