ზედა პანელზე გადასვლა

კურიერის ამბები – ზამთარი და ნობელის პრემია

კურიერის ამბები – ზამთარი და ლიტერატურა

კურიერის ამბები – ზამთარი და ნობელის პრემია

ამბავი მეშვიდე

 

***
ზამთარი დადგა, ჰოდა, თუ კურიერი ხარ და სიცოცხლეც გინდა, აუცილებლად დაგჭირდება:

1.თბილი ბატინკები

2.მუხრუჭებთან დასამაგრებელი ჩათბილული ნაჭრები

3.სახის თერმული ნიღაბი

4.თერმული რეიტუზი

5.თერმული შარვალი

6.თერმული ქურთუკი

7.თერმული ხელთათმანები

და თერმოსით ცხელ ყავასაც თუ ჩაიგდებ საბარგულში, მაგრად გაგისწორდება.

სანამ ჰამბურგის ქუჩებში დავიკარგებოდი, მანამდე რამდენიმე თვით ადრე თბილისში ვიკარგებოდი-ხოლმე სპეციალურად. ჩემს მოგონილ თამაშს – „ტურისტობანას” ვთამაშობდი, რომელსაც მარტივი წესები აქვს.

1. ისე უნდა მოიქცე, თითქოს უცხოელი ხარ – თბილისში პირველად ჩამოხვედი და ძალიან ნაცნობ ქუჩებშიც კი თავი ისე უნდა დაიჭირო, თითქოს აქამდე შენ დღეში არ გაგივლია.

2. ქართული არ იცი.

3. თუ მართლა პირველად აღმოაჩენ რომელიმე ქუჩას ან შესახვევს, აუცილებლად უნდა გაუყვე და არ უნდა შეშინდე, იქნებ ჩიხია, გზა არ გრძელდება და უკან მობრუნებაში დრო დამეკარგებაო.

მე ამ თამაშით ძალიან ბევრი ლამაზი სადარბაზო და უამრავი საფეხმავლო ვიწრო გასასვლელ-გამოსასვლელი აღმოვაჩინე.

როცა კურიერობა გადავწყვიტე და მოპედზე გადავჯექი, ამ თამაშს პატარა ადაპტაცია გავუკეთე და თბილისის ყველა უბანში მოვსინჯე, რათა მოკლე გზები მესწავლა, საცობებსაც ავრიდებოდი და შეკვეთებიც უფრო მალე დამერიგებინა. ეს მიდგომა თავიდან დროს გაკარგვინებს, მაგრამ მერე და მერე პირიქით.

ჰოდა, თუ კურიერი ხარ, კარგი იქნება, რაც შეიძლება მეტი მოკლე გზა იცოდე  და საერთოდ, ყველა უბანზე თუ გარკვეული ინფორმაცია გექნება და, ასე ვთქვათ, თბილისის პერსონალურ რუკას შეიქმნი შენს გონებაში, მთლად უკეთესი.

მე ჩემსასაც კი გაგიმხელდი, მაგრამ შენი შედგენილი “რუკა” შენთვისვე უფრო ხელსაყრელი იქნება.

 

ბაგები

თუ შეკვეთა ბაგებში ან წყნეთში გაქვს და იქიდან საბურთალოსკენ გჭირდება გადასვლა, ვაკის პარკამდე გზას ნუ დაიგრძელებ – სტუდქალაქის საფეხმავლო ხიდით შეგიძლია 6 კილომეტრის მოჭრა და მაღლივ უნივერსიტეტთან მოხვედრა, ოღონდ ფრთხილად იყავი, ხიდის ბოლოს კიბეები დაგხვდება, მაგრამ შეგიძლია ძრავა გამორთო და ეტლის ჩასასვლელიდან ჩააგორო მოპედი.

 

საბურთალო

საბურთალო ძალიან დიდი და ბევრი მიკროუბნისგან შემდგარი რაიონია. ყოველდღიურად ჩემი შეკვეთების 40% ძირითად მანდ მხვდება–ხოლმე.

მე დიდი ხნის განმავლობაში ფანასკერტელზე მხოლოდ ბახტრიონის ქუჩიდან ავდიოდი. ამ თამაშის წყალობით, აღმოვაჩინე, რომ მანდ დოლიძის ქუჩიდანაც შეიძლება ასვლა და, ასევე, თურმე, პეკინის ქუჩიდანაც ადის უზარმაზარი აღმართი, რომელსაც მე პირადად მხოლოდ დაღმართის სახით ვიყენებ-ხოლმე.

ნუცუბიძის პლატოების ასახვების არცოდნამ შეიძლება დაგაბნიოს. პოლიციის შენობასთან პირველი პლატოს ასახვევია, გზას რომ ბუდაპეშტის მიმართულებით გაუყვები ჯერ მეორე, შემდეგ კი მესამე პლატოს ასახვევი შეგხვდება. მეოთხე პლატოზე, მეორესა და მესამეს ასახვევებიდან შეგიძლია ასვლა (პირველი პლატოს ასახვევიდან არც კი უნდა სცადო), თუმცა უფრო მოკლე გზა მეოთხე პლატოზე მოსახვედრად მეორედან ადის.

ეს გზა შეიძლება არ გამოგადგეს, მაგრამ მაინც იცოდე, ნუცუბიძის ქუჩის 24 ნომრიდან პატარა ჩასახვევია, დელისის ქუჩა ჰქვია, სტადიონთან ჩადის, ასფალტი ასათიანის ქუჩისკენ მიდის, მაგრამ საცალფეხო გზიდან პატარა გორაკი პირდაპირ სამედიცინო უნივერსიტეტის უკანა მხარეს ჩაგაგორებს, იქიდან კი ვაჟაზე გადახვალ. ისე ძალიანაც არ გიმოკლებს გზას, რომ თავი გაიგიჟო, მაგრამ საცობების დროს კარგია.

თუ ნუცუბიძის ქუჩიდან გიწევს დიღმისკენ წასვლა, გზას შეიმოკლებ ვაზისუბნის ქუჩაზე გასვლით. ვაზისუბნის ქუჩა ლისის ტბისკენ რომ აუხვევ და ონიაშვილის შესახვევს გაცდები, მერეა, მეორე შესახვევში. ეს ქუჩა შუაში გადაკეტილია მანქანებისთვის, მაგრამ მოპედით თავისუფლად გაივლი და გაგარინის ქუჩას ისაკაძის დაღმართთან შეუერთდები.

ამასწინათ, გოთუას ქუჩაზე მოვხვდი, ნუმერაცია დალაგებული მომეჩვენა ან პირველ თავში შემეშალა რამე, ან დაემთხვა და მას მერე გაასწორეს, რაც პირველი ამბავი დავწერე.

 

დიღომი

მარშალ გელოვანზე, სანამ გვირაბთან მიხვალ, მანამდე მარჯვნივ, გაჩერებასთან, შესახვევია და პირველ კვარტალში შეგიძლია მაგ გზით შეხვიდე მოკლეზე – გააჩნია რომელ კორპუსს ეძებ.
ლუბლიანას ქუჩას თუ ბოლომდე გაუყვები, საავადმყოფოების ეზოში მოხვდები, ეზოდან კი შეგიძლია ამერიკა საქართველოს მეგობრობის გამზირზე გახვიდე.
უფრო სწორად, გამზირის იმ მხარეს, რომელიც დიდი დიღმიდან გლდანში გადადის, ბალანჩინის ქუჩა ჰქვია, ხოლო რომელიც გლდანიდან დიდ დიღომში ბრუნდება, ქართულ–ამერიკული მეგობრობის გამზირი. ეს ინფორმაცია გუგლ მეპმა ჯერჯერობით კარგად არ იცის.

 

სოფელი დიღომი

ბავშვობაში მანდ მაგრად მცემეს და ახლა მაქაურებს სამაგიეროს ვუხდი იმით, რომ მანდ შეკვეთებს არ ვიღებ. შესაბამისად, სოფელი დიღმის არც გრძელი და, მითუმეტეს, არც მოკლე გზები არ ვიცი.

 

დიდი დიღომი

მანდ ძლიერი ქარი იცის. ამიტომ, მოპედი რაც შეიძლება ნელა უნდა ატარო. ჩქარა მოძრავ სხეულს წონა აკლდება და ამიტომაც სახიფათოა უცებ ერთი ზოლიდან ქარმა მეორეში არ გადაგისროლოს.

გუდვილის მოპირდაპირე მხარეს კერძო სახლებით გაშენებული დასახლებაა. ქუჩებს, ძირითადად, ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების სახელები აქვთ.

დემეტრე თავდადებულის ბოლოში, ხელმარჯვნივ პატარა ერთსართულიანი გრძელი სახლები დგას რომელსაც ბენდუქიძის დასახლებას ეძახიან.

 

დიღომი 6 / დიღომი 7

ასე ჰქვია მდიდრული სახლებით დასახლებულ უბნებს აღმაშენებლის ხეივანზე, თბილისი მოლის მხარეს.

 

ქოშიგორა

ქოშიგორას ქუჩით ადიხარ და, ალბათ, ამიტომ, მთლიანად ქოშიგორას ეძახიან მდიდრების უბანს, თბილისი მოლის მოპირდაპირე მხარეს.

ამ უბნიდან იშლება ზაჰესისა და ავჭალის ხედი, დაკვირვებული თვალი გლდანსაც დაინახავს.

 

ზაჰესი, ავჭალა

როცა შეკვეთა ამ უბნებში მაქვს, ჯერ კლიენტებთან ვარკვევ, აპირებენ თუ არა ქალაქისკენ გამოსვლას. უმეტეს შემთხვევაში მიმართლებს და სადმე უფრო ახლოს მხვდებიან. ჩემი დაკვირვებით, იქაური მაცხოვრებლები ყოველდღიურად დადიან სხვა უბნებისკენ, რადგან იქ სახლების გარდა თითქმის არაფერია.

მანდ გასვლას მარტო სიშორის გამო არ ვერიდები, უბრალოდ, სანამ მივალ და უკან გამოვალ, სხვა კლიენტებთან მაგვიანდება, რასაც, შეიძლება, შეკვეთების გაუქმებაც მოჰყვეს.

სხვათა შორის, ამ ორი უბნის ქუჩებიც ემიჯნებიან ქალაქს. ზაჰესში ყაზბეგისა და წინამძღვრიშვილის ქუჩები არსებობს. ეს ქუჩები ისედაცაა თბილისში.

ავჭალაში, იმ დღეს, საერთოდ, პაოლო იაშვილის ქუჩას წავაწყდი, როცა მე თვითონ პაოლო იაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ, ოღონდ სოლოლაკში. ამან გამიჩინა შეგრძნება, რომ
საერთოდ სხვა ქალაქში ვიმყოფებოდი, სადაც ნორმალური ამბავია ნახო იმავე დასახელების ქუჩა, რომელიც შენს ქალაქშია.
ავჭალაში ლიბანის ქუჩიდან ბარალეთის ქუჩა ადის რაღაც აღმართზე, რომლის ბოლოსკენ გორაკია და მეზობელი უბნის გლდანულას ხედი იშლება

 

გლდანულა

თვითონ სიტყვა გეუბნება, რომ გლდანთანაა ახლოს და მართლა ასეა. სევდიანი ხალხით დასახლებული უბანია გლდანის ლუქი, მიკრორაიონების ბოლოს, მარცხენა მხარეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩასახვევთან, ოდნავ ზემოთ, არის კოტე მარჯანიშვილის ქუჩა.

მე არ მომწონს ერთი პიროვნების ორი ქუჩა ერთ ქალაქში, შეიძლება ამით კურიერები დავიბნეთ.

ისედაც რამდენჯერმე ნახალოვკის მაგივრად, სადაც ქავთარაძის ქუჩაა, საბურთალოზე წავსულვარ ქავთარაძის ქუჩაზე. ეს სხვადასხვა პიროვნებების ქუჩაა, მაგრამ მაინც დავიბენი. მოკლედ, ძნელია.

 

გლდანი

ზაჰესის, ავჭალისა და გლდანულას მერე, ვისაც გლდანიც შორი უბანი ჰგონია, მაგრადაც ცდება. აქ მეტროც არის და, სხვათა შორის, ორი ლამაზი ტბა. ერთ–ერთზე პლიაჟიცაა მოწყობილი.

 

მუხიანი

კორპუსებს კიდე რა უჭირს, მეპითაც გააგნებს ადამიანი, მაგრამ აქვე უბნებიცაა – მუხიანის პირველი და მეორე სამხედრო დასახლება (გოროდოკები) და სულ ბოლოში “მუხიანის აგარაკები”, სადაც სანამ ახალ გზას არ დააგებენ, მეტჯერ ამსვლელი აღარ ვარ!

 

თემქა

თემქას ორ ნაწილად ხევი ყოფს. ლაშა ლაშხმა  მომიყვა ადრე სევდიანი ამბავი მაგ ხევში მდგარ კანალიზაციის მილზე და ადამიანებზე და ეს ამბავი ისევე აღარ მახსოვს, როგორც მიკრორაიონების განლაგება მაგ უბანში, რომელსაც ყოველ მისვლაზე თავიდან ვსწავლობ და მერე სულ მავიწყდება.

 

სანზონა / ნახალოვკა / ლოტკინი

ეს უბნები ზემოდან ერთმანეთს თბილისის ზღვით უკავშირდება, ქვემოთ კი დადიანისა და გურამიშვილის ქუჩით.

რაიმე განსაკუთრებული გზა ნამდვილად არ ვიცი.

თბილისის ზღვის სასაფლაოდან თბილისის ძალიან ლამაზი ხედია.

ლოტკინზე ასვლა კი ხუდადოვის გარდა, ბეჟანიშვილის ქუჩიდანაც შეგიძლია, თუ დაგჭირდება

 

დიდუბე

დიდუბეში ცოტახნისწინ სახელოვნებო სივრცე მაუდი გაიხსნა, სადაც მე და ჩემმა მეგობრებმა რეპეტიციები დავიწყეთ. ჩვენს თეატრალურ კომპანიას “ჰარაკი” დავარქვით და პირველი სპექტაკლი, ჯემალ ქარჩხაძის “მდგმური” დავდგით. სპექტაკლი რამდენჯერმე ვითამაშეთ და მერე შევწყვიტეთ, რადგან აცივდა. სივრცეში კიდე გათბობა არ გვაქვს.

“მაუდი” მდებარეობს წერეთლის 140 ნომერში, სამშენებლო მაღაზია “გორგიას” უკან.

როცა ზამთარი გაივლის, სპექტაკლების დანიშვნას ჩვენი ფბ ჰვერდიდან შეიტყობთ.

P.S. წერეთლის ერთ-ერთ გადამკვეთ ქუჩას, სტანისლავსკის სახელი ჰქვია, შემთხვევით წავაწყდი და გამეცინა.

 

ვორონცოვი / პლეხანოვი / სვანეთის უბანი

ამ უბნების გზები მგონი ყველა კურიერმა კარგად იცის, მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება, რომ სვანეთის უბნიდან ელიას უბნისკენ (სამების ეკლესიასთან) მოკლეზე შეუძლია გადაჭრას, თუ კავკასიის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩას მოძებნის და გაუყვება. ძალიან საინტერესო და უკაცრიელი გზაა, რომელიც ბოლოს ფშავის ქუჩას უერთდება.

 

ავლაბარი / 300 არაგველი / მეტრომშენი

ავლაბარში, რკინიგზის ზედა ქუჩები ძალიან მომწონს. განსაკუთრებით კარგ ამინდებში, როცა ქუჩა ბავშვებითა და მოხუცებით არის სავსე.

აქ რომ პირველად მოვხვდი, უცნაური გრძნობა დამეუფლა – სრულიად ნაცნობი ადგილები ისეთი რაკურსით მოჩანდა, თავი სრულიად უცხო ქალაქში მეგონა. “ტურისტობანას” თამაშის სტარტისთვის იდეალური ადგილია.

აქედან რამდენიმე საინტერესო მარშრუტია. კახეთის ხევის ქუჩა, რომელიც რკინიგზას პატარა გვირაბით კვეთს და 300 არაგველის მეტროსკენ ჩადის.

ნიაბის ქუჩა, რომელიც დიდი აღმართით მახათას მთისკენ ადის, სადაც ჩემი საყვარელი ხედი და ვაზისუბანის მეორე მიკროში გადასასვლელი მოკლე გზაა.

საინგილოს ქუჩა, პეტრე-პავლეს სასაფლაოს გავლით, კახეთის გზატკეცილზე ან  მეტრომშენის დასახლებისკენ გადადის.
მეტრომშენის დასახლება საკმაოდ რთული უბანია და რადგანაც მანდ შეკვეთები ნაკლებადაა, ამიტომ კარგადაც არ ვიცნობ.
ისე კი მაქედან ვაზისუბნის დასახლებაში ასვლაცაა შესაძლებელი, მოკლეზე.

 

ვაზისუბანი

ჩემი ბავშვობის ნახევარი ვაზისუბანში მაქვს გატარებული. ყოველ პარასკევს, შაბათს, კვირასა და ორშაბათ დილას ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან ვატარებდი.

აქაურობას ისე კარგად ვიცნობ, რომ ვერ ვხვდები რომელი გზაა ისეთი, რაც სხვამ შეიძლება არ იცის და მე ვასწავლო.

 

ვარკეთილი

ვარკეთილი ქარიანი და იდუმალებით მოცული ადგილია.

ვარკეთილი რამდენიმე ნაწილად შედგება.

მესამე მასივი (პირველი ორი მასივი ან არ არსებობს, ან უხილავია) , ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრო რაიონი ( ქვემო პლატო რომელია? ანდაც ზემო პლატოს პირველი მიკრო რაიონი?)

ვარკეთილი-3 (შედგება 1, 2, 3, 3ა, და 4 მიკრო რაიონებისგან.

ვარკეთილში არსებობს ორი მეოთხე მიკრო რაიონი.

ერთი არის ჰუალინგის უბანთან. ეგ არის” ვარკეთილი-3″ის მეოთხე მიკრო რაიონი.

მეორე კი ვარკეთილის მეტროს ზემოთ, მარცხენა მხარეს, ჯავახეთის ქუჩის მეორე შესახვევის ბოლოს. მაგას უბრალოდ ვარკეთილის მეოთხე მიკრო რაიონი ქვია და ამ მეოთხე მიკრორაიონის მეასამე კვარტლის შესასვლელი – ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე მდებარეობს.

დიდი უცნაური უბანია.

 

ორხევი / ლილო / აეროპორტის დასახლება / აფრიკა

აეროპორტის უბანი აეროპორტთან მდებარეობს და იქიდან უასფალტო გზა აფრიკაში მიდის, მაგრამ მე მაგ გზას არაფრით გირჩევ, თუ, რასაკვირველია, იმ ანდაზის გამოცდა არ გინდა – “სჯობს შორი გზა მოიარო და შინ მშვიდობით მიხვიდე”.

მე აფრიკაში ქაიროს ქუჩით წასვლა მომწონს. ახლახან გადაარქვეს ამ ქუჩას სახელი და ახლა ლორთქიფანიძის ქუჩა ეწოდება.

ქინძმარაულის ქუჩიდანაც არის აფრიკაში საკმაოდ საინტერესო გადასასვლელი და კახეთის გზატკეცილიდანაც.

როგორც ვიცი, აფრიკაში რომელიღაც მიკროუბანს ჯუნგლებს ეძახიან.

სადღაც აბელ ენუქიძის და პოლიციის ქუჩის მიმდებარე ადგილს კი “პეპელას”.

ლილოში არასდროს მქონია შეკვეთა.

ორხევში კი ვინც უკვეთავს სითი მოლთან მხვდება. ასე რომ, ორხევს და ლილოს მე თვითონაც არ ვიცნობ.

 

ისანი / სამგორი / მოსკოვის გამზირი / ბარბარეს უბანი / ქვემო ფონიჭალა / ზემო ფონიჭალა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის გამზირის 39 ნომერთან ჩადის გზა, რომლითაც პირდაპირ ბოგდან ხმელნიცკზე შეგიძლია გადასვლა, იქიდან კი ყოფილი 5 დეკემრის ქუჩაზე, რომელიც ახლა ბერი გაბრიელ სალოსის სახელს ატარებს და რომლიდანაც ძალიან ბევრი ასახვევია სამგორის მეტროსკენ.

სალოსის ქუჩის 54 ნომერთან შესახვევში არის ღამის კლუბი “ელექტროვერკი” და სახელოვნებო ცენტრი “ღია სივრცე”, სადაც საინტერესო სპექტაკლები იდგმება, მათ შორის ორ სპექტაკლში მეც ვთაშობ.

ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის ბოლოს, სანამ ბარბარეს უბანი დაიწყება, მანამდე რკინიგზის ხიდია, რომელზეც მოპედით შეგიძლია გადასვლა და პირდაპირ ზემო და ქვემო ფონიჭალების გასაყარზე მოხვედრა.

ამ ხიდზე გადასვლით ზუსტად 11 კილომეტრით იმოკლებ გზას, თუ ფონიჭალაში ხარ გადასასვლელი, ოღონდ ცოტა ძველი ხიდია და ალაგ–ალაგ მომტვრეული. ამიტომ, რაც შეიძლება ფრთხილად უნდა გადახვიდე.

ზემო ფონიჭალაში ერთხელ მქონდა შეკვეთა და ძალიან მიხარია, რომ მეორედ არავის შეუკვეთავს.

ქვემო ფონიჭალაში კი სულ რუსთავის გზატკეცილზე უკვეთავენ, სხვა ქუჩებზე არასდროს ვყოფილვარ.

 

ორთაჭალა / ხარფუხი / ძველი თბილისი / მთაწმინდა.

ამ უბნებში ისედაც ყველა გზა მოკლეა და, სხვა მხრივ, იმდენია ნათქვამი, რომ მე სათქმელი, პრინციპში, არაფერი მაქვს.

 

ვერა – ვაკე

მერაბ კოსტავას  ქუჩა მეტრო რუსთაველიდან იწყება და საბურთალოზე გადადის.

თუ კურიერი ხარ და კოსტავას ქუჩაზე შეკვეთა მიგაქვს, ამან შეიძლება დაგაბნიოს. ამიტომ, დაიმახსოვრე კოსტავას 2–დან კოსტავას 60 ნომრამდე სულ ვერაა.

დანარჩენი ნომრები გმირთა მოედანიდან შარტავას ქუჩამდე უნდა ეძებო.

კოსტავაზე ორი 69 ნომერი არსებობს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტეროტორიაც 69 ნომერია და თ.ს.უ.-ს მეათე კორპუსიც, რომელიც, საერთოდაც, პირველი არხის მოპირდაპირე მხარესაა.

კოსტავას ქუჩაზე არ არსებობს პირველი ნომერი, კენტი ნომრების მხარე პირდაპირ 3 ნომრით იწყება და, ამიტომ, ვინმე თუ  კოსტავას პირველ ნომერში გამოგიძახებს, ე.ი. გეკაიფება.

ამბობენ ადრე მანდ იყო აფთიაქი, რომელიც დაიწვა და ეგ იყო პირველი ნომერიო.

აფთიაქი იმ ადგილას მდგარა, ახლა რომ ჭადრის ხე დგას, ზებრა გადასასვლელის შუაში. შესაბისად, პირველ ნომრად შეგვიძლია ეს ხე ჩავთვალოთ.

ვერაზე გოგებაშვილის ქუჩის ბოლოს მანქანებისთვის გზა მთავრდება, მაგრამ მოპედით თერგის ქუჩაზე გადასვლა და პირდაპირ კეკელიძის ქუჩაზე ჩაგორება შეგიძლია.

შატბერაშვილის ქუჩის ბოლოში შეგიძლია ჟვანიას ქუჩაზეც გადახვიდე, ხოლო ვაკის პარკამდე მისვლა ტიციან ტაბიძის ქუჩითაც შეგიძლია.

 

სოლოლაკი

მე აქ დავიბადე და გავიზარდე. ახლაც აქ ვცხოვრობ. უფრო სწორად, ახლა დეკემბერია, მე კი ახალ წლამდე ნათესავის სახლში ვარ, მერე ჩემი ოჯახით სადმე უნდა გადავიდე, რადგან რამდენიმე წლის წინ მამაჩემმა სახლი ბანკში ჩადო და დაკარგა.

მოკლედ, მაგარ შარში ვარ. ალბათ, ქირაობა მომიწევს სადმე, მაგრამ ქირაში ფულის გადაყრა მაგრად მენანება, ყიდვის ფული კიდე არ მაქვს. გირაობა კარგი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ არავინ მოგატყუოს, კურიერობით თავს გაიტან, ხოლო გირის ფულს ვერ მოაგროვებ.

ჰოდა, იმ დღეს ვფიქრობდი, იქნებ, კურიერის ამბები წიგნად გამოვცე და გირის ფულის მოგროვება ამ გზით დავიწყო–მეთქი.

გავიკითხე – თუ გავიმარჯვე საბას პრემია 6 000 ლარი ყოფილა.

თუ ყ.ხ.დ.პ. ლექსების კრებულსაც ცალკე გამოვცემ და პოეზიაშიც გავიმარჯვებ, ეგეც შენი 12 000 ლარი.

თუ მემარცხენე მეგობრები საყვედურიანი თვალებით შემომხედავენ, ვეტყვი – “ერთმა ბანკმა სახლი წამართვა, მეორესგან ვიბრუნებ, ნუ გამამტყუნებ”.

ცალკე თუ წინანდლის პრემიაზეც ავიღე რამე პლიუს 2 000 და ეგეც შენი 14 000 ლარი ჯამში.

-14 000 ლარი რა ჩემი ყლეა, თუ სახლის ყიდვა გინდა ნობელის პრემია უნდა აიღო – მითხრა მეგობარმა და ლუდი ჩამოასხა, მე ნობელის პრემია დავგუგლე, ჯილდო 10 მილიონი შვედური კრონაა, ანუ 3 მილიონი ლარი.

3 014 000 ლარად ჩემი ოჯახისთვისაც ვიყიდი სახლს, ჩემთვისაც და გასაქირავებლადაც ვიყიდი, შემოსავალი ქირისგან მექნება და მსახიობობასაც მშვიდ რეჟიმში შევძლებ.

წესია ასეთი – ნობელის პრემიის ლაურეატები, ჯილდოს გადმოცემამდე, სანობელო ლექციას კითხულობენ. ალბათ, ამ წესს არც მე ავცდები და მგონი ჯობს ლექცია წინასწარ მოვამზადო.

 

სანობელო ლექცია

პირველ რიგში, უღრმესი მადლობა შვედეთის აკადემიას.

უღრმესი მადლობა ჩემს კომპანიას “თო.კი.”, რომლის კურიერიც ვარ და რომ არა “თო.კი” ეს წიგნიც არ დაიწერებოდა.

ასევე, რეკლამას გავუკეთებ ჩემი მეგობრების იმ კომპანიებს, სადაც სხვადასხვა დროს მიმუშავია. ესენია : “ლელას ხმა”, “სქვიში” და “სტავროგინარიუმი”.

ნობელის პრემიის მონიჭება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და გამომდინარე იქიდან, რომ მე პირველი ქართველი ნობელიანტი ვარ, ალბათ, ჩემი ქვეყნისთვისაც.

მეტსაც გეტყვით – ეს პრემია საქართველოსთვის  უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემთვის, რადგან გარდა იმისა, რომ საქართველოს ცნობადობა ახლა უფრო მეტად გაიზრდება, ქვეყანას ერთით ნაკლები უსახლკარო ოჯახი ეყოლება, რაც, ჩემი აზრით, უფრო დიდი წარმატებაა.

თქვენ ეს პრემია მომანიჭეთ “თანამედროვე სამყაროს გადააზრებისთვის, სადაც მხოლოდ ორი საწყისი დარჩა: შემკვეთებისა და შემსრულებლების”.

მინდა გაგაწბილოთ. მე არაფრის გადააზრება არ მქონია მიზნად. მითუმეტეს, თანამედროვე სამყაროსი, რომელიც ჩემი გადააზრების გარეშეც საკმაოდ გადააზრებულია. მე ყველაფერი ფულადი პრემიის გამო დავწერე, რადგან სახლის შესაძენად საჭირო თანხის მოძიება, ნობელის პრემიის გარდა, არაფრისგან შემიძლია.

ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი ისაა, თუ სად ვიყიდო სახლი. ალბათ, ისევ სოლოლაკს ავირჩევ, რადგან მიჩვეული ვარ ამ ადგილს. ასევე, ვიყიდი კიდევ ერთ ორ ბინას სადმე, რომ გავაქირავო და წყნარად გავაგრძელო ჩემი საქმე.

ქართველი მსახიობების უმრავლესობას, როგორც წესი, ორი სამუშაო  გვაქვს, რომ ცხოვრება შევძლოთ. ერთი მსახიობობა და მეორე რამე სხვა. ამიტომ, იმდენად რეალისტები გავხდით, რომ ოცნებებიც დაგვიმახინჯდა. იმაზე კი აღარ ვოცნებობთ, რომ ჩვენი პროფესიით ცხოვრებისთვის საჭირო ფული ვიშოვოთ, არამედ გვინდა რაიმე ქონების გაქირავებით ვიარსებოთ და ჩვენი საქმე წყნარად ვაკეთოთ.

მე კარგად მესმის ლექციის ფორმატის და არ მინდა ჩემი სიტყვა ისევ მსახიობების მდგომარეობის აღწერას დავუთმო, რადგან ჩემს წიგნში არაერთი თავი მივუძღვენი ამას.

აქ ერთმა შვედმა პროფესორმა მითხრა თარჯიმნის საშუალებით, “თემორე თქვენ ნამდვილი ოსტატი ხართ! ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ! თქვენი ეს წიგნი იმიტომ არის კარგი, რომ იქ უბრალოდ აღწერილია ყოფა, რომელშიც თქვენ და თქვენი ქვეყანა იმყოფებით, ხოლო იმას, რომ საშინელ ყოფაში ბრძანდებით, ამის დასკვნის საშუალებას მკითხველს გვიტოვებთ”.

მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას ამ სიტყვებისთვის და კიდევ იმისთვის, რომ მკითხველის თვალით დამანახა ჩემი აწ უკვე ნობელიანტი წიგნი.

თუმცა, მე მასში ჩვენი საშინელი ყოფის მხოლოდ 20% დავინახე, დანარჩენი გამომრჩა და თუ გაინტერესებთ რა გამომრჩა, ჩამოდით საქართველოში, თქვენი მეგობრებიც ჩამოიყვანეთ და ასე ტურისტების რაოდენობაც მოიმატებს და კურიერების გამოძახებაც. თუ ჩამოხვალთ და ჩემს მოგონილ მეორე თამაშს “ანტიტურისტობანას” ითაშებთ, მაშინ მართლა შეიძლება  დაინახოთ, თუ რა ხდება აქ.

მე კიდე რა მიჭირს?! 3 მილიონი ლარი ავიღე, სახლი მექნება, კარი მექნება და ნობელის პრემია. ალბათ, გადაცემებშიც მიმიწვევენ და შემეკითხებიან – “თემორე მოგვიყევით თქვენ შესახებ” და მეც იდიოტურ სიტყვებს ვიტყვი, რომ  ნულიდან დავიწყე, ბავშვობაც სიღარიბეში გავატარე, მერე საერთოდაც სახლი დავკარგეთ მე და ჩემმა ოჯახმა, მაგრამ მაინც არ დავნებდი, ბლოგები დავწერე, წიგნად გამოვეცი და დღეს ნობელიანტი ვარ და ამით მინდა მოგიწოდოთ და დაგაიმედოთ მთელი სამყარო, რომ თუ მიზანს დაისახავთ და ღამეებს გაათენებთ, ყველაფერი გამოვა და ასე შემდეგ.

მერიდება მთელი ლექცია მხოლოდ ჩემი ქვეყნის პრობლემებს მივუძღვნა, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის.

ამასწინათ, ჩემი თურქი კოლეგის, ორჰან ფამუქის სანობელო სიტყვას გადავხედე. ის თავის ლექციაში პასუხობს კითხვას  “რისთვის ვწერ?” მინდა მეც ამ კითხვას ვუპასუხო, თუმცა ძალიან გამიჭირდება.

პირველ რიგში, ალბათ, იმისთვის ვწერ, რომ სხვებს თავი მოვაწონო.
წერა დავიწყე იმიტომ რომ მომეყოლა ჰამბურგის ამბავი, რომელიც ჩემი წიგნის, “კურიერის ამბების” ბოლო, მერვე და მეცხრე ნაწილებია.

ასევე, ვწერ იმისთვის, რომ ჩემს სპექტაკლებზე მეტმა ადამიანმა იაროს.
ყოველთვის სხვა რაღაცის დაწერა მინდა და სხვა რამე გამომდის. მაგალითად, ქალაქის უბნების აღწერა ვაზისუბნის გამო დავიწყე. როდესაც ამ უბნის აღწერის ჯერი მოვიდოდა, იმ ქურთებზე უნდა დამეწერა, რომელთან ერთადაც ნახევარი ბავშვობა გავატარე. ამ გზით სოლიდარობის გამოცხადება და მხარდაჭერა მინდოდა მათთვის.

თუმცა, როცა წერა დავიწყე, თავი ბავშვობის საშინელმა მოგონებამ ამოყო. გამახსენდა რამდენიმე თანამზრახველთან ერთად  როგორ მოვკალი ბავშვობაში ლეკვი და როგორ მცემეს ამის გამო ქურთმა მეგობრებმა. ძალიან გამიჭირდა ამ ისტორიის დეტალურად დაწერა და ფეხებზე დავიკიდე ვაზისუბანიც და ქურთებიც.

ფეხზე დავიკიდე ისევე, როგორც თქვენ, ცივილურ სამყაროს, გკიდიათ ფეხებზე დანარჩენი სამყაროს კეთილდღეობა.

დიახ, ნუ მიიღებთ შეურაცხყოფად. პირველ რიგში, ამას ჩემს თავზე ვამბობ. ვდგავარ აქ, თქვენ წინაშე, ნობელის დიპლომითა და უამრავი ფულით ჩემს საბანკო ანგარიშზე და ბედნიერი ვარ იმით, რომ ცხოვრების პირობები გამიუმჯობესდა. ვგრძნობ, რომ ხვალ–ზეგ აღარ ვიფიქრებ იმ პრობლემებზე, რომლებზეც გუშინ ვფიქრობდი. ვგგრძნობ, რომ “სამყარო მშვენიერია”, რადგან მე აღარ ვარ იმ უამრავ უბედურთა რიგებში, რომელთაც დღესაც იგივე პრობლემები და უარესი პრობლემები აქვს, რაც მე მქონდა. რისი შეცვლა შეუძლია ნობელის პრემიას, გარდა ჩემი ცხოვრებისა? სამწუხაროდ ალბათ, არაფრის. დიდი სიამოვნებით ვიტყოდი უარს ნობელის პრემიაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ვიზამ, რადგან, ცხადია, არ მინდა დარჩენილი ცხოვრება ქუჩაში გავატარო.

ჰოდა, რისთვის ვწერ?
ამაზე მხოლოდ ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს ნამდვილი – საკუთარი ტრაკისთვის.

 

#ყხდპ

***
შენ, ვაშლიჯვარელო მარიამ.
მინდა იცოდე :
ახლაც ვგრძნობ გემოს
შენი ჩემდამი ნაჩუქარი
სუპერ სნიკერსის.
რომელიც იმიტომ არის მაგარი
რომ ტკბილსაც შეიცავს შოკოლადის
სახით და მარილიც აყრია.
ძალიან მინდოდა ეს თეორია
შენთვის მეტაფორებად ამეხსნა
და საათობით მელაპარაკა ამ და
სხვა საკითხებზე.
მერე შენ დამთანხმებოდი რაღაცებში.
რაღაცებზე საწინააღმდეგო აზრი გეთქვა და მე ამ დროს
მეხუმრა ესე :
“კლიენტი ყოველთვის მართალია”
სამწუხაროა რომ
ჩემს კომპეტენციაში
დიალოგების გამართვა არ შედის.
რა საოცარი წამები იყო როცა ხურდა არცერთს გვქონდა და ამიტომ შენ სნიკერსი იყიდე.
რაღა დარჩა შენგან? ამ ბედნიერი წუთებისგან?
გაჭედილი სნიკერსის ნარჩენი,
ჩემს დასაპლომბ კბილში?

 

ავტორი თემორე

ქოვერის ავტორი ანა ჯიბლაძე

 

No Comments

Add your comment