სექსიზმი საბჭოთა ლიტერატურაში

სიტყვები

სექსიზმი საბჭოთა ლიტერატურაში

სექსიზმი საბჭოთა ლიტერატურაში

ავტორი: ლიკა შარაშიძე

ლიტერატურაში და ისტორიაში ხშირია დავიწყებული ქალი. ქალი, რომელიც ჩაგრულიც კი არ არის, არამედ უბრალოდ არ არსებობს, ან თუ არსებობს, არასდროს გააჩნია პირადი თავისუფლება და ხშირად სულ მსხვერპლია, თანაც რომანტიზირებული: ამის ნათელი მაგალითია მეჩვიდმეტე საუკუნის ელიზაბეტიანური თეატრი, სადაც პიესების მთავარი ლაიტმოტივი ყოველთვის შურისძიებაა, განსაკუთრებით კი-ქალზე.

გამონაკლისი არც საბჭოთა ლიტერატურაა, მაგრამ დღეს არ განვაზოგადებთ იმას, თუ ზოგადად როგორია „რკინის ფარდის“ მიღმა არსებული მწერლობა, არამედ განვიხილავთ, თუ რამდენად ფემინისტურია ის სოცრეალიზმის, მკაცრი ცენზურის და რეჟიმის პირობებში.

თვალსაჩინოებისთვის,ზემოთ ხსენებულ მოსაზრებას ადვილად გაამყარებს შედარებით ნაკლებად პოპულარული, მაგრამ მნიშვნელოვანი ქალი პერსონაჟი ჩემი სამი საყვარელი საბჭოთა ნაწარმოებებიდან:

1) მაქსიმ გორკი, „დედა“ – პელაგეა ვლასოვა.

სოციალისტური რეალიზმის ყველაზე თვალსაჩინო და მნიშვნელოვან ნაწარმოებად გამოდგება “დედა”, სადაც დედა-შვილის, პაველ და პელაგეა ვლასოვების ტრაგიკული ბედია ნაჩვენები. ეს ოჯახი შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლია და ისინი სწორედ ბოროტმა, დრო-მოჭმულმა კაპიტალიზმის ცნებამ შეიწირა. მაქსიმ გორკი სწორედ „დედის ხატის“ მეშვეობით ცდილობს დაგვანახოს მაშინდელი კაპიტალისტური რეჟიმის მანკიერებანი: განსხვავებული აზრი სწორედ ხომ უსამართლო რეალობის ნაშიერია? სწორედ ის არ არის გასაღები, გზა ევოლუციისაკენ და პროგრესისაკენ, სწორედ მისკენ არ მივისწრაფით მთელი ჩვენი ცხოვრება ადამიანები? გორკის ლიტერატურა ერთგვარი ფსიქოოლოგიური თამაშია, რომელიც დასაბამს სწორედ ზემოხსენებულისგან იღებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ლიტერატურა და ამ შემთხვევაში ჩაგრული პელაგეაც პროპაგანდის იარაღებად გვევლინებიან.

საინტერესო ფაქტია, რომ 1906-1907 წლებში მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი აქტიურად წერდა დასავლურ ფემინიზმზე, მაშინ როცა რუსეთი იდეოლოგიურ იარაღს „დედა“-ს იტაცებდა, რომელსაც, რეალურად არაფერი არ აქვს საერთო ქალთან, როგორც საზოგადოებრივ ინდივიდთან და მისი უფლებების დაცვასთან(მაქსიმ გორკიმ ნაწარმოები 1906 წელს დაწერა). ეს ორი ქმნის საინტერესო დიქოტომიას, რომელიც ნათლად გვანახებს რეგიონალურ ფემინისტურ დისკურსს, ნათელს ხდის იმ დაღს, რომელიც დატოვა რეჟიმმა ქართულ პოლიტიკურ თუ სოციალურ მეხსიერებაზე.

2) მიხეილ ბულგაკოვი „ოსტატი და მარგარიტა“ – ფრიდა

მაკსიმ გორკისგან განსხვავებით, მიხეილ ბულგაკოვისთვის მტრის ხატს წარმოადგენს ყველაფერი საბჭოური და მათ შორის გაიდეალებული „დედის ხატი“, რომლის ანტიპოდსაც ფრიდაში,შვილისმკვლელ დედაში ვხედავთ. „- მე მსურს, რომ ფრიდას აღარ მიუტანონ ის ცხვირსახოცი, რომლითაც საკუთარი შვილი გაგუდა!“ იძახის რომანის მთავარი მოქმედი ქალი პერსონაჟი მარგარიტა და მისით ავტორი ორ რამეს რამეს უპირისპირდება:

1) გაიდეალიზირებულ დედის ხატს მედეას არქეტიპით (ისტორიულად ჩაგრული პერსონაჟი, რომელიც პატრიარქალურმა კულტურამ გარიყა).

2) გაიდიალიზირებულ ქალის ხატს, სადაც მისი ადამიანური ემოციებისთვის ადგილი არ არის.

3) ლიდია ჩუკოვსკაია, „სოფია პეტროვნა“- სოფია პეტროვნა და ნატაშა
რომანი 1936-1938 წლის მასიური რეპრესიების შესახებ, რომელიც ისტორიაში „დიდი წმენდის“ სახელით გახდა ცნობილი.

ჩუკოვსკაიას ამ ნაშრომმა„პერესტროიკამდე“ ვერ ნახა დღის სინათლე:
მთავარი გმირი, სოფია პეტროვნა, საბჭოთა კავშირში მუშაობს ტიპოლოგად 1937 წელს და ამაყობს შვილის ნიკოლაის(კოლიას) მიღწევებით. ინჟინერიის სტუდენტი და კომუნისტი კოლია, პერსპექტიული კარიერის დასაწყისში იმყოფება, სადაც მისი სურათი„პრავდას“ გარეკანზეც კი არის გამოსახული. მალევე იწყება რეპრესიები და სოფიას გარშემო ხალხი გაუჩინარებას იწყებს, მალევე აპატიმრებენ კოლიასაც. სოფია და მისი მეგობარი, ნატაშა ცდილობენ უსამართლობას შეებრძოლონ, მაგრამ ამაოდ: ბოლოს ორივე ქალი იმედს კარგავს, ნატაშა თავს იკლავს, ხოლო იმედდაკარგული, ნიჰილიზმში გადავარდნილი სოფია კოლიას წერილს წვავს, სადაც ის თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, რადგან მიაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლია.

ეს წიგნი წარმოადგენს გაბრძოლებას კომუნიზმისადმი, ეს არის ჩუკოვსკაიას პროტესტი პატრიარქატს: იქ სადაც გორკი, მამაკაცი გამოსავალს გვისახავს და მის იარაღად ქალს წარმოაჩენს, ლიდია გვანახებს ალტერნატიულ რეალობას, იმ საბჭოთა კავშირს, სადაც მისნაირი დედები და ქალები(სოფიას და ნატაშას სახით) დღემდე ელოდებიან, თუ როდის იზეიმებს სამართალი.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოთა ქალი ლიტერატურაში, ეს იყო იარაღი, რომელსაც პროპაგანდისტი დესპოტები და დისიდენტი მწერლები თანაბრად მიმართავდნენ გაჭირვების ჟამს. მობერებული და დრომოჭმული „სტალინის კულტიც“ სწორედ ამ პატრიარქალურ პრაქტიკის ნაწილია, რომელიც დღემდე ნეგატიურ გავლენას ახდენს ქართველთა აღქმაზე.

(Visited 54 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა