ლაშა ყელბერაშვილი – ###

სიტყვები

ლაშა ყელბერაშვილი – ###

ლაშა ყელბერაშვილი – ###

ადამიანური ბედნიერება არასოდეს ჩერდება დიდხანს ერთ ადგილზე – ჰეროდოტე

#
აი თურმე რა ! –
ხანდახან ვერ ხვდები რა გაწუხებს.
იმ წამს არა, ზოგადად.
თუ არაფერი გაწუხებს ეგ ყველაზე მეტად შემაწუხებელია და
ამიტომ რამე უნდა გქონდეს, ისე, შავი დღისთვის,
წიგნებში გადანახული ხუთლარიანივით.
ჩემი წიგნი რომ გადავშალე სადაც რამე მეგულებუდა
ხურდამ იჩხრიალა იქიდან.
ასე ვინ დაახურდავა-მეთქი, ვიფიქრე და
გავიხსენე –
ზოგმა სიყვარულში ახურდავა ჩემი შავი დღის კუპიურები,
ზოგმა მეგობრობაში და ზოგიც მე ვახურდავე.
აივანზე ჯდომისას მოდიოდა ჩემთან ხალხი და
მეკითხებოდა: შენ რაღა გაწუხებს, რისთვის ითმენო.
აი ღამეა, ვიღაც ავტოფარეხის საკეტს აწვალებს,
მანქანამ ჩაიარა და აშკარაა სამუხრუჭე ხუნდები
აქვს გამოსაცველელი,
აქეთ კიდევ ღამის ჩამოვლაზეა მემაწვნე.
ბანკის ქილებს აგროვებს დილის ჩამოვლისთვის.
ხოდა მოდიოდა ხალხი და მეკითხებოდა –
შენ რატომ ზიხარ, რისთვის ივსებ ძალების მარაგსო.
აი გეხედე, კორპუსები, მთვარე, ჰაშიში.
მაგრამ ერთია ამ კორპუსებზე არეკლილი მთვარის ნათება,
სუნთქვა გახშირებული
და პოზა, რითიც სხვას ენახები.
მარტო მყოფი ადამიანი ძირითადად წევს.
ოღონდ განა წამოწოლილია, წევს რა,
ფეხზე კიდია, ესეიგი-ჰორიზონტალშია.
ხან მარცხნივ გადატრიალდება ხან მარჯვნივ.
ისეთებიც არიან პირაღმა წვანან მაგრამ ეგ უფრო
მკვდრის პოზა მგონია და ეგეთებს ვერ ვენდობი.
ბოლო დროს შევამჩნიე რომ ყველა თავს იფხანს
როცა რამეზე ფიქრობს.
მე ყვერებს ვიფხან.
საინტერესოა ტვინის სინოფსების მოქმედება ამ დროს.
საინტერესო და საკმაოდ შეუცნობელ-შეუსწავლელი პოზაა.
ზიხარ ან წევხარ, ან არის ისეთი სიტუაციებიც, როცა დგომა
გიწევს (მარკეტის რიგში, მეტროში…) და
იფხან ყვერებს.
მასკულინური კულტურა გვასწავლის რომ ყვერები
მთავარი მადლია კაცისა.
და თუ მთავარს რაც შენს სექსუალობაში დაუყვავებ
და კარგად მოუვლი,
შეიძლება იმის სიმშვიდე იგრძნო,
იმის მძვინვარება,
იმად იქცე რასაც თვალის ჩინივით უფრთხილდები და
მიემსგავსო.
არის სხვა პოზაც, რომელიც ჰგავს მაგრამ სრულიად განსხვავდება.
ამას ეძახიან წავლებას.
წავლება ჰგავს წვალებასაც, მაგრამ სხვადასხვა რამეა.
თუ წაავლებ შეიძლება აწვალო,
მაგრამ წვალებისთვის არაა აუცილებელი
წავლებული გქონდეს.
ხომ გესმით, ესეც ერთგვარი თამაშია.
პირდაპირ იმის თქმა რომ თამაშობ, სხვათშორის სახიფათოა.
რა იცი, იქნებ შუბლებშეჭმუხნული,
გადაღრძოებული პოპ პოეტები გკითხულობენ,
მოხდა ასეთიც…


,,ოთახი ისე პატარაა და იმდენი რამით შეავსეს
დარდის ადგილი აღარ დარჩა და ფანჯრიდან გადავისროლე.
კიდევ კარგი არავის დაეცა, თორემ თან ჩაიტანდა.“
ასე ოსტატურად წუწუნი იმის წამალიც არის რომ გეღიმება და
იმისაც რომ შიგ და შიგ, მაინც წუწუნებ.
ოღონდ წუწუნი ფისოების მოწერილ შეტყობინებებს ჰგავს.
არ უნდა გააკარო არავის, თორემ ხმას გააგდებენ და სისუსტეს გიპოვნიან.
პაპაჩემისგან წუწუნი არ გამიგია.
მხოლოდ ერთხელ, როცა უკვე მაგის ყურებს მარტო
ასაყვირებლად გამზადებული სიკვდილის ჩურჩული ესმოდა,
საწოლში მწოლარემ, არ ვიცი ალბათ იხუმრა – ,,ეჰ,ვბერდებიო“.
პირველად ზუსტადაც პაპაჩემთან მოდიოდნენ და ეკითხებოდნენ,
რა გაწუხებს და რას ითმენო.
ეს კიდე ხელებს ჰემბერთ კარიანივით იქნევდა და იგერიებდა
მისკენ წამოსულ უაზრო ზუზუნს, როგორც
საქმეში ჩართული კაცი იგერიებს ხოლმე კოღოთა ჯოგს ზაფხულში.
წელში მოხრაა ნაციონალური პოზა.
მზესუმზირის სამი ტომარა აიტანა აივანზე პაპაჩემმა,
უთითომ, დაბერებულმა, ძმებუგზოუკვლოდდაკარგულმა, და
მაინც ულვაშში კოცნიდა მარველის გმირივით უნაკლო ლიდერს ფოტოში.

 

# # #
სამარშუტო ტაქსიდან მეორე სამარშუტოში
წითელმაისურიანი გოგო დავინახე.
(ის გვერდზე ისე მომიდგა და შემომეყუდა
აგვისტოს ცხელ და მოსაწყენ დღეს, როგორც
მეგობრის მანუგეშებელი სიტყვა და შუბლიდან
მარხილივით დაშვებულ ოფლზე გაისვა ჩემი თვალები.
მას არ გამოუხედავს,
უბრალოდ მშვიდად განიცდიდა ჯირკვლებიდან
გამოდენილი სითხის გენოციდს.
ოჰ, სურნელო, სიტკბოვ სიყმაწვილის და მშვენიერების და
სიწმინდის სურნელო,
იდინე მშვიდად.
მე თანახმა ვარ აჯანყებებზე მარშუტკებში,
წნევიანი ბებრუხანების პროტესტის ხმაზეც თანახმა ვარ,
ოღონდ იდინე და გაანათე შენი სურნელით ჩემი თვალები.
და იღლიებში გამუქებულ წითელ ფერს ვფიცავ,
თუ ჩემზე მეტად სტკიოდეს ვინმეს შენი წუხილი.
მაგრამ გთხოვ, გოგო,
გემუდარები,
ნუ აჰყვები ბებრების ჯაჯღანს და დაე გაღებულმა
ფანჯარამ მოგიტანოს შვება და ქარმა ჩემამდე
მოიტანოს შენი ტანჯვის სურნელი).
სამარშუტო ტაქსიდან მეორე სამარშუტოში
წითელმაისურიანი გოგო დავინახე და
წუსტად 2 წუთში მან ფანჯარა მიხურა.
მასეა, რაც მოაქვს ქარს და ბუნებას,
ტექნიკას მიაქვს, მაგრამ მშვიდად,
გარანტირებული კომფორტით.

 

###

გავიღვიძე თუ არა თვალებიდან მოვიფშვნიტე
საყოფაცხოვრებო მტვერი და კოსმოსის
გაფართოებაზე დავუწყე საუბარი
თავს ზემოთ არხეინად დაკიდებულ ობობას.
ობობები საშიშები მხოლოდ ფილმებში არიან.
სინამდვილეში ძალიან სიმპატიურადაც გამოიყურებიან.
დაიხაც..
რატომაც არა!
ახლა ყოველი მეორე შენს სისხლს წოვს.
ახლა კედლებზე ერთი-ორი ობობა თუ შემორჩა.
ისინი ძირითადად უჩუმრად მოქმედებენ,
არღვევენ შენი ფიზიკური არსებობის ყველა
ინტიმურ კარს და იმას იღებენ რაც არ მიგიცია.
საოცარია, გავიღვიძე თუ არა სამყარო გაფართოვდა.
ობობა კი აგრძელებდა თვალებში ყურებას და
მთხოვდა ნება დამერთო სისხლი მოეწოვა.

 

###
თაღში რომ გამოდიხარ გეფიქრება სიყვარულზე.
ფოთლები რომ გაიშრიალებს მაშინ წყალს სვამ.
როცა აპოკალიფსია კუჭი გაქვს აშლილი.
როცა ცეკვავ შენს ირგვლივ ლავაა და გიახლოვდება.
სანამ ერთობი კორპუსის აივნებზე ეწევიან.
იქამდე სანამ გაათავებ რამდენიმე მილიონი მოკვდება და დაიბადება.
კომპიუტერული ვირუსები გაქრებიან.
ყველაფერი გაქრება.
ყველაფერი მათემატიკური სიზუსტისაა.
განტოლებების წრეში ვართ.
პოეზია გარეთ დარჩა-პირღებინების შეგრძნებით
წევს და ჰიპერბოლებს აფრქვევს თვალებიდან და
მოთქვამს, რომ შესაძლოა დასრულდეს.
მას იმდენი მისივე მქმნელი შეუქმნია,
ახლა კი შრება,
ორთქლდება,
უზარმაზარ კრატერში ჩავარდნილი უწყლოდ და
უარაფროდ.
მე უნდა ჩავაფურთხო – ეს ჩემი შესახვევია.
იტყვიან ხოლმე, რამდენი ადამიანიც არის,
იმდენი გზა არსებობსო.
მე ჩემს გზაზე სულ ვიფურთხები.
ჩვევა მაქვს – რამდენი გადავაფურთხებ,
იმდენი ახალი აზრი მებადება თავში და
ასე, კამათელივით წინ ვიგდებ აზრს, რომ სიარული
გამიადვილდეს.
იქნება ქარია, ან წვიმა,
იქნება წინ მანქანა გადამეღობა.
მივუგდებ ხოლმე ჩემს აზრს, ჩემს პოზიციას და
გზას ვაგრძელებ.
წეღანაც კრატერში ჩაგდებული პოეზია გადამეყარა.
უფროსწორად, კი არ გადამეყარა, ერთმანეთს შევეყარეთ.
ზედ მივაფურთხე.
იმან ამომძახა – ფორმა სწორი შეგირჩევია ფურთხებისაო.
მადლობის მაგივრადაც ერთი გემრიელი მივაწიტე.
ფრჩხილებს რომ იჭრი ნაყინი დნება.
წიგნებს რომ კითხულობენ ფიქრობენ ავსტრიის ეკონომიკაზე.
როცა მიყვარდი, ყოველთვის მშიოდა.
როცა აღარ მიყვარხარ, ბომბები ცვივა.
და ხფთუ! ხფთუ! ხფთუ!
ბომბები ცვივა!

(Visited 1 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა