კურიერის ამბები – ბიურო და ემიგრანტი

სიტყვები

კურიერის ამბები – ბიურო და ემიგრანტი

კურიერის ამბები – ბიურო და ემიგრანტი

ამბავი მერვე

ჩემს სკოლაში ინგლისური ენის სწავლა, წესით, მესამე კლასიდან უნდა დაგვეწყო, მაგრამ, მეორე კლასის დასაწყისში, სკოლამ ჩვენს მშობლებს შესთავაზა: შეგვიძლია კერძო მასწავლებელი მოვიყვანოთ და წელსვე დავიწყოთ ინგლისური ენის სწავლება, რადგან მომავალში ინგლისურის ცოდნის გარეშე ცხოვრება რთული იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგო.

მშობლების უმეტესობამ ეს იდეა აიტაცა და სიხარულით დათანხმდა. უმცირესობას უმრავლესობის მოერიდა და სიმწრით დათანხმდა.

ასე იყო თუ ისე, ინგლისური ენის სწავლა ჩვენც და პარარელურმა კლასმაც მეორე კლასიდანვე დავიწყეთ და თვეში 7 ლარს ვიხდიდით.

როცა მესამე კლასში გადავედით და კერძო მასწავლებლის მაგივრად უკვე სახელმწიფო მასწავლებელი უნდა შემოსულიყო, საკითხი ასე დაისვა: ინგლისურის გაკვეთილზე მოსწავლეები ორ ჯგუფად გავიყოფოდით. ერთ ჯგუფში ისწავლიდნენ ის ბავშვები, რომელთა მშობლებსაც უფასოდ უნდოდათ მათი შვილებისთვის სწავლის გაგრძელება, ხოლო მეორე ჯგუფში კერძო მასწავლებელთან გააგრძელებდნენ სწავლას. ამ ნაწილებს პირობითად სპეც და არასპეც ჯგუფები ერქმეოდათ

პარარელური კლასი ასეც დაიწყო.

ჩემს კლასში კი ეს ვერ მოხდა, რადგან უმრავლესობა იმდენად დიდი იყო, რომ უმცირესობას ერიდებოდა თავის გამჟღავნება და, ამრიგად, ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლა მთელმა კლასმა განვაგრძეთ.

ჰოდა, ჩემი ყოფაც რომელიმე სატელევიზიო გადაცემის კლასიკურ სენტიმენტალურ სიუჟეტს დაემსგავსა. აი, რაღაც მასეთს – “ოჯახი ვერ ახერხებს ფულის გადახდას, მასწავლებელი მოსწავლეს მთელი კლასის წინაშე ამცირებს – “რა წესია?!  ფულს როდის შემოიტან?! შენ გამო ხელფასი მიგვიანდება.” – მოსწავლეს აღარ უნდა მეტი შერცხვენა. ამიტომ, სკოლის გაცდენას იწყებს. შატალოები კი მისი ყოველდღიურობა ხდება“.

ერთ სამშაბათსაც, როცა გადახდას უკვე ორი კვირით მქონდა გადაცილებული, ქუჩაში ფული ვიპოვე – ხუთლარიანში გახვეული ორი ცალი ლარიანი. მაინცდამაინც შვიდი ლარი რანაირად იყო?! ნამდვილი სასწაულიც ამას დავარქვი! მაშინვე სკოლაში წავედი და დავალიანება დავფარე.

სახლში ეს ამბავი დავმალე და რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მათაც მომცეს 7 ლარი, მომდევნო თვის ფული წინსწრებით გადავიხადე და ყოველთვე ასე გამოდიოდა. იმას, რასაც მშობლები დაგვიანებით მაძლევდნენ, მე სინამდვილეში ნაადრევად ვიხდიდი და ასე ვიქეცი პრობლემური მოსწავლე სამაგალითო გადამხდელად.

კლასიკურ სატელევიზიო სიუჟეტში ასეთი მოსწავლე, მიუხედავად მრავალი სიძნელისა, ვუნდერკინდი იქნებოდა და ინგლისური გასაოცარ დონეზე ეცოდინებოდა.

მე ამაშიც არ გამიმართლა. ჩემდა საზიანოდ, ინგლისური დღემდე არ ვიცი და, შესაბამისად, არც 2017 წლის 8 ოქტომბერს ვიცოდი, როცა, 17:00 საათზე, ჩემს მეგობარს – თავის ჯგუფელებთან ერთად ლისის ტბაზე სასეირნოდ ავყევი. 

მაგის დაქალი მომწონდა, თორემ, აბა, ისე რა ამიყვანდა?! იმ ღამეს ცხოვრებაში პირველად მივდიოდი საზღვარგარეთ და 22:00 საათზე პუშკინის სკვერიდან ქუთაისის აეროპორტამდე მიმავალ ავტობუსს უნდა გავყოლოდი.

იმდენი მოვახერხე, რომ სეირნობისას დანარჩენებს ჩამოვრჩით.

მე ამ გოგოს ვეპრანჭებოდი და როცა ვინმეს ვეპრანჭები, ვცდილობ, მაქსიმალურად გულწრფელად ველაპარაკო – ჩემს თავზე ბევრი ინფორმაცია მივაწოდო, ყალბი არ ვიყო და, ამავდროულად, მინდა სიმპათიურიც გამოვჩნდე.

და თუ შუბლი ასე მაქვს, მგონია, რომ არც ისე კარგად გამოვიყურები: 

მაგრამ თუ ასე ვაკეთებ, დარწმუნებული ვარ–ხოლმე, რომ წარმატებას ადვილად მივაღწევ:

ამას გვერდითი მოვლენაც აქვს – რაც უნდა გულრწფელად ვსაუბრობდე, პირიდან (იქნებ შუბლიდან) გადაპრანჭული სიტყვები ამომდის და მაინც ყალბი გამოვდივარ:

– ცხოვრებაში პირველად ვტოვებ ამ ქვეყანას. არადა, იცი, როგორ ვარ? თბილისის ანძას თუ ვერ ვხედავ, თითქოს, ჰაერიც არ მყოფნის. ამ ზაფხულს 40 დღე ვიყავი ბათუმში და კინაღამ ჭკუიდან შევიშალე და უცხო ქვეყანაში რა მომივა, ხო აზრზე ხარ?!

– როდის მიდიხარ?

– ახლა. 4 საათში უნდა ვიყო პუშკინზე და ქუთაისში უნდა წავიდე.

– ესე იგი, თვითმფრინავშიც პირველად ჯდები, ხო?

– ხო.

– აფრენის მომენტში პირი გააღე და ღრმად ჩაისუნთქე – უმაგრესი შეგრძნებაა. …და ანძაზე მასეთი დამოკიდებულება რატომ გაქვს?

– იმ პონტში, რო ღამე ჩემი მშობლები გვიანობამდე სახლში არ იყვნენ–ხოლმე და მე რო ღამღამობით მეღვიძებოდა, პირველი, რასაც ვხედავდი, ანძა იყო. იტოგში, ლოგინის გვერდზე მიდგას კარადა, რა… ადრეც მედგა და კარი აქვს გაფუჭებული ამ კარადას და არ იკეტება ბოლომდე და ისეა შეღებული, რო ჩერეზ ფანჯრიდან ანძას ირეკლავს და, რაღაც პონტში, მშობლების მაგივრობას მიწევდა. ჰოდა, რაღაც მშობლიურის ასოციაციას იწვევს და დღემდე ძალიან დამოკიდებული ვარ.

-არა უშავს, ანძა იქაცაა.

მოკლედ, შუბლი, რაც შემეძლო დაჭიმული მქონდა და ჩემს ამბებს ვუყვებოდი.

რომ ბილეთი ჩემდა მოულოდნელად მიყიდა ოჩიმ.

რომ ბერლინში მე, ნიკა რაზმაძე და სოფი მივდიოდით.

რომ იქ ჩვენი ბავშვობის მეგობარი ქესა ცხოვრობდა.

რომ ქესამ, რაზმაძესა და სოფიზე იცოდა, ხოლო ჩემზე წარმოდგენა არ ჰქონდა და სიურპრიზი იქნებოდა.

რომ ქესასთან უნდა გვეცხოვრა – სახლში ფული არ დაგვეხარჯებოდა და იმედი მქონდა, ჩემი მოგროვებული 100 ევრო ყველაფერში მეყოფოდა.

რომ 10 დღით ჩავდიოდით.

რომ ძალიან მეშინოდა საზღვარზე არ შევეშვი.

და რომ, ზოგადად, მშიშარა ვიყავი და ძალიან ბევრი რამის მეშინოდა.

– მაგალითად, კიდე რისი გეშინია, თემორე?

სანამ პასუხს გავცემდი, ჯერ შუბლი მოვადუნე, მერე ისევ მთელი ძალით დავანაოჭე და ღრმააზროვნად ვუთხარი:

– ბავშვობის ოცნებების ახდენის!

– ოცნებების ახდენის?

– უფრო სწორად, ორი ოცნების. ბავშვობაში ძალიან მინდოდა ხელი მომეტეხა და გარეთ თაბაშირით მევლო და კიდე მინდოდა 27 წლის მოვმკვდარიყავი, როგორც ჯიმ მორისონი და სხვები, მაგრამ ახლა, როცა უკვე 24 წლის ვარ, მაგ კლუბში მოხვედრა კატეგორიულად აღარ მინდა. მით უმეტეს, რომ არც მუსიკოსი ვარ.

– აბა, რა ოცნებების ახდენა გინდა?

– რა ვიცი. მაგალითად, ბევრი ჯგუფია, რომლის კონცერტზეც წავიდოდი.

– უი, ისე, ბერლინში შენს ყოფნას Sigur Ros-ის კონცერტი ემთხვევა, წადი.

– მასე ძალიან არ ვუსმენ მაგ ჯგუფს. თან, სულ ხო 100 ევრო მაქვს.

– აბა, ვის უსმენ მასე ძალიან?

– Breathe Owl Breathe, PH Harvey, Depeche Mode, მაგრამ სულ ყველას მირჩევნია… დაიცა, ბიძაჩემი მირეკავს, ვუპასუხებ და გეტყვი.

ბიძაჩემმა წასვლამდე აუცილებლად მნახეო. მე ყველას დავემშვიდობე. დელისის მეტრომდე ფეხით ჩავედი (მოკლე გზით). მეტროთი ვაგზლის მოედნამდე 4 სადგური გავიარე. მერე პირველ ხაზზე გადავჯექი, ერთი სადგური გავიარე, მარჯანიშვილზე ჩამოვედი და ბიძაჩემს შევხვდი, რომელმაც მანქანით სახლამდე ამიყვანა და 100 ევრო მაჩუქა.

100 ევრო მაჩუქა.

100 ევრო.

– ხო არ ღადაობ?! 100 ევრო გაჩუქა?! ანუ ახლა 100%–ით იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე გქონდა, შეჩემა?! ორასი ევრო გაქვს?! რაღა გინდა მეტი, გვიგულავია – მითხრა რაზმაძემ და ქუთაისის აეროპორტში შევედით.

– ბიჭო, რო არ შეგვიშვან, ე?

– ნუ ხარ პანიკიორი! ვითომ სახარჯო ფული ხო გვაქვს ანგარიშზე?! შეგვიშვებენ თუ არა, ეგრევე უნდა გადმოვრიცხოთ უკან. ვითომ, სასტუმროც ხო გვაქვს დაჯავშნილი?! მესაზღვრეს ვაჩვენებთ და მერე გავაუქმებთ.

– გაუქმება რთული არაა?

– არა, შეჩემა, კაპიკები ღირს. მაგას სოფი მიხედავს, შენ გირჩევნია ის მოიფიქრო მაგ ნაჩუქარ ფულს რაში დახარჯავ.

– არ ვიცი. ავტობუსში დავგუგლე და ჩემი საყვარელი ჯგუფის კონცერტია 22-ში ბერლინში, მარა ჩვენ 18–ში ვბრუნდებით და 12 ოქტომბერსაც არის, ოღონდ, დიუსელდორფში. ეგეც გერმანიაა და, იქნებ, მანდ წავიდე.

– ხო, ოღონდ გზა ძვირი იქნება – ავტოსტოპით წავიდეთ. მეც წამოვალ და დიუსელდორფსაც დავათვალიერებ, მაგარია! ჩვენი დღეები იწყება!

რეგისტრაცია გავიარეთ.

მე დიუსელდორფში წასვლის იდეა ამეკვიატა. Google Map-ით შევისწავლე რაღაცები და თვითმფრინავში ჩაჯდომამდე “ყველასთვის ხელმისაწვდომ დრამატულ პოეზიაში“ დავპოსტე (რომელიც მაშინ ახალი შექმნილი გვქონდა).

 

#ყხდპ

more news from nowhere

***

შენ, ცისფერთვალება
გოგონავ.
რომელიც 12 ოქტომბერს
ბრანდერბურგთან
115-ე ავტომაგისტრალზე გამიჩერებ
მანქანას
და ავტოსტოპით წამიყვან
დიუსელდორფამდე,
გზაში თბილისის ახალ ამბებს
მოგიყვები- მადლობის ნიშნად.
გიამბობ ხალხზე რომლებიც
თავს იკლავენ ბანკის ძარცვისას.
უბრალო მათხოვრებზე
და საბრალო მდიდრებზე
რომლებიც ფულით
ბევრ რამეს ისრულებენ.
ხალხზე რომელთაც ივერიის
გაბრწყინების ჯერათ
და ხალხზე რომლებიც
იმ ხალხს დაცინიან გაბრწყინების
რომ ჯერათ და “ივერიას” ხარშავენ.
ჩემ დაზეც მოგიყვები, რომელსაც
ყველაზე კარგი ტიპი ვგონივარ
ვისაც იცნობს,
თუმცა მალე გაიზრდება.
ჩემზეც გეტყვი რამდენიმე სიტყვას და მერე მთელი გზა
ბეჯითად მოვისმენ შენს ამბებს.
და ბოლოს
რა თქმა უნდა ფეისბუქზეც დაგამატებ.

 

თვითმფრინავის აფრენისას პირი გავაღე და ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ უმაგრესი შეგრძნება არ ყოფილა.

თვითმფრინავის დაჯდომისას ხალხმა ტაშის დაკვრა დაიწყო.

– აბა, რა გგონია, მარტო შენი ვითომ ჭკვიანური სპექტაკლების მერე უკრავენ ტაშს?! გაამზადე პასპორტი და თუ რამე გკითხეს, ხო გახსოვს, რაც უნდა უპასუხო? თუ გავიაროთ რეპეტიცია?

– არა, ყველაფერი მახსოვს.

სულ ტყუილად ვნერვიულობდით. მესაზღვრემ არაფერი გვითხრა – პირდაპირ ბეჭდები ჩაგვირტყა და გერმანიაში შევედით.

ჯერ რაზმაძე და სოფო გავიდნენ გარეთ და მათ ნახეს ქესა.~ მერე მეც გავედი. სენტიმენტებით სავსე სიურპრიზიც შედგა და ოთხივენი მეტროში ჩავედით.

– მეტრო არა. მასე რო ვინმეს შეეკითხო, ვერავინ მიხვდება, რა გინდა. აქ არის ორნაირი მეტრო. ამას ქვია ესბანი. მალე გადავჯდებით მეორენაირ მეტროში, რომელსაც ქვია უბანი და თბილისის მეტროსავით არ არის ჟეტონის ჩასაგდებები და ბარიერები, მაგრამ კონტროლიორები დადიან და ისინი ამოწმებენ ბილეთებს. ძალიან მომენატრეთ. აქედანვე შევთანხმდეთ – მე ემიგრანტი ვარ და ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობა მჭირდება. ამიტომ, როცა სამსახურში ვიქნები, რაც გინდათ ის აკეთეთ, მაგრამ სამსახურის მერე სულ ჩემთან ერთად უნდა იყოთ. შევთანხმდით?

– მე თანახმა ვარ, ოღონდ, 12 ოქტომბერს დიუსელდორფში გამიშვი კონცერტზე და, მერე და მანამდეც, სულ შენთან ერთად ვიქნები!

ქესამ გაიგო, როგორ ვაპირებდი დიუსელდორფში წასვლას. კონცერტზე, რომლის ბილეთები უკვე სულ გაყიდული იყო და შანსი არაა – არ გაგიშვებო. თან, ბერლინიდან დიუსელდორფამდე იმხელა გზაა, როგორც თბილისიდან თურქეთამდეო და გიჟი ხო არ ხარო?!

გადამათქმევინა.

მე ტელეფონს ჩავხედე და ვნახე, რომ ჰამბურგშიც ყოფილა კონცერტი და ჰამბურგიც გერმანია იყო.

– ჰამბურგიც შორია აქედან?

– როგორც თბილისიდან ქუთაისამდე. რა ხდება?

– ქესა, ძალიან გთხოვ, არ გეწყინოს, მაგრამ დღეს თუ ჰამბურგში არ წავედი და კონცერტს არ დავესწარი, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრება ვერ მოვისვენებ.

– თუკი ასე ძალიან გინდა, კარგი, ბატონო!

– ბიჭო, შიგ ხო არ გაქ, რა კონცერტი?! პირველად ჩამოდგი ფეხი საზღვარგარეთ. ჯერ მატარებლიდან არც კი გასულხარ, შეირგე, რა! ღამენათევები ვართ, დავიძინოთ, მე ვერსად ვერ წამოვალ.

– მარტო წავალ! რა მოხდა?

– დაანებე, ნიკა, წავიდეს. უბრალოდ, სახლში ავიდეთ ჯერ, რო ფლიქსბაზის ბილეთი ავუღოთ წასასვლელ წამოსასვლელი და ბარგიც დავდოთ.

– აუ, დავიძინებ და მერე რამე ვჭამოთ, რა. ამის ჯიუტი კარგიც მოვტყან!

ჩვენ ფრანკფურტერ ტურზე ჩამოვედით და ვარშაუერის ქუჩიდან, ბოქსაგენერის ქუჩაზე შევუხვიეთ, 18 ნომერთან. როცა სახლს მივადექით, ქესამ, რატომღაც, შავთმიანი პარიკი დააძრო და თავზე გაიკეთა.

– ახლა ბევრი ახსნის დრო არ მაქვს. მოკლედ, ეს სახლი მომაქირავა ერთმა ორსულმა მემარცხენემ, რომელიც თვითონ თავის ბოიფრენდის სახლში გადავიდა. ამ კორპუსს ჰყავს ახალი მეპატრონე, რომელიც ბინების ფასებს აორმაგებს. ამ გოგოს 400 ევროდ აქვს ნაქირავები და 400 ევროდვე გადმომაქირავა. შეეძლო, ფეხებზე დაეკიდებინა და პირდაპირ გადასულიყო. მერე მფლობელი მომაქირავებდა 800 ევროდ, მაგრამ რადგან მემარცხენეა თვლის რომ 800 ევროდ იმ ბინის გაქირავება უსამართლობაა, რომელშიც 400 ევროს იხდის თვითონ.

– ვერაფერი გავიგე. კორპუსის ახალი მეპატრონე ამ გოგოს რატომ არ უზრდის პირდაპირ?

– არ ვიცი. მგონი, კანონია ეგეთი, რომ რადგან დაქირავების დროს 400 ევროს იხდიდა, ახლაც 400 ევროდ ეკუთვნის. მიხვდი? ოფიციალურად რო წავიდეს, კორპუსის ახალი მფლობელი მინიმუმ 800 ევროდ გააქირავებს. ამ უბანში მასეა ბინები.

– გოგო, პარიკი რაღა ჯანდაბად გინდა?

– მეოთხე სართულზე ვცხოვრობ მე. პირველ სართულზე ბიუროა, რომელიც იმას ამოწმებს, ვინ რამდენად ლეგალურად ცხოვრობს. ამ ბიუროს კარები სულ ღიაა და ვინ შედის და გადის სადარბაზოში ყველაფერი ჩანს. ჰოდა, ჯერ მე და სოფი შევალთ და მერე თქვენ შემოდით. თუ ბიუროდან რამე გკითხეს, არ უთხრათ, სად მოდიხართ. ვითომ, ტურისტები ხართ და გზა აგებნათ.

– მაინც ვერ გავიგე, პარიკი რა საჭიროა…

– სხვადასხვა ფერის პარიკი მაქვს და იმეებით შევდივარ. სულ ერთი და იგივე უცხო ადამიანი რომ დაინახონ, რომელიც ყოველდღე შედის და გადის, ეჭვს აიღებენ.

მოკლედ ჯერ ჩვენ შევალთ და ერთი 10 წუთის შემდეგ შემოდით შენ და თემორე. დანარჩენ დღეებშიც ასე უნდა მოვიქცეთ–ხოლმე, თუ შუადღეს მოგვიწია სახლში შემოსვლა. ისე, ეს ბიურო 6 საათზე იკეტება და 6–ის მერე აღარ მოგვიწევს ასეთი მაქინაციები. მოკლედ, ავედით ჩვენ და, ამასობაში, ბერლინი-ჰამბურგის ბილეთსაც დავსერჩავთ ინტერნეტში.

– თემორე, რამე გაიგე ძმობას გაფიცებ?

– ვერაფერი. გარდა იმისა, რომ ყოველდღე ასეთი სტრესი უწევს.

– ჩემი კარგიც მოვტყან, რა! არ გამიმართლა მეგობრებში – ერთი ბიუროს თავზე ცხოვრობს, მეორე სადღაც ჰამბურგში მიდის…

– კაი, წამო, ავიდეთ. რვა საათზე იწყება კონცერტი და მალე ორი გახდება, ამათი დროით.

– ხო არ ღადაობ?! დარჩი დაისვენე, რა! რა კონცერტი?!

– ჩუ!

ბიუროს კარს Hausverwaltung ეწერა და მიხურული იყო. ამიტომ, მეოთხე სართულამდე მშვიდობით ავედით.

– ვერ გავდივარ რეგისტრაციას, რატომღაც.

– აუ, კიდე სცადე, რა.

– არ შვება.

– გთხოვ!

20 წუთი ვიწვალეთ. თითქმის გადავიფიქრე წასვლა, რომ, როგორც იქნა, საიტმა რეგისტრაცია გაგვატარა.

– 3 საათი უნდა აქედან ჰამბურგამდე და 30 ევრო ღირს… დაიცა… ჯანდაბა… არ შვება…

მასტერქარდ ბარათი მაქვს მე და ამათთან მასტერქარდი არ ჭრის. სხვანაირი ბარათი უნდა.

– ევროპაში მასტერქარდი რანაირად არ ჭრის?!

– ძალიან ბიუროკრატიული ქვეყანაა.

– წამო, პირდაპირ სალაროში მივიდეთ.

– ეგეთები არ იციან, ყველაფერი ონლაინ აქვთ, ამათ.

– შანსი არაა. ნახე, რამე ექნებათ.

– დაიცა, ჯერ ჩემს მეგობარს დავურეკავ.

რაც მეტი დრო გადიოდა და მეტი პრობლემა ჩნდებოდა, მე მით უფრო ნაკლებად მაინტერესებდა კონცერტი და მით უფრო მეტად მინდებოდა კონცერტზე ჩასვლა.

ქესას იქაურმა მეგობრებმაც ვერ გვიშველეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქვე, ალექსანდრეპლაცზე, ფლიქბასის ორი ფილიალი იყო.

წასასვლელად მოვემზადეთ. უნდა გვეჩქარა.

და ამ დროს კარებზე კაკუნი გაისმა.

– ჩუმად იყავით. არავის ველოდები. შეიძლება, ბიუროდან არიან.

ძალიან შეგვეშინდა. გავშეშდით.

– თემორე, დაივიწყე ჰამბურგი.

– ჩუმად, ბიჭო!

– იქნებ, უბრალოდ, მეზობელია – დავიჩურჩულე მე.

– შანსი არაა. მარტო ერთ მეზობელთან ვმეგობრობ და იმანაც იცის, რომ სანამ შემოვა, ჯერ ტელეფონზე უნდა დამირეკოს. ძალიან ვნერვიულობ.

– კაი, ქესა, ნუ ნერვიულობ. ვინც უნდა იყოს, მობეზრდება კაკუნი და წავა.

ორ საათზე და ოცდახუთ წუთზე მართლა მობეზრდა. ორ საათსა და ოცდაათ წუთზე დუმილი დავარღვიეთ. ორ საათსა და ოცდაცამეტ წუთზე კი სახლიდან გავვარდით.

კარებზე ვინ იყო, დღემდე არ ვიცით.

ფრანკფურტერ ტორიდან, U5 ხაზზე, 4 სადგური გავიარეთ და ალექსანდრე პლაცზე რომელიღაც სავაჭრო ცენტრში შევედით და სანამ ფლიქსბაზიზ ოფისს მივაგნებდით, ყველა სართული მოვიარეთ.

ამ ოფისში გვითხრეს, რომ ბილეთები ორი ქუჩის გადაღმა, ფლიქსბაზის სადგურში იყიდებოდა და ავტობუსიც იქიდან გადიოდა.

მოწყვეტით გავიქეცით.

სადგურთან ავტობუსი დავინახეთ, რომელსაც ჰამბურგი ეწერა. გაგვიხარდა და დავმშვიდდით. მერე სალაროში შევედით. ქესა გერმანულად ელაპარაკებოდა მოლარეს და ნიკა და სოფი ქართულად მარიგებდნენ ჭკუას. ბოლოს ქესამ მითხრა:

– მოკლედ, ახლა არის სამი საათი. ოთხის ათ წუთზე გადის ჰამბურგის ავტობუსი, რომელიც ღირს 30 ევრო და 15:50- ზე გადის მეორე ავტობუსი, რომელიც ღირს 20 ევრო. 

– 30 ევროიანს ვიყიდი, რო მალე ჩავიდე.

– მომისმინე, დავსერჩე ყველაფერი. ჰამბურგის სადგურამდე ჩასვლას უნდა 3 საათი – ანუ 20 ევროიანს რო გაყვე აქედან, იქ იქნები 7 საათზე. კონცერტი 8 საათზე იწყება. სადგურიდან სპორტჰალემდე მოხვედრას უნდა 20 წუთი.

– სპორტჰალე რა არის?

– სადაც კონცერტები იმართება, ანუ სპორტის სასახლე.

– მოკლედ, 19:20–ზე, მაქსიმუმ 19:30–ზე, იქნები სპორტჰალესთან და ვინმე გადამყიდველი იქნება, იმედია, ან ვინმე ისეთი, ვისაც აღარ უნდა ბილეთი. ეგეთები კართან დგანან–ხოლმე, ძირითადად. ინტერნეტში მაინც ვეღარ იყიდი, სოლდაუთია. ჰოდა, ახლა სჯობს, რო ეს 10 ევრო დაზოგო. 40 წუთით ადრე ჩახვალ, თუ გვიან, აზრი არ აქვს.
– კარგი, მასე იყოს.

 20 ევროიანი ბილეთი ვიყიდე და სიგარეტის მოსაწევად გავედით. ამასობაში, ჩემი ტელეფონი დაჯდა. სოფიმ თავისი ტელეფონი მათხოვა. ჰამბურგის სადგურიდან სპორტჰალემდე მისასვლელად გზის სქრინები გამიკეთა.

15:10-ზე გამსვლელი ჰამბურგის ავტობუსი გავიდა და სალაროდან ის მოლარე გამოვიდა, რომელმაც ბილეთი მოგვყიდა.

მშვიდად მოუკიდა სიგარეტს და გაკვირვებული მოგვაშტერდა.

მერე აგვიხსნა, რომ იაფიანი ავტობუსი სულ სხვა სადგურიდან გადიოდა, რომელსაც ZOB ერქვა და აქედან დაახლოებით ნახევარი საათის გზაზე იყო.

არც მე და არც ჩემს მეგობრებს სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, ისე მოვწყდით ადგილიდან.

წინ ქესა მიდიოდა. ჯერ ერთ ხაზზში ჩასხედით, მერე მეორეში გადავსხედით. გზაში ნიკა მაგინებდა. ბოლოს, რაღაც სადგურზე ჩამოვედით. ფეხით ქუჩა გადავირბინეთ და ჰამბურგის ავტობუსი დავინახეთ, რომელიც უკვე დაძრული იყო.

მე წინ გადავუდექი.

ავტობუსმა შეაჩერა და დამისიგნალა.

კარებს მივვარდი, მაგრამ ამ დროს ისევ დაიძრა და გაზს მისცა.

გამიკვირდა.

ქესამ მითხრა, ჯერ 15:47-ია, 3 წუთით ადრე გავიდა, წამო სალაროში გავარკვიოთ, რა მოხდა და თუ რამე, ბილეთი დავაბრუნებინოთო.

მე არაფერი აღარ მინდოდა. ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი. გაჩერებაზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.

ამ დროს სხვა ავტობუსმა დაასიგნალა.

გავიხედეთ – ჰამბურგი ეწერა.

შეაჩერა, კარები გააღო, შესასვლელში ვიღაცას ბილეთი ვაჩვენე, შევედი და კარები დაიკეტა და დაიძრა.

ხელის დაქნევაც ვერ მოვასწარი.

ორსართულიანი ავტობუსი იყო. მეორეზე ავედი, წინა სკამზე დავჯექი და გავიაზრე:

“რა მინდა აქ? რამდენიმე საათის წინ ლისის ტბაზე ვსეირნობდი და მუსიკაზე ვლაპარაკობდი. მერე ქუთაისის ავტობუსში ჩავჯექი, ბერლინში ჩავფრინდი, სულ ცოტა ხნით ჩემი ბავშვობის მეგობარი ვნახე და ახლა, რატომღაც, აქ ვარ სულ მარტო და სადღაც ჯანდაბაში მივდივარ. რა მინდა აქ? სულ უცხო ხალხი ზის – არც გერმანული ვიცი და არც ინგლისური. ტელეფონი მაქვს, რომელშიც არც კარტა იჭერს და ინტერნეტიც არის. მარტო რაღაც ჯანდაბა სქრინები მაქვს.

რა მეშველება?!

სახლში მინდა! “ 

to be continiu…

ავტორი თემორე

ქოვერის ავტორი ანა ჯიბლაძე