ტკივილი კაპიტალიზმის პირობებში

სიტყვები

ტკივილი კაპიტალიზმის პირობებში

ტკივილი კაპიტალიზმის პირობებში

ავტორი: მზეო შველიძე

„მე შემიძლია მთელი ჩემი ძალისხმევით უარვყო ყველაფერი და ვიპოვო სიმშვიდე ტკივილში. მე შემიძლია დავძლიო ყველაფერი – თუნდაც საშინელი დემონი, უფრო საზარელი ვიდრე ჩონჩხი, რომელიც მაძრწუნებს მე.’’
კირკეგორი

ფროიდი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ტანჯვასა და უიმედობას განპირობებულობა განსაზღვრავდა. განპირობებულობა, რომელსაც კულტურა, საზოგადოება, მკაცრი აღზრდა, ეკლესია და დოგმატური წესები ერთად შობდა. მსგავსად კონსტრუირებულ გარემოში ინდივიდს გაუცხოების, ბრალისა და დანაშაულის დაუძლეველი განცდა ტანჯავდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა მის სიკვდილისადმი ლტოლვას. ეს ლტოლვა კი ბედნიერებისკენ მიმავალი გზის ყველა ხიდს წვავდა. კარლ მარქსი, ფროიდისგან განსხვავებით, ადამიანთა ტანჯვის მიზეზს საზოგადოების ეკონომიკურ წყობასა და ამ წყობით განპირობებულ ეგოიზმს უკავშირებდა. მარქსი გამოსავალს პროლეტარიატის დიქტატურაში – კლასობრივი უთანასწორობის აღმოფხვრაში ხედავდა. ფროიდის აზრით, კულტურის პროგრესი, გაჰუმანურება მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებდა ტანჯვით განპირობებული ნერვოზებისა თუ სუიციდის რიცხვს.

ეგზისტენციალისტებს სჯეროდათ, რომ ადამიანის ტანჯვის საფუძველს ეგზისტენციალური შიშები ქმნიდა, შიშები, რომელიც არა მხოლოდ გარეთ არსებულ საფრთხეებზე მიუთითებდნენ, არამედ შინაგან უწონადობასა და არასრულყოფილ, ინსტიქტურ ბუნებაზეც. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს კლდის კიდესთან მდგარივით აშინებდა არა მხოლოდ ჩავარდნა, არამედ კლდიდან საკუთარი ნებით გადახტომის საფრთხეც. სწორედ ეს იყო საკუთარი არსის გაცნობიერებით გამოწვეული ტკივილი. „ყველა ჩვენთაგანს შეუძლია ისწავლოს, რომ ადამიანის უბედურებას არასდროს განაპირობებს მის გარეთ მყოფი საგნები” – ამბობდა კირკეგორი და ხაზს უსვამდა იმ ბუნებით მდგომარეობას, რომელიც მხოლოდ თვითშემეცნების შემდეგ ხდებოდა ობიექტური რეალობის ნაწილი.

ტანჯვის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ვხვდებით რელიგიებთან მიმართებაში. ბუდისტები მიიჩნევენ, რომ ადამიანის მიზანი დაიკმაყოფილოს საკუთარი სურვილები და ამბიციები იწვევს წუხილს, ნაღველს, ტანჯვას.

ჩვენ გვინდა ყველაფერი მივიღოთ რისი მიღებაც ჩვენს მიზნებშია ამ დროს შესაძლოა ვერ ვაფასებდეთ გარემოს და დამოკიდებულები ვხვდებით იმედზე, რომ ყველაფერი ჩვენი მოლოდინების შესაბამისად წარიმიმართება. სწორედ ამ დროს ვაწყდებით იმედგაცრუებას, შიშს, სტრესს, ტანჯვას და ვკარგავთ აწმყოს, როგორც მთავარ უტყუარ მოცემულობას (,,ნუ დარჩებით წარსულში, ნუ ოცნებობთ მომავალზე, კონცენტრირება მოახდინეთ აწმყოზე’’ ბუდა). ბუდისტებს მიაჩნიათ, რომ ტანჯვის დასაძლევად გვჭირდება გონიერება და გაცნობიერება, ცხოვრების მუდმივი მდინარების, რომ მასში არაფერია უცნაური.

თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც ადამიანი დღის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს ან იმაზე ფიქრში როგორ იშოვოს სამსახური, ნაკლებად რჩება დრო არამატერიალურ საკითხებზე ფიქრისთვის. ხშირად გვიჭირს ზუსტი პასუხი გავცეთ შეკითხვას: როგორ ვგრძნობთ თავს, რადგან დაკავებული ვართ სხვა ,,უფრო მნიშვნელოვანი“ საქმეებით. მაგრამ როცა მარტო ვრჩებით, სიცარიელეს ვგრძნობთ, ვხვდებით, რომ საერთოდ არ ვართ კარგად, მეტიც, ნერვული აშლილობის ზღვარზე ვართ და ვიტანჯებით. მიზეზები ზუსტად არ ვიცით, ჩვენ ხომ ზედმეტად დაკავებულები ვართ, ცოტა დრო გვაქვს მიზეზებზე ფიქრისთვის.

(„გაღვიძება, ტრამვაი, ოთხი სამუშაო საათი, ჭამა, ძილი და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს, ეს უცვლელი რიტმი მეორდება. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა, რატომ?”)

ადამიანთა უმეტესობა მარტივ გზას ირჩევს და ცდილობს არასასიამოვნო შეკითხვების დაბლოკვას, რადგან ეს ზედმეტი დროის კარგვად მიაჩნია კაპიტალისტური დღისწესრიგის პირობებში, როცა სულ უფრო ნაკლებია დრო ფიქრისთვის, სულის კვლევისთვის. არადა, სასიცოცხლოდ აუცილებელია გავერკვეთ რას და რატომ ვგრძნობთ, როგორი ემოციური მდგომარეობით ვცხოვრობთ და გვაქვს თუ არა რესურსი დამოუკიდებლად გავუმკლავდეთ საკუთარ არსებას, რადგან ჩვენი პრობლემების, ტანჯვის სათავე ხშირად სწორედ ესაა, ზედაპირულობა, ჩაღრმავების უუნარობა ჩვენი პიროვნების სიღრმეში.

უკეთესი მომავლის დაპირება, რომელსაც კაპიტალიზმი გასცემს ადამიანს დაგეგმილი ცხოვრების პირობებში კიდევ უფრო აშორებს საკუთარ თავსა და რეალურ სურვილებთან. მოთხოვნილებები, რომელსაც კაპიტალიზმი ადამიანს საკუთარ ოცნებად ასაღებს ზრდის გაუცხოებას რეალური მისწრაფებების, სურვილებისა და ოცნებებისკენ.

ყალბი კეთილდღეობა, რომელიც უკეთესი მომავლის რწმენის სახით მოგვეცემა ჩვენს ცხოვრებას მუდმივი გადავადებით ემუქრება, გადავადების პასუხად ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური, უშინაარსო ცხოვრების საზღაურს, საკუთარი უბედურებით იღებს და ავიწყდება, რომ მომავალს განსაზღვრავს ის, რაც აქ და ახლა ხდება ანუ აწმყო, რადგან აწმყო ერთდერთი არსებული დროა, რომელშიც ვცხოვრობთ….

(Visited 1 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა