ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე – ბიო-ომი და მშვიდობა

სიტყვები

ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე – ბიო-ომი და მშვიდობა

ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე – ბიო-ომი და მშვიდობა

I

და გარეთ ახ. წ. 2020 წელია და სუფევს მშვიდობა: მოსაწყენი, ბანალური, სევდიანი, ზიზღიანი, კონფლიქტური, გულისამრევი, მაგრამ უომო. დასახლებებია დანგრეული გზებით და ნაავარიები შენობებით – მორყეული ფსიქიკებით და მოწყვლადი სხეულებით. დღეს არის მშვიდობა მიწაში დამარხული შაშხანებით და ძღნერი ბავშვებით, რომლებიც ყოველ წელს აუარესებენ შედეგებს საერთაშორისო საგანმანთლებლო ტესტებში და ბეგემოტებივით თქვლეფენ სკოლის ბუფეტში წებოვან ბულკებს. ამიტომაც, სულ უფრო ემსგავსებიან საკუთარ მშობლებს, რომლებმაც პოსტ-საბჭოთა შიმშილობისას რაციონში გაზარდეს ნახშირწყლების წილი და გასივდნენ – დაკარგეს ფორმა, აემღვრათ ჰორმონები, დაერღვათ მენსტრუაცია, მოეშალათ ერექცია. მაგრამ, მოახერხეს აღეზარდათ შვილები, რომლებიც მოესწრებოდნენ მშვიდობას, თუმცაღა პირნათლად ჩააფლავებდნენ ყველა ტესტს და წააგებდნენ ყველა ომს.

II

და დამარცხებულებს გვიდგას მშვიდობა, სადაც გლუტენი, შაქარი, ქათმის ტყავი, სიგარეტი, რუსული ნიანგები, MDMA, პესტიციდები, მუტანტი ვაშლები თუ ბალზამირებული ბრაზილიური ღორის ხორცი მუსრს ავლებს ქალაქებს და აოხრებს სოფლებს და სამარხებს ავსებს გვამებით – ცელულიტები თამთამებენ შავ კუბოებში და ჭიაღუა ქეიფობს ჩვენს დედ-მამაზე. ბიო-ომ გამოვლილს საკონტროლო გასროლად გხვდება ტყვიით დამძიმებული ჰაერი და ცოფიანი ძაღლებივით გესევიან ბაქტერიები, ვირუსები, ონკოლოგიური დაავადებები, და ჯირკვლები გამოგდის იღლიებში, ბოქვენზე, ძუძუებზე და მოშხამავს სისხლს შენსას – თურქეთში თუ არ უწამლე ტვინშიც აასხამს და ამაო იქნება შენი მოკვეთილი ძუძუ, რომელიც რესპუბლიკური სავადმყოფოს მორფინისტ ქირურგს დაუტოვე – საოპერაციო მაგიდაზე დაუგდე, როგორც საკონდიტროში დაობებული, სოკომოდებული, მახრჩობელა ორცხობილა.

(Visited 2 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა