ზაზა თვარაძე – ბალადა ზესტაფონელ პრავადნიკზე

სიტყვები

ზაზა თვარაძე – ბალადა ზესტაფონელ პრავადნიკზე

ზაზა თვარაძე – ბალადა ზესტაფონელ პრავადნიკზე

 

ასეთ თემაზე საჭიროა დინჯი მსჯელობა,
უნდა ერიდო მეტაფორებს, ყალბ რიტორიკას,
თუ მოახერხებ, პათეტიკაც უნდა ალაგმო,
კარგი იქნება, ბარბარიზმებს თუ დაახვავებ
და შიგადაშიგ გამოურევ ერთი-ორ რითმას…
თუმცა, ჯანდაბას ორი რითმა-მე ვლაპარაკობ
იმ რთულ საკითხზე, რომ ცხოვრება არის სიზმარი,
რომ ჩვენ გვძინავს და გვესიზმრება ეს ყველაფერი:
ქალაქი, ქვები, ჩუქურთმები, ბუნებრივი ღამის სიზმრები-
სადღაც კი დარჩა სხვა რეალობა, რომელიც ზოგჯერ
ნიშანს გვაძლევს მტრედებით ან ყორნის გუნდებით,
ღრუბლებით, სუსხით, გაზაფხულით, დეჟავუს განცდით-
ხომ შეიძლება თუნდაც ერთხელ, თუნდაც ერთ ვინმეს,
ვთქვათ – მატარებლის კონტროლიორს,
ტრანსცედენტური რეალობა არწივის სახით გამოეცხადოს,
მინდობილად დააჯდეს მხარზე;
იმ მომენტიდან ის კაცი უკვე აღარ იქნება კონტროლიორი,
ის კუშტი სახით აღარ გკითხავს: თქვენი ბილეთი!
არამედ ზეზე წამოიჭრება,
ქუდს მოიშვლიპავს
და ქერუბინის საყვირივით ჩაგყვირებს ყურში:
-გაიღვიძე! გაიღვიძე!
ნუ გძინავს, იუზგარ!
წინ სადგური ზესტაფონია!..
მატარებელი კვლავაც განაგრძობს
სიზმარულ სრბოლას დილის ჯანღებში
მძინარეების დიდი თავებით გამოტენილი,
თან გაყვება ტყეების ექო, გატეხილი
ქვის ხიდების ხმა,
ამ დროს კი ვიღაც შერეკილი კონტროლიორი
აგზნებული ირბენს ვაგონში
მხარზე არწივით
და ზესთასოფლურ ზესტაფონის ჰიმნებს იმღერებს…

ეს არის მითიური ბოდვა. უხსოვარ
დროში ის შეთხზეს წევრებმა ძველი ფხიზელი მოდგმის,
რომლებსაც ძილშიც შერჩენოდათ სიცხადის ხსოვნა,
ან, თუ გინდა – ამ ხსოვნის თუნდაც ერთი მისხალი.
ხდებოდა ხოლმე: ვინმე მეთევზე, ანდა ვინმე ფლიბუსტიერი
ელვასავით იგრძნობდა ამას
და მთელი ხმით დაიყვირებდ:
,,გაიღვიძეთ! წინ სადგური ზესტაფონია!’’ –
მათი ეს ხმები
ბილინგვური სკრუპულოზობით აღნუსხულია
უძველეს დროთა
ბუსტროფედონულ მანუსკრიპტებში –
,,სიცოცხლის წიგნში’’ , ,,ტბეთის სულთა მატეანეში’’…
მაგრამ ეჰ, ძმაო,
ჩვენს პრაქტიკულ საუკუნეში,
როცა ძველი ხელნაწერები სიზმარეულ ალზე იწვიან,
ვიღას სჯერა ამგვარი ბოდვა –
ვთქვათ, თუ ჩვენს ახლოს ვინმე იყვირებს ქუდმოშვლეპილი:
,,ფეხზე ადექით! წინ, ზეციური ზესტაფონია!’’
აშკარაა, რომ ეს ან გიჟია,
ან რომელიმე პარტიის წევრი.
ანდა, უკეთეს შემთხვევაში,
თუ ეს მოხდა მაინცდამაინც მატარებელში,
როდესაც ვინმე ჰეროიკული სახით სჭექავს:
,,ჰე, ზესტაფონი!’’,
ყველა იფიქრებს, რომ ეს უბრალო პრავადნიკია
და მომდევნო სადგურს აცხადებს.
მართლაც – რომელი ბრიყვი იტყვის, რომ სინამდვილე,
ასეთი მკაცრი და ნაცნობი,
თავის ვაგზლებით, მიტინგებით, ლიცეუმებით,
ქოხებით, რისხვით, გაჭირვებით, ოჯახქორობით –
მხოლოდ და მხოლოდ სიზმრის ლანდია?
რომ მოქალაქე, ვთქვათ ეს კაცი აგერ რომ მოდის,
არის სიზმარი?!
არა! ამქვეყნად პრაგმატიზმის დროშა ფრიალებს,
მიმოიხედე,
შენ სიზმრებში მოხეტიალევ:
ირგვლივ მძინარე ურჩხულები ეძლევიან თავდავიწყებას,
სიზმრის ძაღლები ტკვირავენ რკინას,
თან ცრიან ცრემლებს,
სიგიჟის ლანდი მოედნების თავზე ტრიალებს,
იქ, სადაც მძიმედ დაფარფატებენ
შემჭვარტლული ყორნის გუნდები,
მიმოიხედე:
ქალაქი ჭმუნავს, როგორც ტვინი კოშმარით სავსე,
ის ქარში გაშლის თავის აფრებს
და არნახული სისასტიკით მიექანება,
და ეს სიზმარიც უნდა გაქრეს
როგორც გამქრალა
ათასი წლის წინ მოლანდებული
რამე ზმანება…
იწივლებს ჩიტი. გაზაფხული მიდის და მოდის,
და ყველაფერი ემსგავსება ურყევ განაჩენს,
და არი ერი, როგორც ერი – ვის ჯერა ბოდვის –
და ჯანდაბამდე გზა ქონია ყველა დანარჩენს.
მატარებელიც, გემიც, მიდის თვით ჯანდაბამდე,
კონტროლიორი იღრინება, როგორც მეკობრე,
სიზმრის ძაღლები გაჯეჯილდნენ და გააზატდნენ
და ძველი ბოდვის დასამხობად ერთად შეგროვდნენ,
რკინის ძაღლები, რკინის ჩქარი მატარებლები
დაიყმუვლებენ, და ინგრევა ძველი სიზმარი,
ჩვენ ვართ ძეგლები – გულზე მიკრულ ტრაფარეტებით,
და მაინც ვცოცხლობთ – მთელი ბოღმით,
მთელი სიმწარით…
დადგება ღამე.
დაეგდები დაბალ ლოგინზე.
თვალებს დახუჭავ. გადაეშვები პირდაპირ არარაობაში,
იმისთვის, რომ წამის შემდეგ
უკვე სიზმრების სამყოფელში გააღო თვალი.
სიზმარი მოდის მდინარესავით,
მოდის, ანათებს, როგორც ცხოვრება
(მდინარეებიც ხომ მოდიან როგორც სიზმრები
და სიზმრებივით იკარგებიან),
მერე თავდება
და შენ თვალს ახელ კვლავ ცხოვრებაში
სადაც, აი უკვე მერამდენე წელიწადია,

შენ ისევ შენ ხარ.
და აი, ცხოვრობ. და არ ელი გამოღვიძებას
და გელანდება ძველი დროის კარგი სიზმრები:
ვენახი, ქოხი, ტყისპირებში ნისლი იცრება,
შენც ამ ნისლივით მიფარფატებ და თან იცრები
შორს, შორს, იქ სადაც დავიწყებულ ძველ ანალებში
დაბაჩუნობენ წინაპრები თერგდალეული,
გესმის მათი ხმა – თითქოს ბავშვი ხარ,
ავად გახდი და უფროსები შენს სარეცელს დასტრიალებენ,
მოაქვთ მიქსტურა, მოაქვთ ვაშლი,
ირგვლივ კი, როგორც წითელ კოშმარში,
ყველა საგანი წითელია – ვაშლიც, ფანჯარაც,
ელექტროდენიც,
ირწევიან საგნები წითლად,
ისმის ბორბლების რაკარუკი,
გატეხილი ქვის ხიდების გამოძახილი
და შენ ბრუვდები სიცხიანივით
და გინანავებს როგორც ნანა:
“ნუ ეძლევი მწარე ვარამს,
გახსენ გულის ფიცარი,
ეს ცა იყოს შენთვის მარად
სალოცავ – საფიცარი”…
ახლოს კი – ძველი სოფლის ახლოს – ზესტაფონია.

ასეთ თემაზე საჭიროა დინჯი მსჯელობა.
არ გამოდგება მშრალი ფაქტები,
ანალიზი, ანატომია,
აქ საჭიროა მხოლოდ ორი რამ:
ლაკონიზმი და ბარბარიზმი.
აჯობებს, სულაც ამ მითიური პრავადნიკივით
სულ მოკლედ მოჭრა: “ჰე, ზესტაფონი!”…
ღრუბლები სწრაფი თავდავიწყებით მიფრინავენ
დასავლეთიდან მოუსავლეთში,
დილის სისხმაში გაიფრენს მტრედი,
მზე დაიხრება,
და რაღაც უცბად, უსწრაფესად თენდება და ისევ
ღამდება.
სიცხადე იცდის გაღმა ნაპირზე –
ის არვის ახსოვს,
ხან აქ და ხან იქ გამორიყავს უცნაურ საგნებს,
ილუზორულ რაღაც სახეებს.
მავანი, ძილში მყოფი, შეკრთება,
ეჩვენება, თითქოს ბურანში რაღაც ჩაესმა –
ვთქვათ, ხმა შორეულ ზღვათა მოქცევის,
თითქოს შტორმიან ტალღებს ზემოთ
ალბატროსმა რაღაც შეჰკივლა,
რაღაც, საკმაოდ უცნაური,
რა – მე არ ვიცი.
კაცი შეკრთება და გეუბნება:
,,ჩვენ გვძინავს ეხლა,
ჩვენ ვწანწალებთ სიზმრის სუსხიან ლაბირინთებში,
შეხედე ამ ზღვას –
ის სიზმარია!
ალბატროსი კი, ტალღებს ზემოთ რომ გაჰკივის,
ცხადში დარჩენილ სინამდვილის ბოლო მაცნეა!”
რა უნდა უთხრა ასეთ ვინმეს?
რას უპასუხებ?
,,ფიეე, – იფიქრებ ალბათ გულში –
ფიეე, შე მამაცხონებულო!
ჩვენს წინ ქუჩაა, ზღვა კი არა,
და ის ფრინველიც – იგერ რომ ფრინავს,
მხოლოდ ყვავია. აეს კი – მტრედი!”
მე მახსოვს – ერთხელ, ძველ ცხოვრებაში,
მყავდა უმცროსი ბიძაშვილი,
ის მოდიოდა ჩემთან ოჯახში
და ამდაგვარ რაღაცეებს მეკითხებოდა
(თემებს, რომლებზეც საჭიროა დინჯი მსჯელობა),
მერე კი ერთ დღეს
უეცრად გაქრა საზიარო ჩვენი სიზმრიდან.
მახსოვს სხვა ხალხიც, საპასუხოდ –
თუნდაც, ქალი შავი ლეჩაქით,
ხელში შავი
კრიალოსანით
ის მიუგებს ღამის დარაჯს:
“უფალმა მოგცეთ გულისხმისყოფა!”
დარაჯი უსმენს ღრმა ძილისგან გაბჟუებული,
ინჩიც არ ესმის,
ქალი კი ძილში: “უფალმა მოგცეთ გულისხმისყოფა!”…
დარაჯი უსმენს –
ქალი არ ყვირის ვინმე ძველი პრავადნიკივით:
– ფეხზე ადექი, ადამიანო! წინ ზეციური ზესტაფონია!
ის დარაჯს უმზერს როგორც სასტიკი კონტროლიორი,
მისი სიტყვები დათვლილია,
ზუსტია და არაფრისმთქმელი,
მან არ იცის – აქ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ:
ლაკონიზმი და ბარბარიზმი.
მატარებელში მძინარე მგზავრი
ლაკონურად ეტყვის პრავადნიკს:
,,ზესტაფონში გამაღვიძე!”
საბოლოოდ კი მაინც ვერაფრით ვერ იღვიძებს
ისე ჩადის მატარებლიდან ბარგით, ბარხანით,
მთვარეულივით მიუყვება ზესტაფონის ცბიერ მოედანს,
ნისლიან ქუჩებს, რომელთა ზემოთ
მღვიმისებრი ღამის გუმბათში
გადაიფრენს ღრმა ძილში მყოფი ცალხელა ჩიტი
ფრთის ქვეშ დავთარით,
,,ჩვენ ყველას გვძინავს! ჩვენ ყველას გვძინავს!”
შინაურული სიკისკასით დასჩხავლებს თავზე;
მაგრამ უბედურს ჩიტების ენა ალბათ არც ესმის,
და ვერც კი გრძნობს – იქვე, მეზობელ ქუჩის კუთხეში
მკვლელი უცდის ჩასაფრებული:
ის, ძილში მყოფი,
გააჩერებს ამას, ძილში მყოფს,
და ბებუთის მიჭერით ეტყვის: ,,ფული ან სული!”,
მისი სიტყვები დათვლილია, ზუსტია და არაფრისმთქმელი
და აი,სწორედ ამ სიტყვებზე გაეღვიძება
(როგორ იქნება, არ გაეღვიძოს)
და კოშმარული სიცხადით იგრძნობს: ირგვლივ, სულ ახლოს ზესტაფონია.

„ჩვენ ყველას გვძინავს!“ —
ეს არის ძველისძველი თემა.
ცხადია, ვინც ამას ამბობს, მან ისიც უნდა აღიაროს, რომ სხვებთან ერთად თვითონაც სძინავს
და რადგან სძინავს,
მთელი ეს მისი საუბარიც მხოლოდ ბოდვაა (რადგან სიზმარში ლაპარაკს ხომ ბოდვა გვიქვია — გინდ ლექსად იყოს).
და ამ ბოდვაში ჩაფლულია მთელი ქვეყანა…
თუმცა, ხომ ხდება — სიზმარში ხარ და თანაც ხვდები, რომ
რომ სიზმარში ხარ და რომ ღამე აღარ თავდება
და რომ შორეულ სიცხადიდან ჩამესმის ხმები:
თითქოს შხუილით ჩაიქროლეს გარეთ მტრედებმა,
თითქოს სუსხია, ნიშნებიდან ვიღაც გიკივის,
შორს, ფოლორცების ლაბირინთში ცეცხლი გიზგიზებს,
მიჰყვები ამ შუქს გზააბნეულ პრავადნიკივით,
ხედავ – ყორნები დასჩხავიან
მაღალ მიზგითებს
და დაწანწალებ ლაბირინთში…
…მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ –
ჩვენს პრაგმატულ საუკუნეში ამგვარი რამე სიზმრად თუ ხდება,
განსაკუთრებით – პრავადნიკების ველურ სიზმრებში,
სადაც ისინი
ძაღლებშებმული მარხილებით მიუყვებიან გზებს
ჩრდილოეთის
და ფეხქვეშ ყინულჩამსხვრეულნი
არქტიკული წყლების სიღრეში კუნძებივით იძირებიან.
შენ კი რჩები შენს სიგიჟეში
სადაც ეს მზე მუდამ ეს მზეა,
სადაც ზოგჯერ მზე სულ არ არის,
მხოლოდ არის ქვა,
არის ბოძი,
და დილის ბინდში
სარეკლამო ფარი ანთია.
დგახარ ძეგლივით. აყურადებ სიცარიელეს.
და გეჩვენება: შორს, ჩრდილოეთში, რაღაც ჩატყდა…
,,ჯანი გავარდეს! – იფიქრებ ბოღმით –
ჩატყდა და ჩატყდა. მე არაფერი გამიგონია!”
მერე ზარმაცად თვალს მოავლებ სიზმრის ღრანტეებს:
,,ზესტაფონია?!” -გასძახებ კლდეებს,
და კლდე გიბრუნებს: ,,ზესტაფონია?!”…

მაგრამ სად გაქრა იმდენი ხალხი –
მეთევზეები, ყაჩაღები, ფლიბუსტიერები,
რატომ არ ისმის დილის რიჟრაჟში
მათი ყიჟიანა,
იქნებ დუქანში შეიკეტნენ
და ჩაძირული პრავადნიკის ხსოვნისას სვამენ?
არ ვიცი, არა! – ასეთ თემაზე
საჭიროა დინჯი მსჯელობა,
უნდა ერიდო მეტაფორებს, ყალბ რიტორიკას,
თუ მოახერხებ, პათეტიკაც უნდა ალაგმო,
კარგი იქნება, თუ ბარბარიზმებს
შიგადაშიგ გამოურევ ერთი-ორ რითმას…
თუმცა ჯანცაბას ორი რითმა,
მე ვლაპარაკობ, რომ ცხოვრება არის სიზმარი,
რომ ყველას გვძინავს
და გვესიზმრება ეს ყველაფერი,
გვესიზმრება თვითონ სიზმარი,
რომელიც მოდის, როგორც ცხოვრება,
გვესიზმრება თვითონ ცხოვრება,
რომელიც მიდის, როგორც სიზმარი –
არ ვიცი საით.
ეს ქვეყნად ვინმეს მაინც უნდა ესმოდეს.
თუნდაც ეს კაცი. წინ რომ მიდგას,
პირზე სარკაზმით,
ხელზე ბეჭდით,
როგორც ძველი აღთქმის ბორკილით,
ღრმა ძილში როა,
რომ ესიზმრება, რომ აქვს ოჯახი, პროფესია,
აქვს სალოცავი და საფიცარი –
ის, ძილში მყოფი,
ბუნებრივად გესაუბრება ამ საკითხებზე,
მაგრამ არ იცის, რომ მხოლოდ ბოდავს
და კიდევ მეტიც –
რომ თვითონაც არის სიზმარი.
ირგვლივ ქალაქი სიზმარია – თავის ქუჩებით,
მოძრაობით,
გაუგებრობით,
დღეთა სიგიჟით,
ღამის სიწყნარით –
ეს ყველაფერი სიზმარია -არ ვიცი ვისი –
თვით ამის ცოდნაც არის სიზმარი.
მახსოვს ერთხელ, ჩვენს უბანში
ჯვარცმულმა ცოლმა მოკლა ქმარი,
და ამ გზით ქმარიც გახდა სიზარი…
მოქალაქეებს აღარ ახსოვთ ქმარი – სიზმარი
მან ყველა ხსოვნა საიქიოს გაიყოლია,
აქ კი დარჩა ქვა, დარჩა ჯვარი, დარჩა ფიცარი,
დარჩა ქუჩების გაცრეცილი მელანქოლია,
ქალაქი ჭმუნავს, როგორც ტვინი, ლანდებით სავსე,
ის ფანტომური ხომალდივით მიფრინავს ქარში,
ვერ გაიღვიძებს, ვეღარაფერს იტყვის სიზმარზე,
მოისმის მარში, მხიარული მოისმის მარში,
და ამ სიზმარში შავ-წითელი დროშა ფრიალებს,
არავის ახსოვს პრავადნიკთა ძველი ბოდვები
და აჩრდილები, დავიწყებით სავსე ფიალებს
ცლიან, და ცვლიან მთვარეულთა მოდგმებს მოდგმები,
იწივლებს ჩიტი, გაზაფხული მიდის და მოდის
და ყველაფერი ემსგავსება ურყევ განაჩენს
და არი ერი, როგორც ერი – ვის სჯერა ბოდვის,
და ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა დანარჩენს.
ქუჩა. რიჟრაჟი. აფთიაქის აბრა ანთია –
ეს შერყეული მოქალაქის არის სიზმარი,
აქ გათიშული ფანტომები მზეზე დადიან
და სხვა მზე აღარ ეგულებათ მათი მზისდარი,
ეჰ, სადღა ნახავ ამ ქუჩაში ელამ პრავადნიკს
კონდოტიერის წარსულით და მხარზე არწივით,
ის მოუსავლეთს გაისტურებს ძველი ყავარჯნით
და ხელუკუღმა მოისრულეს დუქნის ხარჯივით,
აქ კი დარჩა ქვა, დარჩა ძვალი, დარჩა სიგიჟე,
ოჯახქორობა, ეშმაკობა ჩახშულ სულების,
აქ დღისით, მზისით, ანათემის ცეცხლი გიზგიზებს
და ათი ცნებიტ ჯამბაზობენ სომნაბულები –
ისინი, ვინაც ჩარაზულისულის სადგური
მკაცრ ზმანებათა ეშელონებს გაარონია,
ვინც ჩააბნელა ყველა სარკე, ყველა სანთური,
ვინც უმტკიცესად გაალაჯა ხელისფათურით
და ფანტომების ლეგიონი გაიყოლია…
კრავი – ფანტომი შემოგბღავლებს ძველი ქართულით:
,,რაია აგი, ჩემანალა?!”…
– ზესტაფონია!

და აი, ცხოვრობ, და თანდათან უფრო რწმუნდები,
რო სხვა კი არა, შენ თვითონ ხარ სწორედ სიზმარი,
მთელი სხეულით – სისხლძარღვებით, ძვლებით,
კუნთებით,
მთელი არსებით, სალოცავით და საფიცარით,
და აი, გძინავს, და ბუნდოვან ნანად ჩაგესმის:
თითქოს დარტყმული პრავადნიკი ქუჩებს ჩაჰყვირის…
ზამთრის ყვავები ფარფატებენ მძიმე ჯანღებში,
იგრძნობა სუსხი. და რაღაც სხვაც – სუსხზე მარტივი.
მარტივი მთვარე, მარტივი დღე, მარტივი კაცი,
მარტივ მინდვრებში – ბალახები, როგორც სიზმრები.
სხლტება, გეცლება ყველაფერი – გინდ ჯვარზე აცვი,
ან – ყველაფერი იგივეა, შენ კი იცვლები
იცვლები, ქრები, ცვალებადი გზებით დადიხარ,
ირგვლივ დახლებთან ყაყანი აქვთ ცხადის ნარჩენებს,
ვიღაცამ მკერდში გაგიარა – თითქოს ლანდი ხარ
და ეს გრანიტის ფანტომები ვეღარც გამჩნევენ,
და იფანტება ქარში რაღაც ბალახ-ბულახი,
რაღაც ბგერები, შეშინებულ კაცის თვალები,
და ზედ ვაწყდებით რაღაც მყარს და გადაულახავს
ჩვენ, ტკბილ კოშმარში ჩათვლემილი ნაძირალები.
ასეთ თემებზე საჭიროა დინჯი მსჯელობა,
უნდა ერიდო ბრიყვულ პათოსს, ყალბ რიტორიკას,
უცნაურ ნივთებს, ნისლისმაგვარ რაღაც სახეებს
ხან აქ და ხან იქ ზღვა ნაპირზე რომ გამორიყავს,
სჯობს მოკლედ მოჭრა: არა მჯერა სარწმუნო იყოს
ის ძველი ბოდვა, რომ ცხოვრება არის სიზმარი –
განა სიზმარი ჩვენს არსებას ამდენად იპყრობს,
განა მძინარეს აღარ რჩება აზრის მისხალი.
სული წანწალებს სიცივეში და ახსნას ითხოვს,
სიცოცხლე – შორი სიცილია, ექოდ მიმწყდარი…
ძმაო, გავიყოთ შერჩენილი მცირედი სითბო –
ისიც სულ ერთი მისხალი მაქვს, როგორც გითხარი.

(Visited 2 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა