„ფანი და ალექსანდერი“ – ბერგმანის მულტირაკურსული ხედვა

სიტყვები

„ფანი და ალექსანდერი“ – ბერგმანის მულტირაკურსული ხედვა

„ფანი და ალექსანდერი“ – ბერგმანის მულტირაკურსული ხედვა

ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

ავტორი: ანუკა ლომიძე


ამბობენ, ყველა ადამიანს ბავშვობის ფეხსაცმელში სძინავსო… თუ ამ სიტყვებით ვიმსჯელებთ, „ფანი და ალექსანდერი“ „ბავშვობის ფეხსაცმელში“ გამოღვიძებული ინგმარ ბერგმანის მოყოლილ საბავშვო ზღაპრად შეიძლება ჩაითვალოს. ფერად ზღაპრად, რომელშიც მისტიური არსებები რიგითი ადამიანების გვერდით არიან და, სიკვდილის შემდეგ, სულად ქცეული მამა თუ ღვარძლით სავსე მამინაცვლის შვილები, ცხოვრებას ჩვენ თვალწინ განაგრძობენ. სადაც სინამდვილე და ფანტაზია, რელიგია და მისტიკა ერთ რეალობაშია მოქცეული, ბოროტისა და კეთილის ბრძოლა სიკეთის გამარჯვებით სრულდება, და რჩება კითხვა: – სად გადის ზღვარი რეალობასა და ირეალობას, ამ და იმქვეყნიურ სამყაროს შორის, თუ ყველაფერი ცხოვრობს ყველაფერში და ღმერთი ჩვენშია…

ყოველ დილას, ჩემთან ერთად, პარკში, რვა წლის ბიჭუნას ჩრდილი სეირნობს… საინტერესო და სულისშემძვრელი სანახავია… ჩემი ჩრდილი რვა წლის ბიჭია!

სამას თორმეტ წუთიანი ფილმი, სწორედ, ამ „ჩრდილი ბიჭუნას“ ერთი წლის თავგადასავალს გვიყვება და ეკრანზე, რეჟისორის ბავშვობის მნიშვნელოვან მოგონებებს აცოცხლებს. მოგონებებს, რომელთა გარეშეც შეიძლება, არც რეჟისორ ინგმარ ბერგმანს, არც ხალისიან ფანის და არც გამარჯვებულ ალექსანდერს ეარსება…

ექვს საათიანი თანაგანცდის შემდეგ, ფილმის სივრცეში არსებულ, არქეტიპებით სავსე, კაცობრიობის ფსიქიკის ოლიმპოს შენც გამარჯვებული ტოვებ და ბერგმანის ხედვათა მრავალფეროვანი ლაბირინთიდან მომავალი, სამყაროში ბოროტების, კიდევ ერთხელ, ძლევას, შინაგანად, მთელი დღე თუ არა, რამდენიმე წუთი მაინც ზეიმობ. ნაწარმოებში ერთდროულად გახსნილი ზღაპრულ-მითოლოგიური, რელიგიური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, და ასე ვთქვათ, „თეატრის“ პლასტი ბერგმანის მულტირაკურსულ ხედვას წარმოადგენს.

ეკდალების სცენაზე გათამაშებული „ჰამლეტის“ პირველი აქტი, გმირებისთვის უკვე ფილმის მეორე აქტში გრძელდება… თეატრში თუ მის მიღმა, ცხოვრების ერთი ხაზი ვითარდება. ამ ორ რეალობას შორის დარღვეულ საზღვარს კი, ალექსანდერთან ერთად, ჩვენც ბავშვის მიამიტური თვალით ვაკვირდებით და სამყაროს მიმართ, იმ ღიაობას, ნდობას ვგრძნობთ, რომლის მეშვეობითაც ცხოვრებას, ერთ დროს, ბერგმანიც ჯადოსნურ ზღაპრად აღიქვამდა…

„ფანი და ალექსანდერის“ გადაღება 1981 წლის 7 სექტემბერს დაიწყო. რამდენიმე დღეში ბერგმანის ჯიბის წიგნაკში ასეთი ჩანაწერი გაჩნდა: „ჩემი სხვა ფილმებისგან განსხვავებით, „ფანი და ალექსანდერის“ გადაღება დიდხანს გაგრძელდება“…

გრიპის გამო, ჯგუფმა რამდენიმე სცენა რეჟისორის გარეშე, მისი თანაშემწეების, პიტერ შილდისა და ტონი ფორსბერგის ხელმძღვანელობით გადაიღო. ბერგმანის მიერ დატოვებული ზუსტი ინსტრუქციით შექმნილ სცენებს შორისაა ოსკარ ეკდალის დაკრძალვის ეპიზოდიც, სადაც ალექსანდერი – ბერტილ გუვე – დაგროვილი აგრესიისგან, სალანძღავი სიტყვების ყვირილით, იცლება. პატარა მსახიობების შერჩევის დროს, მან ბერგმანის ყურადღება სწორედ აგრესიის ორიგინალური გამოხატვით დაიმსახურა. როლზე უამრავი ბავშვი გასინჯეს. ბოლოს, დაავალეს მოეფიქრებინათ ყველაზე საშინელი რამ, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, რაზეც გუვემ განაცხადა: „მე მოვკალი ბაბუაჩემი!“ ბაბუის არა, მაგრამ ძმისა და მამის მოკვლის აზრი, ბერტილის ასაკში, ბერგმანსაც არა ერთხელ მოსვლია. ათი წლის ალექსანდერის სახით და მისი თვალითაც, ეკრანზე პატარა ინგმარის ფიქრები, იმედები, წარმოდგენები, მის ბავშვობასთან დაკავშირებული ადამიანები ცოცხლდებიან, თავიანთი ბედით, გარეგნობითა და ჩვეული სუნით… ყველა ის, ვისაც მის ხელოვან ადამიანად ჩამოყალიბებაში და „ფანი და ალექსანდერის“ შექმნაში რაღაც წვლილი მაინც მიუძღვის… იყო დრო, მშობლებისგან დასჯილი და დაჩაგრული, ნესტიან საკუჭნაოში გამეფებულ შიშს თავს კინოს მეშვეობით – კედელზე მინათებული ფარნით აღწევდა.

