გიგლა შანიძე – ლექსები

სიტყვები

გიგლა შანიძე – ლექსები

გიგლა შანიძე – ლექსები

***
ღრმა ბავშვობაში, ცივ, ხავსიან რიყის ქვებზე და
ჭის სიღმეში არეკლილ ბნელ ღრუბლებზე ვფიქრობდი და
ჯალამბარიდან კუპრით შელესილი თუნუქივით ჩავუყევი,
ნესტიანი მკვდარი დუდუნით,
რაღაც მყრალი და ამაზრზენი შემომაორთქლა.
გომბეშოების კანივით ლორწოვანი ტუჩები ჰქონდა და
პირგამომშრალი თევზ-კაცი ვიყავი და
ლეთეაო იქ და ახლაც იქა ვარ.

„რად არ იცლება შიგნით წყალი?“-რომ შევეკითხე,
მიწისქვეშა მდინარეაო ერთი, უფალო,
ვერც თუნუქის დაჭყლეტილი ვედროთი ამოხაპავ,
რამდენიც არ უნდა სვა მაინც არ დაილევაო.
„ნუთუ მიწიდან მოდის წყალი?“ რომ შევეკითხე,
ჩვენც მიწიდან მოვდივართ,
მიწა ხაროაო და მიწად მიიქცევიო.

ეს თქვა თუ არა გავუყევით გზას შინისაკენ,
მაგრამ ვიგრძენი, რომ იქ დავრჩი, იმ სიბნელეში,
პირგამომშრალი თევზ-კაცი ვიყავი და
ლეთეაო იქ და ახლაც იქა ვარ.

 

და არაფერი დაგვრჩა სათქმელი

ჩვენ არაფერი გვქონდა სათქმელი.
მაგრამ უცნაური ზღაპრები მაინც მოვიგონეთ,
მერე ეს ზღაპრები წყაროს ჩავჩურჩულეთ,
წყაროს ჩავჩურჩულეთ
და არაფერი დაგვრჩა სათქმელი!

ჩვენ არაფერი გვქონდა სათქმელი.
ზღვის პირას ქვიშის სახლებს ვაგებდით
მაგრამ ქვიშით პირმოთხვრილებს სახლები დაგვენგრა,
სახლები დაინგრა
და არაფერი დაგვრჩა სათქმელი!

ჩვენ არაფერი გვქონდა სათქმელი.
იალქნიანი ნავი ავაგეთ, მზე გვაბრმავებდა,
ზღვად გადაშლილ უდაბნოებში
ნავი დაილეწა,
ნავი დაილეწა
და არაფერი დაგვრჩა სათქმელი!

ჩვენ არაფერი გვქონდა სათქმელი.
თითქოს ახლობელ, თითქოს მშობლიურ,
ნაცნობ სახელებს, თვალდახუჭული,
დავიწყებამდე ვიმეორებდით
და აღარ გვახსოვს
როგორ გვიყვარდა,
რას ვოცნებობდით
და აღარ გვახსოვს
გვეჩქარებოდა არსაით თუ
არსაიდან მოვიჩქაროდით.
აღარ გვახსოვს და…
…აი ასე არაფერი დაგვრჩა სათქმელი
და არაფერი დაგვრჩა სათქმელი
და არაფერი დაგვრჩა სათქმელი!

 

ვემშვიდობები ყოველგვარ იმედს

ვემშვიდობები ყოველგვარ იმედს,
მზით გათანგული ქუჩის მოწმე ვარ-
მრავალ მზერაში ჩაკარგული ჩემი მზერა
მიბრუნდება ჩემში ჩაკარგული მრავალი მზერიდან.
განა გრძნობაა,კარგო,სევდის მიზეზი,
განა იმ უშინარსო ყოფის დამახსოვრება
ხელის ჩამორთმევა, ძმური სალამი,
თუნდაც სასიყვარულო ალერსი რომ ჰქვია.
არა, მე რაღაც უფრო მეტი ვინატრე,
სანამ გული ამიფეთქდება, საყვარელო, შენზე ოცნებით
და ყველა იმ სიტყვის გამოკლებით, რაც არაა პოეზია
დაე ცეცხლში დაინთქას ეს ქალაქი, მზით დაიფერფლოს.
მეც გამაჩნდა სიმშვიდის ნანტრი კუნძული
შენგან დევნილი რომ ვცდილობდი დაბრუნებას,
მაგრამ ვიგრძენი, რომ არჩევანი ილუზიაა,
ბედისწერის ძაფებში გახვეული მარიონეტივით
სულის დაკარგულ ნაწილებს ვეძებ უიმედოდ.
ვემშვიდობები ყოველგვარ იმედს საყვარელო,
ჩემი გაცრეცილი ბათინკები კვეთენ მორიგ ქუჩას
და შენც, შენც იყავ მშვიდობით, აღარ ვღელავ-
ვიცი მხოლოდ ოცნებაა ასე ნამდვილი,
სხვა ყველაფერი სიზმარია.

 

(Visited 1 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა