ანტონინ არტო – სისასტიკის თეატრი

სიტყვები

ანტონინ არტო – სისასტიკის თეატრი

ანტონინ არტო – სისასტიკის თეატრი

თარგმანი: გიგლა გონაშვილი

 

(ნაწყვეტი პირველი მანიფესტიდან)

ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ თეატრის იდეის დაკნინება – თეატრისა, რომელიც, თუ რამედ ღირს, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იმყოფება მაგიურ, შემზარავ კავშირში რეალობასთან და საფრთხესთან.

ცხადი ხდება, რომ თეატრის საკითხმა უნდა გამოაღვიძოს, მიიპყროს საზოგადო ყურადღება, რითაც იმის თქმა გვსურს, რომ თეატრი, თავისი ფიზიკური მხარით და იმით, რომ იგი (გა-)მოითხოვს ექსპრესიას სივრცეში – ექსპრესიას, რომელიც ერთადერთად რეალურია -,გზას უხსნის ხელოვნებისა და სიტყვის მაგიურ ხერხებს (საშუალებებს), გამოვლინდნენ ორგანულად და მთლიანად, განახლებულ ეგზორციზმში. შესაბამისად, თეატრს ვერ დავუბრუნებთ მოქმედების საკუთარ ძალებს, სანამ მას საკუთარ ენას არ დავუბრუნებთ.

ანუ, ნაცვლად იმისა, რომ მივეტმასნოთ საბოლოოდ (définitif) და საკრალურად მიჩნეულ ტექსტებს, მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა გავწყვიტოთ თეატრის მონური დამოკიდებულება ტექსტისადმი და ხელახლა მოვიპოვოთ გაგება თავისებური ენისა, რომელიც ჟესტსა და აზრს შორისაა (შუა გზაზეა – à mi-chemin).

ეს ენა სხვაგვარად ვერ განისაზღვრება, თუ არა ექსპრესიის დინამიური და სივრციერი შესაძლებლობებით, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან სიტყვიერი დიალოგის ექსპრესიის შესაძლებლობებთან. ის, რაც თეატრს შეუძლია გამოსტაცოს წარმოთქმულ სიტყვას (parole), არის დაწერილ სიტყვებს (mots) მიღმა გავრცელების, სივრცეში განვითარების, დისოციაციის გამომწვევი და მგრძნობელობის აღმგზნები ქმედების პოტენციალი. აქ შემოდიან ინტონაციები, სიტყვის თავისებური წარმოთქმები. აქ შემოდის, სმენითი, ხმიერი ენის გარდა, ობიექტების, მოძრაობების, მიმართებების, ჟესტების ხილული ენა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩვენ მათ საზრისს, მათ ფიზიონომიას, მათ შეკრებილობას ნიშნებამდე (signes) გავაგრძელებთ (გავწელავთ) და ამ ნიშნებიდან ერთგვარ ანბანს შევქმნით. მას შემდეგ, რაც ცნობიერებაში მივიღებთ ამ ვრცეულ ენას – ხმების, შეძახილების, სინათლეების, ონომატოპეების ენას -, თეატრი მოახდენს მათ ორგანიზებას იმით, რომ პერსონაჟებსა და ობიექტებს ჭეშმარიტ ჰიეროგლიფებად გარდაქმნის და მათ სიმბოლიზმსა და კორეპონდენციებს ყველა ორგანოსთან და ყველა სიბრტყესთან მიმართებაში გამოიყენებს.

მაშასადამე, უნდა შეიქმნას სიტყვის (parole), ჟესტის, ექსპრესიის მეტაფიზიკა, რათა თეატრი გამოვტაცოთ ფსიქოლოგიურ და ადამიანურ ადგილის ტკეპნას. მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად ივარგებს, თუ ამგვარი ძალისხმევის უკან არ იქნება ნამდვილი მეტაფიზიკური ცდუნება (გამოცდა), მოხმობა გარკვეული უჩვეულო იდეებისა, რომელთა არსიც (ბედისწერა – destin) იმგვრია, რომ მათ ვერც საზღვრებს დავუწესებთ და ვერც ფორმალურად მოვხაზავთ. ეს იდეები, რომლებიც შექმნას (Création), ქმნადობას (Devenir), ქაოსს ეხებიან და კოსმიურ წესრიგს განეკუთვნებიან, გვაწვდიან თავდაპირველ წარმოდგენას იმ ველისას (domain), რომელსაც [თანამედროვე, დასავლური] თეატრი სრულიად გაუუცხოვდა. ამ იდეებს შეუძლიათ შექმნან ერთგვარი გამჭოლი თანაბრობა ადამიანს, საზოგადოებას, ბუნებასა და საგნებს შორის.[1]

 


[1]იგულისხმება, რომ ამ იდეებს შეუძლიათ შექმნათ გარკვეული სიბრტყე, რომელიც თანაბრად გამსჭვალავს როგორც ადამიანს, ისე საზოგადოებას, ბუნებას და საგნებს.

 

 

 

(Visited 70 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა