პიერ კლოსოვსკი: ნიცშე, პოლითეიზმი და პაროდია

სიტყვები

პიერ კლოსოვსკი: ნიცშე, პოლითეიზმი და პაროდია

პიერ კლოსოვსკი: ნიცშე, პოლითეიზმი და პაროდია

თარგმანი: გიგლა გონაშვილი

(ამონარიდები)

„თქმულება, fabula გამოედინება ლათინური ზმნიდან fari, რომელიც ერთდროულად წინასწარ-მეტყველებას და წანწალს ნიშნავს – ბედის[1] წინასწარმეტყველებას და წანწალს, რაკი fatum ასევე fari-ს წარსული დროის მიმღეობაა.
ამგვარად, როდესაც ვამბობთ, რომ სამყარო თქმულებად იქცა, ამით ვამბობთ, რომ ის ბედისწერაა (fatum); ჩვენ [უმიზნოდ] დავხეტიალობთ, მაგრამ ამ ხეტიალში ვწინასწარმეტყველბთ, წინასწარ ვამბობთ ბედს (საბოლოო დანიშნულებას). … სამყაროს ხელახალი თქმულება (Refabulisation) ნიშნავს იმასაც, რომ გამოვდივართ ისტორიის (ისტორიული) დროდან და შევდივართ მითის დროში ანუ მარადისობაში: ან უფრო, სამყაროს ხედვა (ხილვა) მარადისობის წინათგრძნობა (appréhension) ხდება. ამგვარი „გასვლის“ მენტალური (წინა-)პირობებს ნიცშე (ისტორიული სიტუაციის) დავიწყებაში ხედავs, რომელიც წინ უსწრებს შექმნის აქტს: დავიწყებისას, ადამიანს აგონდება (sou-vient[2])წარსული როგორც მისი მომავალი (avenir), რომელიც წარსულის სახეს იღებს. ანუ მას წარსული შემოხ(ვ)დება (advient) იმაში, რასაც ის ქმნის. …

…ხელოვნებას ძალზე ფართო საზრისი აქვს და ნიცშესთან ეს კატეგორია არა მხოლოდ ხელოვნების ქმნილებებს, არამედ ინსტიტუციებსაც მოიცავს. მაგალითად, – და აქ დავინახავთ, თუ რას ვუბრუნდებით -, როგორ აფასებს ნიცშე ეკლესიას? ნიცშესთვის ეკლესია grosso modo უკიდურესი (profonds) თვითმარქვიების კასტისგან შედგება: ესენი მღვდლები არიან. ეკლესია სულიერი დომინაციის შედევრია და მხოლოდ ისეთ პლებეელ ბერს, როგორიც ნიცშეს თვალში ლუთერი იყო, მოუვიდოდა თავში აზრად, რომ დაენგრია ეს შედევრი – რომაული ცივილიზაციის ბოლო ნაგებობა. მთელი ის აღტაცება, რომელსაც ნიცშე უძღვნის ეკლესიას, პაპობას[3] (papauté), ემყარება სწორედ ამ კონცეფციას, რომ ჭეშმარიტება [აუცილებელი] ცთომილებაა [რომლის გარეშეც ცოცხალი არსებების გარკვეული სახეობა სიცოცხლეს ვერ შეძლებდა] და ხელოვნება, როგორც ნანებები (ნასურვები) ცთომილება, ჭეშმარიტებას აღემატება: ამიტომაც აღიარებს ზართუსტრა თავის სიახლოვეს მღვდელთან [მღვდლის ფიგურასთან]…

არსებობა ეძებს ფიზიონომიას, რათა თავი გამოამჟღავნოს; მსახიობი მისი შუამავალია[4]. რას ამჟღავნებს არსებობა? ფიზიონომიის შესაძლებლობას: შეიძლება ღმერთის ფიზიონომიის.

…ჩვენ[5]არასოდეს ვართ იქ, სადაც ვართ, არამედ ყოველთვის იქ, სადაც ჩვენ მხოლოდ მსახიობი ვართ იმ სხვისა, რომელიც ვართ.[6]

როდესაც ნიცშე აცხადებს, რომ ღმერთი მოკვდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიცშეს მოუწევს საკუთარი იდენტობის დაკარგვა [დათმობა].[7] რადგან ის, რაც აქ წარმოდგენილია როგორც ონტოლოგიური კატასტროფა, ეხმიანება სწორედ იმას, რომ ნამდვილ და ჩენილ სამყაროს თქმულება (ფაბულა) ისრუტავს: ამ თქმულების წიაღში გვხვდება ნორმების პლურალობა ან უფრო სწორად, იქ, პირდაპირი გაგებით, არ არსებობს ნორმა, რაკი პასუხისმგებელი იდენტობის თავად პრინციპი უცნობია, რამდენადაც არსებობა არ არის გამოხსნილი (explicitée) ან გამომჟღავნებული ერთი, ერთადერთი ღმერთის ფიზიონომიაში, რომელიც, როგორც პასუხისმგებელი მე-ს მსაჯული, ინდივიდს ძალაში მყოფ პლურალობას გამოსტაცებს.

არსებობა როგორც ყოველივეს მარადიული დაბრუნება საკუთარ თავს იმდენი ღმერთის ფიზიონომიაში აწარმოებს, რამდენი ახსნაც მას [მარადიული დაბრუნების აზრს] ადამიანთა სულში[8] აქვს. …

(გაგრძელება იქნება)


[1] Destin – დანიშნულების ადგილი. სწორედ ამით უკავშირდება fari-ს მეორე მნიშვნელობა (წანწალი) ბედს, როგორც საბოლოო მიმართების წერტილს.

[2]Souvenir მოგონებას ნიშნავს, მაგრამ თუ სიტყვის აგებულებას ჩავეძიებით, მაშინ იგი შეიძლება ითარგმნოს როგორც „გონებაში (ქვემოდან) ამოსვლა“… ანუ კლოსოვსკისეული საზრისით, ადამიანს წარსული (ქვემოდან) ამოუდგება როგორც მო-მდგომი, შე-მდგომი (მომავალი).

[3] პაპობის ინსტიტუცია

[4]Truchement, რომელიც ფრანგულში არაბული „თარჯიმანიდან“ (turdjumān) წარმოდგება.

[5] ფრანგული on (როგორც ინგლისური one) ანონიმური ნაცვალსახელია და მავანს თუ მჟღავანს აღნიშნავს.

[6] კლოსოვსკი (რომელსაც არ ქონია შეხება არტოსთან, თავისი ძმის, მხატვარი ბალთუსისგან (ბალთაზარ კლოსოვსკი) განსხვავებით, რომელმაც არტოს სისასტიკის თეატრის პირველი (და უკანასკნელი) პიესისთვის სცენისა და კოსტიუმების დიზაინი შექმნა) უცნაურად ეხმიანება არტოს „Quand je vis je ne me sens pas vivre. Mais quand je joue c’est là que je me sens exister.”, რომელიც ითარგმნება როგორც „როდესაც ვცხოვრობ, ვერ ვგრძნობ, რომ ვცხოვრობ [ვერ ვგრძობ თავს ცოცხლად]. მაგრამ როდესაც ვთამაშობ, აი, აქ ვგრძნობ, რომ ვარსებობ.“

[7] ამიტომაც, ნიცშე, 1889 წლის იანვარში „ჭკუიდან გადასვლის“ შემდეგ, თავის ბოლო წერილებს ხელს აწერს როგორც დიონისე და ჯვარცმული (ქრისტე). აქ ჩნდება პოლითეიზმი თავად მასში.

[8] ან: ადამიანთა სულებში. თუმცა, საგულისხმოა, რომ ორიგინალში მხოლობითი რიცხვია გამოყენებული.