გურამ მგელაძე – აბსურდის ესთეტიკა ელდარ შენგელაიას ,,ექსპრეს ინფორმაციასა“ და ,,ცისფერ მთებში“

სიტყვები

გურამ მგელაძე – აბსურდის ესთეტიკა ელდარ შენგელაიას ,,ექსპრეს ინფორმაციასა“ და ,,ცისფერ მთებში“

გურამ მგელაძე – აბსურდის ესთეტიკა ელდარ შენგელაიას ,,ექსპრეს ინფორმაციასა“ და ,,ცისფერ მთებში“

1.
საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის პირობებში ევროპაში მიმდინარე ლიტერატურული, კინემატოგრაფიული თუ თეატრალური პროცესები დაგვიანებით აღწევდა ქართულ სახელოვნებო სივრცეში იმდენად, რამდენადაც დახშული იყო წვდომა სხვადასხვა ტიპის და ჟანრის ევროპულ პროდუქციაზე.

თავად ის ფაქტიც, რომ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ფრანგულ თეატრალურ სამყაროში წარმოქმნილი აბსურდის ესთეტიკა,რომლის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი ეჟენ იონესკოსა და სემუელ ბეკეტს მიუძღვით, ფილოსოფიაში- ჟან პოლ სარტრს და ალბერ კამიუს, ქართულ კულტურაში საკმაოდ გვიან, 70- 80-იან წლებში შემოვიდა, როცა სამყარო უკვე ახალ მსოფლხმედველობრივ პლატფორმაზე-პოსტმოდერნიზმზე გადასულიყო.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აბსურდის ესთეტიკის, პოლიტიკური სატირის და სიურეალიზმის ჟანრობრივი კოქტეილი ჯერ კიდევ 1929 წელს, სტალინიზმის პერიოდში, შეიქმნა კოტე მიქაბერიძის მიერ ,,ჩემი ბებიის“ სახით, თუმცა ამხანაგ სტალინის ( სტალინიზმის) ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ სულ მალე მან კოტე მიქაბერიძე ინდივიდუალიზმსმოკლებულ და პრინციპში, სოცრეალისტურ ტენდენციებს მორგებულ რეჟისორად, საბჭოური კინო კომედიების ავტორად აქცია. ასე დაემართა ბევრს, თუმცა ცხადია ყველას არა.

აბსურდის ჟანრი ძირითადად ელდარ შენგელაიას და ოთარ იოსელიანის ფილმოგრაფიაში აისახა, ოღონდ ცხადია, ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული ფორმით. უფრო მეტიც, ოთარ იოსელიანის ფილმები აბსურდის ესთეტიკის გარდა ღრმად ეგზისტენციალურ ნარატივსაც მოიცავს, რაც ფილმის ფილოსოფიურ- ფსიქოლოგიურ ჭრილში ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ვიდრე უშუალოდ ელდარ შენგელაიას ,,ცისფერ მთებზე’’ გადავიდოდე, მოკლედ მიმოვიხილოთ აბსურდის ფილოსოფიის ქართული ვარიაციები, რითაც განებივრებული ნამდვილად არ ვართ.

მასობრივ სანახაობრიობას დაპირისპირებული ამ ჟანრის და შეიძლება ითქვას მსოფლმხედველობის ნიშნები რამდენიმე ქართველი მწერლის შემოქმედებაში იკვეთება: თამაზ ბაძაღუას დრამატურგიაში- „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!“, „ძველი როიალი“, თამაზ ჭილაძის პიესებში- „ნახვის დღე“, „მშვიდობით ლომებო!“ , „ ნადირობის სეზონი“, ირაკლი სამსონაძესთან- „ყოფილების სარეცელი“, „პოსტსაბჭოური სკვერი“, „ციცქნა გოლიათი, ჩვენი“, ვლადიმერ სიხარულიძის პიესაში- „გარეუბნის მარტო სახლი“, ლაშა ბუღაძის ადრინდელ თეატრალურ ტექსტებში …

არის კიდევ ერთი ავტორი,რომლის მთელი შემოქმედება: მოთხრობები, ნოველები, რომანები, კინოსცენარები სწორედ კლასიკური აბსურდის ფილოსოფიით და საბჭოური თუ პოსტსაბჭოური სისტემის მამხილებელი პათოსითაა გამორჩეული.

ამ მწერლის არაერთი სცენარის მიხედვით გადაუღია ფილმი რეჟისორ ელდარ შენგელაიას, მათ შორის ,,სამანიშვილის დედინაცვალი’’.
რეზო ჭეიშვილი ის ავტორია, ვისი მსოფლმხედველობრივ-სტილისტური მეთოდი ზუსტად ასახავს საბჭოეთის ადრეულ ( სტალინიზმის პერიოდი ,,რკინის სახკომში“), გვიანდელ ( „ცისფერი მთები“ ,,ვაიმე ჩემო ვენახო“ , ,,ქალაქში დინოზავრები დადიან“, „დალი“ ) და დაშლის, დეგრადაციის პირას მისულ პერიოდს ( „ასკილის წითელი ყვავილი“).

რეზო ჭეიშვილის და ელდარ შენგელაიას შემოქმედებითი ტანდემი შედგა 1977 წელს ,,სამანიშვილის დედინაცვალის“ სახით.
სწორედ ფილმის გადაღების პერიოდში წაუკითხა რეზო ჭეიშვილმა ელდარ შენგელაიას თავისი მოთხრობა „ცისფერი მთები“,რომელიც მალე კინოსცენარად გადააკეთა. არსებობს ამ ლიტერატურული ტექსტის ორი ვარიანტი: კინოსცენარი და რომანი, რომელიც ფილმისგან არსებითად განსხვავდება,თუმცა ორივე შემთხვევაში იგრძნობა აბსურდის ესთეტიკის მახასიათებელი კომპონენტები
ზოგადად, სატირა ტოტალიტარული სისტემაში აკრძალულია. აკრძალულია იმდენად, რამდენადაც არაპროგნოზირებადი და დამანგრეველია. ხშირ შემთხვევაში, ფატალურიც კი.

ჯერ კიდევ არისტოფანეს დროიდან, პოლიტიკური სატირა თავად პოლიტიკოსებისთვის იყო ერთგვარი ინექცია, სილის გაწვნის ეფექტის მქონე სპექტაკლი, რაც ჯანსაღ საზოგადოებაში სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ არა საბჭოთა სისტემის პირობებში.

საბჭოთა კავშირი აკრძალვების ქვეყანაა, სადაც არსებობდა ერთი ( დღემდე დაუდგენელი დეფინიციის მქონე) მეთოდი,რომელიც ორი ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი სიტყვისგან: სოციალიზმისგან და რეალიზმისგან შედგებოდაა. სოციალიზმი იდეოლოგიის გამოხატულებაა, რეალიზმი კი გამოსახვის ფორმას უკავშირდება.

ამ ტიპის ტექსტებისთვის დამახასიათებელია პროპაგანდისტულობა,ლოზუნგურობა. მწერალი ხდება პარტიული იდეოლოგიის ინსტრუმენტი, პარტიული ქოროს ნაწილი, სადაც ითქვიფება შემოქმედებითი ,,მე’’, შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი. ამ პროცესს აკაკი ბაქრაძემ მწერლობის მოთვინიერება უწოდა. თვინიერდებოდნენ არამარტო შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის მქონე ავტორები, არამედ ე.წ. პროლეტარი მწერლები. საბჭოთა რეპრესიულმა აპარატმა ისინიც შეიწირა. ჯალათი თავად აღმოჩნდა მსხვერპლის როლში.

წლების განმავლობაში ავტორებს უწევდათ ეზოპესეული ენით, ანუ იგავური მეტაფორების მეშვეობით აესახათ არსებული სიმახინჯეები. ეს ენა აითვისა არამარტო ქართულმა ლიტერატურამ, არამედ კინომ და თეატრმა. თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ინერციით კვლავ გაგრძელდა გამოუთქმელის გამოთქვა დაშიფრულად, კოდირებულად, რისი აუცილებლობაც უკვე აღარ იდგა დღის წესრიგში. შედეგად მივიღეთ შინაარსისგან დაცლილი ცარიელი გამომსახველობითი ფორმა, რამაც დიდად დააზარალა ქართული თეატრი და კინო. სოციალური სიშიშვლე ქართული ხელოვნების ორგანულ ნაწილად გაცილებით გვიან იქცა.

დავუბრუნდეთ აბსურდის ესთეტიკის ვარიაციების წარმოჩენას ქართულ კულტურაში. აქ ერთ მეტად საგულისხმო დეტალზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება: აბსურდი იმ გაგებით, რა გაგებითაც იგი ესმოდათ ბეკეტს და კამიუს, ქართულ კულტურაში არ ასახულა. არც ბეკეტის ირონიული სკეფსისი და ტოტალური გაუცხოება აღმოჩნდა ნიშანდობლივი ( იქნებ, სწორედ ამან განაპირობა ,,გოდოს’’ კრახი რუსთაველის თეატრის სცენაზე!) და არც ფილოსოფიურ ჭრილში განუხილავს ვინმეს აბსურდიზმის საკითხი ( გამონაკლისი: ოთარ იოსელიანის ,,იყო შაშვი მგალობელი“, ელდარ შენგელაიას რამდენიმე ფილმი და თითო-ოროლა ლიტერატურული ტექსტი, ძირითადად პიესა).

ყველაზე მძაფრად აბსურდიზმის მომენტი სწორედ რეზო ჭეიშვილის სცენარის მიხედვით გადაღებულ 2 ფილმში აისახა: ,,ცისფერ მთებსა“ და ,,ექსპრეს ინფორმაციაში“.

როგორ შეიძლება შეფასდეთ დღევანდელი გადმოსახედიდან ,,ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი?“
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს,რომ ეს არ არის მხოლოდ საბჭოური სისტემის კრიტიკა, რაც დაავიწროებდა ფილმის აღქმის პროცესს. მასში ნებისმიერი ეპოქის და პოლიტიკური წყობის მქონე ბიუროკრატიული აპარატი იგულისხმება. ყველაფერს კი პასუხისმგებლობის და პროფესიონალიზმის კრიზისთან მივყავართ.

გავიხსენოთ სიუჟეტი: ახალგაზრდა მწერალს ( რამაზ გიორგობიანის პერსონაჟი) რედაქციაში თავისი ნაწარმოები მიაქვს. გადის დრო ( თვეები, სეზონები!) ყველა არსებული ეგზემპლარი იკარგება. კითხვით კი მღებავის გარდა არც არავინ კითხულობს. ათასნაირი იდიოტური და არაფრისმომტანი საქმით არიან დაკავებულები: ვაჟა ზაზაევიჩი ( თემიკო ჩირგაძის პერსონაჟი) შეხვედრიდან ბანკეტზე და ბანკებში დადის ( დაკავებული კაცის იმიჯი!), ომამდე ტანკისტი ვასო ჩორგოლეიშვილი ( ვასილ კახნიაშვილი) ავარიულ კაბინეტს ვერ თმობს და ჯიუტად ითხოვს უზარმაზარ ჩარჩოიანი ფერწერული ტილოს (რომელიც არც ნაწარმია და არც ნაწარმოები!) გატანას. ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი ჭადრაკს თამაშობს და ა.შ. ერთადერთი, ვინც თავის საქმეს პირნათლად ასრულებს ჩუმი მღებავი მიხოა ( ოთარ გუნცაძის პერსონაჟი).

ამ ქაოსს, ამ ხმების კაკაფონიას სისტემის ლპობა და მისი ნგრევა მოჰყვება, თუმცა ფორმის ცვლილებას აზროვნების ცვლა არ გამოუწვევია. ფინალში ახალ, მოდერნიზებულ შენობაში გადასული რედაქციიდან ვასო ჩორგოლაშვილის განწირული ყვირილი ისმის:

ვასო: გაიტანეთ! გაიტანეთ! არსად არ ვაგდებ! გაიტანეთ!

გრიშა: არ აგდებთ კი არა აგდებთ! მთელ გრელანდიას აგდებთ. იმიტომ რომ გეშინიათ მეორედ თავზე არ დაგეცეთ.

ვასო: მე არაფრის არ მეშინია! არაფრის არ მეშინია.

გრიშა: მე არა მაქვს ამ სურათის გატანის უფლება!

ვასო: აბა, ვისა აქვს, ვის!!!

ფილმი სრულდება ისე, როგორც იწყება: ვასო ჩორგოლაშვილის ერთგვარი აუტისტური აკვიატებით, სიახლის მიუღებლობის შიშით, ცვლილებების ისტერიულად მიუღებლობის შიშით. ეს არის ომამდე ტანკისტი კაცის ამბავი,რომელიც საკუთარ ბავშვურ სიჯიუტეს ეწირება და თავზე მთელი გრენლანდია ეცემა.

შეიძლება ითქვას, მთელი ფილმი ( თუ ნგრევის ეპიზოდს არ ჩავთვლით) ერთ სივრცეში ვითარდება. ეს ჩაკეტილი, ერთგვარი კლაუსტროფობიული გარემოა, სადაც ყველა დაკავებულია, მაგრამ არსებითად არც არაფერი კეთდება.

აბსურდის თეატრს დამსგავსებული რედაქცია კლაუსტროფობიულობის გარდა კიდევ სხვა გაცილებით მრავლისმთქმელი ნიშნებითაც ენათესავება აბსურდის ესთეტიკას.

დავიწყოთ ინტერტექსტუალობით. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი გივის ფენომენია ( რომელიც თავდაპირველად სცენარში გათვალისწინებული არც იყო ისევე, როგორც მარკშეიდერი). უხილავი გივი,რომელსაც საკუთარი კაბინეტი აქვს და აშკარად შტატშიც ირიცხება, რეალურად არ არსებობს.

გავიხსენოთ კადრი: სოსო მას ხელნაწერის ერთ-ერთი ეგზემპლარის გადასაცემად მიუკაკუნებს. ვიწრო დერეფანში მდებარე კაბინეტის გვერდით სხვენზე ამავალი კიბეა, საიდანაც მღებავი მიხო ჩამოდის.

სოსო: გივი, სოსო ვარ. გივი!

პაუზის შემდეგ ხელნაწერს კარებქვეშ შეაცურებს.

კადრში ორი მთასავით კაცი ჩნდება.

ისინი თითქმის ერთდროულად ამბობენ: გივი არის?

სოსო პასუხობს: მე მგონი, არა.

სოსო გადის. უცნობები გივის უკაკუნებენ: გივი, ჩვენ ვართ, გივი!

პაუზის მერე ისინიც გადიან.

ვფიქრობ, ეს მცირე ეპიზოდი აბსურდის თეატრის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის სემუელ ბეკეტის პიესის ,,გოდოს მოლოდინში“ პაროდირებაა. არ ვიცი, ეს რეჟისორისა და სცენარისტის მიერ ცნობიერად მოხდა თუ არაცნობიერად ( ალბათ, უფრო ცნობიერად) მაგრამ ფაქტია,რომ გოდოს (გივის) ლოდინის ქართული ვარიანტი მექანიკური და აზრგამოცლილია. იმის გაცნობიერეbა, რომ რეალურად შესაძლოა გივი არც არსებობდეს, ბადებს აბსურდის განცდას.

მეორე მიზეზი, რის გამოც ,,ცისფერი მთები“ აბსურდის ესთეტიკის მატარებელია არის თავად სცენარი, ამბავი, სადაც პრაქტიკულად არაფერი ხდება. მას ვერ მოყვები. ნარატივი აქ მეორეხარისხოვანია. ესაა ქმედებათა და მდგომარეობათა ანალიზი. მაყურებლის წინაშე განხორციელებული სანახაობა.