სიბნელეში საათობით ვიჯექი, ერთი ხელით კედელზე ფარანს ვანათებდი და შიშის გასაქრობად, კინოში ყოფნის ილუზიას ვიქმნიდი ხოლმე…

სამოცდაოთხი წლის ასაკში, ნაკლებად საშიშ სიბერესთან დაპირისპირება, უკვე, ნამდვილი კინოაპარატის მეშვეობით ბავშვობაში დაბრუნებით გადაწყვიტა. თუმცა, ვინ იცის, რომ არა ცხოვრებისა და მშობლების მიერ განხორციელებული მუდმივი ზეწოლა, რამდენად შესაძლებელი იყო, რიგითი პასტორის ოჯახში გაზრდილი ბავშვი რეჟისორ ინგმარ ბერგმანად ჩამოყალიბებულიყო.

გარემოს, რომელშიც ვიზრდებოდი, შემოქმედებასთან შეხებაც არ ჰქონდა, არც სკოლაში და არც სახლში არავინ იყო ისეთი, ვინც ხელოვნებას მაზიარებდა.

სამაგიეროდ, იყვნენ ისინი, ვინც ხელოვნებისადმი ინტერესის წინა პირობა შექმნა. მუდმივმა დაძაბულობამ და დაუმსახურებელმა თუ დამსახურებულმა სასჯელმა პატარა ბერგმანს წარმოსახვა განუვითარა, მკაცრ რეალობაში საკუთარი ილუზორული სამყარო შეაქმნევინა და დაასახლა იქ, სადაც ნებისმიერ უარყოფით მოვლენას ცხოვრებაში, ფანტაზიისა და ტყუილის მეშვეობით უმკლავდებოდა.

ერთხელაც გავაანალიზე, ტყუილის გარეშე ცხოვრებაში უფრო დავიჩაგრებოდი და ზედმეტი ტკივილის თავიდან აცილების მიზნით, ღვთის მადლით, ვისწავლე ტყუილი!.. ხშირად, ვერც ვაცნობიერებდი, რომ ჩემ მიერ შექმნილ სამყაროსა და რეალობას შორის ზღვარი უნდა გამეტარებინა და ამ ფაქტის უარყოფითი შედეგები არა ერთხელ ასახულა ჩემს ზრდასრულ წლებსა თუ შემოქმედებაზე…

აი, ბერგმანი, ალექსანდერთან ერთად, თავისი ბავშვობის ყველაზე შემოქმედებით ტყუილს იხსენებს:

ათი წლის, ვიყავი. მერხის მეგობარ ნისეს დუმილის ფიცი ჩამოვართვი და გავუმხილე, რომ მშობლებმა შუმანის ცირკს მიმყიდეს. რომ მალე დავტოვებდი სკოლას, სახლს და გოგონა ესმერალდასთან ერთად, აკრობატობას დავეუფლებოდი

პატარა ბერგმანისა და ალექსანდერის ცხოვრებაში, ყოველ ცოდვასა თუ დანაშაულს – აღიარება, აღიარებას – პატიება, პატიებას კი – ყველაფრის და მიუხედავად, მუდამ „უდავოდ სამართლიანი“ სასჯელი მოსდევდა, რომლის მართებულობაშიც ეჭვი არასოდეს, არავის უნდა შეეტანა. დანაშაულის არსს ოჯახის კრებაზე არკვევდნენ. აღიარებით ჩვენებას დამნაშავე მამის კაბინეტში მშობლების, და- ძმის, გუვერნანტებისა და მსახურების თანდასწრებით იძლეოდა, რის შემდეგაც იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რამდენ დარტყმას იმსახურებდა… ერთი უფროსი მაშინვე ხდიდა შარვალს, მეორე მუცლის ქვეშ, მწვანე დაპრესილ ბალიშს უდებდა, მესამე ხელით კი სერს უჭერდა… განაჩენის სისრულეში მოყვანა კი ყოველთვის ღვთის მსახური მამის მოვალეობა იყო. რის შემდეგაც, ბერგმანს უნდა დაეკოცნა მისი ხელები და კიდევ ერთხელ,
„გულწრფელად“ წარმოეთქვა პატიების სიტყვა… დასაძინებლად, ვირთხიანი საკუჭნაოსკენ, უკვე „ცოდვისგან თავისუფალი „მშვიდი“ გულით მიემართებოდა და ვახშმის გარეშე დარჩენილი, რეალობას თავს კედელზე მინათებული ჯიბის ფარნით და კინოზე ოცნებით აღწევდა… პროტოტიპისგან განსხვავებით, მეტი სიამაყით, სიმამაცითა და თავდაჯერებულობით ხვდება სასჯელს ალექსანდერი. მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, მის ფერად ცხოვრებაში, დედის მეგობარი ეპისკოპოსის სახით, დიდი, შავი ლაქა ჩნდება, რომელიც ბერგმანის მამის მიერ კარგად აპრობირებულ სიმკაცრესა და სასჯელის მეთოდებს, ასევე, „სამართლიანად“ იყენებს. „ფანტაზია კარგია, ჩემო ბიჭო, დიდი ნიჭია, მაგრამ ღმერთმა ეს ნიჭი მხოლოდ ხელოვანი ხალხისთვის შექმნა და არა ჩვენთვის“… ალექსანდერის პატარა თავს დიდი ღვთის ხელი უკაკუნებს და მშვიდი, აუღელვებელი ხმით აცნობს რეალობას, რომლის მიხედვითაც ფანტაზიისა და სინამდვილის ზღვარი, ბავშვებისთვის ტყუილზე გადის, სიცრუისთვის კი, ყოველთვის, სამაგალითოდ სჯიან…

ეკრანზე ალექსანდერის შექმნით, ბერგმანმა თითქოს შეიძინა თვისებები, რომლებიც სრულფასოვნებისა და სიძლიერის შეგრძნებისთვის აკლდა და საოცნებო ხელოვანის ოჯახში დაბადებული ალექსანდერი, ეპისკოპოსის სახლში, თავის ნაცვლად, ჩაგვრისა და დამცირებისთვის პასუხის გასაცემად მოახვედრა. პატარა გმირის მეშვეობით, გაახმოვანა და ნაწილობრივ, განახორციერლა ფიქრები, რომელთა გამხელასაც ბავშვობაში, თუნდაც მორიგი სასჯელის შიშით, მხოლოდ საკუთარ თავთან თუ გაბედავდა…

პირველი კინოპროექტორი, ბერგმანის ცხოვრებაში, შობის ჯადოსნურ ღამეს გაჩნდა…

ნაძვის ხესთან მდგარ კალათაში დილიდანვე შევამჩნიე ყუთი, რომელშიც კინოპროექტორი მეგულებოდა. მთელი დღე ვცქმუტავდი და აი, როდესაც საჩუქრების გადაცემის დრო მოვიდა, ნანატრი პროექტორი ჩემს ძმას მისცეს. სიმწრისგან აბღავლებულს, სილა მითავაზეს. გამწარებულმა ღნავილი მაგიდის ქვეშ განვაგრძე, მაგრამ გულის მოსაოხებლად საძინებელში გამაგდეს. გზას ბუზღუნითა და ყველას წყევლით გავუდექი, თან იმ საშინელი სახლიდან გაქცევას ვგეგმავდი… ბოლოს, ბრაზში და ცრემლში ჩამეძინა

იმ დღეს, ლატერნა მაგიკას მეშვეობით, გაიდო ხიდი, რომელმაც პატარა ინგმარი დიდ სარეჟისორო კარიერამდე მიიყვანა და შემდეგ, „ფანი და ალექსანდერის“ მეშვეობით, ისევ ბავშვობაში დააბრუნა… ამბობდა, რომ გახურებული მეტალის, ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალების, მტვრისა და ნავთის შერეული სუნის გახსენება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეეძლო. ხელისგულის სახელურზე შეხებითა და საკუჭნაოს კედელზე მთრთოლვარე, მართკუთხა სურათების სწრაფი ცვლით ქმნიდა სამყაროს, რომელიც „მუსიკასავით და სიზმარივით სულშიჩამწვდომი“ იყო მისთვის… „ლატერნა მაგიკაში“ ასახული ბავშვობის წლები, სცენარივით მიჰყვება ფილმის განვითარებას…

ეპისკოპოსი კი, ფილმში, ცხოვრების ყველაზე არასასურველი გმირია, თუმცა მასში ჩემი ნაწილი უფრო მეტია, ვიდრე ალექსანდერში, რადგან ის შეპყრობი- ლია საკუთარივე დემონებით

დემონები, სულებისა და აჩრდილების სამყარო, ბერგმანისა და ალექსანდერის ცხოვრებას დაბადებიდან სდევდა.

რეალობასა და ფანტაზიას შორის ზღვარის ძებნაში, მხოლოდ, სინამდვილის რეალობის ფარგლებში შენარჩუნება შევძელი. აი, მაგალითად, მოჩვენებები და სულები – რა მექნა მათთვის? ზღაპრები და თეატრის სამყარო? წარღვნა? ადამი? ევა? იესო ქრისტე? ღმერთი და ანგელოზები? …

როდესაც რეალურ, ცირკში აკრობატობის სურვილს „საცოდავ ილუზიას“ უწოდებენ და ცის კაბადონზე მცხოვრები, კეთილი ღმერთისთვის ლოცვას გაიძულებენ, როდესაც სულის მარადიულობაზე გესაუბრებიან და აჩრდილების არსებობას ღიმილმორეულნი უარყოფენ, როდესაც ღვთის სახელით, სიყვარულსა და სიკეთეს გიქადაგებენ და „მისივე ნებით“ გტკენენ და გსჯიან, სინამდვილე-ტყუილის გარჩევა, ალბათ, მართლა რთულია. ერთ მოხუც ქალს უთქვამს ბერგმანისთვის: – შენ,
ინგმარ, კვირას დაიბადე, ამიტომაც ელფების დანახვა შეგიძლიაო და სიახლით აღფრთოვანებული რეჟისორიც მაშინვე გარეთ გაქცეულა. ელფის ნაცვლად ქუჩაში ერთი ციც- ქნა, ბოროტი, პრიალასახიანი ნაცრისფერი ადამიანი შეხვდა, გამომწვევი თვალებითა და პატარა გოგოთი ხელში.

ძალიან მომინდა გოგონა მაინც დამეჭირა ხელში, მაგრამ ნაცრისფერი არსება მაშინვე გამექცა… მეწყინა…

უცნაური არსებებით ალექსანდერის ცხოვრებაც იყო სავსე. თუმცა ამ მოვლენის ახსნა მისთვის არავის მიუცია… ერთადერთი, ისააკ იაკობს შეეძლო მსგავს თემებზე ღიმილის გარეშე საუბარი… „ადამიანი პატარა და უმნიშვნელო გვგონია, მაგრამ მასში უსასრულო ზეცა და მარადისობა იმალება. ცუდია, როდესაც ღვთის შვილი თავის ძალაუფლებას, სიდიდეს ვერ გრძნობს და უარესია, როდესაც მხოლოდ თავისი უმნიშვნელობით ცხოვრობს, თან აზრად არ მოსდის, გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც სამყაროსგან აქვს ბოძებული“, – ამას ამბობდა ისააკი ალექსანდრესთვის, ის კი ყველაფერს დაწვრილებით იმახსოვრებდა, რათა ეს ცოდნა, ბოლომდე გაანალიზების შემდეგ, ცხოვრებაში აუცილებლად გამოეყენებინა… მის სამყაროში ხომ ბევრი ამოუცნობი რამ ხდებოდა ისეთი, რამაც კითხვები ფილმის ზრდასრულ მაყურებელს და კრიტიკოსებსაც დაუტოვა. კინოკრიტიკოს როიალ ს. ბრაუნს, მაგალითად, ვერაფრით გაურკვევია, მართლა ხედავდა თუ არა ალექსანდერი აჩრდილს, გინდა მამის, გინდა ეპისკოპოსის მკვდარი ოჯახის, სულ ერთია. აბნევს ის ფაქტიც, რომ დაკრძალვის დღეს როიალთან მჯდარი ოსკარ ეკდალის შესრულებული მუსიკა ალექსანდერის გარდა, ფანისაც ესმის, და უფრო მეტიც, სწორედ გოგონა მიუთითებს ძმას გვერდით ოთახში მჯდარი მამისკენ…. უცნაურად ეჩვენებათ ეპისკოპოსის სახლიდან ბავშვების მოპარვის ეპიზოდიც.

როდესაც დაძაბული მაყურებლის თვალწინ, ბავშვებს დიდ ხის ზარდახშაში სვამენ, გერების ოთახში, ბავშვების შესამოწმებლად შევარდნილ, გაცეცხლებულ ეპისკოპოსს ფანი და ალექსანდერიც ისევ შუა ოთახში დაძინებული ხვდება. ფილმის „დემონების“ ნაწილში ისმაელ რეძინსკისა და ალექსანდერის სცენა ზოგმა, საერთოდ, ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობად ჩათვალა და ისმაელის როლის შემსრულებელი, სტინა ეკბლადი, ბავშვების ძიძა – მაისთან ერთად, ალექსანდერის მიმართ პედოფილურ ლტოლვაშიც დაადანაშაულა. „იქნებ მე და შენ ერთი სახე გვაქვს და არც არსებობს ჩვენში საზღვარი… შენ წინაშე გზა მხოლოდ ერთია და მე წამოვალ ამ გზაზე შენთან. გავინადგურებ ჩემ თავს და შემოვალ შენში. მე გავხდები შენ, ჩემო პატარა, ნუ გეშინია. მე შენთან ვარ. შენი მფარველი ანგელოზი ვარ… სიმართლე სამყაროზე – ეს არის სიმართლე ღმერთზე“… ეკდალების ოჯახს ღმერთზე საკუთარი სიმართლე აქვს: რელიგიურ ცხოვრებას არ ეწევიან, მაგრამ ზოგჯერ ეკლესიაში, ეპისკოპოსის ქადაგებაზე დადიან და ეთანხმებიან ზოგად წარმოდგენას კეთილ, მაგრამ შორეულ ღმერთზე, რომელსაც ყველაფერი უკეთესობისკენ მიჰყავს… ძილის წინ, ღამის ლოცვას ეკდალების ყველა ბავშვი, ხმამაღლა, ხელიხელ ჩაკიდებული და დაჩოქილი კითხულობს. „მადლობა, ღმერთო, დღევანდელი დღისთვის, დამეხმარე, რომ გავხდე კარგი გოგო (ან ბიჭი). დაე, ნუ მიმატოვებს ანგელოზი მთელი ღამე. დაიფარე უფალო დედა და მამა, ბებია და ბაბუა, მე, ჩემი დები და ძმები, ჩემი ბიძაშვილები, ბიძები და დეიდები, ფრეკენ ვეგა, ფრეკენ ესტერ, მაი, სირი, ბერტა, ალიდა და ლისენუ და ბიძია ისააკი და ყველა ადამიანი, ამინ!“, „დამეხმარე რომ გავხდე კარგი…“ და არა დამეხმარე ვიყო კარგი!.. როგორც ბერგმანი ამბობდა, ქრისტიანობის წინააღმდეგ მისი ძირითადი პროტესტი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ეს რელიგია სავსეა პიროვნების დაკნინების, არასრულფასოვნებისა და უმოწყალო დამცირების ელემენტებით. რადგან ბავშვობიდანვე გვინერგავენ, რომ „ჩვენ, საწყალი ცოდვილი ადამიანები, ცოდვაში ვართ დაბადებულნი და მთელი ცხოვრება განვაგრძობთ ცოდვას“.

ბერგმანი ამბობდა, რომ დამცირებაზე უსასრულოდ შეეძლო ლაპარაკი… მთელი შეგნებული ცხოვრება, ღმერთთან იმ დამოკიდებულებას ებრძოდა, რომელიც პასტორის სახლში ჩაუნერგეს. მისი და უფლის სამყარო თავიდანვე ძალით გამიჯნეს. ბრალი და სასჯელი თავდაუღწეველი ყოველდღიურობა იყო. კეთილი ღმერთი, ნათელი წმინდანები და ანგელოზები კი ამ ყველაფერს, უმოქმედოდ, ციდან აკვირდებოდნენ… ასე, პატარა ბერგმანის შეგნებაში, რწმენა ურწმუნობას, მოყვასის სიყვარული სიძულვილს და მიტევება განსჯას დაუპირისპირდა…

თავიდან, შემოქმედებაშიც ჩამოუყალიბებელი ვიყავი და ძალიან მაკლდა თვითდაჯერება… სარტრს აქვს ნათქვამი: არაფერი მაკმაყოფილებდა, მანამ, სანამ არ გავაანალიზე, რომ ღირებულის ვერშექმნის შიში მადარდებდა – იმ რელიგიური წარმოდგენის ატავიზმი, რომლის მიხედვითაც, სამყაროში რაღაც ყოვლად სრულყოფილი არსებობს და მასზე უკეთესის შექმნა წარმოუდგენელია… ეს ფაქტი გავაანალიზე და შემოქმედებაში არასრულფასოვნების კოპმპლექსისგან მაშინვე გავთავისუფლდიო

რელიგიური ასპექტი ყოველდღიურობიდან ბერგმანმაც გამორიცხა

და უფრო იოლი გახდა ცხოვრება, ღმერთთან ურთიერთობა ხომ ისეთი მტანჯველი, უხალისო და უსიხარულო იყო…

ამბობდა, რომ მთელი ბიუროკრატიული სისტემაც ადამიანების დამცირების პრინციპზე იყო დამყარებული, რაც, თავისმხრივ, საზოგადოებისა და სამყაროსთვის დამღუპველად მიაჩნდა… რადგან, თუ დამცირებული, მუდამ სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობს, მაშინ ყოველთვის იარსებებს ვიღაც სხვა დასამცირებელი და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთს სამუდამოდ არ გაანადგურებენ ისე, რომ აღარაფრის თავი ჰქონდეს… ამასობაში, მოდის სიკვდილიც და გამოდის, რომ დამცირებულებმა მთელი ცხოვრება სხვის დამცირებას მოვანდომეთ…

ეპისკოპოსის მიმართ აგრესია ალექსანდერში თავიდანვე გაჩნდა, თუმცა მაშინ ვერავინ იფიქრებდა თუ ეს აგრესია საპასუხო იქნებოდა. „ნუ ხარ ასეთი გაბოროტებული, შვილო, ეს არაა ჰამლეტის ქვეყანა, თუმცა გეთანხმები, საკმაოდ ბნელა, არც მე ვარ დედოფალი გერტრუდა და ედვარდი, დანიის მეფე, რომელმაც მამა მოგიკლა“… ფილმის ძირითადი სიუჟეტის განვითარება, როგორც „ჰამლეტში“, მკვდარი მამის გამოცხადებით და დედის ახალი ქმრის მიმართ შუღლით იწყება… გარდა ამისა, ეპისკოპოსის მიერ მამის ჩანაცვლება, საკმარისია იმისთვის, რომ ამ ზღაპარშიც ოიდიპოსის მითის პარადიგმა გათამაშდეს…

ვირგირიუსისა და გერის მტრობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, შეიძლება, მხოლოდ ემილიც დასახელდეს. ოსკარის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა, ლამაზ, თბილ და მოსიყვარულე დედას ახალი მამა ეპატრონება. „ოსკარი ჩემი ახლო მეგობარი იყო, საოცრად ძვირფასი ჩემთვის, ღმერთია მოწმე, ჭეშმარიტად განვიცადე მისი სიკვდილი, მაგრამ სიცოცხლეში არასოდეს მივკარებივართ ერთმანეთს“, – ამოცანის გასაღები სწორედ ყოფილ დედამთილთან წარმოთქმულ ამ სიტყვებში შეიძლება იყოს… რატომ მიჰყვება ემილისნაირი სიცოცხლით სავსე ქალი ეპისკოპოსს იმ ჯოჯოხეთში, ან უბრალოდ, საიქიოში, სადაც ნებისმიერი, ემილისავით, ტანსაცმლის, სამკაულის, მეგობრებისა და ამქვეყნიური ხალისის გარეშე მიდის… ის სიკვდილით ისჯის თავს!.. ბავშვებს ვირგირიუსების სახლში, სიცოცხლის სხივი შეაქვთ. ამიტომაც ცდილობს, ქვის კედლებში მაცხოვრებელი, ყველა უფროსი ძალადობით და უსამართლობით მათ დათრგუნვას… ქალაქში დიდი ხანი ჭორაობდნენ იმაზეც, რომ ოსკარ ეკდალს შვილებიდან არც ერთი არ ეკუთვნოდა… როგორც ჩანს, ემილის, ქმრის სიკვდილის შემდეგ, ცოდვებისგან განწმენდისა და ასკეტური წესით ცხოვრების სურვილი უჩნდება, რადგან ამ გზაში ხედავს ხსნას და სიხარულით, ღიმილითა და სულიერი სიმშვიდის მოპოვების იმედით, ეკდალების სახლში, ნებაყოფლობით იწერს ჯვარს ცერემონიაზე, რომელიც პანაშვიდს უფრო ჰგავს, ვიდრე ქორწილს… მკაცრი, უჟმური სახეებითა და ჩაჟამული სამოსით, სიკვდილი (ვირგილიუსების სახით) ეკდალების ფერად სიცოცხლეს სძლევს და ნადავლი (ემილისა და ბავშვების სახით) სქელ ქვის კედლებიან ჰადესში მიაქვს. „ამბობდი, რომ შენი ღმერთი სიყვარულის ღმერთია, ეს ისე ლამაზად ჟღერს!.. მე ხომ მსახიობი ვარ და მივეჩვიე ნიღბის ტარებას. ჩემი ღმერთიც ატარებს ათას ნიღაბს. ის არასოდეს მანახებს თავისი ჭეშმარიტ სახეს. ზუსტად ისე, როგორც მე არ შემიძლია შენ ან ღმერთს დავანახო ჩემი თვალები“. ემილისთვის თეატრი ღვთის ისეთივე ტაძარი იყო, როგორიც ედვარდისთვის ეკლესია – დამცავი გარსი, რომელშიც ვერ შეამჩნევ დროის დინებას.

ეკდალები მუდამ მომღიმარნი, ნათელი სახეებით ხშირად იხუტებენ, ჰკოცნიან და ეალერსებიან ერთმანეთს… ბავშვებიც ამ სინაზით, სიყვარულითა და მზრუნველობით არიან გარესამყაროსგან დაცულნი. მათ სახლში, ღალატსაც გაგებით ეკიდებიან. ჩხუბობენ, ტირიან კიდეც, მაგრამ ყველაფრისდამიუხედავად, მუდმივად იგრძნობა – ისინი აცნობიერებენ, რომ ადამიანები არიან და ერთმანეთსა და საკუთარ თავს აძლევენ უფლებას შეცდნენ, განსჯა უცხოა. ალექსანდერის ბიცოლები – ქმრების ღალატს და უხეშობას, მამა – დედის თავისუფალ ცხოვრებას, ბებია კი, შვილების შეცდომებსაა შეგუებული. რადგან ყველას ესმის, რომ თითოეულის მიღმა, მასსავით სუფთა ადამიანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების მიერ შერჩეულ ნიღაბს ატარებს. თუმცა, იციან ისიც, რომ არის გარე სამყარო და რეალობა, მათ პატარა სამყაროზე ბევრად დიდი, სასტიკი და შეუწყნარებელი…

არაფერია მუდმივი, არც ეკდალების სახლის ბედნიერება, და არც პასტორისა და ეპისკოპოსის სახლში გატარებული ალექსანდერისა და პატარა ბერგმანის ბავშვობის წლები… იმ ბოროტების და მძიმე დღეების მიუხედავად, რომელიც ინგმარმა მამამისის სახლში გაატარა, თავის ბავშვობას „ლატერნა მაგიკაში“ საკმაოდ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე პერიოდად იხსენებს: „არ მახსოვს, როდესმე მომეწყინოს“… მოწყენილობის განმქარვებელი კი, როგორც ჩანს, სწორედ მამისგან მიღებულ უარყოფით ენერგიასთან ბრძოლა იყო. ბრძოლა, რომელშიც პატარაობაში არასოდეს ყოფილა მამის თანაბარი. მშობლები ხომ შვილებს, ხშირად, თავის საკუთრებად განიხილავენ და მიაჩნიათ, რომ მათ არ აქვთ სიტყვის, თავის გამართლებისა თუ შეპასუხების უფლება. ეპისკოპოსისა და პასტორის სახლში მამების პირით ღმერთი ღაღადებს, სახრიანი ხელი ღვთის ნებას ასრულებს, დასჯილი, ნაცემი ბავშვი კი, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთრებაა, რომელიც ღვთის ნებითა და მამის ძალისხმევით, უკეთესი უნდა გახდეს. უფროსებს ერთმანეთთან ბრძოლის და ერთმანეთის გამოსწორების სხვა მეთოდები აქვთ. იქ, სადაც თანასწორი პირობებია, აგრესიისა და ძალადობის ღია ფორმებს ვერ მიმართავენ. თუმცა, ამ შემითხვევაშიც, ყოველთვის არის ვიღაც სუსტი და ვიღაც ძლიერი. სუსტი ემილი ვერ ეწინააღმ- დეგება ქმრის ნებას – მათსავე სასიკეთოდ დასაჯოს ბავშვები, მაგრამ არც ეპისკოპოსია იმდენად ძლიერი, რომ ცოლის ურჩობას ისეთივე პასუხი გასცეს, როგორიც გერებს.

რად უნდა გარდაქმნილიყო ალექსანდერში დაგროვილი მუდმივი სასჯელის შიში, უსამართლობა და ჩაგვრა, თუ არა სისასტიკეში – საკუთარი თავის, მჩაგვრელისა და ღვთის მიმართ. გამოუთქმელი ბრაზი, სათქმელთან ერთად, ადამიანში დროთა განმავლობაში აკუმულირდება, მისი

გონებისთვის, ნიშანდობლივია ისეთი მაგიური ძალა, რასაც მატერიის გარდაქმნაც კი ძალუძს… ფორმა, რადაც ადამაინის გონება გვევლინება, არის დასაბამი, შუაგული და დასასრული პროცესისა… ქიმიურ პროცესსა და ადამიანის მორალურ-ინტელექტუალურ გარდაქმნას შორის პირდაპირი პარალელის გავლება შეიძ- ლება

ამ პარალელის თუ საკუთარი ძალის შესახებ ალექსანდერმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცის მაშინ, როდესაც დას არწმუნებს, ერთად კონცენტრირდნენ სურვილზე და გაუგზავნონ ეპისკოპოსს სიტყვა „მოკვდი“. „გესმის, ეპისკოპოსი უკრავს ფლეიტაზე და ახალ სატანჯველს იგონებს ჩვენთვის. ერთად უნდა ვიფიქროთ მის სიკვდილზე და აუცილებლად მოკვდება. მთავარია, ერთად დავიწყოთ… ერთად! ერთი, ორი, სამი! – მოკვდი საქონელო! მოკვდი საქონელოო!..“ თავისმხრივ, ედვარდი თავს თითქმის მოვალედ თვლის, ასწავლოს ემილისა და ბავშვებს რეალურ სამყაროში ცხოვრება.

განა ჩემი ბრალია, რომ სინამდვილე ჯოჯოხეთია?! ამ სამყაროში, ჩვენს სინამდვილეში, აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე… მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ დაცული ვარ ყოვლისშემძლე, ძლიერი ეპისკოპოსის წოდებით. თანამდებობა კი ყოველთვის ძლიერია იმაზე, ვინც მას ატარებს.

ეპისკოპოსის წოდებით შეპყრობილი ვირგილიუსი სწორედ ამ მონობაში ჰპოვებს თავისუფლებას. რელიგიის სახელი საერო ცხოვრებაში, სახლში, უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს და „კანონიერ უფლებას“ აძლევს ღვთის სახელითვე გადაუხვიოს უფლის ნებას. მოყვასის სიყვარული, მასაც, სიძულვილით, სამართლიანობა – უსამართლობით, შემწყნარებლობა – განსჯით აქვს ჩანაცვლებული. მარტოხელა დედის, გაუთხოვარი დისა და დეიდის გაზრდილ ედვარდში, როგორც ჩანს, მამაკაცების წინააღმდეგ, დიდი აგრესიაა ჩადებული. ალექსანდერი კი სწორედ ის კაცია, რომელიც საკუთარ სახლში, მთელი ცხოვრება მეტოქეობას უქადის. ედვარდი გრძნობს გერში მის მიმართ დაგროვილ ზიზღს და იმ ძალას, რომელსაც ამოუთქმელი ბოღმა და წყენა წარმოადგენს.

მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მეშინია მისი..

არც ალექსანდერს ესმის, რა ხდება მის თავს, როდესაც მიცვალებულთა სულები და ჩრდილები დასასჯელადაც კი ეცხადებიან და ვერც ბერგმანი იგებდა, რატომ იყო

ბავშვობიდან, სულების, დემონების, მოჩვენებებისა და სხვა, უსახელო თუ სამშობლოს გარეშე დარჩენილი, არსებების გარემოცვაში

„დემონები“ – ასე ჰქვია ფილმის მეხუთე აქტს, რომელშიც ალექსანდერი სამყაროს იდუმალ შრეში თავისივე ფეხით ჩადის… გარეთ ყინავს – 20 გრადუსია…

რაღაც ბოროტმა სულმა, დილის ხუთ საათზე, თითქოს, სპირალურად ამომაგდო ღამის ძილიდან… თავი ნათელი მაქვს. ვდგები… რამდენიმე წუთი თვალდახუჭული ვდგავარ ცივ იატაკზე. ცხვირი გაჭედილია, მუცელი – მტკივა (ძველი დაავადებაა), მარჯვენა ყური არასასიამოვნოდ მიშხუის (შეუძლებელია, ყურადღება არ მიაქციო) და სასქესო ორგა- ნოს მარჯვენა მხარე მაწუხებს (როგორც ჩანს, კიბოა). ისტერიკის შიში მაინც კონტროლქვეშაა, მზად ვარ მუცლის სპაზმებისთვისაც! დღეს ისმაელისა და ალექსანდერის სცენაზე მომიწევს მუშაობა… იმის კი მეშინია ეს ეპიზოდი ჩემი ახალგაზრდა და მამაცი შემსრულებლის ძალებს არ აღემატებოდეს… მთავარია სიმშვიდე… დაწყნარდი

არაფერია შემთხვევითი… ყველაფერი მიზეზშედეგობრიობას ემორჩილება და თავისი ჯერით უნდა გაგრძელდეს… საჭირო ოთახში მიმავალი ალექსანდერი ებრაელების უცნაურ სახლში იკარგება და საბოლოოდ, საკუთარი ქვეცნობიერი სურვილების პირისპირ დგება… აქამდე არასოდეს უცდია გაერკვია, რა ხდებოდა მის თავს. რადგან, იდუმალი და მისტიური სამყაროსკენ ლტოლვას, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის მართვის სურვილი და შესაძლებლობა ყოველთვის ჰქონდა, მუდამ, შიში სჯაბნიდა….

არ მესმის, რატომ მეცხადებიან სულები და მოჩვენებები მაინცდამაინც მე, როდესაც ასე მეშინია მათი!

არადა, მათთან კონტაქტის დამყარების შანსს ხელიდან არასოდეს უშვებ-და… ცნობისმოყვარეობა დღითიდღე ღვივდებოდა და ბოლოს, ჩვეულებრივ ამბად იქცა ის, რომ მკვდარი მამა, თავისი უნიათობის გამო, სასუფეველშიც კი არ მიიღეს და ახლა მისი ცხოვრების თანამგზავრია… ის ღიად გამოხატავს სიძულვილს სულიერად სუსტი ადამიანების მიმართ და ეპისკოპოსის სახლში ცხოვრებისთვის, ერთგვარ პასუხს ითხოვს მამისგან… „საერთოდ, გინახავს ღმერთი?! იქ, იმ ქვეყანაში?! დავიფიცებ, იმის გარკვევაც ვერ მოახერხე, რა გზა არსებობს მასთან დასაახლოვებლად… რატომ არ მიხვალ და სთხოვ მოკლას ეპისკოპოსი?! ეს ხომ მისი ეპარქიაა! თუ ღმერთსაც ფეხებზე ჰკიდი- ხარ?!.. ისევე, როგორც ჩვენ ყველანი“…

ალექსანდერისთვის უყურადღებო და „ფეხებზემკიდია“ ღმერთის არსებობა უფრო დამაჯერებელია, ვიდრე მისი არარსებობა. როგორც ჩანს, ეპისკოპოსის სახლში, უფალმა „უღალატა“ მის რწმენას და წარმოდგენას „მაღალი, კეთილი ღმერთის“ შესახებ, „რომელსაც ყველაფერი უკეთესობისკენ მიჰყავს“. „სიყვარულის ღმერთი“, „ნიღბების ღმერთი“, „სიკეთის ღმერთი“, „ხის ღმერთი“, უბრალოდ, ღმერთი… სივრცეში, სადაც ამდენი ღმერთი არსებობს, თავს მაინც ღვთისგან მიტოვებულად გრძნობს. უსამართლობისგან დათრგუნული და დაბნეული კი გამოსავალს (ღმერთს) ისევ თავის თავში ეძებს.

მორწმუნე ადამიანი, ლოცვისას, გარეშე ძლიერ ძალას შესთხოვს და არც იაზრებს იმას, რომ ეს ძალა მასშია. სასწაულის მოვლენას, ყოველთვის, ზებუნებრივს სთხოვს და საკუთარივე თავისგან იღებს მას

„ნებისმიერი ადამიანი იმედს, შიშს, სევდას ატარებს… ყოველი მათგანი, ყვირილში ამოანთხევს უნუ- გეშობას და გაწბილებას… ზოგი კონკრეტული ღმერთის გასაგონად ლოცულობს, ზოგიც სიცარიელეში ყვირის. ეს სასოწარკვეთა, იმედი და ოცნებაა შენდობაზე. ყველა ეს ყვირილი ათასობით და ათიათასობით წელი გროვდება, თითოეულის ცრემლი, მსხვერპლი და სევდა თვალუწვდენელ ღრუბლად იკვრება მთის თავთან და წარმოიქმნება ნაკადული, წყარო, მდინარეები… ასე ჩნდება ღრმა კალაპოტები, რომლებიდანაც შეგვიძლია დავიკმაყოფილოთ წყურვილი, ჩამოვიბანოთ სახე და განვიბანოთ ჭრილობიანი ფეხები. ამ კალაპოტებზე, მთაზე თუ ღრუბელზეყველა ადამიანს ერთხელ მაინც სმენია, მაგრამ უმრავლესობა მტვრიან გზაზე დარჩენას არჩევს, იმის შიშით, რომ მზის ჩასვლამდე ვერ მიასწრებს რომელიღაც ბუნდოვან მიზანს“… ბიძია ისააკის მიერ წაკითხულმა ამ იგავმა ალექსანდერში, საუკუნეების განმავლობაში, კაცობრიობის თავზე ღრუბლად დაგროვილი ცოდნა გააღვიძა. მტვრიან გზაზე მდგარისთვის ბუნდოვანი მიზანი ნათელი გახდა… რადგან სამყაროში ყველაფერი მიზეზშედეგობრიობაზეა აგებული, სიკეთე სიკეთედ, ბოროტება – ბოროტებად ბრუნდება და არსად, არასოდეს არაფერი იკარგება… წყალი – ღრუბლად, ქვა – ქვიშად, ადამიანი – მიწად… მის მიერ წარმოთქმული სიტყვა კი, სამყაროსთვის დადებით, ან უარყოფით მუხტად იქცევა…

ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებ როგორ ვხვდები სიშმაგის მკლავებში. ვიცი, არაკონტროლირებადი ემოციის ნებისმიერი ფორმა, მრისხანების დაუფიქრებელი ამოფრქვევა, ზიანის მომტანია ჩემთვის და სხვებისთვის, აგრესიის დათრგუნვა არაფრით შემიძლია… მაგრამ წლების მატებასთან ერათად, ვცდილობ ემოციები ვაკონტროლო ხოლმე

ბერგმანივით, ალექსანდერიც გრძნობს, რომ უარყოფითი სურვილი და ემოცია სახიფათოა სამყაროსთვის. ყველა ადამიანი დიდი სამყაროს ნაწილი და საკუთარი სამყაროს დემიურგია… „უარყო-ფითი აზრები ყველას იზიდავს, თუმცა, ალბათ, კაცობრიობის საკეთილდღეოდ, ადამიანების უმრავლესობას არ ძალუძს მათი მატერიალიზება. პრიმიტიულად, ეს ყველაფერი, უბრალოდ, ვანდალიზმიც იქნებოდა. ტომრის თოჯინებით სხვასთან გასწორება საკმაოდ უნიათო მეთოდია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სწრაფად და პირდაპირ მოძრაობს უკეთური ძალა ან უარყოფითი ემოცია“… ეს ყველაფერი ალექსანდერმაც იცის, ოღონდ არა ამ სიტყვებით… უბრალოდ, გრძნობს, რომ მასში დაგროვილი რაღაც ძლიერი და საშიში გარეთ გამოსვლას ცდილობს და მისი შეკავება უკვე შეუძლებელია… „შენ ერთი ადამიანის სიკვდილს ატარებ, ალექსანდერ… ნამძინარები, ის მუხლებზე დგება და ყვი- რის… წმინდაა, წმინდაა ღმერთი სავაოფი, მთელი მიწა სავსეა მისი დიდებით“… სავაოფის სახელი ისეთივე უცხოა ალექსანდრესთვის, როგორც ბიძია ისააკის მონუსხულ სახლში, საგულდაგულოდ ჩაკეტილი კარი, რომლის გაღებაც არ შეიძლება… ვინაიდან, იქ მაღა- ლი ინტელექტით დაავადებული ისმაელი ცხოვრობს… რომელიც „წარმოუდგენლად დიდი ცოდნის გამო, საშიშია ადამიანებისთვის“…

კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველა ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირის- პირ იცხოვრებს იგი… უწოდებ მას ისმაელს, რამეთუ ისმინა ღმერთმა განცდები შენი…

„ესმის ღმერთს“ – სიტყვა სიტყვით ასე ითარგმნება ბიბლიური ისმაელისა და რეძინსკი ისმაელის სახელიც, რომელიც კაცობრიობის ცოდნის დიდი ნაწილის მატარებელია. როგორც აბრაამმა გააგდო შვილი უდაბნოში, რათა შორს ჰყოლოდა სარასა და სხვა შთამომავალისგან, ისევეა ჩაკეტილი და საზოგადოებისგან მოშორებული აარონის ძმაც…

იქიდან გამომდინარე, თუ რა გამოცდილება დააგროვა სულმა არსებობის მანძილზე და რა ცხოვრებას ეწევა პიროვნება, ნებისმიერი სულიერი განვითარების კიბის განსაზღვ- რულ საფეხურზე იმყოფება

ყველა საფეხურზე, განსაზღვრული ცოდნა და ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ადამიანებს კი აშინებთ ისმაელის კიბის სიმაღლე… ჩაკეტილი „ჰყავთ“ ინტელექტი და უფრთხიან სიმართლეს სამყაროზე, რამეთუ ყველაფრის ცოდნა სახიფათო და საშიშია.

…და იცხოვრებს ის ძმათა სახის წინ… ორი ძმის – ისმაელისა და ისააკის შთამომავლობა ერთმანეთს არ შეერევა და იქნებიან ისინი ცალ-ცალკე ურთიერ- თისგან დამოუკიდებლად. ერთმანეთს ხშირად ვერ გაუგებენ, მაგრამ მუდამ ახლო მეზობ- ლობა ექნებათ

ამ მეზობლებში, საზოგადოებიდან (სახლიდან) გაშვებული ისმაელის შთამომავალი, რეძინსკი ისმაელში ამოიცნობა, ხოლო საზოგადოებისთვის მისაღები (სახლში დარჩენილი), ისააკის გამგრძელებლები, ალბათ, იმათშია, ვინც სიმართლეს სამყაროზე კარი ჩაუკეტა… ნაბუშარი ისმაელი, დედასთან ერთად, უდაბნოში განდევნეს… ალექსანდერმა კი მამისეულ სახლსა და მზიან უდაბნოს შორის არსებული სივრცე გადალახა და ახლა შეშინებული, ინტერესით სავსე თვალებით მისჩერებია ბევრის ცოდნისგან ავადმყოფ „საფრთხეს“. მასში, როგორც ისააკის შთამომავალში და ისმაელშიც ერთი სათავიდან – აბრაამიდან – მომდინარე სისხლი ჩქეფს. სწორედ ამ ორი ნაკადის გამთლიანების სურვილმა მიიყვანა ის მეზობლის კართან. „ნუ გეშინია, ჩემო ბიჭო, მე შენთა- ნა ვარ… შენი მფარველი ანგელოზი ვარ… მე შემოვალ შენში და გავხდებით ერთი მთლიანი… იქნებ, საზღვარი არც არსებობს მე და შენ შორის“ … ალექსანდერის დანახვისთანავე, ისმაელი მასში მოძმე სულს ამოიცნობს. „აიღე ფურცელი და დაწერე შენი სახელი – ალექსანდერ ეკდალი. – ახლა დახედე ფურცელს! – ისმაელ რეძინსკი… – ეს მაგიაა ჩემო ძვირფასო, ალქიმია, რომელსაც ადამიანები, კაცობრიობის სასიკეთოდ, არ იყენებენ“… მისტიურ სფეროში მოღვაწეთა ცოდნა, გამოცდილებასთან ერთად, დღითი დღე იზრდებოდა… დროთა განმავლობაში, სამოთხის დატოვების დღეც კაცობრიობის მეხსიერების შორეულ წარსულში დარჩა. „…ალქიმია თანდათანობით, სიბნელემ იმსხვერპლა. ყველაფერი აუხსნელი და იდუმალი, ხიფათისმომტან, საშიშ მოვლენად მონათლეს, საკრალურ ცოდნას ღმერთის სახელი ჩამოაშორეს და თავის დასაცავად, ისმაელივით, სამყაროს სარდაფში ჩაკეტეს… მის ბაგეებად ქცეულმა ძმა აარონმა კი სათქმელის ნაწილი ალექსანდრემდე მაინც მიიტანა (როგორც ბიბლიური აარონი ახმოვანებდა, ღვთის მიერ მოსესთვის განდობილ სიტყვებს, ებრაელ ხალხთან) და დანარჩენის მოსასმენად, რკინის კარს ურდული მოხსნა… „ახლა უკვე გვიანია“… ალექსანდერი თავს საკუთარივე თავისგან ვეღარ დაიხსნის… „მფარველ ანგელოზს“ ხომ არ აუკრძალავ შენში შემოსვლას!.. ალექსანდერში დაგროვილი უარყოფითი მუხტი პირველწყაროს უბრუნდება… სადღაც, ქალაქში, ეპისკოპოსის სახლი, სადღაც, ლოგინში, ეპისკოპოსის სხეული იწვის… ვირგილიუსთან ერთად, მის მიერ გაღვივებული ბოროტების კერაც ნადგურდება, რადგან ცეცხლი, ეზოთერული თვალსაზრისით, უკვალოდ სპობს ნებისმიერ უარყოფით მუხტს და მის ადგილას, სისუფთავესა და სიწმინდეს ტოვებს…

მოულოდნელად ალექსანდერი ფითრდება. მისი სახე ტკივილისგან იჭმუხნება. ეს მომენტი კამერამაც დააფიქსირა. ენით აღუწერელი ტკივილი, რამდენიმე წამით ჩნდება მის თვალებში და სამუდამოდ იკარგება… რეპეტიციისას ეს სცენა ასეთი განცდით არასოდეს უთამაშია… ახლა ვრწმუნდები, რომ განვლილი დღეები და თვეები ამაო არ იყო… იქნებ, სწორედ ასეთი წამების დასაჭერად ვცხოვრობ ქვეყანაზე… როგორც მარგალიტების მაძიებელი

სადღაც, ბალიშზე, ოქროსთმიან გოგონას სძინავს… ახალ გაღვიძებულ დას ალექსანდერი აუცილებლად უამბობს ზღაპარს…
ზღაპარს კეთილი დასასრულით…

 


 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. იუნგი კ. გ. _ „ფსიქოლოგია და ალქიმია~; თბილისი; 2005 წ.
2. შექსპირი უ. _ „ჰამლეტი“
⦁ Бергман И. _ „Бергман о Бергмане~ _ Москва; 1985 Г.
⦁ Бергман И. _ „Жестокий мир кино~; Москва; 2006 Г.
⦁ Лебедев С. Лидин А. _ „Энергетика Обшения~ ; Москва; 1997 Г.
⦁ Леви В. _ „Исскуство Быть Собои~; Москва; 1990 Г.
⦁ Фреид З. _ „Психология Бессознателного~; москва; 1990 Г.
⦁ Bergman _ „Laterna Magika„
⦁ http://www.imdb.com/name/nm0000005/
⦁ http://www.krotov.info/libr_min/b/bergman/funny.html
⦁ http://www.svoboda.org/programs/cicles/cinema/world/Fanny_and_Alexander.asp
⦁ http://www.kirjasto.sci.fi/bergman.htm
⦁ http://www.bible.org/comments/

(Visited 77 times, 1 visits today)

 

No Comments

Add your comment

ზედა პანელზე გადასვლა