ინტერვიუ მიხაელ ჰანეკესთან

სიტყვები

ინტერვიუ მიხაელ ჰანეკესთან

ინტერვიუ მიხაელ ჰანეკესთან

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი

 

რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრიტიკას მიხაელ ჰანეკე?

(იცინის) ამას მეც ვეკითხები საკუთარ თავს. თუ იღბლიანი ხარ, ფილმის კრიტიკა იმ შეცდომებს გიჩვენებს, რომლებიც დაუშვი. თუ არ ხარ, მაშინ თავს სწორად გაკეთებული რამეების გამო გესხმიან. მართლა ბუნდოვანია.

არსებობს წარმოდგენა თქვენზე,  როგორც პროვოკატორზე, დამსჯელზე, საყვედურის მთქმელზე.

არ მგონია, აუდიტორიის დასჯას ვცდილობდე.

მაგრამ ასეა თუ ისე, კრიტიკა გრძელდება. რა არის ის რაღაც, რაც სწორად გააკეთეთ და თავს სწორედ მის გამო დაგესხნენ?

არ ვამაყობ, როცა ჩემი ნამუშევრები არასწორად არის ინტერპრეტირებული. მაგრამ როცა გესმის კრიტიკოსების – პროფესიონალების თუ მოყვარულების – რეაქცია, ხშირად ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ რასაც ისინი ამბობენ, შენს ფილმთან საერთო არაფერი აქვს. ხანდახან ხდება, რომ მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ, მინდება ეგ კონკრეტული ფილმი ვნახო და დასრულების შემდეგ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სრულიად სხვა ფილმს ვუყურე. ეს პრობლემაა: მხოლოდ ეკრანზე ნაჩვენები ფილმი კი არ არსებობს, არამედ უამრავი სხვადასხვა ფილმი იკავებს თითოეული მაყურებლის თავში ადგილს. და როცა ვიღაც შენს ფილმზე წერს რამეს, რაც მას საერთოდ არ უკავშირდება, ეს ვერაფრით დაგეხმარება შენ, როგორც რეჟისორს.

ვეცადე, „ბედნიერ დასასრულის“ მიმოხილვა მის ნახვამდე არ წამეკითხა. მინდოდა, რაც შეიძლება სუფთა გონებით მეყურებინა. ეს არის თქვენი პირველი ნამუშევარი, სადაც ტელეფონები და კომპიუტერები ძალიან მნიშვნელოვანია სცენარისთვის…

პირველი არა. “ბენის ვიდეო”!

კონკრეტულად მიმოწერის ფაქტი ვიგულისხმე.

აჰ, გასაგებია. რადგან (“ბენის ვიდეო”) არც ისე ძველია.

მაგრამ რაღაც მიზეზი აუცილებლად არსებობს.

ვცდილობ, ავსახო საზოგადოება, რომელიც დღესდღეობით არსებობს. ეს კი შეუძლებელია გავაკეთო ციფრული მედიის გამოჩენის გარეშე, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა.

როგორ წყვეტთ, რა აჩვენოთ და რა არა, როცა საუბარი 13 წლის გოგოზეა, რომელსაც “აიფონით” მიმოწერა აქვს?

ბევრი რამ გავარკვიე, კვირები დავხარჯე ონლაინ ფორუმებზე. ამობეჭდავ – და ასობით გვერდი გაქვს წასაკითხად.

მკითხველად არ მუშაობდით, როცა ტელევიზიისთვის გამოსაყენებელი სცენარების დასტებს  კითხულობდით?

ეს ორი ერთიდაიგივე რამე არ არის. სცენარების კითხვისას, მასალა რაღაც კონკრეტულ ტრადიციაში ჯდება, როცა ონლაინ ფორუმი სრულიად ახალი მედიუმია.

როგორც დრამატურგი, მიმოწერას, ან ფორუმს, რამე კონკრეტული მიზნის მისაღწევად იყენებთ, თუ გადაღებებისას გახსნილი ხართ ახალი იდეების მიმართ?

როცა ვწერ, ასე თუ ისე, უკვე დაწერილი მაქვს, როგორ უნდა გადავიღო კონკრეტული სცენა.

სხვა მაგალითი რომ მოვიყვანო: არის სცენა, რომელიც მხოლოდ ერთი კადრი გრძელდება, სადაც ტრინტიგნანტის პერსონაჟი აფრიკელი მიგრანტების ჯგუფს უახლოვდება. არ გვესმის, რას ეუბნება მათ, რადგან კამერა ქუჩის მეორე მხარეს არის მოთავსებული, მაგრამ ეს სცენა საერთო ნარატივისთვის უმნიშვნელოვანესია. ოდესმე თუ არსებობდა ამ კადრისთვის დიალოგი? თუ კამერის რაკურსსაა გადაჯაჭვული?

მე დავწერე, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა გადატვირთულ ქუჩაზე, სადაც ბევრი საცობია. გადაღებამდე, დაწერის შემდეგ, როგორც წესი, ყველა გამოსახულებას თანმიმდევრულად ვალაგებ. ძალიან ცუდად ვხატავ, მაგრამ ჩემს გუნდს სათქმელს მაინც ვაგებინებ.

ხელახლა თუ გადახედავთ ხოლმე სცენარს?

ძალიან იშვიათად ვწერ სცენარს ახლიდან.  ხანდახან ისე ხდება, რომ რაღაც კონკრეტულ სცენას იგონებ, მაგრამ მისთვის შესაფერის ადგილს ვერ პოულობ გადასაღებად. ეს რამე ახალი კადრის მოფიქრებას გაიძულებს. მაგრამ თუ სულ 50 სცენა მაქვს, ეს მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ხდება. ზოგჯერ მსახიობების გამოც გიწევს რაღაცების შეცვლა.

ერთი კადრი უნდა გადაგვეღო კარაოკეში. მარტივად მქონდა დაწერილი, რომ კარაოკეს სცენა უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა მსახიობი შევარჩიე, მან ეს უბრალოდ ვერ მოახერხა. საშინლად მღეროდა. ამიტომ მისთვის ახალი სცენა დავწერე, რაც მის პიროვნებას შეესაბამებოდა. ხანდახან რაღაცები იქამდე არ უნდა შეკრა, სანამ მსახიობების არჩევას არ დაასრულებ.  თუ შენ სცენარს წერ ალპინისტზე და მსახიობს სიმაღლის ეშინია, ეს უკვე პრობლემაა.

როგორც თქვენს ადრეულ ნამუშევრებში, ამ ფილმშიც არსებობს რაღაც მტანჯველი სინდისი – თითქოს პერსონაჟები, ან, გნებავთ, კინომანები, ცდილობენ, კონკრეტული მოვლენები თავიდან ამოიგდონ.პიერს აფრიკელი მიგრანტები დედამისის ნიშნობის წვეულებაზე მიჰყავს, სადაც ისეთ სიტუაციას ქმნის, რომლის დაიგნორებაც შეუძლებელია. ჩვენ ელიტურ უთანასწორობას ვადევნებთ თვალს. ევროპულ საზოგადოებაში კლასებს შორის სხვაობა თუ გაიზარდა?

შვილს, უბრალოდ, იმიტომ მიჰყავს მიგრანტები იქ, რომ დედამისს სამაგიერო გადაუხადოს მისი ოჯახიდან მოკვეთის გამო. ანუ ეს სცენა ჩვენს სრულ უცოდინრობაზეა ჩვენ გარშემო მყოფ სამყაროსთან მიმართებაში. არამგონია, იმაზე განსხვავებული სიტუაცია იყოს, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა, მაგრამ ადამიანებს არ გვიყვარს პრობლემებისთვის თვალის გასწორება და პასუხისმგებლობის აღება, განსაკუთრებით კი იმ პრობლემებისა, რომლებისთვისაც თავად შეგვიძლია პასუხისგება. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ევროპელებს არ სურთ მიგრანტების კრიზისის დანახვა, ამერიკას კი –  მონობასთან ბრძოლა. ჩვენ ვიმკით იმას, რაც ჩვენმა მშობლებმა და წინაპრებმა დათესეს. კონკრეტულად, კოლონიალიზმს ვგულისხმობ.

რომელი სცენა იყო ყველაზე რთულად გადასაღები?

მაგალითად, ჟან-ლუისისთვის, დასასრული არ იყო მარტივი. მეტიც, ეს სცენა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან სტრესული გამოვიდა, რადგან მხოლოდ ერთი საათი გვქონდა კადრის გადასაღებად, სადაც ზღვის მიმოქცევა საჭირო დონეზე იქნებოდა. ამიტომ გვჭირდებოდა სამი დღე, ოღონდ ყველა დღეს ერთიდაიგივე ამინდით.

ის სცენა, სადაც ახალგაზრდა გოგონა მანქანაში მამამისთან ერთადაა, რთული იყო. (მამა) მანქანას საცობში ყოფნისას ატარებს, ამ კადრში კი ბავშვს კონკრეტულ მომენტში უნდა ეტირა. ბავშვებთან მუშაობა უფრო რთულია, ვიდრე პროფესიონალ ზრდასრულებთან.

ფილმის სცენარზე საუბარი უფრო მოგწონთ თუ რეჟისურაზე?

პროცესზე. ხალხი ყოველთვის ცდილობს, რომ მაყურებელს მივცე რამე ხელჩასაჭიდი ჩემი ნამუშევრების ინტერპრეტირებისთვის, მე კი ეს არ მინდა.

მაგრამ მაინც რამდენი შესაძლო ინტერპრეტაცია არსებობს? საბოლოოდ, მესიჯი საკმაოდ ნათელია.

მესიჯები არ მაქვს. მესიჯები მეზიზღება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბედნიერი დასასრული“ „სიყვარულზე“ ნაკლებად ოპტიმისტურია?

„ნაკლებად ოპტიმისტური“. ეს უკვე ერთი ინტერპრეტაცია. თუ ეს იპოვე, მაშინ მართალი ხარ. ყველა ინტერპრეტაცია მართალია. თუ მე ამ ინტერპრეტაციებს არასწორად ვთვლი, მეც მართალი ვარ.

მაგრამ უდავოა, რომ ამას თქვენს მსახიობებს ვერ ეტყვით.

ვეტყვი. მეზიზღება, როცა მსახიობებს განხილვა უნდათ ისეთი რამეების, როგორიცაა „ეს რატომ უნდა გავაკეთო“? ჩემთვის, თუ შენ ამას კარგად გააკეთებ, მაშინ კარგია. თუ არ გააკეთებ, გეტყვი, რაში ხარ არასწორი. მაგრამ არ მკითხო რატომ. მე შენ გირჩევ მსახიობად, შენ იყავი შენი თავი. საუკეთესო ვარიანტი ეს არის.

საიდან ხვდებით, რა არის სწორი და რა არა?

ინსტიქტი! ძალიან კარგი სმენა მაქვს. უმცირეს არასწორბ ბგერასაც კი ვხვდები და ვამბობ „ეს პაუზა 10 წამით ზედმეტია“. თუ იზაბელ ჰუპერტისნაირ ადამიანთან მუშაობ, ეს პრობლემა არ არის – პაუზას ან უფრო გაზრდის, ან მოუკლებს, და ყველაფერი მზადაა (იცინის).