შიო ლალუაშვილი – ლექსები

სიტყვები

შიო ლალუაშვილი  –  ახალი ლექსები

შიო ლალუაშვილი – ლექსები

***

მე გამოვთხარე ეს ფუღურო  ამ ცაცხვის გულში და

ახლა ცაცხვსაც ჭიები ხრავენ.

მათ ნაკვალევს ბუნდოვნად ვხედავ

და როცა ზურგზე ტოტებს ვიკიდებ მეც ისე მჭამენ,

როგორც მის ღეროს.

რას გაათენებ, როცა უკვე დაგღალა დილამ,

და რას მიუტან სახურავში შეზრდილ მონაზვნებს.

რა გახსენდება როცა მხედავ, შრეტა თუ ის რომ

დიდი ხანია სახლს ვეღარ აგნებ.

 

მათთვის ვინც მხოლოდ ახლა იღვიძებს

მე ვიცი, როგორ არ შევტოპო ამ მღვრიე წყალში,

რომელმაც უკვე მილიონი კაცი იმსხვერპლა,

ჩემს ხელშია მდინარის ბედი…

ხის ნავს ვიმეტებ, გადასასვლელად გამოდგება.

ის კი არ ვიცი, ჩემია თუ ვინმე უნდა მივიღო მასში,

რომ ერთად ვზიდოთ ამ კალაპოტის მღვრიე ტალღები,

როგორც სათრევი ბარგი დღის ბოლოს.

მე მის წინ ვდგავარ .ვიდრე ინათებს,

ვიდრე მიხვდება ხელი ლოდებს როგორ გაუშვას.

ან როგორ დარგოს ლურჯი ტოტები ეზოს გარშემო.

ვზრდიდი ხელიდან გაშვებულ მტრედებს

და ახლა მხოლოდ ნაკვალევის იმედად ვრჩები.

მიშვებს თავისთან და ჭის სიღრმეში ექოებს აქრობს,

ახლა იგავებს ვეღარ მოყვები,

აღარაფერი აღარ არის მათში ჭეშმარიტი.

მაგიდის ქვეშ ვარ, ვათვალიერებ მომსვლელთა ფეხებს

და მიმავიწყდა სახლში ყვავილებს რატომ ვეღარ ვზრდი.

 

კარავი

სადაც არასდროს არ ვყოფილვარ იქ მათენდება.

სხეულზე მეკვრის ფორმაშეცვლილი ნაჭრის სისველე

და ნისლის ფენას მწოლიარეს სახეში მახლის.

იქ მთავრდებიან ჩემი სიზმრები, სადაც არ ვარ.

სადაც ვფიქრობდი, არასოდეს არ მოვხვდებოდი

და ხელშეწყობა სამომავლო გეგმა მეგონა.

ჩამპალ ფოთლებში ხელებს ვურევ,

ვცდილობ, უკან მივუგდო მიწას მისი სისველე

და დავაბრუნო ყველა ვალი, რაც მომეწება.

ფერი იცვალა ჩემმა ადგილმა.

ახლა მამჩნევენ ეს მტაცებლები, მწერები, ჯოგი

და ჩემი კარვის კედლის სიმყარე მე თვითონ მაფრთხობს.

მისი ნაჭერი ლოსის რქენას ვეღარ გაუძლებს

და მე ვიქცევი შავ კენტავრად,

რომ ჩემი არსი ერთ ცხოველში გავასხივოსნო.

 

მას ვისაც სახლში მისულს შუქის ანთება მუდამ აშინებს

ეს შენი ხელი, ჩემო ძვირფასო, აკრთობს სიჩუმეს,

ოდნავ მოჭერილ სიბნელის გუდას შეუხსნის თასმას

და შესასევად გამზადებულ სინათლის სხივებს  გზას უხსნის შენკენ.

შემოაბიჯე, ჩაახველე, დააფრთხე ის ვინც,

ამ სიბნელეში თავის ალაგს თამამად იცავს

და ხელით ძებნას საგნებისას გადაჩვეულა.

გადმოაბიჯე კარის ჩარჩოს, გახსოვდეს იქნებ,

რომ სართულები მნიშვნელობას კარგავენ მაშინ,

როცა ქარები წელში ხრიან მაღალ კორპუსებს.

შემოისახლე ყველა ვინც კი მოგყვა აქამდე,

ვინც დაიქანცა მილიონი ნაბიჯის გავლით

და რაც შენ გსურდა, ოფლის სახით გზადაგზა დარგო.

როცა მიაგნებ, მღრღნელის სოროს სადღაც გაჩენილს,

გაუფართოვე დიამეტრი და შინ ეწვიე,

გამგზავრებისას თვითონ აიღებს საკუთარ თავზე,

რომ სახიფათო სიბნელისგან სახლი დაიხსნას,

ასე გაცვალეთ ვალდებულება, ასე შეხორცდით,

და თუკი მართლა შეგეჩვივნენ სახლის ლანდები,

დიამეტრგაზრდილ თაგვის სოროს მიაშურებენ.

 

გასახსენებლად

წყაროსთან სადაც, მინდორმოვლილ ცხენებს ვუფრთხოდი,

ახლა პირქვე ვარ და პეშვით ვიღებ ანკარა ყლუპებს.

ყურებდახშული, ამოხეთქილ წყლის მაღალ წნევას

სახეს ვუშვერ და ჭინჭირს დანასუსხს ვარიდებ თვალებს.

ახლა მთავარი რაკურსია, ზემოდან ქვემოთ,

ხელის დადებით გართულდება ყველა ბუსუსი

და მიმიკები გამოთქვამენ ცრუ განტოლებებს,

სადაც უცნობი ნაცნობზე მეტად ამოხსნის ტოლობას,

სადაც ხელებში ცარცის ნაგლეჯი ქრება და ცვდება,

საბოლოოდ კი ანაბეჭდები ცვლიან თეთრ  ლაქებს.

წელში ვიხრები, პლასტიკაა ჩემი ხელწერა

და კარში გაჩრილ, სანახევროდ გაღებულ ბოქლომს

სიმშვიდით ვკეტავ, ვაგრძელებ ახსნას,

რაც დამევალა, რაც ხელშეხებით უკან იტოვებს

ყველას ვინც თითი ჩააწო მასში, ან დააყენა მაღვიძარა,

რომ ერთ დილითაც მისთვის დაესწრო, ცხადლივ ენახა,

როგორ დნებიან ჩამოცვენილი მწვანე ფოთლები,

როგორ იჭმევა ჭადრის ფესვები ზამთრის ყინვაში.

როგორ ვბარავდი სახლის გარშემო ეზოს და ბოსტანს

(და ვუკეცავდი საბანს ჩემს გათოშილ სამყოფელს).

 

***

შენ, ვისი მკერდიც ამოვიდა დედამიწაზე,

სად მომაგენი? ხეთა რომელ რიგს გამოყევი? გზად ვის ემალე?

ის რაც ჩემია გარეთ გავდგი, მაინც გავწირე

და რაც წამერთვა ბალიშის ქვეშ სიზმრად ვინახავ.

ამ მოსახვევში გამოვჩნდები. რას შეეზარდე?!

რომ არცერთ მზის შუქს არ უნახავს შენი სხეული.

და თუ გახვედი იმ სახლიდან სადაც ორთქლავდი,

ახლა რას ადენ შენი თავის კრისტალურ წვეთებს.

რაც არ არსებობს, მარტივია იმის ხსენება,

იმას მოარგებ რაც შენ გინდა, რაც გაგახარებას.

 

გადაადგილება

სად იწყება მიხვედრა?!

როცა ზამთარი თეთრად ყინავდა ოთახის ფანჯრებს,

მაშინ ჩამესმა ღუმელიდან ნასროლი გუგუნი

და ხელდამწვარი, უშნო ჯუჯები

კედლის კუთხეში მიათრევდნენ ჩემსავე საწოლს.

გამოზაფხულზე ვბრუნდებოდი ფანჯრების ძირში

და სახეცვლილი ჩემი ხედები კაზმავდნენ ღრუბლებს,

რომლებსაც უკვე მიმართულება აეღოთ და დინჯად ქრებოდნენ.

და ჩემი სარკესავით გლუვი იატაკი,

ყოველ ზამთარში ემსგავსებოდა ვარსკვლავთა ცვენას

და ხელშესახებ ტრაექტორიებს უძლებდა მტკიცედ.

წვდებოდა კუთხეებს ოთახისას და იშუშებდა ღრმა ნაჭრილობევს,

ყოველგვარი ნერწყვის გარეშე, დროის თანხლებით.

 

ტვირთის ჩამოცლა

გამოვხარშეთ ჩამოხეული ტანსაცმელი, ერთად გავაშრეთ

და საცალფეხო ბილიკის მსგავს ვალდებულებებს ღამე ვუთიეთ.

ხელშესახებია ყველაფერი, რასაც ვერ ვზიდავ,

ხელშეუხებელს კი გამუდმებით კედელზე ვკიდებ.

ამ საფეხურმა მიმიწება, ბარგი წამართვა და გამოხშირა ჩემი სიზმრები,

რომლებიც მაშინ დამესიზმრა, როცა ვნათლავდი ჩემს განდგომილობას,

როცა საერთო ვერ ვუპოვე ზღვასა და ხმელეთს,

როცა ვხედავდი როგორ დგამდნენ პირველ ნაბიჯს და

როგორ ათრევდნენ საერთო ბარგს ჩვენი ხელები.

საბოლოოდ კი განთავისუფლდა ეს ვიწრო სივრცე,

ჩვენმა სხეულმა მოიშორა დაჭიმულობა,

და ახლა ისღა დაგვრჩენია, შევინახოთ ეს დღე უჯრაში,

რომელსაც მხოლოდ მსგავსი დღე აღებს.

 

მნიშვნელობის მინიჭება

ამის იქით გზა აღარ მიდის, ამის იქით უკვე იშლები

მოვალეობებად, აზრებად, ცეცხლად და სივრცედ,

სადაც ყლაპვა გაძნელებულ სუნთქვას წააგავს

და სადაც ღამე ხელის ჩავლების ცივი გრძნობაა.

ამოიშრიტა ნაფეხურები, ყველაფერი დალაგდა ერთად

და ხორცშესხმული თოთო ბავშვები ითვლიან დღეებს,

ვუზივარ გვერდით, შეხორცებული, გახვრეტილი ზღაპრის გმირებით

და ვცდილობ თოვლი მოვიყვანო თუნდაც რაფებზე,

რომ ამ სითეთრემ ამოიძახოს პირველი სიტყვა, მძიმე და გლუვი.

(Visited 35 times, 30 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა