კურიერის ამბები – Nick Cave and The Bad Seeds

სიტყვები

კურიერის ამბები – Nick Cave and The Bad Seeds

კურიერის ამბები – Nick Cave and The Bad Seeds

“Father, why are all the women weeping?
They are weeping for their men
Then why are all the men there weeping?
They are weeping back at them
This is a weeping song
A song in which to weep” – Nick Cave and Blixa Bargeld

ამბავი მეცხრე

კურიერობა არასდროს მეთაკილებოდა – ეჭვი არავის შეეპაროს!

უბრალოდ, როცა უკან, თბილისში, დავბრუნდი და მუშაობა დავიწყე, თვითშეფასება მეტისმეტად დაბალი მქონდა. მისამართიდან მისამართზე დავდიოდი და თავის გასამხნევებლად ვიხსენებდი ჩემი მეგობრის, რეჟისორ ლაშა ლაშხის სიტყვებს, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მითხრა და ლუდი ჩამომისხა:

– ძალიან ბევრნი ხართ, შეჩემა. იმდენად ბევრნი, რო, აგერ, ახლა ჩემი სახლის აივნიდან რო გადაიფურთხო, მსახიობს დაეცემა თავზე.

მოპედს დავატარებდი და ყოველდღე ერთსა და იმავეს ვფიქრობდი:

„ჩემი პროფესიისთვის თავის დანებება და კურიერობა იმიტომ კი არ მიწევს, რომ უნიჭო მსახიობი ვარ (თუ ასეა, ვინმე ხომ მეტყოდა?!), უბრალოდ, ლაშხის თქმის არ იყოს, მართლა ძალიან ბევრნი ვართ, თეატრების შტატები კი ცოტა. ფილმებსაც არ იღებენ ბევრს, არც სერიალებს და არც – რეკლამებს, გახმოვანებაში მოხვედრაც ძნელია, ტელევიზიაში ხომ საერთოდ და მეც ვერსად მოვხვდი. უბრალოდ, არ გამიმართლა – ესაა და ეს. რა მოხდა მერე?! ზოგს უმართლებს, ზოგს – არა. ნიჭზე მართლა არაა, მასეთი ცუდიც ნაღდად არ ვარ. ქვეყანაა თვითონ ცუდ დღეში და მსახიობებიც ასე ვართ. არაუშავს. ღმერთო, ეს ბეემვეს მძღოლები მართლა რა ყლეებივით დადიან…“

როცა უროლოდ გიწევს ყოფნა, რაღაც შხამიანი ენერგია გიგროვდება და გწამლავს.

ჰოდა, თუ მსახობი ხარ და სხვა მსახიობის მისამართით უცებ ასეთი საშინელი ფიქრი გეწვია:

„ახლა ამ დეგენერატს ამდენ რამეში უნდა ათამაშებდნენ და მე სახლში უნდა ვიჯდე ასე ყლესავით?!“ – ჩათვალე, რომ მაგრად დაგენძრა და თავს რაიმეთი უნდა უშველო!

მაგალითად, მე გაუთავებლად იმ ისტორიას ვყვებოდი ქუთაისში, რომ ავიჩემე ნიკ ქეივის კონცერტზე უნდა წავიდე-მეთქი და მოულოდნელად ჰამბურგში დავიკარგე.

სათითაოდ ყველა მეგობარს ვუყვებოდი მთელი მონდომებით. ზოგიერთ მათგანს ვხვდებოდი, რომ არ აინტერესებდა, მაგრამ ჩემი გაჩერება შეუძლებელი იყო:

 

***

– …და დაიკეტა კარი და მეთქი, ვააააა… მაიცა, რა ხდება? აქ რა მინდა, ტო?.. რამდენიმე საათის წინ ლისის ტბაზე ვიყავი… მუსიკაზე ვლაპარაკობდი… მერე ბიძაჩემი ვნახე… ფული მაჩუქა… მერე ქუთაისში… მერე ბერლინში… ქესა ვნახე ორი წამით… ამ რაღაც ჯანდაბა ავტობუსში ვზივარ… ისე, რომ ლისის ტბიდან აქამდე საერთოდ არ მიძინია და მაგის წინა დღესაც თითქმის არ მეძინა… რადგან პირველად ვტოვებდი ქვეყანას…

– ეგ უკვე ვიცით, გააგრძელე!

– ხო, მაიცა. მოკლედ, ამ ავტობუსში ვარ ფლიქბაზში თუ რაღაცა… სულ უცხო ხალხი ზის… არც ამათი ენა ვიცი, არც ინგლისური ვიცი და მივდივარ კონცერტზე, რომელიც 8 საათზე იწყება და ბილეთი თან არც მაქვს ნაყიდი… და შეიძლება საერთოდ ვერც ვიყიდო, რადგან სოლდაუთია და გადამყიდველების იმედი თუ მექნება მხოლოდ…

-ე, ბიჭო!

-მეთქი რა ვქნა ახლა და დავიწყე გზის შესწავლა. ჰამბურგის ZOB სადგურიდან ამ სპორტჰალემდე…და სქრინებით ვსწავლობ ამ გზას… და დავიზეპირე, რო ამ ზობიდან უნდა გადავირბინო ქუჩა!

ჩავჯდე მატარებელში!

გავიარო ოთხი სადგური!

ჩამოვიდე!

გამოვიდე სადგურიდან და მაშინვე დავინახავ სპორტჰალეს!

ამ ყველაფერს მოუნდება 20 წუთი.

ჰამბურგში შვიდ საათზე ვიქნები და სპორტჰალეს წინ – რვის ოც წუთზე!

მერე ბილეთსაც რამენაირად ვიშოვი!

– ჩაასწარი კონცერტს?

– კაცს თუ ბედი არ გაქ, მერე არაფერში ბედი არა გაქ… გერმანია ხო წესრიგითაა ცნობილი და პუნქტუალობით მოაქვთ თავი… საცობი გაიჩითა… ბოზიშვილივიყო! შუა ტრასაზე თან! რაღაცას აკეთებდნენ თუ რაღაც ავარია იყო, ვერ მივხვდი. ნახევარი გზა იყო ჩაკეტილი…

– მერე? ჩახვედი ბოლოს და ბოლოს?

– მაცადე, მოგიყვე… და ნუ გავიდა კაი ხანი, სანამ ეს საცობი მორჩებოდა, მინიმუმ 10-15 წუთი და მეთქი დავიღუპე… საერთოდ ვერ ვასწრებ ამ კონცერტზე მისვლას… და რა მინდოდა… რას მოვდიოდი… ამ დროს მუხლებში ჩავრგე თავი და ტირილი მომინდა ძალიან, მაგრამ ვერ ვიტირე და ამოვყავი თავი და ფანჯრის ქვეშ დავინახე Wi-Fi-ს ნიშანი… თურმე მთელი გზა შემეძლო, ინტერნეტში შევსულიყავი… ვიფიქრე, ახლა შევალ გუგლ მეპში და გავიგებ რამდენ ხანში ჩავალ, ანუ რამდენი ხანი დავკარგე ამ საცობის გამო… ჩავწერე sporthalle hamburg … და მეპში ხო ჯერ ზემოდან ჩანს დედამიწის კონტურები?!.. დაახლოვდა… დაახლოვდა… დაახლოვდა და მივიდა ჰამბურგამდე და მთელი ჰამბურგი გადაწითლებულია ამ ლოკაციის პინებით… ე.ი. ჰამბურგში არის თურმე, რა ვიცი, ერთი 16 სპორტჰალე და მე ერთ–ერთის სქრინი მაქვს დაზეპირებული, სადაც უნდა მივიდე და კაციშვილმა არ იცის, ის სპორტჰალეა, რომელშიც კონცერტი უნდა ჩატარდეს, თუ სხვაგან მივდივარ…

– ტანვარჯიშის ჩვენებაზე რო წასულიყავი, ჰაჰა…..

– ავკანკალდი… მეთქი ვაიმე… რა ვქნა? რა მეშველება და ავიყვანე თავი ხელში… დავასკვენი, რომ ჰამბურგში მიმავალ ორსართულიან ავტობუსში, თუ სუ ყველა არა, მნიშვნელოვანი უმრავლესობა მაინც მიდიოდა ამ კონცერტზე… აბა, სხვა რა უნდა ნდომოდათ ჰამბურგში?

– ვაიმე, ვეღარ ვითმენ. ჩახვედი თუ რა ქენი? დავიტანჯე!

– აი, რა მნიშვნელობა აქვს ჩავედი, თუ – არა?

– გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, არ გაგიგია?

– საერთოდ გავჩუმდები! დუმილი ოქროა.

 

***

ფეხზე ავდექი და ხალხს ხმამაღლა მივმართე:

– იქსქიუზმი, აი ნიდ ე ჰელფ! ენიბადი გოუზ ინ კონცერტ ოფ ნიკ ქეივ?

პასუხი არავინ გამცა. უფრო სწორედ, ხმა არავინ ამოიღო, თორემ თითქმის ყველამ მტრულად და აგრესიული მზერით შემომხედა.

ჩემს სასოწარკვეთილ ხმაზე ასეთი ცივი რეაგირება ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, მომეჩვენა–მეთქი და გავიმეორე:

– აი ემ სორი, ბათ, ფლიზ, ჰელფ მი. ენიბადი გოუზ ინ სპორტჰალლე? ინ კონცერტ ოფ ნიკ ქეივ? ნიკ ქე-ივ? ნიკ ქეივ ენდ ზი ბედ სიდს?

ისევ დუმილი.

ერთ–ერთ სკამზე ჩემხელა გოგო თავის ბოიფრენდს მიყრდნობოდა.

ორივეს ეძინა.

გოგომ თვალზე ჩამოფხატებული სამგზავრო ნიღაბი მოიხსნა და ახალგაღვიძებული ხმით შემეკითხა:

– Who is Nick Cave?

აი, აქ მივხვდი, რომ მაგარ შარში ვარ.

დავჯექი. ძალიან აჟიტირებული ვიყავი და გვიან მოვიფიქრე, რომ რადგან ინტერნეტი მქონდა, ნამდვილი სპორტჰალეს მისამართის გაგება თვითონაც შემეძლო.

შევედი საიტზე: nickcave.com

გავიგე ზუსტი მისამართი.

ჩავწერე მეპში და სხვა სპორტჰალე აღმოჩნდა.

ამ სპორტჰალემდე მისვლას 8 სადგურის გავლა სჭირდებოდა, მატარებლით.მერე 20 ნომერ ავტობუსში უნდა გადავმჯდარიყავი, ორ გაჩერებაში ჩამოვსულიყავი და 200 მეტრი ფეხით გამევლო.

ამ ყველაფერს40 წუთი უნდოდა და, თეორიულად, იქ ზუსტად 8 საათზე ვიქნებოდი.

რომც მიმესწრო, სულერთი იყო – ბილეთის შოვნის შანსი თითქმის არც მქონდა.

მაგრამ როცა ავტობუსი ჩერდებოდა, უკვე კარებთან ვიდექი.

7–ზე უნდა ჩასულიყო და 8–ის 5 წუთზე ჩავიდა.

კარი გაიღო.

წვიმდა.

ქუჩა ძალიან სწრაფად გადავჭერი.

წითელზე!

მანქანებმა დამისიგნალეს.

ვიღაცამ რაღაც დამიყვირა.

„უბანში“ ჩავედი.

 

***

– …ჰოდა, ბილეთი ხო უნდა ვიყიდო და მივედი რაღაც აპარატთან. ჩასარიცხი აპარატივითაა – ფულს აგდებ და ბილეთს გაძლევს…მაგრამ ყველაფერი გერმანულად აწერია და რა ვქნა არ ვიცი…უბილეთოდ რო ვიმგზავრო, კიდე ჯარიმა მინდა?! მარა ბილეთი როგორ ავიღო, მაგასაც ვერ ვხვდები…და გავაჩერე ერთი ხანშიშესული ქალი, იქსქიუზმი, აი ვანთ თუ თიქეთ, ფლის ჰელფ მი–მეთქი…და ამ ქალმა უცებ რაღაც მითხრა გერმანულად, ძალიან უხეშად და თავში ქოლგა ჩამარტყა…და გაიარა…დამავიწყდა, რომ კონცერტზე მივდიოდი…ისევ ტირილი მომინდა…მეთქი რა დავუშავე? უხეშად რატო მომექცა?…მობრუნდა ისევ ჯუჯღუნით…მივიდა ამ აპარატთან…და თურმე ამ აპარატს, ქვედა მარჯვენა კუთხეში, ძალიან პატარა ზომის ბრიტანეთის დროშა ეხატა…დააჭირა ამ დროშას, ჩაიბურტყუნა „I am tired…tourist“–ო და წავიდა.

ინგლისურად ხო მივხვდი, რა?! დავაჭირე რაღაცას ხელი და არც ვიცი სწორი ბილეთი ავიღე, თუ – არა, მარა რაც ყველაზე იაფი იყო, იმას დავაჭირე. აგერ, ეს ბილეთიც აქ მაქვს. სამი ევრო და ოცი ცენტი ღირდა.

– ჩავედი ბაქანზე და ერთ მხარეს მატარებელია გაჩერებული და მეთქი, მაიცა, ჯიგარო…ზოგჯერ თბილისშიც მერევა–ხოლმე და არასწორ მხარეს ვჯდები და სანამ გავარკვიე, რომელ მხარეს უნდა ჩავმჯდარიყავი, ეგ მატარებელი გავიდა და მაგ მატარებელს უნდა გავყოლოდი, თურმე…სანამ ახალი მოვიდოდა, გავიდა ერთი ოთხი წუთი და ეს ოთხი წუთი ხო ვითომ არაფერი, მარა რა არაფერი? ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი! როგორც იქნა, მოვიდა ახალი მატარებელი, ჩავჯექი და სანამ ეს 8 სადგური გავიარე…

-წარმომიდგენია, დრო როგორ გაგეწელებოდა…

-გამეწელა კი არა, ფრჩხილები ბოლომდე დავიჭამე, რასაც ქვია…მოკლედ, ჩამოვედი ამ სადგურზე და ეს სადგური ელექტრო დეპოსავითაა…ანუ ღია ცის ქვეშაა და ხიდზე…ჩამოვედი გარეთ… ავიღე ტელეფონი. ტელეფონში, რა თქმა უნდა, ინტერნეტი არ იყო, მაგრამ რაღაცნაირად ლოკაცია მაინც მოძრაობდა…მივყვები ამ ლოკაციას ისე, რომ ტელეფონიდან არ ვიღებ თავს…მივედი ამ ავტობუსის გაჩერებაზე…ამოვწიე თავი ტელეფონიდან და მართლა გაჩერებაზე ვარ…გამიხარდა…ახლა უნდა გამოიაროს ოცმა ნომერმა ავტობუსმა…ტელეფონი ჩავიდე… ძალიან მიყრუებული ქუჩაა…არც ხალხი მოძრაობს, არც – მანქანები…მიმოვიხედე და თურმე გზაჯვარედინია და მოპირდაპირე მხარესაც გაჩერებაა…მარჯვენა მხარესაც გაჩერებაა… მარცხენა მხარესაც გაჩერებაა…საითაც უნდა გაიხედო, ყველგან გაჩერებაა!ისევ ტელეფონს ჩავხედე, მაგრამ ეს ლოკაციის ნიშანი მსხვილია და ქუჩების კონტურებს ფარავს…ინტერნეტიც არ მაქვს, რო გადავამოწმო და ვაიმეეე…ავნერვიულდი ისევ… რა ჯანდაბა მინდოდა? რა მინდოდა? თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, მეთქი გავახელ ახლა და ლისის ტბაზე ვიქნები, მაგრამ ვახელ და ჰამბურგში ვარ, გაჩერებებით სავსე გზაჯვარედინზე და კარგის ტრაკი მაქ მოტყნული.

-ვაახ, მე ვნერვიულობ შენმაგივრად. რა ქენი?

– შორიდან დავინახე რაღაც ავტობუსი მოდის და რო მოახლოვდა, გააჩერა, მაგრამ არის 16 ნომერი და ავედი მაინც ამ თექვსმეტ ნომერში და მძღოლს ვანახე ტელეფონი და ვუყვირი, რასაც ქვია, რო „ფლიიიზ… აი გოუ ინ სპორტჰაალე… აი ჰევ ნოთ თაიმ…აი ვონთ თუ ბაზ…ბათ ნამბერ თვენთი… და ეს მძღოლი გადმოდის, უსიტყვოდ! იმენა ხმას არ იღებს…მომკიდა საყელოში ხელი და გადამაგდო ავტობუსიდან…დაკეტა კარები და დაიძრა და აქ უკვე მომეშვა,რადგანაც, როგორც იქნა, წამომივიდა ცრემლები და ვტირი და ვფიქრობ, რომ ბერლინში დასაბრუნებელი ბილეთი ღამის პირველ საათამდე მაქვს და ახლა რვას ათი აკლია და უკან გავბრუნდები ამ ზობში…მანამდე ჰამბურგს დავათვალიერებ…არა, არ დავათვალიერებ… იმიტომ, რომ ყველა ჰამბურგელი მძულს…მეზიზღება…ამათი უგულო დედაც მოვტყან…

 

***

მე ისევ ჩემებური ფიქრი დავიწყე:

„აი ვდგავარ საშინელი ქალაქის ბნელ ქუჩაზე, ბავშვობის ოცნება ამიხდა – საზღვარგარეთ ვარ და ცრემლად ვიღვრები. ჩემი ცხოვრების დასასრულიც, ალბათ, ესაა“

ამ დროს რამდენიმე გოგო-ბიჭი მოდის აქეთ და უცებ იმედი მომეცა, მეთქი იქნებ ესენიც ნიკ ქეივის კონცერტზე მიდიან და მთელი ძალებით წამოვხტი გაჩერებიდან და მივაყარე:

-უკაცრავად! დიდი ბოდიში, იქნებ ნიკ ქეივის კონცერტზე მიდიხართ ან თუ არ მიდიხართ, იქნებ სპორტჰალემდე გზა მიმასწავლოთ? ძალიან გთხოვთ, ოც ნომერ ავტობუსს უნდა გავყვე, მაგრამ ვერ ვხვდები, რომელი გაჩერებიდან. თან ავტობუსებიც თითქმის არ მოძრაობენ…

-Can not understand…

-ანუ გზა დამებნა, რა, პირველად ვარ აქ. აი, ტელეფონს შეხედეთ, აქ მინდა, ამ ადგილას, კონცერტი იწყება ზუსტად 5 წუთში, ძალიან მეჩქარება…

– English, please…

 

***

-…ჰოდა, ვხვდები ნელ-ნელა, რომ ქართულად ვებაზრები და ინგლისურად უნდა გადავუთარგმნო, მარარა ინგლისურიც ვიცოდი, ისიც საერთოდ დამავიწყდა…აი, ზუსტად ისე, იმ ფილმში როა… ქართულის გარდა არაფერი მახსოვს და მეთქი, კაი, წადით და ესენიც სიცილით წავიდნენ, მომშორდნენ და ისევ დავჯექი ამ გაჩერებაზე და ისევ ტირილი მინდა, რომ გავაგრძელო…და ამ დროს მოპირდაპირე მხარეს გოგო მივიდა გაჩერებაზე და დაჯდა…მე ისევ მომეცა ძალა…და ჯერ ყველაფერი ავწონ-დავწონე და მივხვდი ჩემი პრობლემების სათავეს! რომ, რაც უნდა ცოტა ფული გქონდეს, აამიანი არ უნდა გაჟმოტდე…ის ათი ევრო რო არ დამეზოგა…ფლიქსბაზის 30 ევროიანი ბილეთი მეყიდა და პირდაპირ ალექსა პლაციდან წამოვსულიყავი, ნახევარი საათით ადრე ჩამოვიდოდი აქდა თანამდენ ნერვიულობასაც არგადავიტანდი…ამიტომ, ავიღე ეს დაზოგილი ათი ევრო და ქუჩაზე გადავედი… მეთქი ისე არ მეხმარებიან ეს შობელძაღლები და ფულს გადავუხდი, ოღონდ, ვთხოვ, რომ თავისი ფეხით მიმაცილოს სპორტჰალემდე…ცრემლები მოვიწმინდე, ქუჩაზე გადავედი და ამ გოგოს ვეუბნები…

-რომელი საათი იყო?

-მგონი უკვე რვა საათი იყო, მაგრამ ეგ აღარ მადარდებდა, სპორტჰალემდე უნდა მივსულიყავი, უკვე პრინციპის ამბავი იყო…თორე შენი ნიკ ქეივიც ფეხზე მეკიდა უკვე და ვარენ ელისიც ზემოდან, თუ გინდა… და ამ გოგოსთან მივედი და შუბლი ამასთანაც ესე დავინაოჭე:

ოღონდ, კი არ ვეპრანჭებოდი, უბრალოდ, მინდოდა, რო ყველა დანარჩენი გერმანელივით, ამასაც ვიღაც ოხერი არ ვგონებოდი…

-ახლა რო გვითხრა, რო ცოლად მოიყვანე…

-მაცადე, ნუ მაწყვეტინებ…მოკლედ, მივედი, 10 ევროიანს ვუჩვენებ, ინგლისურიც გავიხსენე და ვეუბნები:

„ზის იზ თენ ევრო. აი გივ იუ ზის თენ ევრო. ბათ იუ მასთ თეიქ მი ინ სპორტჰალლე, ბიქოზ აი გოუ ინ კონცერტ ოფ ნიკ ქეივ“ და ამ დროს შუბლი კიდევ უფრო დავანაოჭე და ნიშნის მოგებით შევეკითხე: „დუ იუ ნოუ ჰუ იზ ნიკ ქეივ?“

-მოგკლავ…ძალიან სასაცილოა.

– მერე ამ გოგომ ჩემს ტელეფონს ჩახედა და გამიღიმა.

 

***

Fuck Google Map- მითხრა თითქმის კეთილმა გერმანელმა გოგომ ჰამბურგის რომელიღაც გზაჯვარედინზე იმ ცნობილ დღეს, რომელზეც ახლა გიყვებით და სპორტჰალესაკენ გზა მიმასწავლა.

გავარტყი გუგლ მეპს – თითქმის ყოველდღე ვიმეორებდი, როცა ჰამბურგიდან დავბრუნდი, კურიერობა დავიწყე და გზების გაგნება მიჭირდა. 

 

***

– …ტელეფონს ჩახედა და გამიღიმა და ჩაიდე ეგ ათი ევრო, გუგლ მეპის დედაცო, რა ჩემს ფეხებად გინდა, აგერ გაივლი ერთ გაჩერებასო…ხელი გაიშვირა… მერე ცოტას ფეხით გაივლი მარცხნივო და დაინახავ მაგ შენობასო…ალბათ, ხალხიც იდგება, იქო…და მე სიხარულისგან ამ გოგოს ჩავეხუტე, მეთქი სენქ იუ და ამ გოგომ ძალიან უხეშად მომიშორა და ორი–სამი მეტრით გამშორდა… ალბათ იფიქრა, რომ გიჟი ვიყავი…მოკლედ, მაგის დრო არ მქონდა და სად ველოდო-მეთქი ახლა ავტობუსს…ერთ გაჩერებას ფეხითაც გავირბენ, იმ მიმართულებით, საითაცამ გოგომ ხელი გაიშვირა…და მივრბივარ, მივრბივარ, მივრბივარ და ბნელდება ეს გზა ნელ–ნელა… ამ ლამპიონებს სინათლე აკლდება… ბოლოს მთლად ჩამქვრალი ლამპიონები იჩითება…და სრულიად მიყრუებული ქუჩაა და სიბნელე… მეტი რო არ შეიძლება, ისეთი სიბნელე…და წერილ არს რო ნათელი იგი, ბნელსა შიგან ჩანს…ჰოდა, გამინათდა მეც გონება და ჩემს თავს მივმართე: იდიოტო, იმ გოგომ რო გითხრა, „ვან სთეიშენ“, სთეიშენი შეიძლება იყოს როგორც ავტობუსის გაჩერება, ისე მატარებლის გაჩერება და ახლა მიუხედავად იმისა, რომ ცხრის ოცი წუთია, მიბრუნდი უკან, ადი მატარებელში, გაიარე ერთი სადგური და მიდი სპორტჰალესთან!

დროზე!

 

***

უკან მივირბინე.

სათქმელადაც არ ღირს, რომ მატარებელს 6 წუთი მაინც ველოდე.

ვაგონში რამდენიმე ადამიანი იჯდა.

ერთი გაჩერება გავიარე.

და საერთოდ არ მეცინება – მატარებელი გაჩერდა და კარები არ იღება.

მთელმა ემოციებმა ერთიანად ამომასხა – თან ვყვიროდი და თან მუშტებს ვუბრახუნებდი მატარებელს.

ჩვენს მეტროში კარები ყოველ გაჩერებაზე თავისით იღება, იქ კიდე თურმე ღილაკს თუ არ დააჭირე ხელი, ისე არ გაიღება.

ერთ-ერთი მოქალაქე ადგა, დამიყვირა, ღილაკს ხელი დააჭირა, კარები გამიღო და, ალბათ, ისევ უკან დაჯდა, მაგრამ მე ეგ უკვე აღარ დამინახავს, რადგან ადგილიდან მოწყვეტით გავვარდი.

 

***

-და აქამდე უკვე ბერლინშიც ნამგზავრი გქონდა „უბნით“ და მანდაც და როგორ არ იცოდი?

-კი, აქამდეც უკვე ნამგზავრი მქონდა, მაგრამ აქამდე სხვა მგზავრებიც გადიოდნენ ჩემთან ერთად ან გარედან შემოდიოდნენ და საერთოდ არ დავკვირვებივარ მაგას… ჰოდა, გამოვვარდი და ვიცი, რო უნდა გავუხვიო მარცხნივ, მაგრამ ამ მეტროს ორი ამოსასვლელი აქვს და ერთი ამოსასვლელიდან მარცხენა სხვა მხარესაა, ხოლო მეორე ამოსასვლელიდან – სხვა მხარეს.

 

***

რვა ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე მე და ანანო მახარაძევერის ბაღში ვისხედით და ანანო მეწუწუნებოდა – თემორე, თავდაჯერება მაკლიაო.

ზოგადად, მაქვს ეგ პრობლემა, ცხოვრებაშიო.

კონკრეტულ მიზეზს არ მეუბნებოდა. ამიტომ, ძნელი იყო რაიმე რჩევის მიცემა და ბოლოს გამოვუტყდი და ვუთხარი, რომ მეც ძალიან მაკლია თავდაჯერება.

ორსაათ–ნახევარი იმაზე ვმსჯელობდით, თავდაჯერებულობისთვის როგორ მიგვეღწია.

ჭეშმარიტ პასუხს, რა თქმა უნდა, ვერ მივაგენით და გულგატეხილი დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე შემოვბრუნდი და მივაძახე:

– ანანო, კარგად იყავი და თავს დაუჯერე–ხოლმე.

ისევ სკამზე დავსხედით და ჩვენი „მიგნებით“ აღფრთოვანებულებმა, კიდევ ერთი საათი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ამდენი ვიმსჯელეთ და პასუხი თურმე თავად სიტყვაში ყოფილა.

მას შემდეგ დღესაც ხშირად ვემშვიდობებით ასე ერთმანეთს:

– აბა, დროებით, თავს დაუჯერე.

 

***

– თავს დაუჯერე! – ხმამაღლა შემოვუძახე ჩემს თავს და მარცხენა ასასვლელიდან ავედი.

გარეთ ვიღაც კაცი იდგა. იმასთანაც გადავამოწმე ჩემი გადაწყვეტილება და თავდაჯერებულმა ვკითხე:

– Excuse me, where is the “Sporthalle”?

 

***

– …და ამ ტიპს ვეუბნები: მეთქი სადაა სპორტჰალე, ჩემო ძმაო, და აგერ, იქით არიო, მარა მეც იქ მივდივარ და ერთად წავიდეთო. ვა, რა კაია, აი ლოვე ნიკ ქეივ-მეთქი…და ვუყურებ და არ მიდის ეს კაცი და რა ხდება–მეთქი და ჩემს გერლფრენდს ველოდები, აგვიანებსო, მარა მოვა მალე და ერთად წავიდეთო და ვიფიქრე ცხრის ნახევარია და შიგ ხო არ აქვს ამ კაცს–მეთქი და ვუთხარი, რო მე ვერ დაგელოდები, ბილეთი არ მაქვს–მეთქი და აუf, რა სამწუხაროაო…ახლა უკვე ისეთი დროა, გადამყიდველებიც აღარ იდგებიანო და სჯობს, უკან გაბრუნდე, რომ გული არ დაგწყდესო… ეეეეე, მეთქი, ჩემო ძმაო, შიგ ხო არ გაქ? უკან სად? ლისის ტბაზე გავბრუნდე-მეთქი?..და საწყენად არ მითქვამს, აგერ, იქით წადი და ძალიან იჩქარე, არამგონია, მაგრამ იქნებ იყოს რამეო…მადლობაც არ მითქვამს, ისე გავიქეცი… ვირბინე, ვირბინე და მივადექი შუქნიშანს და ამ შუქნიშანზე ბევრი ხალხი გადადის ძალიან და, ალბათ, კონცერტზე მიდიან ესენი, მაგრამ მაინც დავაზუსტებ – ისეთი ბედი მაქვს, ბრმად რო გავყვე, იქნებ რამე საფეხბურთო სტადიონზე ამოვყო თავი, „ჰამბურგი-ბარსელონა“- რავიცი?! და ორი გოგო მიდიოდა და ამათ ვკითხე, მეთქი ნიკ ქეიივ? და გამიცინეს, ხოო, ნიკ ქეივო… და ქუულ–მეთქი… „აი ემ ნიკ ქეივ ენდ ზი ბედ სიდს ფან ფრომ ჯორჯია, თუდეი აი ვოზ ინ თბილისი, ზენ აი გოუ ინ ქუთაისი, ზენ ინ ბერლინენდ, ფაინალი, აი ემ ჰეარ, ვიზ იუ გერლზ, ჰა-ჰა-ჰა. ენდ აი ჰევ ნოთ თიქეთ“.

 

***

ხალხის ნაკადს გავყევი და სასოწარკვეთილმა დავიწყე ყვირილი.

-I need the ticket.. Please… Anybody…

საერთოდ არავის ჰქონდა. გადამყიდველებიც არ ჩანდნენ.

და სანამ კიდევ ავტირდებოდი, ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, ჩემი ცოლი ვეღარ მოდისო და 64 ევროიანი ბილეთი 60 ევროდ მომყიდა.

ორმა რამემ გამახარა:

ამ ბილეთმა და კიდე იმან, რომ თურმე 8 საათზე სპორტჰალეს კარი იღებოდა, უშუალოდ კონცერტი კი მინიმუმ 9 საათამდე არ დაიწყებოდა.

 

***

– სანამ შევიდოდი, ერთი სამი ღერი მოვწიე…რიგში არ ჩავდექი. ყველა რო შევიდა, მე მერე შევედი…და სტადიონი იყო ჩვეულებრივი, ოღონდ გადახურული…აი, ზუსტად სპორტის სასახლისნაირი…ცოტათი დიდი…და მე მქონდა სულ ქვემოთა ბილეთი…სადაც ხალხი ფეხზე დგას…მოედანზე…და ყველა ხო შევუშვი რიგში და გადატენილია ეს მოედანი…ერთ ბოლოში მე ვდგავარ, მეორე ბოლოში სცენაა და შუაში ძალიან ბევრი ხალხი…და მეთქი ამდენი იმიტომ ხო არ ვიწვალე, რო ტრაკიდან ვუყურო ამ კონცერტს და გადავუარე ამ ხალხს…წინ მივიწევდი…ესენი მაგინებდნენ, მუჯლუგუნებს მირტყამდნენ, მარა მე კოცნებს ვუგზავნიდი… მაგრად მეკიდა ყველა… მოკლედ, რო წარმოიდგინო ფეხბუბრთის კარი და საჯარიმოს ხაზი…აი, ამ მანძილზე მივუახლოვდი სცენას…მეტი ვეღარ იმიტომ, რომ მოხუცი ცოლ-ქმარი ეხუტებოდნენ ერთმანეთს და თბილი ღიმილით შემარცხვინეს, შენ ალბათ ძალიან გიყვარს ნიკ ქეივი, თორე ასე ცუდად არ მოიქცეოდიო… გავწითლდი და, რაც ჩემი ინგლისურით შემეძლო, ავუხსენი ჩემი სიტუაცია და ამათ გაუხარდათ…უი, საქართველოდან ხარო?ჩვენი მეგობრები იყვნენ მანდო, თბილისშიო…ძალიან მოეწონათო… ჩვენც გვინდაო… რა კაიაო…

 

***

ლაპარაკი ტაშმა გაგვაწყვეტინა.

სცენაზე Bas Seeds-ის დანარჩენ წევრებთან ერთად ვარენ ელისიც გამოვიდა და ვიოლინოს გახურება დაიწყო.

ბოლოს ნიკ ქეივიც გამოვიდა.

ჯერ იმ დროისთვის ბოლო ალბომის Skeleton Tree-ს სიმღერებს ასრულებდა.

მერე ძველი სიმღერებიც დაიწყო.

მე ნელ-ნელა გული ამიჩუყდა და უცებ ძალიან მომინდა, რომ სურათი გადამეღო მასთან ერთად.

და ამ მოხუც ცოლ-ქმარს ვკითხე, კონცერტის მერე გამოსასვლელთან რომ დავდგე,როგორც ფილმებშია, სურათის გადაღების შანსი არ მექნება, თქვენი აზრით-მეთქი?

გაიცინეს – არაგვგონია, მაგრამ შენ ისეთები გამოიარე, აუცილებლად უნდა სცადოო.

ისევ სცენას ავხედე.

სცენაზე ნიკ ქეივი აღარ იდგა, მაგრამ სიმღერის ხმა ისმოდა.

დავიბენი.

ამ დროს სახეზე განათება ვიგრძენი და ტუჩის წინ მიკროფონი.

გვერდზე გახედვის ძალიან შემეშინდა.

ყურები დამიგუბდა.

ფაქტობრივად, დავყრუვდი.

ჯანდაბა – გვერდით ნიკ ქეივი მედგა!

რომელმაც წაიმღერა this is a…

და ჩემგან გაგრძელებას ელოდა – …weeping song…

მე კიდევ სანამ გაშეშებული ვიყავი, ვიღაცამ ხელი მკრა და მიკროფონთან ჩემ მაგივრად მივიდა.

უცებ აზრზე მოვედი, ტელეფონი დავაძრე და სელფი გადავიღე.

ფოტოზე მეც და ქეივიც ძალიან ცუდად გამოვიყურებით, მაგრამ, მგონი, ეს დღემდე ორივეს ფეხებზე გვკიდია.

 

***

აი, ვდგავარ სპორტჰალლეს სტადიონზე, ნიკ ქეივთან ერთად Weeping Song-ს ვმღერი და ვტირი. დაღლილი და ბედნიერი ვარ – ჩემი ცხოვრებაც ეს ყოფილა.

 

***

– ჰოდა, აი, ხო გინახავს, საცობში რო სასწრაფოს გზას უთმობენ და ვიღაც ნაბოზვარი რო აეკიდება და უკან მიყვება-ხოლმე…აი,მასე დავყვებოდი ამ ნიკ ქეივს,სანამ ხალხში დადიოდა…მერე სცენაზე ავიდა და სანამ Stagger Lee-ს დაიწყებდა, ხალხს ანიშნა, სცენაზე ამოდითო…ვინც მოასწრო სცენაზე აძრომა, ხო მოასწრო და სცენის ნაწილი რო აივსო, მერე დაცვა აღარ უშვებდა ხალხს და ქვემოთ ყრიდა. მეც აძრომის დროს ჩამომხსნეს. არადა, ნიკ ქეივმა მომკიდა თვითონ ხელი და მწევდა, ბოზიშვილი ვიყო, ძმაო… საქართველოში რო ვყოფილიყავი, დავიკიდებდი დაცვას და მაინც ავძვრებოდი, მარა მანდ შემეშინდა, კიდე რამე შარში არ გავება-მეთქი…

 

***

როცა გამეღვიძა, ავტობუსი გაჩერებული იყო. გვერდზე ბიჭი მეჯდა. მგონი, თურქი იყო.

ვკითხე:

-It’s Berlin?

– Yes.

– Really?!

– Yes, we are in Berlin.

ავტობუსიდან ჩამოვედი.

მიმოვიხედე.

იმ ადგილს არ გავდა, საიდანაც ჰამბურგში წავედი.

ავტობუსი დაიძრა.

ის-ის იყო გამიკვირდა, ჩემ გარდა რატომ არავინ ჩამოვიდა–მეთქი, რომ თავზე თვითმფრინავმა გადამიფრინა.

აეროპორტთან ვყოფილვარ.

მაგრამ ის აეროპორტი არ იყო, რომელშიც წინა დღეს ჩამოვედი.

როგორც მერე გავარკვიე, ეს ავტობუსი ჯერ ბერლინის ტეგელის აეროპორტთან ჩერდებოდა, მერე სადგურზე.

ადრე ჩამოვსულვარ, ტელეფონიც დამჯდარი მქონდა.

ღამე იყო 4 საათი.

რაღაც ავტობუსმა გამოიარა, დაუფიქრებლად ჩავჯექი.

ვიფიქრე, ჯერ ვიხეტიალებ და როცა გათენდება, სადმე ტელეფონს დავტენი და ქესას მივწერ–მეთქი.

მერე ავტობუსიდან ტრამვაი დავინახე.

მაშინვე გადავჯექი.

ტრამვაიდან ანძა დავინახე, რომელიც ქესას სახლიდანაც ჩანდა.

ანძა რომ დავინახე, დავმშვიდდი.

ვეღარსად დავიკარგებოდი.

გამთენიისას ისე, რომ ტელეფონი არც დამიტენია, ფრანკფურტერ ტორსაც მივაგენი და ქესას სახლსაც.
როცა თბილისში დავბრუნდე, თავიდან გზების გაგნება მაინც მიჭირდა, მაგრამ რაღაც უნარი გამომუშავებული მქონდა.
მერე, აგერ, ორწლიანი სტაჟიც მაქვს და დღეს ჩემზე მაგარი კურიერებიც არსებობენ, მაგრამ მეც საკმაოდ მაგარი კურიერი ვარ.

 

***

ეს ბოლო ამბავი იყო. მეტის მოყოლა აღარ გამოდის.

ბოლოს და ბოლოს, ისეთიც არაფერია – უბრალოდ, შეკვეთები A პუნქტიდან B პუნქტამდე მიმაქვს.

ესაა და ეს.

 

P.S.

შეუკვეთეთ თო.კის სამაჯურები და დამაფოლოვეთ ინსტაგრამზე – temo.re https://www.instagram.com/temo.re/

 

ავტორი თემორე

ქოვერის ავტორი ანა ჯიბლაძე