ზედა პანელზე გადასვლა

გუგა მგელაძე – ზღვარზე

გუგა მგელაძე – ზღვარზე

გუგა მგელაძე – ზღვარზე

ზღვარზე

ცნობიერების ლობოტომია გავიკეთე
და
შენი იოდისფერი
მოგონებები
ამომკვეთეს.
რის გამო?
არჩევანის დიქტატურაა:
ან ენაზე გადასმული ნევროზი
ან შაკიკის პერმანენტული არია.
რომელს ირჩევ?
იქნებ, სანთლისფერი ძეგლების დეპორტაციის ფონზე
თვალწასულ ,,პატრიოტიზმს’’
მდოგვის გემო რომ დაყვება?
ენის რეცეპტორები ვეღარ გრძნობენ ამ ქვეყნის მიწას.
ფილტვებიდან ორკესტრი ამომაჭრეს
და
მაინც ვმღერი:
ყრუთა ქვეყანაში.

დაბადების შეუძლებლობა

,,მე ორსულად ვარ. ტვინში დაუბადებელი ბავშვი მიზის’’
ჯეიმზ ჯოისი ,,ულისე’’

ახლა ხომ ასეთ მონოლოგს
სქელი კარაქივით
ჩაიდებენ
პირში.
ნებაყოფლობითია არჩევანის თავისუფლება,
მაგრამ რად გინდა?
ყველაფერი უკვე მოხდა, ყველაფერი უკვე ითქვა:
გინდ დაიბადე, გინდ დაბადებამდე მოკვდი.
მაგრამ, ერთი წუთით მაინც წარმოიდგინე:
ჭიპლარახეული ჩვილის პირი- აბორტის მაკრატლისგემოიანი.
მიდი და ჩაალბე მისი თვალის სხივები შემთბარ ყავაში.
იქნებ, სითბო მაინც შეიწოვოს
ამ, ჭიანაჭამი ვაშლივით, მიგდებულ ქვეყანაში.

 

დეფიციტი

ლია სტურუას

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული სულის ინტერიერი.
რა დროს ვალსია ხაოიანი შპალერის ფონზე?
როდემდე ვსვა განშორების მწარე აბები ჭამის წინ
და გამჭირვალე ფოთოლცვენის შემდეგ…
გგონია, ამით რამე შეიცვლება?
რა დალუქავს ატომური დეციბელების გამძაფრებულ შეტევას!
სვი შუშისფერი წყალი აგურივით გამაგრებულ პურთან ერთად.
სხვა რაღა დაგრჩენია:
მეტალოპლასტმასის განსაწმენდელი,
თევზისფერი აკვარიუმი
და
კედელზე უხეიროდ მიხატული ჩარჩო,
საიდანაც დედის ავტობიოგრაფიული თვალები ბროლის ჭაღივით კაშკაშებენ.

ესეც ხომ შენ ხარ!

 

(ანტი)მეტამორფოზა

ცათამბჯენების
კოლექტიური
ორგიის
ფონზე
ყავის ყოველ მწარე ყლუპთან ერთად
ჰაერის აბებს ვიღებ
და
ბაბუაჩემის დალომბარდებულ იარაღს მივსტირი.
სიკვდილის შეუძლებლობა?- გამეფიქრა.
-რატომ უნდა ვიყოთ აქტუალურები?
სარკეს გავხედე,
ზურგი მაქცია.
გასაპნული თოკი ხავერდოვანი ჰალსტუხივით წაიჭირა
და
სკამს ფეხი
გა
მო




ა…

შემებრალა და წვერის გასაპარსად გავედი…

 

ქვა

პირველად იყო ქვა
და ქვამ შექმნა ადამიანი.
სიტყვები კი კენჭებივით უნდა წუწნო-
დღეში სამჯერ, ლოცვასავით ღრძილებზე აიკრა
და მერე გადააფურთხო.
ფურთხს კი შენი ვერრეალიზებულობა
და ხორხში ფხასავით გაჭედილი
ნაღვლიანი მოლოდინი ამოაყოლო.
ამოიღე, ამოანთხიე
კევივით გემოდაკარგული
უსიუჟეტო სიზმრები, CV-ებში გამოკეტილი ბიოგრაფიები და
ამ ნარწყევისგან სახლი აიშენე, შიგნიტ შეიკეტე
და
ჯერ კიდევ გემოშერჩენილი სიტყვები წუწნე, კენჭებივით.
სხვა რაღა დაგრჩენია.

 

უკუ-შობა

,, მე, დედათქვენი, მე რომ გშობეთ,ამაყი ამით,
იუნოს გარდა, არც ერთ ქალღმერთს ტოლს რომ არ ვუდებ,
ვეჭვობ, ქალღმერთი ვარ, თუ არა!’’
ოვიდიუსის ,,მეტამორფოზები’’-ნიობე

დედა, ვიცი, ახლა თამბაქოსფერ ზეწრებში ჭუპრივით გახვეული წევხარ
და ყვავილების ქოთანში არწყევ.
ბეგონიებს შენი მომწვანო ლორწო ეწუწება.
ლორწო შედედებული რძესავითაა, ოღონდ უგემური და გენეტიკურად ავტობიოგრაფიული.
შენ იხსენებ, როგორ გიხმარა მამამ, 16 წლის ასაკში, ოღონდ სრულფასოვან საყოფაცხოვრებო პირობების ნაცვლად პირდაპირ თავის ტრაქტორში ( რა რომანტიკაა!).
ხოლო შენ კი, შენივე თვინიერი ხასიათის გამო, ეგ გამანაყოფიერებელი ,, უცხო’’ მესამე გათავებისას შეგიყვარდა, ხმაათრთოლებულს.
წლები დასჭირდა იმის გამოცნობას, რომ ,,უცხოს’’ სპერმამ დანიშნულების ადგილს მიაღწია და მახინჯი თავკომბალას სახით 9 თვის მანძილზე მე ვტივტივებდი შენში.
არ გინდოდით!
რამდენჯერმე სცადე მუცლის მოშლა, კიბიდან დაგორება,
ნაყენის შესმა, მაგრამ ამაოდ:
მე, ჯიუტად გატრუნულს, ბოლოს და ბოლოს მაინც მეღირსა
საშვი საშოდან რეალობაში.

ვერ აღმიქვი შენს საკუთრებად, ვერ შემითვისე, შემისისხლორცე.
ჰოდა, გთხოვ, დედა, უკუ-მშობე, უფრო სწორად, შემიბრუნე შენს თბილ საშოში…
მე ბრალს გდებ: ჩემი გაჩენისთვის,
ვერ გაგებისთვის,
იმისთვის,რომ ჩემი პირველი მენსტრუაცია სილის გაწვნის ფასად დამიჯდა.
იმისთვის, რომ 9 წლის ასაკში თქვენი ატონალური ორგაზმი მაღვიძებდა.
ახლა კი, მხოლოდ კოშმარში გხედავ:
ლამაზი ხარ ,ოღონდ მკვდარი,
მე კი ლამის გავათავო, ისე მინდა შენი დატირება,
თუმცა მანამდე…
მანამდე, ვიდრე დაგკრძალავდე,
შემაბრუნე შენს თბილ წიაღში
უარს ვამბობ ცხოვრებაზე, არსებობაზე-
პროტესტს ვაცხადებ.

 

პოლიტიკის შვილები

უტყვი და პირქუში, როგორც ძილქუში,
მუდამ ჩამესმის კითხვათა კითხვა!
მე ამ პასუხისთვის მიცემს გულში გული,
თავზე მზე დამნათის და ფეხქვეშ ცემს მიწა
კლდეებს აპობს და კედლებს ასკდება
კითხვა კი არა და, კითხვათა კითხვა,
მე ამ კითხვისთვის გულში მიცემს გული
და ეს კითხვა არის –

ვინა ვართ ჩვენ?

ჩვენ პოლიტიკის შვილები ვართ!

უკაცრავად.
უფრო სწორია, – ჩვენ გართულებული პოსტსაბჭოური ორსულობის დროს ვიწრო საშოში წლობით გაჭედილი დეფორმირებული და ტვინშეშუპებული მოლურჯო ნაყოფები ვართ.

P.S. გადამავიწყდა.
სისხლიანი როჟებით.

ამ სივიწროვის ბურუსისფერ მდუმარებაში ფეხადგმულებმა,
ვისწავლეთ დათვლა
(ოღონდ ტყვიების),
და იმ ტყვიებით
შევაფერადეთ ჩვენი სულის ინტერიერიც…
ვისწავლეთ ცეკვა, ცხრა აპრილის დროს,
შეშლილი სახეების, ჩონჩხების და ტანკების ტყეში…
სად იყო და სად არ იყო პირღიამ და დამშეულმა
პოეზიამ ამოხეთქა ქართველ ერში
(როგორც სპერმამ 15 წუთიანი მასტურბაციის შემდეგ).

სწორედ იმ ვიწრო საშოს ბურუსისფერ მიდამოებში,
სწორედ იმ სივიწროვის ბურუსიან მდუმარებაში,
სწორედ იმ ორსულობის ბურუსიანი დასასრულის შემდეგ
ათეისტი მართლმადიდებლები მოვევლინეთ სამყაროს,
პერსონალური კომპიუტერებით სახლიდან ზიარებისთვის
და პერსონალური მოძღვრის მრავალწლიანი გარანტიებით.

სწორედ იმ ვიწრო საშოს ბურუსისფერ მდუმარებაში,
საბჭოური ძეგლების მასობრივი დეპორტაციისას,
შემაძრწუნებლად მყარი და დიდი,
შეუდარებლად უტყვი და სიპი,
მივიღეთ ცარიელი კვარცხლბეკები,
იმ დროის ზუსტი ძეგლები საქართველოსი.

სწორედ იმ სივიწროვის ბურუსისფერ მდუმარებაში
ავაშენეთ (ზე)დემოკრატიული სახელმწიფო
დემოკრატიის შესაშური განცდით.
სადაც გივი სიხარულიძის მამაკაცური ,,ორიენტირი” უფრო გრძელი (?) და პერსპექტიულია,
ვიდრე პარლამენტის აზროვნების დიაპაზონი…

ამხანაგებო ვაშა!

ვაშა! ვაშა და ვაშა !

 

მეტაჯვარცმა

შენ უკვე არაერთხელ ახვედი მოხრეშილ გოლგოთაზე
და პარაფინის ჯვარზე გაგფინეს.

ეს უკვე ლაივ შოუდ იქცა.

ქმედების ნევროტული მუდმივობა კი მისი სტატუსს აუქმებს.

რა საჭიროა კათარზისის იმიტაცია,
როცა თვალებში პროჟექტორების სინათლის ფენები,
ხოლო ყელში მიკროფონი ყვავის?

ტელევიზორი ტელევიზორია, ვერ გააადამიანურებ.

ხავერდის სარჩულს ფრჩხილით აკაწრავ და ეკრანზე გააფენ.

აი, როგორია ჩემი რუტინა:

გაწელილ ყელზე კარაქივით მოსმული სევდა, ხოლო პირიდან კი რემარკების ფხები მცვივა.

 

No Comments

Add your comment