დავაკვირდეთ ფილმის მსვლელობისას გაჟღერებულ ფრაზებს:

,, -იგავ-არაკებს მიიღებს?

არა, მაგრამ უარს არ გეტყვით!“

 

-ალბათ დაბალი წნევა გაქვთ, ქალბატონო თამარ!

ასე ამბობენ, არ ვიცი.

 

– სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ, ბატონო ვაჟა!

რაში ვარო, რაო?

სიცარიელეში!

ძალიან კარგი!

 

-ერთი სიტყვით ასე, ჩემო სოსო. თინა შემომიტანს. რა ქვია შენ ნაწარმოებს?

-ცისფერი მთები ანუ ტიანშანი.

-წავიკითხავ. ცისფერ მთებსაც, ტიანშანსაც წავიკითხავ.

 

-რა ქვია ერთი სიტყვით, ტიან შანი და?

– ცისფერი მთები.

– ძალიან კარგი. ერთ-ერთი შემომიტანეთ.

– ერთია, ბატონო ვაჟა!

– მაშინ რად უნდა ორი სათაური! ორივე შემომიტანეთ, ორივე დამიდეთ მაგიდაზე.

– ერთია, ბატონო ვაჟა!

-ერთი იყოს, კი ბატონო!

-მაპატიეთ, დღეს დაბრუნდება თუ არა?

-არ ვიცი, შეიძლება დაბრუნდეს, შეიძლება-არა.

-დალოდების უფლება თუ მაქვს?

-კი ბატონო, დაელოდეთ.

– ბატონო ვასო, მე შესვენებაზე გავდივარ და შეიძლება ვეღარ დავბრუნდე!

ხო, კარგი.

-შაბიამნის ახალი პარტია მოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ!

9. -ერთი ეგზემპლარი ფიზკულტურის ინსტიტუტშიც უნდა მიიტანო!

-ფიზკულტურის ინსტიტუტში რატო?

-შენ არ მეუბნები-მთებიო, მწვერვალები? ისე,ყოველი შემთხვევისათვის. მერე რომ არაფერი თქვან.

10. -ბოდიში, თქვენზე მითხრეს ლიფტში გაიჭედაო და მართალია?

– რა ვიცი, მე მგონი.

11.- ტანკისტი ვიყავი, ომამდე და ა.შ. და ა.შ.

როგორც ხედავთ, ამ ფრაზათა სემანტიკური ანალიზი შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც ის დაცლილია შინაარსისგან. პერსონაჟები ერთმანეთს აბსურდულად, უაზროდ და უმიზნოთ, სასხვათაშორიშოდ ესაუბრებიან. აბსურდულია ასევე გარკვეული ეპიზოდები:

მოტოციკლეტი შუა რედაქციაში, იროდიონის სეიფში შენახული კვერცხები, მარკშეიდერის უაზრო წოწიალი, ვასო ჩორგოლაშვილის ლიფტში გაჭედვის ეპიზოდი, ვაჟა ზაზაეივიჩის ყალი დამოკიდებულება საკუთარი საქმის და პერსონალის მიმართ, ქუდის მოხდის ეპიზოდი და სხვ.

მიუხედავად იმისა,რომ ფილმი ჩაფიქრებული იყო, როგორც საბჭოთა სინამდვილის მძაფრი კრიტიკა , აქვე ისიც გასათვალისწინებელია,რომ რეზო ჭეიშვილის ცნობით, ყველა პერსონაჟს თავისი პროტოტიპი ჰყავს და ეს ფილმი მის რედაქციაში მუშაობის გამოცდილებასაც ეყრდნობა.

მისი იდეური მონახაზი სცდება კონკრეტული ეპოქის საზღვრებს. მსგავსი აბსურდი შეიძლება ნებისმიერ დროსა და დაწესებულებაში წარმოიქმნას: ოფისში, უნივერსიტეტში, პარლამენტში, ოჯახში, სკოლაში, სასტუმროში და ა.შ. და ა.შ. ერთი სიტყვით იქ, სადაც უპასუხისმგებლობა, არაპროფესიონალიზმი, სიყალბე, უაზრობა, ქაოსი მეფობს.

აბსურდის ფუნქცია შენგელაიას ფილმსა და რეზო ჭეიშვილის სცენარში მდგომარეობს შემდეგში:

1. გამძაფრებული და უფრო თვალსაჩინოა ის მახინჯი რეალობა, რომელსაც ფილმი ასახავს.

2. ნაჩვენებია ტოტალური გაუცხოება და ინდიფერენტულობა ადამიანებს (მათ შორის კოლეგებს) შორის.

3. აბსურდი და აბსურდიზმი უფრო მრავალჯერადი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ვინაიდან აქ არ არის ერთი კონკრეტული პასუხი. არის ფაქტის აღწერა. ანალიზი, შეფასება, კომენტარი ამა თუ იმ კონკრეტული ეპიზოდისა მაყურებელზეა.

 

2.
„ექსპრეს ინფორმაცია“ და სამოქალაქო ომის აბსურდი

1993 წელს ელდარ შენგელაიამ ,,ექსპრეს ინფორმაცია“ გადაიღო. ამჯერად, ფილმს საფუძვლად დაედო ჭეიშვილის რომანი ,,ასკილის წითელი ყვავილი“, რომელიც საბჭოთა კავშირის ლპობადი სისტემის და საბჭოთა საზოგადოების მორალურ-ზნეობრივ დეგრადაციას ასახავს. რომანში რამდენიმე ცენტრალური სიუჟეტური ხაზია: ასკილის საქმე, დუგლას ხეიძისა და ლალის ამბავი, დავერო მიქაშავიძის მაქინაციები, ჟორა ოგანეზაშვილის ამბები, ბესოს ისტორია, მიტროფანეს ტრაგიკული აღსასრული და ა.შ. რომანი ამ მხრივ პანორამულია. ფილმში რეჟისორმა პრინციპში ის ცენტრალური ხაზი დატოვა, რომელშიც უგამონაკლისოდ ყველა პერსონაჟია ჩარეული: ესაა ასკილის საქმე.

მოკლედ მოვხაზოთ ფილმის სიუჟეტი: ფილმი იწყება ჟურნალისტური გამოძიებით პირდაპირი ეთერია!). ადგილობრივი ქარხნის მიერ წარმოებული ასკილის წვენით ( რომლის დირექტორი დუგლას ხეიძე გახლავთ) მოიწამლნენ მაცხოვრებლები. არის მსხვერპლი. საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას კურირებს სამი ოპერ რწმუნებული: განსაკუთრებულ საქმეთა მთავარი გამომძიებელი მურმან ქვათარაძე, უფროსი გამომძიებელი ვაშაკიძე, უმცროსი გამომძიებელი უშვერიძე.

ასკილის საქმე იმდენ ადამიანს ჩაითრევს,რომ პრაქტიკულად, ყველა დამნაშავე გამოვა.

მიუხედავად იმისა,რომ ფილმს უმძიმეს სოციო-პოლიტიკურ ვითარებაში იღებდნენ ( თბილისის სამოქალაქო ომი, გამსახურდიას დამხობა, პუტჩი და სხვ.) ფილმი შეგვიძლია შეფასდეს,როგორც რეაქცია და რეფლექსია იმ კონკრეტული ეპოქისა და სისტემისა,რაც უკვე სულს ღაფავდა.

ფილმში ალეგორიის და აბსურდის ესთეტიკის მეშვეობითაა წარმოჩენილი მთავრობების ცვლის და სამოქალაქო ომის პერიპეტიები.
თუ, ვთქვათ, ერთ-ერთ ეპიზოდში დუგლას ხეიძის კაბინეტში ჩოხა-ახალუხიანი კაცის პორტრეტი კიდია ( მინიშნება ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაზე), ფილმის ბოლოს, სასამართლო სხდომის ეპიზოდში პორტრეტი ვიღაც მობღვერილსახიანი ავტომატიანი ტიპის სურათით იცვლება ( პოლიტიკური ტრიუმვირატი: კიტოვანი-სიგუა-იოსელიანი). ბოლოს, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კაბინეტში უთავო პორტრეტი კიდია.

„ ცისფერი მთების“ და „ექსპრეს ინფორმაციის“ შედარებისას, იკვეთება რამდენიმე ფუნქციურად მნიშვნელოვანი ნიუანსი:
„ცისფერ მთებში“ აბსურდის მომენტი სემანტიკაგამოცლილი და უმიზნო დიალოგების სახით იკვეთება. ანუ, როცა, აშკარა აცდენაა სიტუაციასა და ამ სიტუაციაში მოთავსებული პერსონაჟის მიერ წარმოთქმულ რეპლიკას შორის.

,,ექსპრეს ინფორმაციაში“ აბსურდი ძირითადად სიუჟეტური ხაზის მეშვეობით იკვეთება. თავად ამბავია აბსურდული. ყველამ ყველაფერი იცის. ყველა ყველას უსმენს. ამიტომაც, თითქმის ყოველ ეპიზოდში ჩანს კამერა, ხან მალულად, ხან კი აშკარად.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ,,მწვანეთა’’ მიერ გამართული აქციის დარბევაა,რომელიც ,,ჭრელო პეპელას’’ მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

,,ექსპერს ინფორმაცია“ აბსურდის ესთეტიკის მატარებელი ფილმია იმდენად, რამდენადაც მასში ომის ქაოსი წარმოჩენილია მეტად ტრაგიკომიკურ-ბუფონადურ სტილში.

ვრცელ სცენაზე შეკრებილი პერსონაჟები ერთმანეთს დაუნდობლად ესვრიან: ავტომატებს, ხელყუმბარებს, პისტოლეტებს, ნაღმმტყორცნებს და ა.შ. აქ არ არსებობს გამონაკლისი: ისვრიან როგოროც ექიმები, ასევე ფეხმძიმე პაციენტები, ისვრის პენსიონერი ლოლა ხეიძე, ოპერ მუშაკები, მუშები, სასაფლაოს დირექტორი და რაც ყველაზე საინტერესოა, ისვრის გარდაცვლილ-დასაფლავებულ-დატირებული ჟორა, იგივე ბიჭიკო ოგანეზაშვილი.

სროლის კადრებს ცირკის არენა ცვლის, რომელიც ფერად-ფერადი ფეიერვერკებით ივსება.

საბოლოოდ ყველას იჭერენ.

გადის დრო. ახალი მთავრობის პირობებში იწყება საყოველთაო ამნისტია. ათავისუფლებენ უკლებლივ ყველას, ბესარიონ გაბაშვილი გარდა, რომელსაც საპატრულო პოლიციის მოტოციკლის განზრახ დაზიანება ედება ბრალად. სასჯელი მეტად კომიკურია: 8 წელი მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. სასჯელის მოხდის შემდეგ ჩამოერთმევა საარჩევნო ხმის უფლება 10 წლის ვადით.
პაუზის შემდეგ ყველანი მღერიან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს: ,,თავისუფლება დღეს ჩვენი…’’, რაც ცხადია, ფილმის საერთო კონტექსტის გათვალისწინებით მეტად ირონიულ-პაროდიული ნიშნის მატარებელია.

საერთო ჯამში, მართალია, აბსურდის ფილოსოფია ქართული კულტურის არაორგანული, ნაკლებ მოსახელთებელი და დაუმუშავებული კომპონენტია, მაგრამ ქართულმა კინემატოგრაფიამ ამ ჟანრის ფარგლებში რამდენიმე ფილმის შექმნა მაინც მოახერხა, რაც დღემდე იძლევა რეფლექსიის საშუალებას.

(Visited 5 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა