ზედა პანელზე გადასვლა

უკულტურობის სიტუაცია და კულტურული კავშირების შესაძლო პერსპექტივა

უკულტურობის სიტუაცია და კულტურული კავშირების შესაძლო პერსპექტივა

უკულტურობის სიტუაცია და კულტურული კავშირების შესაძლო პერსპექტივა

ავტორი: ელიზბარ ელიზბარაშვილი

დიდი ხანია ქართულ კულტურულ სივრცეში ხელოვანი და ინტელექტუალი ადამიანის მიერ  თავის დამკვიდრებისა[1] და არსებობის განხორციელების წესად საკუთარი იმიჯების ისტერიული წარმოება, პრესტიჟული კონტაქტების კაპიტალის დაგროვება, თანამედროვე კონიუნქტურისადმი აბსოლუტური დაქვემდებარება, სიმართლის არ თქმა (უფრო სწორედ, ბოლომდე არ თქმა, რაც გაცილებით უარესია) და პოლიტიკურ-ეკონომიკური ზურგის მქონე სახელოვნებო “ელიტისათვის” მარადიული კაპიტულაციის გამოცხადება იქცა უმთავრესად. ამიტომაა, რომ დღეს საქართველოში ახალგაზრდა ადამიანს თუკი კულტურის სფეროში (ნებისმიერ დარგში) რაიმე ახლის გაკეთება და თავისი სათქმელის დაფიქსირება გადაუწყვეტია (რომელიც ხელოვნების ნაწარმოების ფარგლებს გასცილდება), უკვე ჩამოყალიბებული კულტურული საზოგადოება არავითარ სხვა ალტერნატივას აღარ სთავაზობს, გარდა იმისა, რომ მოსთხოვოს მას უპირობო პოლიტიკური ერთგულება და უკვე არსებული კულტურული სისტემის გამყარების სამსახურში ჩააყენოს. საკითხი ასე დგას: ახალგაზრდა ინტელექტუალი (ან ხელოვანი) ან ჩაეწერება შექმნილ საერთო კონტექსტში და “ზემოდან” მიიღებს იმ თამაშის წესებს, რასაც ყოველთვის მის გარეშე დაადგენენ, და ანდა  -კარგად იყავი… და სულ მალე პერსონა ნონ გრატად შეიძლება გამოცხადდე თბილისის ყველა ლიტერატურულ რედაქციაში, თავი რომ გავანებოთ პიროვნულ დაპირისპირებებს და იმ გარიყვას, რის შემძლეც არის ეს საზოგადოება, ზურგს უკან ქილიკითა და ე.წ. კულუარული საუბრებით (მათ ხომ პირდაპირ, პრესაში, ღირსეული პოლემიკის უნარი არ შესწევთ).

სიტუაცია ძალზე მძიმეა. მას არავითარი საერთო არა აქვს ღია კულტურულ კონტაქტებთან და საზოგადოებრივი ცხოვრების თუნდაც ელემენტებთან. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს  რაიმე კარგის გაკეთების სურვილის თითქმის არარსებობა.

არსებული სიტუციის შესანარჩუნებლად თანამედროვე შემოქმედებით-ინტელექტუალურმა “ელიტამ” გარკვეული მსოფლმხედველობრივი პოზიციებიც და ფსიქოლოგიური მექანიზმებიც გამოიმუშავა, რომელიც ძირითად შტრიხებში შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს.

1). ასოციალურობა და აპოლიტიკურობა (მოჩვენებითი გულგრილობა პოლიტიკური და სოციალური საკითხებისადმი). ეს კულტურული საზოგადოება განუწყვეტლივ იმეორებს, რომ მათთან პოლიტიკა არაფერ შუაშია (სინამდვილეში საქმე რადიკალურად სხვაგვარად გავქვს) და რომ ხელოვანთა და ინტელექტუალთა ძირითადი მისწრაფება ყოველთვის პოლიტიკისაგან და სოციალური ცხოვრებისაგან რადიკალურ გამიჯვნაში მდგომარეობდა. მხოლოდ ასე იქმნებოდა ღირებული და მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. ალბათ ამიტომაა, რომ დღეს მეთოდურად ხდება ისეთი მსოფლიო დონის მოაზროვნეების ნააზრევის მიჩქმალვა, როგორებიცაა თეოდორ ადორნო, ჰერბერტ მარკუზე, იორგენ ჰაბერმასი, ჟან-პოლ სარტრი, ალბერ კამიუ და სხვა, თავი რომ დავანებოთ თანამედროვეობის ისეთ დიდ ფიგურებს, როგორებიც ჟილ დელიოზი და ჟან ბოდრიარია. აპოლიტიკურობა და ასოციალურობა (ჩვენ ვიტყოდით, სოციალური ინდიფერენტულობა) ის გავრცელებული დაავადებაა ამ “ელიტარული” საზოგადოების წევრებს შორის, რომელიც კულტურულ სივრცეში მოხვედრილ ყოველ ახალგაზრდაზე დამღუპველ ინექციასავით მოქმედებს და ამ ადამიანის წინასწარ, უსაფრთხო და “მშვენიერ განიარაღებას” წარმოადგენს. წერე და იყავი. გვიჩვენე შენი დახვეწილი ლექსები, მოთხრობები, ფერწერული ტილოები და ხმა ამაზე მეტი არაფერზე ამოიღო – აი, ძირითადი დევიზი. ასეთი ადამიანისათვის უკვე გაუგებარი ხდება, რას ნიშნავს სიმართლის თქმა, ან რაღა საჭიროა იგი საერთოდ. მით უმეტეს, რომ ამგვრი საუბრები თურმე ლიტერატურის არსს უპირისპირდება.

2). იდეის უარყოფა. აპოლიტიკურობას უშუალოდ უკავშირდება ყოველგვარი იდეების წამოყენების უარყოფა (თუკი თვითონ ასოციალურობას არ ჩავთვლით იდეად), როგორიც არ უნდა იყოს ის: რადიკალურ-მემარჯვენეობითი; რადიკალურ-მემარცხენეობითი; იდეა სოციალურ სინამდვილეზე; იდეა კულტურულ სიტუაციაზე და სხვა. უფრო მეტიც -განსხვავებული აზრის გამოთქმა და შეკითხვის დასმაც კი არაკეთილმოსურნეობად შეირაცხება. ლოგიკა ასეთია:  თუკი შეკითხვას სვამ რაიმე  არ მოგწონს. თუკი რაიმე არ მოგწონს – მაშასადამე, ზედმეტს მოითხოვ. წერე შენი ლიტერატურა და თავი დაანებე ზედმეტ შეკითხვებს, აზრებს, იდეებს – ეს ფილოსოფიაა და ტვინის ჭყლეტა. – აი, ძირითადი ფრაზები, რასაც გაიგონებთ თბილისის დღევანდელ რედაქციებში (და არა მარტო რედაქციებში) და ჩვენ არ გვესმის, როგორ შეიძლება ამგვარ საზოგადოებაში ფილო-სოფიისა და ლიტერატურის ერთიანი ველის შექმნაზე იოცნებო? (დავით ანდრიაძის[2] ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერჯერობით აბსურდული იდეა).

იდეების უკუგდების, აზრის ტოტალური უარყოფის უშუალო შედეგი კი ხელოვანთა და ინტელექტუალთა წრეებში ის იდეური სიმწირეა, როგორიც ალბათ არ ახსოვს საქართველოს კულტურის ბოლო ასი წლის ისტორიას. დღეს ახალგაზრდა ინტელექტუალისათვის არა აქვს მნიშვნელობა აზრებს, პოზიციებს, თუკი მას საკუთარი არსებობის დაფიქსირება და რაიმე ერთობლივში მონაწილეობის მიღება განუზრახავს. მთავარია პრესტიჟულ კონტაქტებზე და უიდეო საზოგადოებაში იმიჯის მოპოვებაზე ზრუნვა. – კიდევ ერთი კარგი საშუალება ნამდვილი შემოქმედი და ინტელექტუალური ადამიანის წინასწარი “განიარაღებისათვის”. ამის გამოა, რომ ადამიანები აღარ ერთიანდებიან იდეების, პოზიციების გარშემო, არამედ მხოლოდ კლანებს, კერძო ინტერესებს ებღაუჭებიან. ამიტომაა, რომ შემოქმედ ადამიანთა თანამშრომლობის სიბრტყე იმიჯთა და არა იდეათა ფაქტორს ეფუძნება: გავერთიანდებით და ვითანამშრომლებთ იმასთან, ვისი პირადი იმიჯიც ჩვენსაზე ნაკლები არაა და არა იმასთან, ვის იდეებსაც ვიზიარებთ (რა თქმა უნდა, ამ იდეებში იგულისხმება ის ფიქსირებული შეხედულებები, რომელიც ჩვენს ერთობლივ ცხოვრებას, ჩვენს ყოფას ეხება და რომლის არსებითი პლასტიცაა პოლიტიკური განზომილება).

3). რეალობის მიჩქმალვა. აპოლიტიკურობიდან და იდეათა უარყოფიდან აუცილებლობით გამომდინარეობს რეალობის დანახვის, მისთვის თვალის გასწორების უკუგდება. რადგანაც პოლიტიკური განზომილება საზოგადოების შემადგენელი ორგანული ნაწილია, რომელიც კულტურულ სივრცეში კულტურულ პოლიტიკად ტრანსფორმირდება, ხოლო იდეები და პოზიციები საზოგადოებაში კულტურული სპექტრის დალაგების ერთადერთი საშუალებაა, ამ ყოველივეს უარმყოფელი ადამიანები კულტურულ რეალობაზე საუბრებს, მის განხილვებს, მის მიმართ შეკითხვების დასმებს საერთოდ უნდა გაურბოდნენ. მთავარია, არ წარმოშვას კულტურული სივრცის შემეცნების ინტერესი. ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც თბილისის კულტურულ “ცხოვრებაში” ხელოვანთა რომელიმე წრის მხრიდან შეაბიჯებს, უნდა იყოს პოლიტიკურად და სოციალურად ინდიფერენტული, მას არ უნდა ჰქონდეს რაიმე სხვა იდეა, რომელიც კონკრეტული ლექსის, მოთხრობის ან ნახატის ფარგლებს გასცილდება, და არ უნდა დაინტერესდეს არსებული მთლიანი კულტურული სიტუაციის შეფასებით: რომელ წრეს რა პოზიციები უჭირავს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაში მდგომარეობს ძირითადი კულტურული დაპირისპირება (თუკი იგი საერთოდ არსებობს) და რატომ არიან, ვთქვათ, საწინააღმდეგო დაჯგუფების ადამიანები მტყუანები და ჩვენ მართლები (მართალია, გინდაც მოინდომოს, იგი ამას მაინც ვერასოდეს გაარკვევს _ კულტურული სპექტრი თბილისში საერთოდ არ არის დალაგებული). ასეთი ინტერესების მქონე ახალგაზრდა ადამიანი ხომ აუცილებლად მივა პოლიტიკამდე და იდეებამდე, რაც თურმე ყველაზე უფრო საშიში პროცესების დასაწყისია.

ამიტომაა, რომ არავითარი პოლემიკა, არავითარი დისკუსია ან საჯარო განხილვა თბილისში მიმდინარე კულტურული პროცესებისა არ ეწყობა ჩვენი დედაქალაქის კულტურულ ცენტრებში და, რაც მთავარია, სახელმწიფო უნივერსიტეტიც დიდი ხანია ამ საკითზე მრავალმნიშვნელოვნად დუმს (ანდა როდის საუბრობდა?). ამიტომაცაა, რომ ე.წ. კულუარულ საუბრებში ვერასოდეს ვერაფერს გაიგონებთ ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე მართლაც მნიშვნელოვანსა და გულწრფელად საქმიანს. კულტურული რეალობის მიჩქმალვის ყველაზე თვალშისაცემი შედეგი კი რუსული ხელოვნების დღეებზე (2000წ. სექტემბერი) “კავკასიური სახლის” შეხვედრის ცნობილ (თუ უცნობ) კურიოზში დაფიქსირდა, როდესაც რუსი კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა ხდება თბილისის კულტურულ ცხოვრებაში (რა სპექტრი არსებობს) დამსწრე საზოგადოებიდან აბსოლუტურად ვერავინ ვერაფერი უპასუხა. დაგვერწმუნეთ, დღესაც ვერაფერს უპასუხებენ.

აღწერილ მსოფლმხედველობრივ პოზიციებზე დგომის პარალელურად, შემოქმედ-ინტელექტუალთა “ელიტა” გარკვეული ფსიქოლოგიური მექანიზმების გამოყენებითაც იცავს თავს, როცა კი ამის რაიმე აუცილებლობა შეიქმნება.

მათგან ყველაზე მთავარს გამოვყოფთ.

ელიტარული უფლება. მასში ყველაზე კარგად მჟღავნდება თანამედროვე ქართული კულტურული საზოგადოების ავტორიტარული ხასიათი. ეს არის უფლება კრიტიკაზე, უფლება საკუთარი განსხვავებული და საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირებაზე, რომელზედაც მხოლოდ აღნიშნულ “ელიტას” შეუძლია “სანქციის გაცემა”. “წამყვანი” ლიტერატურული და არა მარტი ლიტერატურული წრეებისაგან უნდა იყო “ხელდასხმული”, რომ კრიტიკაზე უფლება აიღო და ისინი კი ამას არასოდეს მოგცემენ, თუკი მანამდე ვერ შეიგნე, თუ ვინ და როგორ შეიძლება აკრიტიკო. ამისი პირდაპირი შედეგი ჩვენში ფსევდოკრიტიკული ტექსტების უსაშველო მომძლავრებაა, რომლებიც კრიტიკაზე უფრო მეტად სარეკლამო წერილებს შეიძლება გავუთანაბროთ. ფსიქოლოგია ასეთია: შენ არა გაქვს უფლება გააკრიტიკო ვინმე, ვისაც შენზე მაღალი იმიჯი და დიდი ავტორიტეტი გააჩნია. შენ თვითონ ამ დროს ვინა ხარ? – აი, მათი პასუხი. ჯერ მიაღწიე იმ დონეს და მერე ილაპარაკე. თითქოს სიმართლის თქმის უფლებას სხვა რამე უნდა იძლეოდეს, ვიდრე თავად ეს სიმართლეა.

იგივე ითქმის რედაქციების შემთხვევაშიც. როცა რომელიმე მათგანს აკრიტიკებ, შენ მასზე მეტი უნდა იყო, რომ ეს შეგეძლოს “იტვირთო”. მაგრამ როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი მთელს რედაქციაზე მეტი იყოს? – ეს უკვე მისტიკაა. ალბათ ამიტომაა, რომ დღეს არსებული ლიტერატურული გამომცემლობები არასოდეს არ დაუშვებენ ერთმანეთის მიმართ კრიტიკული წერილების გამოქვეყნებას. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს.

მოკლედ, ახალგაზრდა (თუნდაც მოზრდილ) ინტელე-ქტუალს, რომელიც არ უარყოფს  იდეების როლს კულტურულ ცხოვრებაში, არ გახდება სოციალურ-პოლიტიკურად ინდიფერენტული და კულტურული სივრცის რეალობის შეფასებას მოინდომებს, ეტყვიან, რომ ამისი მორალური უფლება ჯერ არ გააჩნია და მაშინვე მისი პიროვნების დისკრედიტირებას მიჰყოფენ ხელს, ნაცვლას იმისა, რომ ამ ადამიანის მიერ წარმოდგენილ აზრებს უპასუხონ და გააკრიტიკონ.

ახლა ჩვენი წერილის მთავარი მიზანი, რისთვისაც ამდენი ვისაუბრეთ.

2001 წლის 15 დეკემბერს ახალგაზრდა ხელოვანთა და ინტელექტუალთა ახლად ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა – “მეორე არსენალი”[3] – გაზეთ რეზონანსში გამოაქვეყნა “ღია წერილი ახალი თაობის შემოქმედ-ინტელექტუალებს”, სადაც ქართული საზოგადოების გლობალურ კრიზისში ახალი თაობის ავანგარდისტ ხელოვანთა და ინტელექტუალთა პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი. საკითხი შემდეგნარად ისმებოდა: არიან თუ არა დამნაშავენი ახალი თაობის შემოქმედ-ინტელექტუალები (ანუ ჩვენც მათ შორის) იმაში, რაც დღეს ქართულ კუტურულ სივრცეში და საერთოდ, ქართულ საზოგადოებაში ხდება უარყოფითი? წერილს არ ჰქონდა ანალიზის პრეტენზია და ამ შეკითხვაზე საკუთარი დასრულებული აზრის დაფიქსირების სურვილი, რადგან ჯგუფს საფუძვლიანი პასუხის ჩამოყალიბება ერთობლივად, სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის შედეგად ჰქონდა გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, წერილი გვაგრძნობინებდა, რომ ჩვენ, ყველანი ვართ დამნაშავენი სრულიად სხვადასხვა ასპექტებით, მაგრამ იგი ამჯერად მაინც საკთხის დასმით იფარგლებოდა. 18 დეკემბერს კი “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში” ამავე კლუბისა და “მეორე არსენალის” ინიციატივით ჩატარდა სადისკუსიო შეხვედრა აღნიშნულ და სხვა მომიჯნავე საკითხებზე, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს გიორგი გაჩეჩილაძემ[4], შოთა იათაშვილმა[5], ალინა ქადაგიშვილმა[6], ზურა რთვე-ლიაშვილმა[7], გია მამალაძემ[8], ირაკლი შელიამ[9], გიორგი ბუნდოვანმა[10]. თბილისის ლიტერატურული რედაქციებიდან და კულტურული ცენტრებიდან მოწვეული ადამიანების უმრავლესობა არ გამოცხადდა აღნიშნულ დებატებზე (რატომღაც არავინ აღმოჩნდა მაშინ თბილისში).

რა მოიტანა ამ ყველაფერმა? არაფერი. ზურგს უკან ქილიკის, ჭორაობის, ჯგუფის წევრების მიმართ უარყოფითი განწყობების გაღვივების მეტი არაფერი და, რაც მთავარია, იგნორირება – ეს ჩვენი ოფიციალური საზოგადოების ყველაზე კარგი იარაღი. “ტექსტები” ასეთი იყო: რა ჯგუფი? რის ჯგუფი? ვინ არიან საერთოდ, როგორ ბედავენ ან რა უფლება აქვთ, ასეთი რამ ილაპარაკონ? როგორ შეიძლება ჯგუფის შექმნა? – რაიმე ჯგუფის შექმნისას თურმე საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ, შეიძლება თუ არა ამის გაკეთება. დაგვიჯერეთ, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი, კულტურული პასუხისა და თუნდაც კრიტიკული წერილის სახით რომ ჩამოყალიბდებოდა. უფრო მეტიც, აღნიშნული დისკუსია გააშუქეს  არა იმ ჟურნალ-გაზეთებმა, რომელთა პირდაპირი დანი-შნულებაცაა ამგვარი მოვლენების დაფიქსირება, არამედ “დილის გაზეთმა”(2001 წ. 21 დეკემბერი) და “ახალმა ერამ” (2001 წ. 25 დეკემბერი). და რა გაშუქებაზეა აქ ლაპარაკი, როდესაც ამ რედაქციებიდან მოწვეული ადამიანები პირდაპირ პროტესტის ნიშნად არც გამოცხადდნენ აღნიშნულ შეხვედრაზე. მათ პროტესტი გამოუცხადეს არამარტო დასმულ საკითხებს, არამედ ალბათ (და ეს ძალზე სახასიათოა) ჩვენს დაბალ იმიჯსაც.

რისთვის მოვყევით ეს ყველაფერი?

ის, რომ საქართველოში ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ ერ ნიშნავს, რომ ყველაფერი პროვინციალურ კინკლაობაში უნდა გადაიზარდოს. კარგა ხანია უკვე გაზეთ “ალტერნატივაში” გაჩნდა ახალი რუბრიკა, რომელსაც საავტორო სვეტი ეწოდება და რომელიც მთავარი რედაქტორის შოთა იათაშვილის სურვილით ე. წ. თავისუფალ ზონას შექმნიდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და ხელოვანთა შორის ბევრ რამეს ახალს გამოჰკვეთდა. ამის იმედი ჩვენ არა გვქონდა, ფორმატის შეზღუდულობისა და იმ არასასიამოვნო კონტექსტის გამო, რასაც ეს “სვეტები” წარმოქმნიან. მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ ბოლომდე არ აღმოვჩნდით მართლები. იმ მრავალ ავტორთა შორის, რომ-ლებმაც სვეტები თავიანთი მცირე ზომის მხატვრული ნაწარმოებებისათვის და ჩანახა-ტებისათვის გამოიყენეს, აღმოჩნდნენ ისინიც, რომელთაც ჩვენი კულტურული და არა მარტო კულტურული რეალობის უმნიშვნელოვანეს და უმტკივნეულეს საკითხებზე დაიწყეს საუბარი და ამ რუბრიკის არსებობას ნამდვილი აზრი შესძინეს. მაგრამ არ დასცალდათ (აბა რას დაგაცლის ერთი სვეტი, თუნდაც ორი). ეს ავტორები არიან ირაკლი კაკაბაძე[11], ზურაბ რთველიაშვილი,შალვა ბაკურაძე[12] და გიორგი ბუნდოვანი. ისინი პირდაპირ, დაუფარავად საუბრობენ ჩვენი საზოგადოების ავადმყოფობაზე, სიბნელეზე, უკულტურობაზე, იმაზე, თუ როგორ ვართ დაცლილები “აღმშენებლობითი ენერგიისაგან” და მხოლოდ ერთ-მანეთში კინკლაობით ვართ გართულნი, რომ მოქალაქეობრივი პოზიციის შეძენა და კონფო-რმიზმის გადალახვა აუცილებელი მიმართულებაა ნორმალური კულტურული ცხოვრების მისაღწევად (ი. კაკაბაძე, “ალტერნატივე”, 2002 წ. @#2); შალვა ბაკურაძე ჩვენში ლიტერატურული ცხოვრების კლანურ ხასიათზე და საერთოდ ქართული საზოგადოების  გლობარულ დეგრადაციაზე  საუბრობს ირონიულად (2001 წ. #9, 10; 2002 წ. #2); ასევე გიორგი ბუნდოვანსაც შესტკივა გული კულტურული სივრცის კლანურობაზე, ფსევდოკულტურის ტრიუმფზე და მის მიერ შექმნილ ნეგატიურ კულტურულ ამინდზე (2001 წ. # 10); ზურაბ რთველიაშვილი პოლიტიკური კლანების მიერ  მასმედიით ხალხის მანიპულირებაზე, კრიმინალური სახელმწიფოს პირობებში თავისუფალი სიტყვის არარსებობაზე, სახელმწიფოს მიერ ქართული ხელოვნების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაზე და ისევ და ისევ ფსევდოხელოვნებაზე, რომელიც ნამდვილ კულტურას უპირისპირდება, წარმართავს თავის მოკლე საუბრებს (2001 წ. #9, 10; 2002 წ. #1).

რა თქმა უნდა, არ შეიძლება თითოეულ აქ წარმოდგენილ ავტორს არ  დაეთანხმო ყველაფერში, მაგრამ ისიც სწორია, რომ ნორმალური (და არა ფსევდო) კულტურული გარემოს მისაღწევად მხოლოდ ფაქტთა კონსტატაცია  არასოდეს არ არის საკ-მარისი გამოსავალი. “მეორე არსენალის” ყველა წევრი აბსოლუტურად იზიარებს თითოეული ავტორის გულწრფელ გულისტკივილს არსებულ ნეგატიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სიტუაციის გადალახვის საქმეში მათგან უფრო მეტ ქმედით მიმართულებას მოელის. მით უმეტეს,  რომ ისინი და სწორედ ისინი წარმოადგენენ ლიტერატურულ ცხოვრებაში დღეს მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ადამიანებს და თვითონვე შეადგენენ  კულტურული სივრცის გარკვეულ მნიშვნელოვან ნაწილს. თუკი ჩვენს ზემოთ აღწერილ ფსევდოელიტარული კულტურული სისტემის და მათი ღირებულებების გადალახვას მოვიწადინებთ, ამისი საფუძველი ისევ საკუთარ თავში უნდა იქნას მონახული. არ უნდა მივცეთ არავის უფლება ჩვენ გარშემო სოციალური ინდიფერენტულობის, უიდეობისა და სინამდვილის მუდმივი მიჩქმალვის ატმოსფერო გაამეფოს. არ უნდა მივცეთ არავის უფლება, კულტურული სივრცის კრიზისი – სივრცისა, რომელიც ჩვენი კულტურული ურთიერთმიმართებებით აიგება – ვინმე სხვას – პოლიტიკურ ან ეკონომიკურ კორპუსებს, მასმედიას, ანდა ხალხის ფართო მასებს (ამ შემთხვევაში მაყურებელს, მკითხველს) _-გადააბრალოს.

სწორედ ყოველივე ზემოთ ნათქვამის კონტექსტშია გასააზრებელი ჩვენი ჯგუფის მიერ ახალგაზრდა შემოქმედ-ინტელექტუალთა კულტურულ პასუხის-მგებლობაზე დასმული შეკითხვა, რომელიც საქმის ადგილიდან დაძვრის ერთადერთ, ყველაზე სწორ და ცივილიზებულ მეთოდად მიგაჩნია. ეს შეკითხვა უზოგადესია თავისი არსით და იგი თანამედროვე სამყაროში ხელოვანთა და არტისტთა დანიშ-ნულებაზე, ხელოვანთა სივრცის სოციალურ სინამდვილესთან მიმართებაზე, პოლიტიკურ-ეკონო-მიკურ კორპუსებთან და მასმედიასთან არტისტების ურთიერთობაზე, მათ მიერ გატარებულ კულტურულ პოლიტიკაზე არის დასმული, რომლის განხილვის პროცესშიაც ყველა ხელოვანს, ყველა დაინ-ტერესებულ პირს უნდა შეეძლოს თავისუფლად მონაწილეობის მიღება  და თავისი  განსხვავებული

პოზიციის დაფიქსირება, მიუხედავად ავტორიტეტისა, იმიჯისა, გავლენებისა, თუ თანხებისა. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი (და ეს სისულელეც იქნებოდა), თქვენი მხრიდან უფრო მნიშვნელოვანი და უფრო აქტუალური საკითხები გამოიძებნოს ამისათვის სადისკუსიოდ, მაგრამ რა საკითხიც არ უნდა იყოს ის, იგი არა რომელიმე ავტორის, ლიტერატურული სკოლის ან ცალკეული ფესტივალის შეფასებით უნდა იყოს შემოფარგლული, არამედ ჩვენი ერთიანი სოციო-კულტურული სინამდვილის მთლიანი გან-ხილვის მიმართულებით უნდა მოძრაობდეს, მის მიზეზებსა დამ მის მექანიზმებს უნდა იკვლევდეს. აი, მაშინ გამოვა მხოლოდ საქმე, კულტურული ცხოვრების ნამდვილი გამოცოცხლება და ის, რასაც ირაკლი კაკაბაძე ”ერთად დგომას” და “მონობისაგან თავის დაცვას” ეძახის, თუნდაც ყველაზე მწვავე ოპონირების პირობებშიც. და თუ არა ეს კულ-ტურული დიალოგი, დღევანდელი კულტურული სისტემა მალე უკიდურესი რადიკალიზმისა და კულტურული ფაშიზმის ინსპირატორად მოგვევლინება, საიდანაც საზოგადოების თვითგანადგურებამდე სულ ერთი ნაბიჯიღა იქნება დარჩენილი.

ჩვენი წერილი მხოლოდ დადებით ნოტაზე გვინდა დავასრულოთ და იმედი გამოვთქვათ, რომ დასახელებული პიროვნებები და გაზეთ “ალტერნატივას” რედაქციის წევრები, ჯგუფ “მეორე არსენალის” მიერ მოწოდებულ წინადადებას საინტერესოდ მიიჩნევენ, არ დაიწყებენ იმის გარკვევას რამდენად გვაქვს ჩვენ ელიტარული უფლება ამგვარი თემის წინ წამოწევის და ხმამაღა გაჟღერების, აღიარებენ, რომ დღეს დადგა დრო ქართული კულტურული სივრცის უზოგადეს პრობლემებზე ფართო, საჯარო დისკუსიების გამართვისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ასეთი ინიციატივა, გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს (ეს ყველა იმ ადამიანსაც ეხება, ვინც აქ წამოჭრილი საკითხებით დაინტერესდება) კულტურული თანამშრომლობისათვის და უპასუხოდ არ დაგვტოვებენ. მით უმეტეს, რომ ამ ადამიანთაგან უმრავლესობა არც ასეთი დისკუსიებისათვის გამოსადეგი დარბაზების და არც ლიტერატურული გამომცემლოებების “ნაკლებობას” განიცდის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან გულწრფელი თანამოაზრეები და წარვმართავთ კონსტრუქციულ დიალოგს.

მხოლოდ ასე არის შესაძლებელი რაიმე ერთობლივი საქმის კეთების დასაწყისი. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი თანამედროვე ავტორიტეტთა, იაფფასიან პოპულარობათა და ყალბ იმიჯთა წუმპიდან ერთობლივი “ამო”-სვლა[13].


[1] – წერილი გამოქვეყნდა გაზეთში “ალტერნატივა”, 2002 წლის აპრილში (#4)

[2] – დავით ანდრიაძე _ ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი.

[3] – “მეორე არსენალი” – ინტელექტუალთა კულტურულ-პოლიტიკური ჯგუფი (ჩამოყალიბდა 2001 წელს თბილისში), რომელიც იკვლევს თანამედროვე ქართ-ულ კულტურულ სივრცეს და გამოდის მისი ისეთი მახასიათებლების წინააღმ-დეგ, როგორიცაა ცენზურა, მონოპოლია, კლანურობა, ჩაკეტილობა, არაკომუნი-კაბელურობა, გაურკვევლობა, დიფუზიურობა. 

[4] – გიორგი გაჩეჩილაძე – კრიტიკოსი, ლიტერატორი.

[5] – შოთა იათაშვილი – პოეტი, ლიტერატორი.

[6] – ალინა ქადაგიშვილი – პოეტი, მთარგმნელი.

[7] – ზურაბ რთველიაშვილი – პოეტი, არტისტი.

[8] – გია მამალაძე – პოლიტიკოსი, პუბლიცისტი.

[9] – ირაკლი შელია – ლიტერატორი.

[10] – გიორგი ბუნდოვანი – პოეტი, არტისტი (გიორგი კახიძე).

[11] – ირაკლი კაკაბაძე – პუბლიცისტი.

[12] – შალვა ბაკურაძე – პოეტი.

[13] – ირაკლი ჩარკვიანის ალბომის სახელწოდება.

ილუსტრაცია – Joos van Craesbeeck, The Temptation of St. Anthony (1650)

 

No Comments

Add your comment