ისა ამინი – ბაბა-იაგა [ამბავი მეორე]

სიტყვები

ისა ამინი – ბაბა-იაგა [ამბავი მეორე]

ისა ამინი – ბაბა-იაგა [ამბავი მეორე]

ამბავი პირველი – წინ, ჯანდაბისაკენ?!

წიგნიდან: ავღანეთი, თბილისი, ოპიუმი ჰაშიში

დასცხებს სასულე ორკესტრი. მწყობრი ნაბიჯით ჩავუვლით ტრიბუნას, რომელთან მიახლოვებისასაც ისმის მკაცრი ბრძანება: “სწორება მარჯვნივ!” თავებს მარჯვნივ ვატრიალებთ… ტრიბუნაზე დგას პატარა ბელადი…

ვბრუნდებით ყაზარმაში. ქალაქი ბენდერი პიონერთა ბანაკებითაა გარშემორტყმული. ჩაგვსვეს მანქანის საბარგულში და წაგვიყვანეს ერთერთ ბანაკში. ბუნებაა “დაცემა”- ტყე, მდინარე, მდინარეზე პატარა გემები დასრიალებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ფეხზე მკიდია და, ბუნების რომანტიკულობის მიუხედავად, ფრთხილი დამკვირვებელი გავხდი. დავალებაა, სეზონის გახსნამდე, ესე იგი, ვიდრე პიონერები გამოჩნდებიან, აქაურობა იდეალურად უნდა გასუფთავდეს. როგორც “ქინძი” პრ­­აპორშჩიკი ბრძანებს, ყოჩაღი პიონერების მიერ დაყრილ ნაგავს ვხვე­­ტთ, უფრო სწორედ, ხვეტენ, მე კი, დაკვირვებული თავლი ადვილად შე ამჩნევს, რომ ვითომ ვმუშაობ… დავბოდიალობთ, ვთვალთმაქცობთ, ბი­­­­­­­­ჭების გული და სული მშობლიურ ადგილებში დაფრინავენ. ნახევარი დღე გაილია, ბოლომდე ვერ ჩავწვდი, რა მიზნით მოგვიყვანეს ბანაკში – იქაურობა, დასუფთავების ნაცვლად, მგონი, უფრო ავურ-დავურიეთ… უკან რომ ვბრუნდებოდით, თავსხმა წამოვიდა. წვიმის წყალმა ძვალსა  და რბილში გაგვიარა, თმიდან ფეხის თითებამდე გავილუმპეთ, ჩექმებიც წყლით აივსო. როგორც იქნა, მივედით პოლკში, მაგრამ ყაზარმაში შესვლა არ გვაღირსეს – ყაზარმის წინ, ხაზზე გაგავამწკრივა სტარშინამ, ანუ ზემდეგმა. ისევ წვიმს, ილუმპება თვითონაც… ბიჭები, როგორც იტყვიან, კბილს კბილზე ვაცემინებთ, სიცივისგან თვალებიდან ნაპერწკლები გვცვივა. სტარშინამ შეუბერა აღმზრდელობითი ლექცია უმაღლეს დისციპლინაში, ჩვენს მოვალეობებზე, თუ რატომ დაგვიძახა წითელმა სამშობლომ, რომ გვმართებს მოთმინება, გამძლეობა, ცეცხლში წრ­თობა, არყით თრობა, ოღონდ ჩუმად… სტარშინამ იქაქანა, იქაქანა და ბოლოს, თავი, ალბათ, ციცერონი, ან დემოსთენე ეგონა, კმაყოფილმა ხე­­­ლები მოიფშვნიტა და გვანიშნა, დაიშალეთო. ყაზარმაში შევცვივდით…

მეხუთე როტაში ვარ ჩარიცხული. როტის უფროსი, კაპიტანი სენკინი თვალში თავიდანვე არ მომივიდა, კუდაბზიკა და ყოყლოჩინა მგონია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს უბირი კაცი განკარგულებებს მე არ უნდა მა­ძლევდეს, დილით არ უნდა წამომახტუნოს; პოლკის ტერიტორიაზე შე­­მოგხვდება და სამხედრო სალამი უნდა აუღო. ვცდილობ, მისგან თავი რაც შეიძლება შორს დავიჭირო… ფიცი ახალი მიღებული მაქვს, კვირაც არაა გასული. თავისთან დამიბარა, პატარა, თაგვის  სოროსხელა ოთახია, შევედი. არ მოველოდი – უცბად სახეში გამაწნა. ალბათ, იფიქრა, მო­ვარჯულებო, მაგრამ მეც ვუთავაზე. ლოყაზე ხელი მოისვა, ჩაიცინა, თვალები ეშმაკურად მოჭუტა.

-თუ გინდა, სერჟანტობას გიბოძებ, როტას ჩაგაბარებ, წესრიგზე აგ­ებ პასუხს, ყველა ჯარისკაცი შენი მონა-მორჩილი იქნება, შენ კი მხოლ­ოდ ჩემს წინაშე იქნები ვალდებული, – კარადიდან ბოთლი გამოიღო, ჭი­ქებში არაყი დაასხა. დალიეო, მითხრა. აღრენილი კი ვარ, მაგრამ სამხედრო წოდებას თავი რომ გავანებოთ, ასაკით უფროსია და ბრიყვი არ ვარ. ჭიქას ხელი წამოვავლე, ჰაიჰარად მივუჭახუნე, დავლიე. ეს ამბავი ჩვენს შორის დარჩესო, ჩაილაპარაკა. მადლობა გადავუხადე და სერჟანტობაზე უარი ვტკიცე, ხელი ჩამომართვა.

-აქ ჯუნგლებია, მაგრამ თავიდანვე შეგატყვე, შენ თავს გაიტან… ანარქისტი ხარ, მაგრამ მთელ როტას ნუ ამიჯანყებ, შენთვის იყავი, ხელს არ გახლებ, მე მაცადე, ჩემს საქმეში ნუ ჩაერევი, თორემ ესენი თავის ნე­ბაზე რომ მივუშვა, დედას მიტირებენ, თან შეხედე, რამდენი ეროვნების ხალხია, ყველასთან საერთო ენის გამონახვა ძალიან ძნელია… მეც მყავს უფროსები, ცემა რაა, უარეს წნეხში მატარებენ – სკოლის მოსწავლესავით ვდგავარ ხოლმე თავჩაღუნილი და ათასნაირ დარიგებას ვიტან. ესაა იერარქია, კიბე. მოთმინება და მოთმინება… ჯარია, ფრთხილად იყავი…

პოლკის ტერიტორია რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და თითო ნა­წილი რომელიმე როტას აბარია. როტა ვალდებულია, დაიცვას ნაწილი, უზრუნველყოს სისუფთავე. ჩვენ მთავარი შემოსასვლელი გვერგო მოსავლელად. სისხამ დილას, საუზმემდე, თავს მოვიწესრიგებთ თუ არა, ზემდეგი გასძახებს მეკუჭნავეს, გააღე საკუჭნაო, ცოცხები ჩქარაო! საკუჭნაო იღება, გვირიგებენ გრძელტარიან უშნო ცოცხებს, ერთი გადაჯდომა უნდა და გაფრინდება მთელი როტა. სამოცდაათამდე ბაბა-იაგა?!

ღმერთმანი, კარგი სანახავი კი იქნება – ცოცხებზე გადამჯდარი სამოც­­­დაათი გაუთლელი, დასაღვინებელი მუტრუკი ზეცისკენ სიმღერით მიფრინავს… ჩამოვსხდებით ცისარტყელაზე, ცოცხებს ზეცის კედელზე მივაყუდებთ და დედამიწაზე გადმოვიხედავთ. აი, ზემდეგი დარბის, ყელს იბრდღვნის, გვემუდარება, ჩამოდით დაბლა, ყოჩაღო ჯარისკაცებო, და­გავეთ “პლაცი”, “პრიმას” გიყიდითო, მაგრამ ყურს არ ვიბერტყავთ. აი, მორიგე ოფიცერიც გამოჩნდა, “პლაცი” დანაგვიანებულია, შეშფოთებული მაღლა იყურება.

-ვა, ეს რა ხდება?! – საკუთარ თვალებს არ უჯერებს, მუშტებით იფშვნეტს, თავს, რაც ძალი და ღონე აქვს, აჯანჯღარებს, – თეთრი ცხელება დამეწყო? გუშინ, ალბათ, ბევრი მომივიდა?! არა, ეს რა ხდება, ჯარისკაცები ცისარტყელაზე ცოცხებით გაფრინდნენ? დაუშვებელია! ეს წესდების დარღვევაა! ახლავე ჩამოდით დაბლა, დედამიწაზე, გიბრძანებთ სამშობლოს სახელით!!! ცაში გენერალიც ამოიხედავს – ჯარისკაცები ცისარტყელაზე წამოწოლილან. ნანობს, რა ჩქარა მოხუცდა. – ეს ოხერი ვირის კუდივით წუთოსოფელი, – გაიფიქრებს, წარბს შეიკრავს და მოჩვენებითი სიბრაზით მო­ითხოვს, დედამიწაზე დავბრუნდეთ. გულში კი ნატრობს, ეჰ, ნეტავ, მეც ამიყვანა ცისარტყელის თაღზე, ჯარისკაცებთან, ჩემს სიყმაწვილეს გა­­ვიხსენებდიო…

მე და ჩემმა ახალშეძენილმა მეგობარმა, რიბნიცელმა სერგეი მატვეიჩუკმა ცოცხები მივყარეთ, ვითესებით მოფარებულში, “პრიმას” “პრიმაზე” ვაფუილებთ, ვიპურჭყებით, როყიოდ, უშნოდ ვხორხოცებთ, გოგ­ოებზე ვლაპარაკობთ, თან აქეთ-იქით ვიყურებით, რომ “დეზერტირობაზე” არ წაგვასწრონ… ერთ მშვენიერ დღეს ავტომატები დაგვირიგეს, შეგვიყვანეს სასწავლო ნაწილში და გვასწავლიან დაშლა-აწყობას. `კალაშნიკოვი~ ჩვენი გა­ნუყრელი ამხანაგი, ძმა და მეგობარი, ერთგული მეკავშირეა.

პოლკის საგუშაგოები ობიექტებზეა განლაგებული. ობიექტებს თითო დღე თითო როტა იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მორიგეობის დროს რო­­ტა ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში თვალი წამითაც არ მოხუჭოს, დაიცვას და გაუფრთხილდეს იარაღს, ტყვია-წამალს, ტექნიკას, სუ­რსათ-სანოვაგეს, ჯარისკაცების მშვიდ ძილს. ავტომატის დაშლა-აწყობას, იცოცხლეთ, ჩქარა ავუღეთ ალღო. ახლა წესდებას ვიზუთხავთ – საგუშაგოზე დგომას თავისი წესი და რიგი აქვს – დღისით კოშკზე დგახარ, მთავარსარდალივით გადმოჰყურებ არემარეს. ღამე საგუშაგოს ტერიტორიაზე დაძუნძულებ… წესდება დავიზუთხეთ, ჩვენი პირველი მორიგეობა იწყება _ გავიპრიალეთ ჩექმები, სა­ყელოზე თეთრი საყელური დავაკერეთ, წვერი გავიპარსეთ, კბილები გავიხეხეთ, მწკრივში ჩავდექით და საყარაულო შენობისკენ გავეშურეთ. მაშ ასე, ორი საათი საგუშაგოზე, ორი – საყარაულოში, ორიც – ძილი. ყველაზე საშიში მეცხრე საგუშაგოა, რომელიც პოლკის ტერიტორიის გარეთაა, მდინარე დნესტრთან ახლოს, იქ იარაღის საწყობები და სამხედრო ტექნიკა განისვენებს. თუ ცივა, გრძელ ტყაპუჭებს გვაძლევენ, რომელიც ისეთი თბილია, რომ თავი ტაშკენტში გვგონია. მოძებნი მოფ­არებულ ადგილს, გაეხვევი ტყაპუჭში და წაუძინებ… მეცხრე საგუშაგო საშიშია იმიტომ, რომ როგორც გვითხრეს, ადრე, რამდენჯერმე თავდასხმა მომხდარა, კრიმინალებს ჯარისკაცი მოუკლა­ვთ და იარაღი გაუტაციათ. ვერ გეტყვით, ეს ფაქტი სიმართლეს რამდენად შეეფერება, შეიძლება, ჩვენს დასაშინებლად მოიგონეს, აქაოდა, ყუ­­რადღება არ მოადუნოთო. სულ ერთხელ მხვდა ბედნიერება, მეცხრე საგუშაგოზე მემორიგევა… მეცხრე პოსტიდან ორასიოდე ნაბიჯზე სოფელია. ღამე, როცა ბრძანებას გასცემენ ატბოიო, ჯარისკაცი ვალდებულია, დაიძინოს – ფარაჯას გაიხდი და დაწვები. სწორედ ამ დროს ოფიცერი ყაზარმას ტოვებს, სახლში მიდის და შენ რჩები საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. ჰოდა, საწოლში რა გაგაჩერებს?! ვინც ფხუკიანია და მოუსვენარი, ადგება, აიღებს ორ-სამ ლიტრიან ჩაინიკს, ან კანისტრას, წავა სოფელში, გა­­ავსებს ტარას ღვინით და ბრუნდება უკან, ბიჭების გული რომ გაახაროს, მაგრამ ალბათ, მიხვდით, ფრთები უნდა ჰქონდეს, რომ გვერდი ამიაროს. ჰოდა, აი, მოცუნცულებს ფეხაკრეფით თანამებრძოლი. აბა, რისი გუშაგი ვარ, გვერდით ჩამიაროს, თუ არ გავაჩერე და არ გამოვკითხე სახელი, გვარი, მამის სახელი, ჯანმრთელობა. ვხედავ, ჩემთვის არ სცხელა – ყაზარმაში ბიჭებს ყელი უშრებათ, კბილებს აკაწკაწებენ და მაგრადაც შეუკურთხებენ, რატომ იგვიანებსო. თავს ვისაწყლებ, არ გებრალები, შე სამგლე, მაგდენი ღვინო კისერს მოგტეხთ, დილამდე ვერ გაატანთ. მოიტა, ერთი დავაჭაშნიკო, დადე კანისტრა თუ  ჩაინიკი, ათი ნაბიჯით უკან დაიხიე, გახევდი! მე აქ მხოლოდ ტექნიკას კი არ ვდარაჯობ, ძმების სიცოცხლესაც ვუფრთხილდები?! მოვიყუდებ “ანისტრა-ჩაინიკს”… ყლუპ-ყლუპ… კარგი ღვინოა, არ მოიწამლებიან! პატარა `ჩაინიკი~ მაქვს ქამარზე ჩამოკიდებული, ღვინით ვავსებ… -ახლა, წადი, ნებას გრთავ, _ მეკავშირე სტაცებს ხელს ძვირფას საქონელს და კმაყოფილი სახით ყაზარმისკენ მიძუნძულებს. ისე, იოლად გადამირჩა…

ქართული ხუმრობა მახსენდება, ღვინო წავიდა ძარღვებში, მელა მიძვრება ბარდებშიო… კარგ განწყობაზე დავდექი – საგუშაგოზე გასატარებელი ორი საათი მომქანცველად აღარ მეჩვენება. შორიდან რაღაც ფაჩუნი ისმის, რამდენიმე წამში ლაპარაკიც მომესმა. სამნი არიან, წინ სერჟანტი მოუძღვით, ჩემები არიან – საგუშაგოზე შემცვლელი მოჰყავს, მიუხედავად ამისა, მაინც ვყვირი:

-დაწექით, თორემ გამოვუშვი ავტომატის ჯერი, თქვე ვირისთავებოო?!

-კარგი, კარგი, ჩვენა ვართ! შენ გიჯობს, კარგი ამბავი გვახარო, დაიჭირე თუ არა ღლავი?

-მოდით, ჩაცეცხლეთ!

დოზა მიღებულია – მხე ნაბიჯებითა და აწითლებული ცხვირებით სა­ყარაულოს მოსაცდელში ვბრუნდები…

პოლკის ტერიტორიაზე ავტოპარკი შენდება. ბიჭებმა, დილის 6 საათზე ლოგინიდან წამოხტომა და ვარჯიში რომ აიცდინონ, თავი მშენებლობაზე დურთეს – ვინც მშენებლობაზე მუშაობს, ყაზარმული წესებისგან გათავისუფლებულია. მეჩიჩინებიან, წამოდი, რა თავს იკლავ, ვზილოთ ტალახი, დღეში ათი აგური დავდოთ, ხუთი _ ჩამოვაგდოთ, კედელი ცერად ავაშენოთ, ყველაფერი ცემენტის უხარისხობას, ან რელიეფის არამდგრადობას დავაბრალოთ. დროს გავწელავთ, ოფიცრებისგან შორს ვიქნებით ჩვენთვის, სიამტკბილობითო. ვყოყმანობ, ვერ გადამიწყვეტია – მნახეს, რა, დიდი არქიტექტორ-ხუროთმოძღვარი! ვითმინე ერთი დღე, ორი დღე და მესამე დღეს ცდუნებას ვეღარ გავუძელი – ჯანდაბას, წავალ, აბა, ერთი იქაც მოვსინჯავ ძალებს, იმათ სამზარეულოშიც ჩავიხედავ. კირითხურო მესხეთიდანაა, მუშები – სომხეთიდან, არც ერთი – რუსი, თუ არ ჩავთვლით ლეიტენანტ კასატკინს, რომელიც მოვა დილით, მოგვცემს დავალებებს, თუ რამდენი მოვზილოთ, რამდენი აგური დავდოთ. შიგადაშიგ მანქანას მოაყენებს, შევყრით ცემენტით სავსე პარკებს, წაიღებს… პირში წყალს ჩავიგუბებთ, რადგან ყაზარმულ ცხოვრებასთან შედარებით, აქ კურორტული რეჟიმია. რა გვეშველებოდა, სამველა რომ არ გყვავდეს. მიმიფურთხებია სატირის ოსტატებისთვის – სამველა  მთელი დღე ქაქანებს, ოხუნჯობს, ანეგდოტებს ჰყვება და ამ უფერულ ცხოვრებაში სიხალისე შემოაქვს. ისეთ სიტყვას იტყვის, სოლომონ ბრძენი გეგონება. ერთი მოგასმენინათ, როცა რუსულად იგინება და ბოლოს, იტყვის ‘ბარან!’ სიცილით ვბჟირდებით… მე და ერთი მოლდოველი ბიჭი, ნიკოლაი უწვერულვაშო `პროპორშჩიკმა~ რკინა ბეტონის გადამამუშავებელ ქარხანაში გაგვიშვა _ ჩვენს პო­ლკს საშენი მასალით სწორედ ეს ქარხანა ამარაგებს. ჰოდა, მადლიერე­­­ბისა და ხელშეკრულების თანახმად, ჩვენა პოლკმა ივალდებულა, მუშახელით გაუმართოს მომწოდებელს ხელი. ქარხანამდე ორი-სამი კილ­­ომეტრია. მივდივართ ფეხით. სულაც არ მეპიტნავება, რომ ნაბიჯს ავუჩქარო _ მივდივართ მძიმე-მძიმედ. პირველად ქარხანაში პრაპორშჩიკმა თავისი მანქანით წაგვიყვანა, ანუ გზა მიგვასწავლა, ამიერიდან, მეტი საქმე არ მაქვს, თქვენზე ვხარჯო ბენზინი. გზა იცით და, ნება იბოძეთ, თავად მიბრძანდით ყოველ დილითო. ძალიანაც კარგი!

დაიწყო სამოქალაქო არდადეგები. ქარხნის ეზოში ჭერამი მწიფე ნაყოფითაა დახუნძლული, ტოტები ჩამომტვრევაზეა. ცვლის უფროსმა რა­­ღაც აბსურდული დავალება მოგვცა _ თვითმცლელი ბუნკერის ქვეშ და­­დგება, ჩვენ ბუნკერის სარქველს ვხსნით. გაივსება მანქანის ძარა ცემე­­ნტით. თვითმცლელი მიდის, შემოდის მეორე, მესამე და ასე შემდეგ… ცო­ტა ცემნეტი მიწაზე `იღვრება~. აი, ეს მასა დიდ გროვად რომ არ იქცეს, ნიჩბებით ვაგროვებთ და უკან, ბუნკერში ვაბრუნებთ, ხელახლა რომ გა­­დამუშავდეს. არცთუ დამღლელი სამუშაოა… წინ სიურპიზი გველოდება და ამ სიურპრიზს ჰქვია მუშათა სასადილო. შესვენებაზე წავედით სასადილოში. სამხედრო `სტოლოვაიას~ შემდეგ, თავი რესტორან ‘მეტროპოლში’ მგონია _ გაქათქათებულ სუფრაგადაფარებული მაგიდები, გრძელ დახლზე ჩამომწკრივებული ნაირ-ნაირი კერძი. ორ სინზე ორ-ორ “პორციას” ვდებ, სალაროსთან თეთრ ხალათში გამოწყობილი, გაკრახმალებულჩაჩიანი მოლარე სალარო აპარატზე თითებს აწკაპუნებს – ჩეკი გამოწერილია _ ასწორებს, თავი სრულფასოვანი მოქალაქე მგონია. ერთი ეგაა: თავს მახსენებს სამხედრო ფორმა თავისი სამხრეებით, მაგრამ არა უშავს, ამასაც მოევლება!.. სადილი გემრიელად მივირთვით, კმაყოფილები ეზოში გამოვდივართ, სადაც ჭერამი გველოდება.

-ნიკოლაუ, – ვეუბნები, – წამოდი, ქარხნის ღობის იქით გავისეირნოთ.

ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ მთანხმდება.

ყველა ქარხანას, მთავარი შესასვლელის გარდა, პატარა გასაძრომიც აქვს მშვიდობიანი მიზნებისთვის. ამ გასაძრომის პოვნა არ გაგვჭირვებია. ბედი მაქვსო, მე უნდა ვთქვა – მოვხვდით, როგორც რუსები იტყვიან, “კაკ რას ნა მატრას”, პატარა ეზოიან სახლში. მხიარული მასპინძელი არ­ომატული ღვინით გვიმასპინძლდება. ვწრუპავ ღვინოს და მშვენივრად იღვრება სულში. ვერ გეტყვით, რასაც ვგრძნობ, თუმცა ისედაც მშვენივრად მიხვდებით. რომატიზმისთვის არ მცალია. უბრალოდ, ვნეტარებ უბირი! ნიკოლაუ მაფხიზლებს, ქარხანაში წავიდეთო.

-ქარხნის დედაც, ცემენტის მამაც, მაიცა, ცოტა დამაცა!

ბოლოს, მაინც ავიზლაზნე, წავიზლაზნე, მივიზლაზნე. ახლა კაკლის ძირას, მოჩითულ ფარდაგზე წამოგორებას არაფერი მირჩევნია!.. შუადღის მერე დავყარეთ ნიჩბები და წინ, სამხედრო ნაწილში _ შინისკენ! მეორე დღეს ისევ ცემენტი-ბეტონი, უბედურებაა, მაგრამ სადილის და უფრო, ღვინის ხათრით ვმუშაობ, თუმცა სადილის შემდეგ “მეორე მოქმედებაზე” ნიკოლაუმ სასტიკი უარი მტკიცა, “ტოჟე მნე პრივატ დო­­­ცენტ!” სადილის მერე გეზი ისევ `მშვიდობიანი მიზნისკენ~ ავიღე და ისე გამიტაცა ამ “მიზნის შესრულებამ”, რომ ჩემს ნიჩაბს თანდათან ჟანგი მოედო. ნიკოლაუმ ითმინა, ითმინა და კვირის ბოლოს გამაფრთხილა, პრაპორშჩიკს მოვახსენებო.

-ისე მოიქეცი, როგორც სინდისი გიკარნახებს, – შემეძლო, ნიჩბის ტარი მომედო გვერდებზე, მაგრამ მშვიდობიან ნოტაზე ვარ, თან არცთუ დიდად მხიბლავს, რომ ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენო…

ორშაბათს, შებუჟბუჟებულს, პოლკის კარიბჭისკენ მიმავალს, თითქმის ჩემმაკბილა პრაპორშჩიკმა მანქანა ფეხებთან დამიმუხრუჭა და თი­­თქმის მუდარით მითხრა:

-მსუყე სადილი, ამხანაგო ჯარისკაცო, შედარებითი თავისუფლება… ხომ არავინ გაწუხებს, შენთვის ხარ, მაგრამ იცოდე, ქარხანაში სხვას გა­­­ვაგზავნი.

-რაღა დაგიმალოთ და, მომწყინდა ქარხნის რუხი ფერები და ასეთი მუცელღმერთაც ტყუილად გგონივართ…

-მაინც, გაფრთხილებ მეგობრულად, “სამოთხიდან” გამოგაძევებენ.

ჩემზე არაფერია დამოკიდებული, ეს ნიკოლაუ ლაქლაქებს უსაშველოდ ბევრს, თორემ ჩემი რა მიდის… თუთუნი გავაბოლე, ხელი ჩავიქნიე, მივაფურთხე ქარხანას… არ გამოვიდა ჩემგან პოლკის ხუროთოძღვარი! დავუბრუნდი მშობლიურ როტას, ჩავჯექი განრიგში, წესდებებში…