ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე – ქალაქი და ნეკროპოლისი

სიტყვები

ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე – ქალაქი და ნეკროპოლისი

ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე – ქალაქი და ნეკროპოლისი

I

და იყო ერთი დიდი გორა, სადაც ესვენნენ მკვდრები, პატივსაცემები და საიდანაც მოსჩანდა ქალაქი, სადაც აფასებდნენ გორაზე დამარხულ მიცვალებულებს. უყვარდათ და პატივს მიაგებდნენ დიდი ძეგლებით. ქვებით. ყვავილებით. ნეკროპოლისთან ახლოს, კუთხეში ლუდის ქარხანა გუგუნებდა და დიდი მილიდან აბოყინებდა თუ რამე ჭუჭყი, ჭვარტლი, სიბინძურე უგროვდებოდა რკინის ფილტვებში და ამიტომაც, გორის თავზე შავი ღრუბელი მგლოვიარე დედაკაცივით ეფინებოდა გმირთა საფლავებს. გორის ძირში კი იდგა ტაძარი, მწვანედ მოხავსული, სადაც გადარბენაზე მყოფი ტურისტები ლოცულობდნენ Canon-ის ფოტოაპარატებით და თვითის მოსახელთებელი ანკესებით.

II

და ნეკროპოლისის დასავლეთის კარიბჭესთან განისვენებდა ვინმე დამსახურებული ქიმიკოსი, რომელმაც 1788-დან 1833 წლამდე დაჰყო ამ სოფელად. კაცი თავის დღე და მოსწრება სხვადასხვა ნივთიერებებს ურევდა კოლბებში და ჩაყვითლებული კბილებით ბარებში ეახლებოდა ახლად მოხარშულ ლუდს. 1828 წლის ზამთარში ხორხოცა ქიმიკოსმა ნაბახუსევზე მიაგნო ახალ შენადნობს, რითიც 1830 წელს ქალაქის არმია შეიმოსა და დამსუბუქდა აბჯარი და მეომარი გახდა მოქნილი. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გაძლიერებულმა არმიამ შეუტია მეზობელ ქალაქს და მიწასთან გაასწორა ტლანქი, მოუქნელი, ყავლგასული რკინეულით დამძიმებული მეტოქის ცხენოსანთა ჯარი.

III

და ნეკროპოლისის აღმოსავლეთის კარიბჭესთან აღმართულა მოსაგონარი ძეგლი რაინდისა, გენერლისა, უბადლო ცხენოსნისა, ტაქტიკოსისა, ბრძენისა, ბევრი გმირობის გამთამაშებლისა, რომელიც რომ 1831-1832 წლებში ქალაქის არმიას მეორე ქალაქის ასაოხრებლად გაუძღვა: მაშინ რაინდი იყო საკვირველი, ამჩატებული, ალბატროსივით სხარტი – თითქოს ფრთებს დევები უმაგრებენო. და ემოსა აბჯარი ახლად გამოწრთობილი ლითონის – ქიმიკოსისა, ალქიმიკოსისა, ჯადოქრისა, რომელიც რომ გამარჯვების დღეს ქალაქის წახდენილ ბარში ვინმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონს როხროხით უსრესდა ძუძუებს და თავისი აყროლებული, ნამთვრალევი პირით ლოშნიდა ლამაზის ტუჩებს.