მომღერალს როგორც მებრძოლს ისე აღვიქვამ (ინტერვიუ სალომე ჯიქიასთან)

სიტყვები

მომღერალს როგორც მებრძოლს ისე აღვიქვამ (ინტერვიუ სალომე ჯიქიასთან)

მომღერალს როგორც მებრძოლს ისე აღვიქვამ (ინტერვიუ სალომე ჯიქიასთან)

სალომე ჯიქია ბოლო დროის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სოპრანოა, მისი გამოსვლები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა, მასზე ფრანგული გამოცემა „ფიგარო” წერს: – „ჩვენ ველით, რომ ახალგაზრდა ქართველი სოპრანო, მალე მსოფლიოს დაიპყრობს“. მისი სპექტაკლები გადაიცემა BBC პირდაპირ ეთერში, პარტნიორობას უწევს მსოფლის ისეთ საოპერო ვარსკვლავებს როგორიცაა , ხოსე კარერასი, ფრანკო ფაჯიოლი, ხუან დიეგო ფლორესი, მაიკლ სპაიერსი, ერვინ შროტი და ა.შ. ამჟამად ის იტალიაში ქალაქ პალერმოშია და ემზადება როსინის ოპერა „ვილჰელმ ტელში“ მატილდას პარტიის შესასრულებლად.

სიტყვები“ დაუკავშირდა სალომე ჯიქიას და გთავაზობთ მასთან ფეისბუქით ჩაწერილ ინტერვიუს.


 

 

სალომე, შენ არ დაგიმთავრებია კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი და მსოფლიოში ჩვენი თაობის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული საოპერო მომღერალი ხარ. ეს ყველაფერი კი ოპერის თეატრის გარდერობში მუშაობით დაიწყო. ჰოლივუდური ფილმის სცენარივით ვითარდება შენი ცხოვრება, მომიყევი შენზე.

დიახ, რაღაცით „კონკიას“ ჰგავს ჩემი ცხოვრება. ბავშვობიდან დედამ შემაყვარა ხელოვნება, ის ისეთი გატაცებულია ოპერით, რომ მეც გადმომედო თავისთავად საოპერო მუსიკის სიყვარული, თუმცა ვოკალზე არც მიფიქრია, საფორტეპიანოზე ჩავაბარე და პარალელურად ოპერის თეატრში გარდეროფში ვმუშაობდი, მესამე კურსზე ვიყავი როცა თემურ გუგუშვლთან დავიწყე მეცადინეობა და გამიტაცა სიმღერამ, შემდეგ ისე ბუნებრივად გადავედი საფორტეპიანო მუსიკიდან საოპერო მუსიკაში, რომ ლამისაა ვერც გავიგე.

როგორ ფიქრობ, რას მოგცემდა კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის დამთავრება ისეთს, რაც საოპერო სცენისთვის უფრო გამოგადგებოდა?

ვფიქრობ, ერთადერთი საოპერო სტუდიის გამოცდილება დამაკლდა. პირველი ნაბიჯების გადადგმა სცენაზე იტალიაში, პირდაპირ დიდ სცენაზე, ქალაქ კომოს თეატრში მომიწია და ეს იყო იმხელა დაძაბულობა და სტრესი, რომ დღემდე არ მავიწყდება.

კიდევ ერთხელ გილოცავ „ტრავიატას“ თბილისურ პრემიერას. კარგად მიიღო პუბლიკამ შენი ვიოლეტა. ვფიქრობ, ეს სპექტაკლი იქნება ბოლო პერიოდის თბილისის ოპერის ისტორიის ერთ–ერთ მნიშვნელოვანი ფურცელი, ასევე შენთვისაც. სხვადასხვა ქვეყნებში წარმატების შემდეგ პირველად იმღერე საქართველოში მთელი პარტია, მომიყვე რაიმე ამ სპექტაკლზე.

მადლობა მოლოცვისთვის. რეჟსორის ნამუშევარი მაყურებელმზ ნახა და თავად შეაფასოს. მე ყოველთვის მინდა შევაქო და ავღნიშნო ჩემი სცენიური პარტნიორები, და ამ შემთხვევაში სულხან გველსიანი და ოთარ ჯორჯიკია ამის საშუალებას მაძლევენ, ძალიან სასიამოვნო იყო მათთან სიმღერა, ასევე დამწყები მომღერალი გოგა დავითაძე, რომელიც ჩემს პედაგოგთან გოჩა ბეჟუაშვილთან მუშაობს. თუმცა ვისურვებდი ოპერაში მეტად მიეცეს ახალგაზრდა რეჟსორებს მუშაობის შესაძლებლობა, შესაძლოა კრიტიკაც გამოიწვიოს მათმა ინტერპრეტაციებმა მსმენელის, მაგრამ ჩემი აზრით საჭიროა სიახლე და ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის ასპარეზის მიცემა.

თბილისამდე ვიოლეტას პარტია ბერლინში იმღერე გეოტ ფრიდრიხის დადგმაში, როგორი სპექტაკლი იყო დოიჩე ოპერის „ტრავიატა“?

სპექტაკლი რომელიც ბერლინში ვიმღერე ათიწელია რეპერტუარშია, ერთგვარად გამოცდილი სპექტაკლია, მოსწონს მაყურებელს, ისიც ისე როგორც თბილისის სპექტაკლი არ იყო თანამედროვე დადგმა. თუმცა საკმაოდ საინტერესო ინტერპრეტაცია იყო და ერთ–ერთი საეტაპო მნიშვნელობის ჩემს სასიმღერო საქმიანობაში.

ხშირად ექცევი ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში, მაგალითად გასულ წელს შენს შესახებ პეზაროში როსინის ფესტივალის შემდეგ კრიტიკოსებმა დაწერეს, – ხმის ფლობითა და ტექნიკით ჩეჩილია ბარტოლის ჰგავს და ტემბრით ანა კატერინა ანტონაჩისო. თბილისში თუ დაიწერა რიამე „ტრავიატას“ შემდეგ?

მე არაფერი მომსვლია, არაფერი წამიკითხავს ჯერ.

ჩვენთან მოშლილია მთლიანად კრიტიკილი დისკურსი, რა არის შენი აზრით ამის მიზეზი?

პატარა სივრცეა ჩვენთან, ყველა ერთმანეთის ახლობელია და კრიტიკა პიროვნულ დონეზეა გაგებული. ჩვენს თავზე მაღლა ვერ ვაყენებთ საერთო სახელოვნებო პროცესსა და საყვარელ საქმეს. არადა ძალიან აკლია კრიტიკა ჩვენს საქმიანობას. ვფიქრობ ჯანსაღი პროფესიონალური რეცენზიები, გადაცემები მსჯელობები ერთიორად გაზრდიდა ხარისხსაც და მსმენელის რაოდენობასაც.

შენ გასულ წელს იმღერე ბელგიაში, ქალაქ ლიეჟის თეატრში მოცარტის „დონ ჟუანში“ დონა ანას პარტია, ეს იყო თანამედროვე დადგმა. შენი დაკვირვებით როგორია ასეთ სპექტაკლში მსახიობი და როგორია ძველ, ტრადიციულ დადგმებში და რომელი უფრო საინტერესო გგონია?

თუკი არაა თითიდან გამოწოვილი და ნამდვილად ისაა, რაც უნდა რეჟისორს, არ ეკეკლუცება მაყურებელს მარტივად აღქმადი ან მოდად ქცეული ვიზუალით და სცენებით, ძველიც კარგია და ახალიც. სიყალბე გადამდებია, უცბად მოიცავს მთელ სივრცეს და წყდება კავშირი სცენასა და მაყურებელს შორის. როცა ნამდვილია სპექტაკლი რეაგირებს მსმენელი, ტრადიციულ თუ თანამედროვე დადგმაზე. “დონ ჟუანი” დადგა გენიალურმა კინორეჟსორმა ჟაკო ვან დორმაელიმ, თანამედროვე სპექტაკლი იყო, დონა ანა პირველ სცენაში მოცურავს აუზში, საკმაოდ ბევრი სიშიშვლეა და აქვს ინტიმური სცენაც, მაგრამ ამას ცუდად არ შეხვედრია მაყურებელი, პირიქით. სპექტაკლის შემდეგ იყო მცირედი კრიტიკაც, და ეს არის სრულიად ჯანსაღი პროცესის შემადგენელი ნაწილი. ჯაკომ იმდენად კარგად იცის რა უნდა მიიღოს მსახიობისგან, ისე გიხსნის და გეხმარება, რომ მასთან მუშაობა დიდი სიხარულია. ხანდახადან მიჭირს რეჟისორთან მუშაობა, რადგან თავად არ იცის რა უნდა და მერე მე მიწევს ჩემს ინტუიციას მივყვე.

ჯ. როსინი ოპერა „ტბის ქალწული“ ხუან დიეგო ფლორესთან

დაკვირვებული თვალი შემაჩნევს, რომ საოპერო სცენა ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩამორჩება განვითარებით დრამატულ თეატრს, შენი აზრით დღეს ოპერა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის ადგილია თუ მასაც შესწევს ძალა ფეხი აუბას თანამედროვე თეატრალურ ტენდენციებს, ილაპარაკოს ჩვენს ირგვლივ არსებულ პრობლემებზე და ჩადგეს საზოგადოების, სოციალურ-პოლიტიკური განვითარების სამსახურში?

ეს ადრე იყო ოპერა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის ადგილი, ახლა ასე აღარაა, ევროპაში კარგი რეჟისორები საუბრობენ ისე, როგორც იმეტყველებდა მათი პროდუქტი დრამატულ თეატრში და არაა მათი ენა – გაქვავებული თეატრალური ენა. მართალია მუსიკა ჩარჩოებში აქცევს ხოლმე რეჟისორს და ძალიან რთულია ამით ოპერის რეჟისურა, მაგრამ ახერხებენ კარგი რეჟისორები დღესდღეობით თანამედროვე ადამიანისთვის ახლობელი გახადონ საოპერო წარმოდგენები, ხშირია ამის მაგალითები გერმანულ თეატრებში. თუმცა, ალბათ თანამედროვეობა ყველაზე მეტად ახალ ოპერებში უნდა აისახოს, რომლებიც ახლა უნდა იწერებოდეს.

სწორედ თანამედროვე მუსიკაზე მინდოდა მეკითხა. მომისმენია შენი შესრულებული ბრიტენის, დებიუსის ციკლები, შენი დაკრული ჰინდემიტი და შოსტაკოვიჩი, ასევე ჩვენი თანამედროვე ავტორები. თანამედროვე მუსიკას იშვიათად ასრულებენ საოპერო დასები და ვარსკვლავები, ახალგაზრდა კომპოზიტორები და თანამედროვე კლასიკური მუსიკა ამით უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე შეიძლებოდა განვითარებულიყო, შენი აზრით რატომ ხდება ასე?

კი, იშვიათად სრულდება ახალი მუსიკა, ახალი დაწერილი კი არა, ენობრივად, კონცეფციით ახალი მუსიკა და მსმენელიც არ გვყავს ჯერ ამის, მათაც გაზრდა ჭირდება. მაგალითად, როგორც მიქელანჯელოს ნამუშევრებს უყურებ და აღიქვამ ისეთივე მიდგომით პიკასოს ვერ გაუგებ. მახსოვს ბათუმში ვიმღერე მესიანის ციკლი, მსმენელმა (სხვათაშორის მუსიკოსებმა), დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი. არადა რაღა დროს მესიანის თანამედროვედ მოხსენიებაა?! არა უშავს, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ, უნდა ვიმღეროთ ერთი საუკუნის წინ დაწერილი მესიანიც, ბარტოკიც და სრულიად ახალი ქართველი კომპოზიტორებიც, თუნდაც ეს იყოს მათი წარუმატებელი მცდელობა, მცდელობები ხელს შეუწყობს, ასი წლის შემდეგ შემდეგ ჩვენს მომავალ თაობას ჰყავდეს XXI საუკუნის ქართველი კომპოზიტორები, რომელებიც გაიზრდებიან ჩვენთან მუშაობით და მომავალში ჩვენი ქვეყანა მარტო შემსრულებლებით კი არა, შემოქმედებითაც მოიწონებს თავს საერთაშორისო ასპარესზე. სიახლეს ყოველთვის პრობლემები აქვს საზოგადოებაში, მით უფრო კონსერვატიულ ხელოვნების ჟანრებს. სამწუხაროდ მე აღარ მაქვს აქტიური შეხება თანამედროვე მუსიკასთან, რადგან მოცარტის, როსინის დირიჟორების ყურადღების ცენტრში მოვექეცი ამ ეტაპზე, თუმცა ვიმედოვნებ, ახალი მუსიკის შესრულებაში აქტიურად ჩავერთვები. არ შეიძლება ჩაკეტვა ერთ სტილში, ჩემი აზრით მრავალფეროვანი რეპერტუარი ზრდის მუსიკოს.

ვ. ა. მოცარტი ოპერა „მითრიდატე“ ლონდონის სამეფო თეატრი

ორი წელია შენ გაქვს ტურნე მსოფლიოს გარშემო ხოსე კარერასთან ერთად, რა მოგცა ამ კონცერტებმა როგორც მუსიკოსს?

პირველად “Chek in Georgia”-ს ფარგლებში ვიმღერე ქუთაისში კარერასთან, მას შემდეგ ისე შემიყვარდა ეს ქალაქი, რომ სიამოვნებით დავბრუნდებოდი და კონცერტს გავმართავდი. ამ კონცერტის შემდეგ კარერასმა თავად გამოთქვა სურვილი მასთან ერთად ტურნეში მევლო და რამდენიმე ქყვეყანაში გავუწიე პარტნიორობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრწყინვალე ტენორი ახლა ასაკშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამატებითი პრობლემაა სიმღერისთვის მღერის, მღერის შედარებით მსუბუქ რეპერტუარს. ისეთი გულწრფელობა და მდიდარი მუსიკალური გემოვნება მოდის მისგან, რომ დაუვიწყარი საღამოებია ოპერის მოყვარულებისთვის მის კონცერტზე მოხვედრა. მასთან თანამშრომლობამ კი მე ძალიან, ძალიან ბევრი რამ მასწავლა.

ხოსე კარერასთან ტოკიოში გამართულ კონცერტამდე პრესკონფერენციაზე

დარბაზებს რომ გადავხედოთ მსმენელის უმრავლესობის ასაკი 45 – 50 წლიდან იწყება, თუ მუსიკოსი არაა ადამიანი და არაა თეატრთან დაკავშირებული პროფესიით იშვიათია, რომ ოპერაში დადიოდეს სისტემატიურად, შენი აზრით რითაა ეს განპირობებული?

გენერალურ რეპეტიციაზე ახალგაზრდებითაა გადაჭედიალი დარბაზები, ეს მაფიქრებინებს, რომ მატერიალური მდგომარეობა განსაზღვრავს ამას. მეორე მხრივ გეთანხმები, ოპერა არაა სახალხო ხელოვნება, სხვაგვარ განათლებას ითხოვს მსმენელისგან, რომ მოისმინოს ოპერა და დღესდღეობით მუსიკის მოსმენის სურვილის დასაკმაყოფილებლად იმდენი სხვა მარტივი და არც თუ უხარისხო ჟანრია, რომ აღარ წუხდება ადამიანი დიდად ალბათ.

ქართველი მომღერლების შესახებ მთელი ცივილიზებული სამყარო ლაპარაკობს, ასეთი პატარა ქვეყნისთვის ბევრი მომღერალი გვყავს, მათ შორის ისეთები რომელთა სახელის გამოჩენა აფიშაზე წარმატებული სპექტაკლის გარანტიაა თეატრებისთვის. როგორ ფიქრობ რაა ბოლო დროს ამდენი ქართველი მომღერლის წარმატების გასაღები, ბუნება, ვოკალური სკოლა, გახსნილი საზღრები თუ რა?

მხოლოდ კარგი არა, კრიტიკაც მომისმინია ქართველი მომღერლების შესახებ, მაგრამ ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი მომღერალი მართლა ნიშნავს, რომ სკოლაა კარგი. მაგალითად, ბევრი მომღერალია გოჩა ბეჟუაშვილის გაზრდილი თბილისის ოპერაშიც და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ჩემი პედაგოგია გოჩა და პირველი ის გამახსენდა, თორემ კიდევ არიან ვოკალური ხელოვნებისთვის თავგადადებული ადამიანები, რომელთა მუშაობა პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლაა კარგი და არა მარტო ხმები.

სამი საოპერო თეატრია ჩვენს ქვეყანაში და ასე თუ ისე არის სპექტაკლები, თუმცა ისინი მაინც ვერ ცდებიანს რამდენიმე ასეული ოპერის მოყვარულის ჩაკეტილ წრეს, ეს აჩენეს აზრს, რომ საბოლოო ხარისხის მიღებაში არის რაღაც პრობლემები, ვოკალისტების ხარისხზეც უკვე ვილაპარაკეთ, როგორ გგონია რომელი რგოლი საჭიროებს ყველაზე მეტად ხელშეწყობას ქართულ საოპერო სივრცეში?

აქ მგონია, პრობლემა პრიორიტეტებშია. აღარაა დაინტერსებული სახელმწიფო, რომ იყოს ქვეყანაში ბევრი მუსიკალური სკოლა, შესაბამისად არაა კადრები, არაა კონკურენცია და იკლებს ხარისხიც. მაგალითად კონსერვატორიაში საფორტეპიანოზე კათედრაზე არის 8 ადგილი და აბიტურიენტების რაოდენობის დასათვლელად ზოგჯერ ორივე ხელიც არაა საჭირო, ასეა და უარესადაც სხვა სპეციალობებზე. ერთი ხელის მოსმით არ შემიძლია ვთქვა ამ პრობლემაზე, ეს უფრო გლობალური, ფასეულობების კრიზისი მგონია. მშობლებს უნდათ, მაინცდამაინც ბანკირი იყოს მისი შვილი, რომ საკუთარი აუხდენელი სურვილების რეალიზება მოახდინონ მათში, ან, – “როგორ გვარჩენ სიბერეში”, და მგავსი კითხვები არ უნდა გვიტრიალებდეს თავში.

ახლა ოდნავ ხუმრობით რომ ამბობენ, მაგრამ სიმართლეს რომ მალავენ მის უკან, იმ ხუმრობაზე მინდა გკითხო: ამბობენ, სამყაროში არსებობენ ადამიანები და არსებობენ ვოკალისტებიო, კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ ტენორებიო, და ამას იმეორებენ იმდენჯერ, იმ დოზით და იმდენგან, რომ მარტო ხუმრობასაც აღარ ჰგავს ეს. ნუთუ მართლა ასეთი კრიზისია პიროვნებების საოპერო სივრცეში?

შემიძლია გითხრა, რომ ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმღერაში ვინ დგას სცენაზე პერსონაჟს მიღმა, ვინ გააკეთა ესა თუ ის სახე, რა მუსიკალურ–შემოქმედებითი ინტელექტუალური ბაზისითაა გამოძერწილი გმირი, აი მე აქ ვხედავ ხოლმე ინტელექტუალურ ნიშნებს. მაგალითად, კონტრტენორ ფაჯიოლისთან სიმღერისას ბანალურად რომ ვთქვა, პიროვნულად გავნათდი, იმოდენა დახვეწილობა მოდის მისგან, იმოდენა სიმშვიდე, თავმდაბლობა, სისადავე და მაღალპროფესიონალური, მაღალპიროვნული თვისებები. როცა მოცარტის „სემირამიდაში“ არსაჩეს მღეოდა ჩემთან ჰქონდა ორი უზარმაზარი დუეტი, მასთან მუშაობამ სხვაგვარად დამანახა პარტნიორის მიმართ დამოკიდეულების მნიშვნელობა და ამ დამოკიდებულების შედეგი შემდეგ უკვე სცენაზე, – პატივისცემა ტექსტის, კომპოზიტორის, სტილის მიმართ და ამ ყველაფრის ფონზე თავისუფლება მუზიცირებაში, პატივისცემა პარტნიორის, პიროვნებისა და მუსიკისადმი. აი ასეა, თუ პიროვნულად არ არის ადამიანი საინტერესო, არაა აღჭურვილი მისი პროფესიის იქით დიდი განათლებით, მისგან მხოლოდ ლამაზი, მაგრამ უშინაარსო ტემბრი და დიაპაზონი მოდის, მხოლოდ ტემბრითა და დიაპაზონით რამდენიმე საათით დარბაზის დაპყრობა კი ძალიან რთულია. ზოგჯერ მომღერალს როგორც ბრძოლის ველზე წასულ მებრძოლს ისე აღვიქვამ, უამრავი აღჭურვილობა, დიდი მომზადება და უზარმაზარი კონცენტრაცია რომ სჭირდება.

ჩვენს ქვეყანაში რთული სოციალური მდგომარეორბაა, დაუძლეველი სიღარიბე, ყველა სფეროში ნეპოტიზმია, ამ რამდენიმე დღის წინ სკოლის მოსწავლეებს შორის უბედური შემთხვევაც დატრიალდა, ადამიანებს არ აქვთ სამართლიანობისა და დაცულობის შეგრძნება შენ კი ამ ქვეყნიდან საცხოვრებლად არ გადადიხარ, მაშინ როცა არც ერთი მომღერალი, რომელსაც მეტნაკლები წარმატებები აქვს მსოფლიოში საქართელოში არ რჩება საცხოვრებლად. როგორ ახერხებ ამ ქვეყნიდან ასეთი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების მართვას და რატომ არ გადადიხარ საცხოვრებლად?

დიახ, რთულია ამ ქვეყანაში ცხოვრება. მე ვმუშაობდი ორი წელი ლოტკინზე მუსიკალურ სკოლაში, გაყინულ ოთახში, მყავდა 8 მომსწავლე და გაკვეთილების შემდეგ 40 წუთი ავტობუსს ველოდი რომ სახლში დავბრუნებულიყავი, ეს რომ მახსენდება ახლაც მზაფრავს. ახლა უკვე მაქვს კონტრაქტები ევროპაში და თითქოს მოვწყდი გაჭირვებას, მაგრამ ჩემს ირგვლივ მაინც უამრავი ადამიანია იგივე მდგომარეობაში და ეს ძალიან მაწუხებს. სულ ვფიქრობ როდის შეიცვლება ეს ყველაფერი.

წასვლას რაც შეეხება, ისეთი ქვეყანა, ქალაქი უნდა ავარჩიო სადაც ჩემი სანაცნობო მეყოლება, მეგობრები. არ შემიძლია ადამიანური ურთერთბების გარეშე, ძალიან დიდი ოჯახი მყავს და ჩემი ოჯახის წევრებთან შეხვედრა ისე მავსებს ენერგიით, რომ მგონია მერე ჩემი ყველა ნამღერი მათ სიყვარულითაა დამუხტული. ჯერჯერობით, თბილისში ვცხოვრობ, ალბათ წავალ ოდესმე, მაგრამ არა სამუდამოდ. თუმცა ისე ვერ წავალ, რომ იქ მარტო დავიგულო თავი, ადამიანური ურთიერთობების გარეშე ძალიან ვცარიელდები.

საუბრის დასასრულს, ვიდრე დაგემშვიდობები, მოგილოცავ დამდგ შობა-ახალ წელს, მადლობა, რომ გამონახე დრო ინტერვიუსთვის და ტრადიციულად, სამომავლო გეგმებზე გკითხავ, რა სპექტაკლებს მოამზადებ უახლოეს მომავალში?

მომავალი სამი წლის კონტრაქტები ვიცი, მაჩერატაში უნდა ვიმღერო ვერდის „ტრავიატა“, ბოლონიაში მოცარტის „დონ ჟუანი“, ლონდონში მოცარტის „ასე იქცევა ყველა ქალი“, შვეიცარიაში მოცარტის „ტიტუსის გულმოწყალება“ და ა.შ.
მეც გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ “სიტყვებს”.

2017 წელი

 

ესაუბრა ალექსანდრე დეკანოიძე