ნიკო ნიკოლაძე უიმედო საზოგადოების შესახებ

სიტყვები

ნიკო ნიკოლაძე უიმედო საზოგადოების შესახებ

ნიკო ნიკოლაძე უიმედო საზოგადოების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

,,უწინდელს დროში ჩვენს საზოგადოებაში მარტო ბრმა დისციპლინა არსებობდა. მთელი მხარე ან მთელი ხეობა, ან მთელი სოფელი ერთს კაცს მიჰყვებოდა… როგორც ცხვრის ფარა თხას, გაჰყვება ხოლმე. დღესაც ბევრია ამისთანა მაგალითი ჩვენს თვალ-წინ, დღესაც ბევრს ალაგს მინახავს, რომ დიდი ჩინით ან დიდი სიმდიდრით აღჭურვილს კაცს, გონებით კი ღარიბს და ხასიათითთ სუსტს, უშველებელი ხმა და გავლენა ჰქონოდეს საზოგადოებაში. ათასი და ათიათასი უჯერის მას, და იმას კი არავინ კითხულობს, მართლა ჭკუისთვის, ან პატიოსნებისთვის მისცეს ეს ჩინი, მართლა ჭკუითა ან პატიოსნებით მოიგო ეს გავლენა? ჩვენი ხალხის უმრავლესობა ჯერ კიდევ ამ პირველ-დროინდელს მდგომარეობაშია.

მარტო ახალგაზრდობის მცირედი ნაწილი გამოვიდა, როგორც იქნა, ბრმა მონების კლანჭებიდგან, და, რასაკვირველია, იმწამსვე მეორე უბედურებაში ჩავარდა… ჩვენი ახალგაზრდობაც ასე მოიქცა… ადვილად მიხვდა, რომ უშველებელი უგუნურობა ყოფილა ეს ბრმა მორჩილება: რაკი ამაზე შუბლი მიახალა, ის მოტრიალდა და პირდაპირ მეორე გზას დაადგა: «აღარავის დავემორჩილები, სხვისას აღარაფერს ვიწამებ, მარტო ჩემს საკუთარ შეხედულებას გავყვები, მარტო ჩემს გონებას ვიცნობო»! უწინდელს მონობას უეჭველად ეს შედეგი უნდა მოეტანა. ამის გამო, ეხლანდელი ჩვენი ახალგაზრდობა დაფანტულია გონებითად: ზოგი მარჯვნივ მიდის, ზოგი მარცხნივ, ზოგი წყლისკენ მიიწევს, ზოგი ტყისკენ, ზოგი ხტის, ზოგი წევს, ზოგიც სეირნობს… საზოგადოებრივი მეცნიერება ხეირიანად შესწავლილი და გაცნობილი რომ ჰქონდესთ ამ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენი საზოგადო კითხვების უმეტეს ნაწილზედაც ერთი აზრისა და შეხედულობის იქნებოდენ, ისე, როგორც ყველა თანახმაა ახლა იმისი, რომ ორჯერ ორი ოთხია, ან იმისი, რომ სახლის ასაშენებლად ჯერ საძირკველი უნდა გათხაროს კაცმა, მერე კედლები ამოიყვანოს, და მერე ჭერი გააკეთოს და არა ამ ჭერის გამართვით დაიწყოს სახლის შენება…

ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი კი ამ სიბრმავის სიძულვილით დაფანტულად და ცალ-ცალკე დახეტიალობს. ამ ხეტიალის უსარგებლობა და მავნებლობა ბევრს ესმის. ბევრი ქადაგობს, არ ვარგა ამგვარი დაფანტულობაო. ბევრი იხვეწება – ერთობა ვიქონიოთო, ერთი მიზნისკენ წარვემართოთო… ხალხში ნამდვილი ერთობა მარტო მაშინ დამყარდება, როცა ამისი ეკონომიური ცხოვრება გათანასწორდება, როცა ხალხი ეკონომიურად გათავისუფლდება და შეერთებულ შრომას შეეჩვევა, სწორედ ისე ახალგაზრდობის ცხოვრებაში, გონიერი და საჭირო დისციპლინა მარტო მაშინ დაარსდება, როცა ჩვენი მოთავეები ბრმა მორჩილების ძებნას დაიწყებენ, და მარტო თავისი გონების ძალით, მოიგებენ ახალგაზრდობის შემუშავებულს, მოწიფებულს, თვალ-ახელილს გონებას… ამის მაგიერ ჩვენი მოქმედი პირები იმ საქციელს ადგიან, რომელიც მხოლოდ მცირე საქმეს, ვიწრო ამხანაგობას, უმომავლო მიზანს შეეფერება, და არა დიდს, სახალხო, საქვეყნო საქმეს… რაც კი რამ გაკეთებულა ქვეყანაზე დიდი ან სახეირო, ხალხისთვის, გაკეთებულა აშკარად, საქვეყნოდ, პირდაპირ, მარტო პატიოსანი საშუალებით, მარტო ნამდვილის ძალით, გონებითის ან ფიზიკურის ძალით, და არა ოინობით, პირფერობით, ფარისევლობით, და სხვა ამ რიგი საშუალებით. მარტო «კლიკას», ავაზაკურს ბრბოს შეეფერება ქვეშქვეშურად მოქმედება საზოგადო ასპარეზზე, მარტო უმომავლო ხალხს, დაცემულს და უიმედო საზოგადოებას მოუხდება დაფაროს თავისი თავი, თავისი მიზანი და საშუალება, და ჩუმ-ჩუმად, მალულად ეძიოს თავის ხსნა… ნუ-თუ იქამდი დაეცა ჩვენი ხალხიც, იქამდი ბოლო მოეღო საქართველოს, რომ ამნაირი უმომავლო და უიმედო ქვეყნად უნდა ჩავთვალოთ? ნუ-თუ ჩვენი ხალხი იმდენად დაცემულა, იმისთანა უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილა რომ ვეღარ აიტანს იმ შრომას, ვერ დაადგება იმ გზას, ვერ მოინელებს იმ საზრდოს, რომელიც სხვა ხალხს აბედნიერებს ან აძლიერებს?… ხალხი კი აღარ ყოფილა, ველურთ უბანი ყოფილა, სულითა და გულით დაცემული, და რაღას უშველის მასზე ზრუნვა ან მისთვის შრომა? მაინც ხომ ვერ აღადგენს მკვდარს ეს იეზუიტური და მიმაძინებელი გზა, ეს საზოგადო გონების დამხშველი მოქმედება!’’.

1873 წელი