ზედა პანელზე გადასვლა

ვაჟა და ჰომოსექსუალობა

ვაჟა და ჰომოსექსუალობა

ვაჟა და ჰომოსექსუალობა

ავტორი: ვალერი ოთხოზორია

 

ჰუმანიზმისა და ჰომოსექსუალობის სპეციფიკური კავშირის შესახებ მოსაზრებები  შემოგვთავაზა ზიგმუნდ ფროიდმა. მისი ამოსავალი დებულება არის ის, რომ კულტურისათვის დესტრუქტიულ ელემენტს წარმოადგენს მამაკაცი და მისი დამოკიდებულება, არა იმდენად საპირისპირო სქესთან, რამდენადაც სწორედ, რომ იგივე სქესის სუბიექტთან. საპირისპირო სქესი, როგორც წესი, სურვილის იბიექტია, იგივე სქესი კი კონკურენტს წარმოადგენს. ამიტომ, პირველყოფილი ადამიან-ცხოველი ანადგურებს თავის სქესს, საპირისპირო სქესის დაუფლების მიზნით. კულტურა, განსხვავებით პირველყოფილი მდგომარეობისგან, ყალიბდება მაშინ, როცა ადამიანთა, უპირატესად მამაკაცების, როგორც ძალაუფლების მპყრობელი დესტრუქტიული სუბიექტების, განწყობა იცვლება იმგვარად, რომ მამრობითი სუბიექტების თანაცხოვრება შესაძლებელი ხდება გარკვეული, თანასწორობისაკენ მიმსწრაფი ქცევის წესების გათვალისწინებით. მამაკაცში განწყობის საბედისწერო ცვლილებას ფროიდი ჰომოსექსუალურ გადახრად მიიჩნევს, რომელსაც „იდეალურ ჰომოსექსუალობას“ უწოდებს, განსხვავებით რეალურისგან. ფროიდის დასაყრდენი არის ის მოსაზრება, რომ ადამიანის განწყობას კულტურის მიმართ, განსაზღვრავს სქესობრივი დამოკიდებულება საკუთარი სქესისადმი. ფროიდისთვის, არაცნობიერს სქესი არა აქვს, თუმცა გააჩნია სექსუალური ორიენტაცია.

მართლაც, ფროიდის მოსაზრება საკმაოდ უცნაურია. მისი ფავორიტი – ლეონარდო და ვინჩი, მისი აზრით, იდეალური ჰომოსექსუალი იყო, ანუ ჰომოსექსუალი – თავის შინაგან განცდაში, რის გარეშეც ვერ შედგებოდა, როგორც უდიდესი ჰუმანისტი. იმ ფაქტს, რომ ლეონარდო და ვინჩის იმ დონეზე სძულდა ძალადობა, ლამის ეზიზღებოდა კიდეც, ფროიდი უკავშირებს სწორედ მის ჰომოსექსუალურ ბუნებას. ასევე, დოსტოევსკისთან დაკავშირებით გამოთქვამს მოსაზრებას, მწერლის იდეალური ჰომოსექსუალობის შესახებ, და დოსტოევსკის ჰუმანიზმის შინაგან, გვერდით ეფექტად სწორედ ამგვარ იდეალურ ჰომოსექსუალობას მიიჩნევს. თავისთავად, ფროიდის ჰიპოთეზა სადავოა. მეტიც, მე ვფიქრობ, რომ თავისივე მოსაზრების მიმართ მისი დამოკიდებულება საკმაოდ ამბივალენტურია: ჰომოსექსუალობას, ერთი მხრივ, ინსტინქტურ, ცხოველურ საფუძვლად თვლის კულტურული ჰუმანიზმისა, მაგრამ მეორე მხრივ, თითქოს ჰუმანიზმის უკულტურო გვერდით ეფექტად მოიაზრებს. სხვანაირად, ჰომოსექსუალობა, როგორც არაცნობიერის განწყობა, მისთვის ტოლერანტობის, მაშასადამე სიყვარულის, საფუძველიცაა და არანორმალურობაც. პირველი მამის მკვლელი მასთან ჰეტეროსექსუალია, ხოლო რელიგიის დამფუძნებელი და ხელოვანი – ჰომოსექსუალი.

მიუხედავად, ერთი შეხედვით, ფროიდის უხეში მიდგომისა, ადამიანის სხეულის ენის მეცნიერება საკმაოდ ფროიდისტული დასკვნისკენ გვიბიძგებს. ირკვევა, რომ ჩვენ, თანამედროვე ადამიანები სხეულის დონეზე, დიდწილად, ისევ პრიმატების „ენაზე ვმეტყველებთ“. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მამაკაცი შეუბრალებელი ხდება მეორე მამაკაცის მიმართ, როცა იგი ქალის მოხიბვლაში უწევს კონკურენციას. ამასთან, მამაკაცის სხეულის ენის ლექსიკონი საკმაოდ მწირია ფლირტისთვის და ძირითადად, საკუთარი გენიტალიის დემონსტრირების ხერხებით შემოიფარგლება. პრიმატებში საკუთარი სიძლიერის დემონსტრირების საშუალებად ითვლება გენიტალიის მომართვა ყველას დასანახად. ამგვარად შეიძლება მამრებს შორის შეტაკება თავიდან იქნეს არიდებული. იგივეს აკეთებს თანამედროვე მამაკაცი სხეულის სიმბოლიკით, რასაც სხეულის ენის ფსიქოლოგია კარგად აჩვენებს.

განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ტომების შესწავლა გვაჩვენებს მათი ცხოვრების ძლიერ ანალოგიას პრიმატებთან. უპირველეს ყოვლისა, ტომის ღირებულებები ემყარება მამაკაცურობას. ყველაზე ღირსეული მამრი არის ფიზიკურად ყველაზე ძლიერი, რომელიც სხვა მამრებისგან აღწევს აღიარებას და ტომის ბელადი ხდება. ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება სრულდება მკვლელობის შემდეგ მოკლულის გვამის დასახიჩრებით, რაც სიმბოლური დასაჭურისების, გენიტალიის მოკვეთის ტოლფასია. რადგან ამ საფეხურის ადამიანს, პრიმატისაგან განსხვავებით, სპირიტუალურ-ანიმისტური რწენა-წარმოდგენებიც გააჩნია, სხეულის ნაწილის, – იქნება ეს გული, ხელი, თუ სხვა -, მოკვეთა ინტერპრეტირდება მოკლულის მარადიულ დაყმევებასთან, რომლისთვისაც შეგვეძლო „მარადიული გაუპატიურება“ გვეწოდებინა.

ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთეალურის“ სიუჟეტი ეძღვნება ამგვარი ტომის ბელადისა და უცხოტომელი ძმების სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებას, სადაც ბელადი იოლად კლავს ერთ-ერთ ძმას, ხოლო მეორის მოკვლას მხოლოდ გაჭიანურებული ორთაბრძოლის შედეგად ახერხებს. საბოლოოდ, დაჭრილი მსხვერპლი, სიკვდილამდე, აღიარებს თავის მკვლელს ღირსეულ მამრად და ფარ-ხმალს ყრის მის წინაშე, ხოლო ალუდა – მკვლელი ბელადი ქალივით დასტირის მსხვერპლის – მუცალის გვამს, არ ისაკუთრებს მსხვერპლის იარაღს და ცდილობს, მის სახელზე მსხვერპლიც შეწიროს; ბელადი არ ჭრის გარდაცვლილს მკლავს და ტომში მუცალის მოკვეთილი ხელის გარეშე ბრუნდება. ეს ნიშნავს, პრაქტიკულად, იმას, რომ მკვლელი მოკლულს არ ასაჭურისებს, რაც ანიმისტურ ტრადიაციაში აღიქმება, როგორც მოკლულის ცოცხლად დატოვება და მისადმი დამორჩილებაც კი; ვინაიდან, ვისაც სხეულის ნაწილები შერჩენია, ის მოქმედია, მისი დამორჩილება სრული სხეულით ვერ ხდება, რამდენადაც მოკვეთილი ნაწილი ფალოსის თანაფარდია, ხოლო გენიტალიის როლი უზენაესია, როგორც პრიმატებთან, ასევე დაბალი განვითარების საფეხურზე მყოფ ტომებში, მხოლოდ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ფალოსის რეალობა სიმბოლურ განზომილებაშია გადაყვანილი.

კონკურენტ მამრთან დამარცხება ანიმისტურ წარმოდგენაში გაიგივებულია სიმბოლურ, სქესობრივ დამონებასთან. პრიმატებთან, ის მამრი, რომელიც მეტოქეს უბრძოლველად ემორჩილება, ხშირად, მის მიმართ პასიურ ჰომოსექსუალურ პოზაში დგება, ხოლო მეტოქე მასთან აქტიურ ჰომოსექსუალურ კავშირს ამყარებს. აქედან გამომდინარე, გასაგებია ალუდას ტომის აღშფოთება მოჭრილი მკლავის გარეშე დაბრუნებული ბელადის მიმართ. პრაქტიკულად, ალუდამ ტომის წინაშე ჰომოსექსუალური მორჩილების აღიარება ჩაიდინა. აქედანვე, გასაგებია ჰომოფობიის ანიმისტურ-სპირიტუალური საწყისები. ჰომოფობის არაცნობიერში ჰომოსექსუალობა უმდაბლესი მორჩილების, მონობის ფორმაა, რაც მას აძრწუნებს და მძულვარე ზიზღს გვრის.

მეორე მხრივ, ალუდა არის ტომის ადამიანის განვითარების შემდეგ საფეხურზე გადასვლის მაგალითი. მუცალის მკლავის არმოჭრით, ალუდა აკეთებს საკუთარი სექსის ობიექტივაციას, გარეთ გატანას და ფაქტის სტატუსში რეპრეზენტაციას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ალუდა პირველად ხედავს იმას, რომ არსებობს სქესი, როგორც ასეთი, და გვერდით, ამისგან დამოუკიდებლად, არსებობს პიროვნება, რომ პიროვნებას აქვს სქესი, მაგრამ უფრო მეტია, ვიდრე სქესი, უსამართლობაა სქესზე დაყვანა სქესის მატარებელი პიროვნებისა. ამდენად, ალუდა აკეთებს სექსუალობის, როგორც ასეთის, ირიბ რეპრეზენტაციას. ეს იმდენად რევოლუციური ნაბიჯია თავის ტომში, რომ მას მოკვეთენ.

ახლა კი, შეგვიძლია უფრო ახლოს გავიგოთ ფროიდის „იდეალური ჰომოსექსუალობის“ კონცეპტი, რომელიც საფუძველია ჰუმანიზმისა და განვითარებული კაცობრიობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იგი სხვა არაფერია, თუ არა – ალუდა ქეთელაურის მიზანმიმართული პოზიცია. იდეალური ჰომოსექსუალობა, მაშასადამე, უფრო დაბალი საფეხურიდან დანახული პიროვნების პიროვნულობაა, პიროვნების თავისუფლება, რომელიც უფრო მაღალ საფეხურზე არსებობს. სხვანაირად, იდეალური ჰომოსექსუალი იგივე პიროვნებაა; პიროვნება, როგორც ასეთი. ფროიდმა, როგორც ჩანს, ამ ცნების შემოტანით ჩვენივე ევოლუციური წარსულიდან შეგვახედა ჩვენს აწმყოს, რომელიც ყველა ხალხში ჯერ კიდევ არ დამდგარა.

ალუდას პოზიციიდან, სქესობრივი თავისუფლების მიღებამდე, ერთი ნაბიჯია. პიროვნება იოლად დგამს ამ ნაბიჯს, თუმცა მასის ადამიანს ძალიან უჭირს; ვინაიდან მასა იცავს თავის ადათ-წესებს, ემონება მას, თავისი განვითარების საფეხურს, თავის სამყაროს, აძრწოლებს ნებისმიერი გამოწვევა, რომელიც თავის სისტემაში აკრძალულია, ან ტაბუ ადევს. ტაბუს ახსნა ყველაზე მძიმეა.

ჯოყოლა ალუდას ორეულია. ის არ აძლევს აღაზას შენიშვნას იმის გამო, რომ უცხო მამაკაცი – ზვიადაური, ლამის უყვარდება. ჯოყოლა, პირველად ცხოვრებაში, ხედავს ქალს, ვინაიდან აღმოაჩენს ქალის პიროვნებას, რომელიც ბოლომდე ვერ თავსდება ქალის სქესში. ქალი მეტია, ვიდრე სქესი, ვინაიდან პიროვნება სქესზე მეტია. მამაკაცს არ შეუძლია პიროვნებად შედგეს, ვიდრე თავის პიროვნულობაში არ დაიქვემდებარებს სქესს, როგორც ასეთს, და არ შეძლებს მიიღოს თავისივე სქესის სხვა, როგორც არა-მტერი.

ვაჟა-ფშაველა ყველაზე რადიკალური მოაზროვნეა ჩვენი კულტურისა, ვინაიდან როგორც არავინ სხვა, უფაქიზესად გრძნობს ჩვენი კულტურის მტკივნეულ წერტილებს, რომლებზეც უზუსტეს დარტყმებს ახორციელებს თავისი გენიით. ის, რომ მამაკაცის მხრიდან საკუთარ სქესთან დესტრუქტიული დამოკიდებულება, ჩაკეტილობა სქესში, ვაჟა-ფშაველას ტანჯვის მნიშვნელოვანი მომენტია, მხოლოდ „ალუდა ქეთელაურითა“ და „სტუმარ-მასპინძლით“ როდი დასტურდება. არსებობს კიდევ უფრო აშკარა, მანიფესტური ლექსი პოეტისა, რომელიც ნამდვილი „ხმა მღაღადებლისაა“ საკუთარი კულტურის უდაბნოში, და გაუდაბნოების წინააღმდეგ. ვგულისხმობ ლექსს – „ის კი არ არის ბიჭობა“, რომლის ყოველი სტროფი და სტრიქონი ქართველის გადაგვარებულ ბუნებას ისრად ესობა. ამ ლექსის პირველ სტროფში პოეტი ამხელს ქართველთა ძმაკაცობის იმ დესტრუქტიულ ნაირსახეობას, რომელიც სუსტ ძმაკაცთა თუ უძმაკაცოთა ჩაგვრასა და განადგურებას ესწრაფვის. მესამე სტროფში ისეთი ქართველი მამრია მხილებული, რომელიც მჩაგვრელს შეჰნატრის, თუ შეიძლება ითქვას – „ეტენება“, რათა, როგორც სვავმა, თავისი ლუკმა ჰპოოს ძლიერის დესტრუქტიულ აქტში, ან თავი გადაირჩინოს და მოძალადის „გუნდში ჩაეწეროს“. მეოთხე სტროფში კიდევ ერთი სუსტი წერტილი განისჯება ჩვენი კულტურისა, ე.წ. ქართული სუფრა, მისი დესტრუქტიული მოდელი, მჩაგვრელობის სუბლიმაცია ძღომა-სმის აქტითა და სუფრიდან რეალიზებული დესტრუქციით – შარითა და უსაქციელობით. შეიძლება ითქვას, პოლიტიკური, ნეპოტიზმზე მდგარი კორუფცია ამ მოდელის გაგრძელებაა, მისი ბიძაშვილია. მეხუთე სტროფი იმ „აკადემიკოსებს“, იგივე „მგოსნების“ კასტას ეხება, რომლებიც მასკულინურ დესტრუქტიულობას წარმოადგენენ გვერდითი ეფექტის სახით, თავიანთი სიყალბით, ტყუილი ხმითა და სიტყვით. მაგრამ გულისგული ამ ლექსისა, ჰუმანისტის ამ მანიფესტისა, მეორე სტროფია, სადაც გამოთქმულია ორი, ერთმანეთის მიმყოლი, შემაჯამებელი აზრი: მამრმა არ უნდა დაჩაგროს პიროვნება სქესის იძულებით, არამედ მკვდრეთით აღადგინოს ის სქესობრივი ჩაგვრიდან. ამისთვის, დესტრუქტიულ კულტურას აკლია პიროვნული სრულფასოვნება – პიროვნული კულტურის გადასახედიდან, იგივე იდეალური ჰომოსექსუალობა – ანიმისტურ-სპირიტუალური საფეხურის პრიზმიდან… შემთხვევითი არ არის ის, რომ ალუდა ქეთელაური „ქალივით“ დასტირის მუცალის ცხედარს; ქალივით, ვინაიდან სწორედ ქალია, პოტენციურად, ბუნებრივი იდეალური ჰომოსექსუალი (შემთხვევითი როდია, რომ თანამედროვე სამყარო ქალის არსების ჩაგვრიდან გათავისუფლებას ეძღვნება), რომელიც ალუდასთან ერთად იდევნება ჩვენი კულტურიდან, მაგრამ სწორედ ალუდასთან ერთად ქმნის მას.

ჩვენს კულტურას ჯერ კიდევ არ შეუძლია მიიღოს ის, რაც ვაჟა-ფშაველამ ერთი საუკუნის წინ აღიარა და გვიბიძგა ამისკენ. სწორედ, ვაჟა-ფშაველაა საჭირო იმისთვის, რათა თავის უზუსტეს აზრში გავიგოთ ილიას სიტყვები:

„სიკეთით სძლიე შენ მტერსა,

ერიდე სისხლით ზღვევასა,

სულგრძელობითა ძლევა სჯობს

ვაჟკაცობითა ძლევასა.“

სწორედ, ალუდაა ის, ვინც სიკეთით სძლია თავის მტერს – თავის თავს, თავისივე თავისუფლებისთვის; ადამიანი, რომელმაც სულგრძელობით დაძლია ვაჟკაცობა.

 

5.01.2019

 

No Comments

Add your comment